საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს საქართველოში ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენციის - "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დაარსების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დასაკავშირებლად. ასევე, ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, საკომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად. ეს ბიძგს მისცემს ინვესტიციების მოზიდვას.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დროული ინიციატივა
2015 წლის 13 იანვარს საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "ვინაიდან საქართველო რეგიონში საკვანძო სატრანსპორტო გამოცდილების მქონე ქვეყანაა, მე გამოვედი ინიციატივით საქართველოში დაარსდეს ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენცია, სახელწოდებით - "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". ეს საშუალებას მოგვცემს გავმართოთ მაღალი დონის შეხვედრები დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და ამით ხელი შევუწყოთ ისტორიული "აბრეშუმის გზის" მარშრუტზე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით ახალი პროექტების შემუშავებას".
პირველად აღნიშნულზე ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 26 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ. „აბრეშუმის გზა ფარავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს და რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტია. სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში, აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით. ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება საქართველო აღრმავებს თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან.
პრემიერმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე განაცხადა: "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რეგიონში საკვანძო სატრანსპორტო გამოცდილების მქონე ქვეყანაა, გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში დაარსდეს ყოველწლიური, მაღალი დონის კონფერენცია - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი. ეს საშუალებას მოგვცემს ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტთან დაკავშირებით შემუშავდეს ახალი იდეები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით". როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზარზე ნახშირწყალბადების მიწოდებისა და ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიცირების საქმეში. ი. ღარიბაშვილის განცხადებით საქართველომ, თავისი წვლილით სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში დაამტკიცა, რომ საერთაშორისო საზოგადოების საიმედო პარტნიორია.
"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი წარმატებით აწვდიან კასპიის ნახშირწყალბადის რესურსებს დასავლეთის ქვეყნებს. საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს კიდევ ერთხელ დაადასტურებს "შაჰ-დენიზის" საბადოს მეორე ფაზის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენის განვითარება, რაც დამატებით უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით. კონსორციუმი გეგმავს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტირებას საქართველოში. შედეგად, საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რომელიც მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერმა ი. ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დამატებით დაგეგმილია თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობა, რომელიც დასრულდება საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, იტალიის მიმართულებით ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობით.
ამრიგად, გამოიკვეთა მომავალი „ფორუმის“ საქმიანობის სამი საკვანძო სფერო: 1) ვაჭრობა და ტრანსპორტი, 2) ენერგეტიკა და 3) ადამიანებს შორის კონტაქტები, – რაც უშუალო კავშირშია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან.
საქმე ისაა, რომ სამივე ეს სფერო ასახულია საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში (DCFTA). ეს ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია (IV კარი - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. DCFTA საქართველოს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი, რომლის დასრულება სავარაუდოდ, 2015 წლის მაისშია გათვალისწინებული.
რა არის აბრეშუმის გზა – ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია
კავკასიის რეგიონის ფუნქციისა და აბრეშუმის გზის ისტორიული როლის დაბრუნების შესახებ არაერთხელ თქმულა. როგორც ცნობილია, აბრეშუმის დიდი გზით ვაჭრობას დასაბამი ძვ. წ. მეორე საუკუნეში მიეცა.
საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. დაწყებული ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ III–II ათასწლეული) კავკასიის საშუალებით მყარდებოდა კავშირები აღმოსავლურ სამყაროსა და ევროპის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში საქართველოზე გადიოდა სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა. რაც შეეხება ისტორიულად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან აბრეშუმის გზას, რომელიც მოიხსენიება როგორც ტრანსკონტინენტური საქარავნო გზა, იგი ჩინეთს შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთ-დასავლეთ რეგიონების დაახლოებას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გამყარებას.
X-XII საუკუნეებში საქართველო აქტიურად იყო ჩართული სავაჭრო კომერციულ ურთიერთობებში. ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ვაჭრობისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა ხდებოდა, რაც თავისთავად ხელს უწობდა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას სხვა ქვეყნებთან.
