ნიცშედან მარგველაშვილამდე, ანუ 2015-დან დანახული 2014

ნიცშედან მარგველაშვილამდე, ანუ 2015-დან დანახული 2014

შევაბიჯეთ 2015-ში და, როგორც ჰოროსკოპი გვაუწყებს, ცხვრის წელი იქნება მშვიდობიანი, მართალი, შემოქმედი, გულწრფელი, მზრუნველი, გულუხვი და მოკრძალებული, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - მერყევი, ზედმეტად პასიური, პესიმისტური, უნებისყოფო და მომჩივანი. ასეთია მედლის ორივე მხარე და ჯერ, რა თქმა უნდა, მკაფიოდ არ ჩანს, “ცხვარირომელი მხარით შემობრძანდა... ცეცხლოვანმა რაშმა”, ანუ 2014-მა საქართველოს იმდენი პრობლემა დაუტოვა, რომ გულუხვიცხვრისიმედი, დიდი ალბათობით, არ უნდა გვქონდეს, თუმცა როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება, ოცნებას კი, კაცი არ მოუკლავს... ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ მაინც ვკითხოთ ზარატუსტრას: რა მოგვიტანა, უფრო სწორად, რა დაგვიტოვა 2014 წელმა?

 

 

თუ კაცი ეცემა, ხელი კარი!” - ასე ამბობდა ზარატუსტრა...

წინა წლის ბოლოს აქტუალური გახდა ნიცშე. მისი თხზულების ცნობილი გმირი, ზარატუსტრა ამბობს: “ღმერთი მოკვდა, ახლა ჩვენ გვინდა, რომ ზეკაცმა იცოცხლოს”... რა თქმა უნდა, ნიცშეს ფილოსოფიის გაანალიზებას არ ვაპირებ, მაგრამ შეშლილი გენიოსის (სიცოცხლე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაამთავრა) ფილოსოფია დღევანდელ მსოფლიოს ნამდვილად ესადაგება. ზეკაცობაზე პრეტენზია შესაძლოა, სხვებსაც აქვთ. მაგალითად, პუტინი არც მალავს, რომ თავი ზეკაცად მიაჩნია და პლანეტის ბატონობა უნდა.

ცნობილმა რუსმა დიპლომატმა და ფილოსოფოსმა, კონსტანტინე ლეონტიევმა თქვა: “რუსეთი შობს ანტიქრისტეს!” ლეონტიევი და ნიცშე თანამედროვეები (მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი) იყვნენ და იმ დროისთვის ნიცშეს უკვე დაწერილი ჰქონდა თავისი, ასევე, ცნობილი თხზულება “ანტიქრისტე”, რომელშიც ქრისტიანობას ამათრახებს.

მარტივად რომ ვთქვა, ნიცშე, თავისი ფილოსოფიით, დაუპირისპირდა მორალს, რელიგიას, ფასეულობებს, ყველას და ყველაფერს. დაუპირისპირდა ადამიანს, რომელიც მისი სწავლების თანახმად, გარდამავალი რგოლია ზეკაცის მოსასვლელად...

თავის დროზე ნიცშეთი მოხიბლული იყო ჰიტლერი.

დღეს ნიცშეთი მოხიბლულია დუგინი, რომელმაც ევრაზიის კავშირის იდეოლოგია ზეკაცის იდეის მიხედვით შექმნა და ამას ხაზს თვითონვე უსვამს.

ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის ვრცელ კატეხიზმოში (Катехизис - Евразийского союза молодёжи) წერია: “ჩვენ ახალი ტიპის იმპერიამშენებლები ვართ და მსოფლიო ძალაუფლებაზე ნაკლები არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ დედამიწის ბატონები ვართ. ჩვენ დედამიწის ბატონების შვილები და შვილიშვილები ვართ. ჩვენ თაყვანს გვცემენ ერები და ქვეყნები!..”

ევრაზიის ახალგაზრდული კავშირის წევრია “ერეკლე მეორის საზოგადოება”. არ ვიცი, აქვს თუ არა წაკითხული ეს კატეხიზმო არჩილ ჭყოიძეს (ამ საზოგადოების ლიდერი) და თუ წაკითხული აქვს, რატომ ჭინჭრის ციებით არ დაიფოთლა?!

