7 იანვარს პარიზში დატრიალებულმა ტრაგედიამ მსოფლიო შოკში ჩააგდო, საფრანგეთი ომში შევიდა, ომში, სადაც ფრანგი კარიკატურისტების ფანქრებს ფანატიკოსი ტერორისტები "კალაშნიკოვებით" ებრძვიან. ნიღბიანმა ექსტრემისტებმა ყვირილის ფონზე: "ალაჰ აკბარ! ჩვენ შური ვიძიეთ წინასწარმეტყველისთვის და მოვკალით შარლი ებდო", სასტიკად მოკლეს 12 ადამიანი, მათ შორის სატირული ყოველკვირეულის "შარლი ებდო"-ს რედაქტორი შარბი და 3 წამყვანი ჟურნალისტი, 20-მდე კი დაჭრილია.
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის ტერაქტი პარიზს 50 წელია არ ახსოვს - ალჟირის ომის შემდეგ. რამდენად იქნება პარიზის ტერაქტი მნიშვნელობით ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტოლფასი საფრანგეთისთვის? რა გაკვეთილი უნდა გამოიტანოს საქართველომ?
მომხდარის მიზეზების გარკვევამდე ტერაქტის წინაისტორია უნდა განვიხილოთ. ამ მემარცხენე გამოცემამ წინა წლებში რამდენჯერმე გამოაქვეყნა ისლამის დამაარსებლისა და ალაჰის უკანასკნელი მოციქულის, წინასწარმეტყველ მუჰამედის, იგივე მაჰმადის კარიკატურები. 2006 წელს გაზეთმა გადმობეჭდა დანიური გაზეთის კარიკატურები მუჰამედზე. ამას მუქარები მოჰყვა. შემდეგი, კრიტიკოსების მიერ "პროვოკაციად" წოდებული შემთხვევა 2011-ში მოხდა, როცა გაზეთის მომდევნო ნომერი "შარლი ებდო"-ს მაგივრად "შარია ებდო"-ს სახელით გამოვიდა. მასში კვლავ მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა იყო სახუმარო სიტყვებით - "100 მათრახი, თუ არ მოკვდებით სიცილით". თითქოსდა ამ გამოშვების რედაქტორი თვით მუჰამედი იყო. გამოქვეყნების დღეს რედაქცია ააფეთქეს, გაზეთის ვებგვერდი კი "დააჰაკერეს" და მასზე მექის ფოტო დადეს ყურანის სიტყვებით. გაზეთი იძულებული იყო, სხვაგან გადასულიყო.
მსგავსი რამ განმეორდა 2012 წელსაც. გაზეთის ზოგიერთი ხელმძღვანელი მუდმივად სარგებლობდა პოლიციის დაცვით. სიტყვის თავისუფლების კონტექსტში რედაქცია ამბობდა, რომ, თუ გაზეთი ხანდახან გადაამეტებდა კარიკატურირებისას ან დაცინვისას, ყველას შეეძლო, მისთვის სასამართლოში ეჩივლა. "თუ ვინმეს არ მოსწონს ნახატი, ცეცხლის წაკიდება ან დაშინება არაადეკვატურად ზედმეტია. ხატვას არავინ მოუკლავს". ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, განსაკუთრებით კათოლიკური ეკლესიის მიერ - მან გაზეთს 13-ჯერ უჩივლა.
პარიზის ტერაქტის ქრონოლოგია კი ასეთია:
7 იანვარს პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტია. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და ჯიჰადისტებისთვის ჩვეულ სამოსში გამოწყობილნი, ხოლო სახეზე ნიღბები ეკეთათ. თავდამსხმელებმა ტერიტორია შავი ფერის ავტომობილით დატოვეს.
საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.
შემთხვევის ადგილზე მისული იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომელმაც პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს რათა იპოვონ და დასაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც "განახორციელეს თავდასხმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრინციპებზე". ოლანდმა მომხდარს "საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი" უწოდა. საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, უახლოეს მომავალში ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა ჩატარდება.