XIII-XVI საუკუნეებში საქართველოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ირანთან, რის საშუალებითაც იგი უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს (ინდოეთი, ჩინეთი და სხვ.). ამ დროისათვის საქართველოში დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ: ძვირფასი ქსოვილები, აბრეშუმი, იარაღი, მარილი, ბამბა, ბრინჯი, ტყავეული, მინის ჭურჭელი, მატყლი და სხვ. სანაცვლოდ საქართველოდან გაჰქონდათ: ღვინო, ხილი, ნიგოზი, თაფლი, ცხენები და სხვ.
ცოტა მოგვიანებით საქართველომ თავისი საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობა გააუმჯობესა თურქეთთანაც (ოსმალეთი). სწორედ თურქეთის გავლით საქართველოში ევროპიდან შემოდიოდა მაღალი ხარისხის ქსოვილები. სანაცვლოდ თურქეთში და მისი გავლით ევროპაში გაჰქონდათ: კანაფი, თაფლი, ბრინჯი, ადგილობრივი ტილო, ნაწილობრივ ღვინო, ბზის ხეები, ხარის ტყავები და სხვ. ამ პერიოდში შედარებით გაუმჯობესდა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო კავშირებიც, რასაც ხელი შეუწყო XVIII საუკუნის 40-იან წლებში დარიალის გზის გახსნამ. აღსანიშნავია, რომ ამით შესაძლებელი გახდა ევროპული საქონლის (გერმანული, ფრანგული და სხვ.) მასიური შემოდინება საქართველოში.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში, საფეიქრო მრეწველობაში ტექნიკურმა გადატრიალებამ და XIX საუკუნის დასაწყისში მანქანური წარმოების დანერგვამ ძირეულად შეცვალა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხასიათი და სტრატეგია.
XX საუკუნეშიც საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გამოყენებული იყო, როგორც განსაკუთრებული სატრანზიტო სავაჭრო კვანძი, კავკასიის ცენტრი, დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის.
მდგომარეობა შეიცვალა, როდესაც გეოპოლიტიკურმა გათვლებმა სათავე დაუდო გეოეკონომიკურ არგუმენტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაჩნდა კასპიის ნავთობის და გაზის ფაქტორი, – ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივებთან ერთად, ამ ფართომასშტაბიანმა პროექტებმა უდიდესი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველოს ეძლევა შანსი აქტიურად ჩაერთოს მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში. ამიტომ დღეისათვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის. დღევანდელი მსოფლიო გლობალიზაციის, ეკონომიკური კარგახსნილობის პირობებში, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის მთავრობის მიერ გონივრულად ათვისება, საქართველოს მოუტანს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს. ამაზე ცნობილი ფრანგი დიპლომატი და მეცნიერი ჟ. კამბონი აღნიშნავდა: “ხალხთა ინტერესები არ იცვლება. მათ განსაზღვრავს ბუნება, გეოგრაფიული მდებარეობა და ხალხის საკუთარი ხასიათი“. ქვეყნების პოლიტიკური ელიტის პრაგმატული აზროვნების აუცილებლობაზე უფრო ზუსტად მიანიშნებს უ. ჩერჩილის ცნობილი ფრაზა: „პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები“.
საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის ათვისება, რეალიზაცია, განვითარება პრაგმატულ საფუძველზე XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანზიტო დერეფნის წარმატებული ფუნქციონირებით დაიწყო. ჯერ კიდევ 1993 წლის მაისში, ბრიუსელში შედგა შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) წარმომადგენლობით, რაც TRACECA-ს დაწყების საფუძველი გახდა. ეს პროგრამა ითვალისწინებს ევროპიდან აზიისაკენ, შავი ზღვის გავლით, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთისაკენ, ძლიერი სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რომლის დაფინანსებაც თავის თავზე აიღო ევროკავშირმა. ეს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს რკინიგზას, სავტომობილო, საჰაერო, საზღვაო გზებს, საზღვაო ნავსადგურებს, სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებს. TRACECA არის ერთიანი ევროპული სისტემის განუყოფელი ნაწილი. ექსპერტების შეფასებით, 21–ე საუკუნის დასაწყისისთვის, ევროპასა და აზიას შორის ყოველწლიურმა საქონელბრუნვამ 700 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. აქედან