ზეკაცი, ანტიქრისტე, ევრაზიის კატეხიზმო და... ამ ფონზე ზურაბ აბაშიძე კარასინთან ურთიერთობას ალაგებდა(?!). აბაშიძე-კარასინის ორწლიანი დუეტი, როგორც ყოველთვის, მთავრდებოდა ხელის ჩამორთმევით - ასეთია დიპლომატიური ეტიკეტი. ამის იქით არაფერი ხდებოდა. მას შემდეგ კი, რაც მოსკოვმა სამოკავშირეო პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა სოხუმთან (იგივე ცხინვალთანაცაა დაგეგმილი), ზურაბ აბაშიძემ პაუზა “დაიჭირა”. ბატონმა კარასინმა (რადიო “ამერიკის ხმა”) განაცხადა: “ეს პაუზა საჭიროა, რათა ქართულმა მხარემ იფიქროს და ახალი რეალობა ემოციების გარეშე, ადექვატურად შეაფასოს”.

ჩნდება შეკითხვა: რისი მომტანი იყო კარასინ-აბაშიძის რანდევუები? - ალბათ, აფხაზეთსა და ცხინვალთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების, რაც უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შესვლით დაგვირგვინდება.

როცა თბილისი-მოსკოვის რეგულარული რეისები დაინიშნა და ქართულ საჰაერო ბაზარზე რუსული კომპანიები შემოვიდნენ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა: “ფრენები პარიტეტულ რეჟიმში აღდგება. ქართული მხრიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია - “აირზენა” და “Flyvista” შეასრულებენ, რუსული მხრიდან კი - “აეროფლოტი” და “ციმბირის ავიახაზები”.

მართალია, ბიზნესმენი არა ვარ, მაგრამ ფრენა მხოლოდ ქართულ ავიაკომპანიებს რომ ეწარმოებინათ, არა?

2014 წლის 28 დეკემბერს, ერგნეთში, რატომღაც, ერთდღიანი წინასაახალწლო ბაზრობა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ქართული მხარე იყო (არასამთავრობო ორგანიზაცია). ვინმე ია ჩლაიძის (ერთ-ერთი ორგანიზატორი) განცხადებით, ადგილობრივი ქართველები, თურმე, დადებითად შეხვდნენ ერგნეთის აქციას. ცხინვალელმა ოსებმა კი (დე ფაქტო ხელისუფლების წევრებმა და იქაურმა არასამთავრობოებმა) კატეგორიულად დაგმეს ქართული მხარის ინიციატივა და, როგორც იტყვიან, ქოში სულ უკუღმა ყარეს. საინტერესოა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ აქციას მიესალმა - დადებითად შეაფასა წინასაახალწლო ბაზრობა ერგნეთში, მაგრამ... არ უნდათ ამ ოსებს და აფხაზებს საქართველო, უყვართ რუსეთი, უნდათ ევრაზიაში, ამ ჩვენს პოლიტიკოსებს კი, მაინც არ სჯერათ.

2015 წლის 1 იანვრიდან, რუსეთის ფედერაციაში პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევიდა და ხილ-ბოსტნეული, თხილი, ჩაი და სხვა პროდუქტები კარანტინს დაექვემდებარა, ანუ მათი შეტანა აკრძალული იქნება საქართველოდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთსა და ტაჯიკეთიდან. მხოლოდ „როსსელხოზნადზორის“ ნებართვის შემდეგ იქნება შესაძლებელი პროდუქციის გატანა.

ცხადია, „როსსელხოზნადზორის” ნებართვის მიღება პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე გამორიცხულია და შესაძლოა, ქართული ეკონომიკა არჩევანის წინაშე დადგეს - ევროკავშირი თუ ევრაზია? ამ თემაზე ლაპარაკი ვრცლად შეიძლება, მაგრამ თუ ზოგიერთი ქართველი მეწარმეების საბჭოურ მენტალობასა და ძველ კავშირებს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, არჩევანი ევრაზიაზე გაკეთდეს. იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირს ხარისხი აინტერესებს, „როსსელხოზნადზორის” კი - პოლიტიკური არჩევანი.

13 დეკემბერს, როცა საყდრისი ააფეთქეს და საქართველოს უძველესი ისტორია - ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის ოქროს მაღარო ბულდოზერებით გაასწორეს, კულტურის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო კომისიამ (კომისიაში ისტორიკოსები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები შედიოდნენ) დაადგინა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადო ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენს და ამიტომაც, უფლება არ მქონდა, კომპანია RMG Gold-ის სამუშაოები შემეჩერებინაო.

ახალს ვერაფერს ვიტყვი: კომპანია RMG Gold რუსულია, საყდრისის ოქრო ყველაზე მაღალი - 999 ხარისხის ნიმუშია, მითი არგონავტებზე კი... მეორდება...

