2014 წლის მთავარი ეკონომიკური შეცდომა და 2015 წლის პროგნოზი
რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ახალ, 2015 წელს? - ეკონომიკის ექსპერტები ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებენ, რომ მთავარი გამოწვევა მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რისთვისაც ჭარბი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია საჭირო. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო პროცესის სწორად წარმართვა, რადგან ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი - ბიუჯეტი მხოლოდ წლის ბოლოს, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე შეივსოს.
,,ეკონომიკური განვითარების ცენტრის' ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან გოცირიძე, 2014 წელს, ეკონომიკური თვალსაზრისით, უარყოფითად აფასებს - 5-ბალიანი სისტემით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მხოლოდ 3 ქულას უწერს და ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ გასული წელი ,,სამოსანი' იყო:
,,დადებით ფაქტორად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მიმაჩნია. ისიც დადებით მოვლენაა, რომ წლიური ინფლაცია დაგეგმილის ფარგლებს არ გასცდა და, ლარის დევალვაციის მიუხედავად, ამას საგანგაშო ფორმა არ მიუღია. ასევე, დადებით ფაქტორად ვთვლი, რომ პრეზიდენტმა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ფიგურამ, პოლიტიკურ ლანდშაფტში ნელ-ნელა საკუთარი ადგილი მოძებნა, რაც რამდენიმე კანონზე ვეტოს დადებაში გამოიხატა. პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მარიონეტი არ ყოფილა და ისიც ერთ-ერთი კარგი ტესტი იყო, რომ ეკონომიკის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დანიშნა. დადებით მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოშიც' - აქამდე, ამ ტიპის პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით, რამდენიმე საწარმო შეიქმნა, რისთვისაც ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ ეს საწარმოები დღემდე გაჩერებულია. საერთოდ, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას სკეპტიკურად აღვიქვამ, მაგრამ ,,აწარმოე საქართველოში' გარკვეულ იმედს იძლევა. ფაქტია, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაიწყო'.
რაც შეეხება 2014 წლის უარყოფით ფაქტორებს, რომან გოცირიძე ლარის კურსის ვარდნას მიიჩნევს. ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე გავლენა გარე ფაქტორებმაც, მაგალითად, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნას დევალვაციამ მოახდინეს. რომან გოცირიძემ ,,ვერსიას' განუცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახა პროდუქციის ექსპორტზე, რუსული რუბლის დევალვაციის გამო კი, საქართველოში ფულადი გადმორიცხვები შემცირდა:
,,უარყოფით ფაქტორებში უნდა განვიხილოთ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი - სახელმწიფო ბიუჯეტი, პრაქტიკულად, დეკემბრის ბოლო დღეებში შესრულდა. მთავარი პრობლემა კი მაინც მთავრობის ეკონომიკური გუნდის სისუსტე და მთლიანად, მაღალ სამთავრობო ეშელონში არსებული კადრების არაკომპეტენტურობა იყო. სახელმწიფო მართვის სისტემა ეფექტური არ ყოფილა, რაც გავლენას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზეც ახდენდა. ასევე, უარყოფითი ფაქტორი იყო მთავრობის მიერ ლიბერალური ეკონომიკური ფილოსოფიის შეცვლა გაურკვეველი ფილოსოფიით, რამაც ტურიზმი სერიოზულად შეაფერხა _ ვგულისხმობ სავიზო შეცდომებსა და რეგულაციებს სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, უცხოელებზე მიწების გაყიდვის შეზღუდვასა და მორატორიუმს'.
2014 წლის შეფასებისას, რომან გოცირიძე უარყოფით ფაქტორად რთულ პოლიტიკურ კლიმატსა და მუდმივად დაძაბული ფონის შექმნასაც მიიჩნევს. გასული წლებისგან განსხვავებით, როცა ოპოზიცია ძლიერი იყო და პოლიტიკურ დაძაბულობას სწორედ ხელისუფლების ოპონენტები ქმნიდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა. ექსპერტი აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას' ძლიერი ოპონენტები არ ჰყავს და პოლიტიკურ დაძაბულობას ხელისუფლება ქმნის, რასაც მისი საგარეო ავტორიტეტი მინიმუმამდე დაჰყავს:
,,უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, ხელისუფლების პოზიციას მისი საგარეო იმიჯი შელახვა მოჰყვა. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნას ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭა და ისეთი კამპანია წამოიწყო, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული. ვგულისხმობ ზარებსა და თხოვნებს, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებისთვის ქართველი ჩინოვნიკები არ გაეკარებინათ. ამან სერიოზული დაცინვისა და აბუჩად აგდების ფორმა მიიღო, ვინაიდან უკრაინა დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია მხედველობიდან არავის გამორჩენია. რაც შეეხება 2015 წელს, ახალი მთავრობის შექმნას ველოდები, რომელსაც უმრავლესობა ჩამოაყალიბებს. პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, მძიმე სოციალური ფონი, პირველ რიგში კი იმედგაცრუება, სწორედ აქეთკენ მიდის. პირადმა ანგარებამ, პრემიებისა და დანამატების დანიშვნამ ხალხში იმედგაცრუება გამოიწვია და ოცნებები, პრაქტიკულად, დაიმსხვრა. ზოგადად, ამ ორწლიან პროცესს ,,ოცნებების სასაფლაოს' ვუწოდებდი'.
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ 2014 წელი საკმაოდ ცუდი იყო, რადგან საქართველოს ირგვლივ მძიმე სიტუაცია დაიხატა. მეზობელი ქვეყნების _ უკრაინისა და რუსეთის ომს, თურქეთში მიმდინარე რთული ეკონომიკური სიტუაცია, ნავთობის ფასის ვარდნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაემთხვა, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა. ემზარ ჯგერენაიას განმარტებით, ამ მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა ინვესტიციების შემცირებაზეც მოახდინა:
,,2014 წელი რთული იყო, მაგრამ მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ სირთულეების დაძლევა მეტ-ნაკლებად შეძლო. შარშან ქართული ეკონომიკისთვის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა: პირველ რიგში, გამოვყოფდი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს, რის შედეგადაც ღვინის რეკორდული რაოდენობა გავიდა ექსპორტზე. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ძირეული გარდატეხების პროცესი დაიწყო, რასაც დარგის სრულყოფა მოჰყვება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაზღვევის სფეროა. საყოველთაო დაზღვევა სრულად გადავიდა სახელმწიფოს მმართველობაში და საქართველოს მოსახლეობა მოიცვა. მესამე _ საბანკო სექტორშიც მნიშვნელოვანი მოვლენები დაფიქსირდა. როგორც იქნა, არაპროფილური აქტივები გამოეყო ბანკებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, რომ საქართველოში მყარი ფინანსური ინსტიტუტები შეიქმნას“.
რომან გოცირიძის მსგავსად, ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძეც მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ევროპას შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა 2014 წლის მნიშვნელოვანი და პოზიტიური ფაქტი იყო. მისი თქმით, ეს პრაქტიკულად, ახალი შესაძლებლობები და გარკვეული ავანსია საქართველოსთვის, რომლის გამოყენება იმაზეა დამოკიდებული, ქვეყანა რა პოლიტიკას განახორციელებს:
,ევროპის ბაზარი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ულიმიტოა. სწორი აქცენტები კი საშუალებას მოგვცემს, ეს ბენეფიტი მივმართოთ, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე, ქვეყანაში ძლიერი, სოციალური გარანტიების შექმნისთვის. 2014 წელი მარტივი წელი არ ყოფილა, რადგან მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებული გარკვეული მოლოდინი, რაც, ერთი მხრივ, საზოგადოებას და მეორე მხრივ, ხელისუფლებას ჰქონდა, არ გამართლდა. რთული წელი გვქონდა საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისითაც _ მთავრობამ ამ მხრივ, ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა თავად საბიუჯეტო პროცესი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე 2013 წელს. ყველაზე მთავარი, რაც ადრეც მითქვამს, ისაა, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემა გვაქვს. მონეტარული და ფისკალური პროცესების სტაბილურობის მხრივ სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია ძირითადი დამბალანსებელი ფაქტორი. თუ გვინდა, ქვეყანა ეკონომიკურად შედგეს, მონეტარული, ფისკალური და ბიზნესპროცესები სტაბილური, პროგნოზირებადი და პროგრესზე ორიენტირებული იყოს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია საჭირო. ის, რომ ლარის სტაბილურობა ყოველთვის საჯილდაო ქვა და ყველაზე მტკივნეული თემაა, მნიშვნელოვანწილად, იმითაა განპირობებული, რომ მთავრობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ინსტრუმენტად არ იყენებს. ვისურვებ, 2015 წელს, მთავარი აქცენტი სწორედ მონეტარულ პოლიტიკასა და სტაბილურობაზე გაკეთდეს, ამ მიმართულებით აუცილებელია გარღვევა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში'.
ლევან კალანდაძის შეფასებით, 2015 წლის მთავარი გამოწვევა საბიუჯეტო პროცესი იქნება. მისი თქმით, ბევრს საუბრობენ, შესრულება თუ არა 2015 წლის ბიუჯეტი, ან სწორად დაიგეგმა თუ არა ქვეყნის მთავარი, ფინანსური დოკუმენტი. სინამდვილეში, მთავარია, საბიუჯეტო პროცესის სწორად გამოყენება ვისწავლოთ. პრობლემები, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ტენდერების ჩატარების საკითხებს, უკავშირდება სისტემურად უნდა გადაწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესი, რაც 2014 წლის განმავლობაში საბიუჯეტო თანხების ათვისებას უკავშირდებოდა, მომავალ წელსაც გაგრძელდება:
,,2015 წელს, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მონეტარულ სტაბილურობაზე და ამ მიმართულებით, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პირველ რიგში, აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საბიუჯეტო პროცესის სტაბილურობა და იმ სისტემური პრობლემების მოგვარება, რაც ამ პროცესს თან სდევს. მტკივნეულ თემად რჩება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემური ქეისები, რომლებიც ახლავე თუ არ გადაწყდება, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიგნალი იქნება, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ხელისუფლება მაქსიმალურად მობილიზებული და ორიენტირებული სწორედ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში უნდა იყოს. მხედველობაში მაქვს ნენსკრას პროექტი, რომელიც 2015 წელს აუცილებლად უნდა დაიწყოს, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ხუდონჰესის საკითხი და ანაკლიის პორტის პროექტიც დასაჩქარებელია. ასეთი ტიპის პროექტების დაწყება იქნება სიგნალი, რომ ხელისუფლება და საზოგადოება მზადაა, ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩამოაყალიბოს და ბიზნესთან პარტნიორობით, პროგრესის საფუძველი გახდეს'.