თითქმის ნახევარი ჩინეთზე მოდის. პროგნოზების მიხედვით 2015 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ბოლო დრომდე აზიური ტვირთის ძირითადი ნაწილი ევროპაში რუსეთის გავლით გადიოდა. თუმცა, ბოლო დროს კავკასიის სატრანზიტო მიმართულება რუსული მარშრუტის ძალზედ სერიოზულ ალტერნატივად გადაიქცა, რამაც მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. ჩინეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს რეალური შესაძლებლობა მიეცათ ევროპას არა მარტო რუსეთის, არამედ კავკასიის გავლითაც დაუკავშირდნენ. TRACECA–ს განვითარების მხრივ მნიშვნელოვანია 2013 წლის 29 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის 90-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბოსფორის ქვეშ მარმარაის გვირაბის გახსნა, რაც თურქეთ-იაპონიის კონსორციუმის მეშვეობით მოხდა (იხ.სქემა 1). გვირაბის გახსნა განაპირობა ე.წ. “მშრალი ტვირთების” და კონტეინერების გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდამ. თურქეთისთვის ხელსაყრელია, რომ ეს გადაზიდვები აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანსპორტით განხორციელდეს. სპეციალისტთა გაანგარიშებით, ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, TRACECA–ს ფარგლებში წლიური ტვირთზიდვა 20 მლნ. ტონით გაიზრდება. ამ პროექტის მაღალ ეფექტურობას გულისხმობდა თურქეთის პრეზიდენტი, სულეიმან დემირელი, როდესაც ჯერ კიდევ ათეული წლის წინ აცხადებდა, რომ “....პროექტი ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქო ყველა შემთხვევაში განხორციელდება”.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა რეგიონში არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით. სწორედ მათი ლობირების შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ აშშ კონგრესის გადაწყვეტილება, რომლითაც აშშ “ექსიმბანკს” აეკრძალა აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებაში მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გადაწყვიტეს საკუთარი სახსრებით განაგრძონ პროექტზე მუშაობა. უფრო მეტიც, მხარეები არ გამორიცხავენ მოგვიანებით სხვა დაინტერესებული ქვეყნების ჩართვასაც, რომელთა შორის პირველ რიგში ჩინეთი და ყაზახეთი მოიაზრება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თურქეთის ეკონომიკურ განვითარებას. მარმარაის გვირაბი მოახდენს სტამბოლის სატრანსპორტო ქსელის განმუხტვას, ასევე ის მნიშვნელოვანი იქნება სტამბოლი-ანკარას სწრაფი სარკინიგზო ხაზის შემდგომი განვითარებისათვის, რომელიც 2013 წლის ბოლოს დასრულდა.
რეგიონალური თვალსაზრისით, მარმარაი თურქეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების ნაწილია, რომელიც ევროპას ბაქო-თბილისი-ახალქალაქი–ყარსის სარკინიგზო პროექტით ჩინეთთან დააკავშირებს. მაგრამ გლობალური თვალსაზრისით, სწორედ ამ რკინიგზით მოხდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი „ჯაჭვის“ იმ ბოლო რგოლის შეკვრა, რომელიც იქნება რუსული ან ირანული მარშრუტების ალტერნატივა. საქმე ისაა, რომ სატრანსპორტო ხაზები, რომლებიც რუსეთისა და ყაზახეთის გავლით უკავშირდებიან ირანის პორტებს, მუდმივად სრულყოფის პროცესშია.
სტრატეგიული თვალსაზრისით ახალი აბრეშუმის გზა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე და ბაქო-თბილისი-ერზერუმის (BTE) ე.წ. “სამხრეთკავკასიურ გაზსადენზე“ არანაკლებ მნიშვნელოვანია: ნავთობი და გაზი 40-50 წლის განმავლობაში შეიძლება ამოიწუროს, გლობალური საგზაო მარშრუტი კი მსოფლიო მნიშვნელობას დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს. ამიტომაა, რომ საფინანსო ინსტიტუტები და ევროკავშირი მისდამი ინტერესს იჩენენ. ამ გზის ლოგიკური გაგრძელება უნდა გახდეს 2005 წელს გახსნილი საკონტეინერო მარშრუტის ფოთი-ბაქო-აქტაუ-ალმაატი შემდგომი განვითარება, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ჩინეთის და თურქეთის სამთავრობო დელეგაციების ქ. ასტანაში შეხვედრის (2006 წლის ივნისი) შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჩინეთიც, ე.ი. რუსეთის გვერდის ავლით მარშრუტის გაგრძელება ჩინეთის ინტერესებშიც შედის.