სამართალდამცავებს ჩაჰბარდა თავდასხმაში მონაწილე 18 წლის ჰამიდ მიურადი, ის მართავდა ავტომობილს "Citroen C3", რომლითაც პარიზის ცენტრიდან გაქცევა მოახერხეს ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილე ძმებმა კუაშებმა.
საფრანგეთში თავდასხმასთან დაკავშირებით სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პარალელურად პარიზში ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ტრაგედიის ადგილას პარიზელების ნაკადი მთელი ღამის განმავლობაში არ შემწყდარა. დაღუპულთა ხსოვნას მათ პატივი სანთლებითა და ყვავილებით მიაგეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, პარიზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას კიდევ ერთი თავდასხმა. ამ განცხადებით ახსნა მან პოლიციის გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინათ ორი ეჭვმიტანილის ფოტო და მოწმეებს ჩვენების მიცემისკენ მოუწოდა.
თავდასხმის მეორე დღეს დილით პარიზის დროით 6 საათზე, საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, რონის დეპარტამენტში, მეჩეთის წინ მდებარე საქაბაბესთან აფეთქება მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებმა კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს. მათ საფრანგეთის ჩრდილოეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს და საკვები და საწვავი გაიტაცეს. ფრანგული მედიის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მათ ამ ყაჩაღობის დროსაც ისროლეს.
ცნობილი ხდება, რომ ჟურნალი "Charlie Hebdo" შემდეგ ოთხშაბათს მილიონიანი ტირაჟით გამოვა.
რედაქციის წინ მოკლული პოლიციელი, რომლის სიკვდილისწინა კადრებიც ინტერნეტში გავრცელდა, არაბული წარმოშობის, მუსლიმანი აჰმედ მერაბეტია. გავრცელებულ კადრებში მიწაზე დაცემული პოლიციელი თავდამსხმელისგან შებრალებას ითხოვს, თუმცა მას თავში გასროლით კლავენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პოლიციელსა და მკვლელს შორის საუბარიც შედგა: "შენ ჩემი მოკვლა გინდა?" რაზეც ტერორისტმა უპასუხა: "დიახ, შეფ!" 42 წლის მერაბეტი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ 12 ადამიანს შორის, რომლებიც 7 იანვარს პარიზში ტერორისტების მსხვერპლი გახდნენ. დაღუპულთა შორის არის რედაქციის 8 თანამშრომელი, 2 სტუმარი და კიდევ ერთი პოლიციელი.
საფრანგეთის პოლიციისა და ჟანდარმერიის ელიტური დანაყოფები ენის დეპარტამენტში, ვილერ-კოტერეს რაიონში ტერორისტების საძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ძმების შერიფ და საიდ კუაშების აღნიშნულ რეგიონში ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე რეგიონში მათი მიტოვებული მანქანა აღმოაჩინეს.
მუსლიმანი სწავლულები საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ამ ინციდენტს ისლამთან კავშირი არ აქვს. მეცნიერები აღშფოთებას გამოხატავენ დამნაშავეების ქმედების გამო და მათ ქმედებას არა ისლამის დაცვად, არამედ რჯულის ღალატად და შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ისინი კატეგორიულად გმობენ ისლამის სახელით განხორციელებულ თავდასხმას და შეშფოთებულები არიან ზიანით, რომელიც ამ ქმედების გამო ისლამსა და მუსლიმანებს მიადგათ.
დოქტორმა ხალედ ჰანაფიმ მუსლიმანებს ამ ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდა და ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მუსლიმან ლიდერებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველა აუცილებელი ზომის მიღება სთხოვა.
"რა უფრო შეურაცხმყოფელია წინასწარმეტყველისთვის - სატირული ნახატები მის შესახებ თუ მისი სახელით უდანაშაულო ადამიანების დახოცვა?" - ამ კითხვით ეხმაურება შეიხ ომარ სულეიმანი პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას.