კოტე კუბლაშვილის უძრავი ქონება და ფულადი შემოსავლები

კოტე კუბლაშვილის უძრავი ქონება და ფულადი შემოსავლები

თანამდებობის პირთა შემოსავალი და მათი ქონებ მუდამ განხილვის თემაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი შიმშილის ზღვარზეა. პოლიტიკოსების გარდა, საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება მოსამართლეთა ქონება. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსპროექტის ხელმძღვანელმა, გია გვილავამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო და სამოქალაქო სასამართლოების 168 მოსამართლის განათლება, სამუშაო გამოცდილება და ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა:

 

- 2014 წელს წარდგენილი დეკლარაციები 2013 წლის მონაცემებს შეიცავს. საერთოდ, დადებითია, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია... მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციებით ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა და მათი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობაში უშუალოდ არ მონაწილეობენ. ამ მხრივ გამონაკლისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილია, რომელიც „ელექტროიზოლიტის“ აქციების მესაკუთრე გახლავთ. რაც შეეხება კონსტანტინე კუბლაშვილსა და მის ოჯახის წევრებს, მათ საკუთრებაში 6 უძრავი ქონება აქვთ რეგისტრირებული.

- როგორია მათი წლიური შემოსავალი?

- შესწავლილი დეკლარაციებით, 2013 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  წლიურმა შემოსავალმა 127 300 ლარი შეადგინა, მისი მოადგილის, ზაზა მეიშვილისამ - 114 795 ლარი. მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მიიღო 97 025 ლარი, მიხეილ ჩანჩალაძემ - 108 75. ყველაზე “ღარიბი” უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ თოდრია გახლავთ, რადგან მის სახელზე მხოლოდ ერთი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა წევრი ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროცაა. აქვე, უნდა დავამატო, რომ აღნიშნულ მოსამართლეებს ძვირადღირებული საჩუქარი არ მიუღიათ.

რაც შეეხება მოსამართლეების სამუშაო გამოცდილებას, ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი 15 მოსამართლიდან 11 წარსულში პროკურატურაში ან სხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდა.

- მოდით, კოტე კუბლაშვილის ქონებაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, რადგან ამ კუთხით არაერთი ლეგენდ არსებობს...

- კონსტანტინე კუბლაშვილი 2005 წლიდანაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამიტომ მას ხანგრძლივი ჩინოვნიკური კარიერა აქვს და ბუნებრივია, ქონებრივი დეკლარაციაც არაერთხელ შეუვსია. ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის ანგარიშზეა საცხოვრებელი სახლი ვაჟა ფშაველას გამზირზე, გაზრდილია მისი მეუღლის, მარინა მესხის საკუთრების ჩამონათვალიც. მესხის სახელზეა ბინა პეკინის გამზირზე, მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე (1500 კვ. მეტრი), ასევე, მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში, მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი. ანაბარი ირიცხება შვილის, ანა-მარის სახელზე - 19 300 ლარი. დეკლარაციის შევსებისას კი, კოტე კუბლაშვილს ჰქონდა 10 000 ლარი. 2012 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ხელფასის სახით, 131 525 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი, რომელიც „ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის დახმარების სახელმწიფო ფონდის” დირექტორია, - 39 400 ლარი. ქალბატონ მესხს, ჰონორარის სახით, აღებული აქვს 2 185 აშშ დოლარიც, სახლში სარემონტო სამუშაოებისთვის გადახდილია 11 500 ლარი.

- სხვა ინსტანციის მოსამართლეების ქონებაზე რა ინფორმაცია ფლობთ?

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის 2013 წლის შემოსავალმა, დეკლარაციის მიხედვით, 99 405 ლარი შეადგინა, სამოქალაქო პალატის თავმჯდომარის, ლაშა კალანდაძის შემოსავალმა კი, - 84 725 ლარი. შემოსავლის წყაროდ მითითებულია პალატის თავმჯდომარის ხელფასი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ირაკლი შენგელიას წლიურმა შემოსავალმა 64 310 ლარი შეადგინა, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის, მერაბ გაბინაშვილის შემოსავალი 72 260 ლარია.

- ბატონო გია, მოსამართლეებს საბანკო კრედიტები აქვთ?

- როგორც გავარკვიეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, იპოთეკური სესხის სახით, 2009 წელს აღებული აქვს 86 000 აშშ დოლარი. სესხის დაფარვისთვის ახვლედიანმა, ერთი წლის განმავლობაში, 20 750 ლარი გაიღო, რაც თვეში 1 729 ლარია. 2014 წელსვე, ხელფასის სახით, როგორც მოსამართლემ, ახვლედიანმა 65 000 ლარი აიღო, ხოლო როგორც ლექტორმა - 24 562 ლარი. ჯამში, მისი შემოსავალი 89 562 ლარი გამოვიდა, ანუ მამუკა ახვლედიანის ყოველთვიური შემოსავალი 7 463 ლარია.
მოსამართლეებისგან განსხვავებით, მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ აღებული სესხების შესწავლით გამოირკვა, რომ სესხის ყოველთვიური გადასახადი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი, აღემატება კიდეც.

- როგორც ვიცი, მოსამართლეების კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილებაც შეისწვლეთ...

- დიახ. მოსამართლეების უმეტესობას დამთავრებული აქვს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, თუმცა რამდენიმეს კერძო ინსტიტუტი აქვთ დამთავრებული, თან ეს ინსტიტუტი გაუქმებულია... თუ ადრე თანამდებობაზე მხოლოდ ის ხალხი ინიშნებოდა, რომელსაც კავშირი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ჰქონდა, ბოლო 2 წელია, ეს ტენდენცია შეიცვალა. მაგალითად, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნული 3 ახალი მოსამართლიდან სამივე სასამართლო სისტემის ძველი თანამშრომელია. ისიც დადებითია, რომ მოსამართლეთა უმეტესობა, პარალელურად, აკადემიურ საქმიანობას ეწევა.

ბოლოს, მინდა, გენდერულ გადანაწილებასაც შევეხო: 168 მოსამართლიდან 85 ქალია, პალატის კოლეგიის თავმჯდომარის პოზიციები კი, კაცებს უკავიათ. ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი 15 მოსამართლიდან ქალი მხოლოდ ორია.