რაც შეეხება მითებს, ყველას კარგად გვახსოვს წინა წლის ბოლო სკანდალი - თავდაცვის უწყების განცხადება და მინდია ჯანელიძის ოდისეა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეცდომაში შეჰყავთ ქართველი მოქალაქეები და ქვეყნის გარეთ წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. სამინისტრომ კი, თავის მხრივ, მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციას და ა.შ. განცხადებას ხელს აწერდა მინისტრი მინდია ჯანელიძე.

ეს ხდება მაშინ, როცა 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი გმირულად დაიღუპა უკრაინაში, მთელმა უკრაინამ მის წინაშე ქედი მოიხარა და პატივი მიაგო. ზემოხსენებულ განცხადებას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან, არამედ, “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების ზოგიერთი წევრისგანაც. საზოგადოებამ აღშფოთება გამოხატა... ჟურნალისტები პასუხს ითხოვდნენ მინისტრისაგან. მინისტრი არ ჩანდა, სამინისტრომ კი, განცხადება საიტიდან “გააქრო”.

პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მეც არ მომეწონა ეს განცხადება, ამ ტიპის პოლიტიკურ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდესო და... ჟურნალისტები ისევ მიადგნენ თავდაცვის სამინისტროს, მაგრამ მინდია ჯანელიძე ისევ ვერ აღმოაჩინეს: ცამ უყო პირი თუ მიწამ, ვერ გაარკვიეს. ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ პრემიერთან არკვევდნენ  ჯანელიძის ადგილსამყოფელს და არჩევდნენ, ვინ იყო საქართველოს მტერი, უფრო კონკრეტულად, იყო თუ არა პუტინი საქართველოს მტერი.

და ბოლოს, 2014 წლის ერთ-ერთი მთავარი “მონაპოვარი” 10 ლარით გაზრდილი პენსიაა და ეს მაშინ, როცა მთავრობა, პრემიებითა და ხელფასზე დანამატებით, შემოსავალს 350 მილიონი ლარით იზრდის. საკითხავია, რისთვის დაიმსახურეს პრემიები და დანამატი ხელფასებზე? - ამ შეკითხვაზე უბრალო პასუხი არ გამოვა, პასუხი ფილოსოფიური უნდა იყოს, ნიცშეს დონის და ვკითხოთ ზარატუსტრას...

ზარატუსტრა კი, ამბობდა: “ავადმყოფები და სუსტები უნდა დაიღუპნონ, ძლიერებმა უნდა გაიმარჯვონ” და სწორედ აქედან არის ნიცშესეული აფორიზმი: “თუ კაცი უნდა დაეცეს, ხელი კარი!” 

არ მინდა, დაუმსახურებლად მოვსპო ნიცშე ზოგიერთი მკითხველის წინაშე, არ მინდა, მისი ნათქვამი ასე პირდაპირ და მარტივად იქნეს გაგებული. აფორიზმის ფილოსოფიური აზრი ასეთია: როცა ადამიანს აძლევ იმის შესაძლებლობას ან უბიძგებ იქითკენ, რომ უკიდურეს წერტილს მიაღწიოს, იმ წერტილს, როდესაც მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობაზე, გადარჩენის საკუთარ ინსტინქტებზე იქნება დამოკიდებული, სწორედ მაშინ შეიცნობს ადამიანი თავის თავს, შეიცნობს და აღსდგება, თუ ამის რესურსი აქვს, ან დაიღუპება.

“რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს!” - ასე ამბობდა ზარატუსტრა.

ასე რომ, მოსახლეობაზე ნიცშესეული ექსპერიმენტი დაწყებულია...

არ მინდა, საქართველოს პრეზიდენტი გამომრჩეს, პრეზიდენტი თავისი გადალახული ვეტოებითა და შეზღუდული პასუხისმგებლობით. ფრანგები ამბობენ, ცხენზე ჯირითს და ფრანგულ ენას ყმაწვილობიდან უნდა სწავლობდნენო. არისტოკრატია და, საერთოდ, ელიტა ცხენზე ჯირითითა და ფრანგულის ცოდნით გამოირჩევა - ორივე ერთად უნდა იცოდეს, ცალ-ცალკე არ ითვლება. შეგვიძლია, ვიამაყოთ: ჩვენმა პრეზიდენტმა ცხენის ტარებაც იცის და ფრანგულიც - თეთრ ახალთექურ ცხენზე, მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

P.S. 1889 წლის 3 იანვარია, ტურინის მოედანზე მეეტლე ცხენს სასტიკად სცემს, რისი უნებლიე თვითმხილველიც ფრიდრიხ ნიცშე აღმოჩნდა. ნიცშე ცხენს მივარდა, გულში ჩაიკრა და გაჩუმდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ნიცშეს ხმა აღარ ამოუღია და სიცოცხლის უკანასკნელი წლები სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში მდუმარემ გაატარა...