8 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში „პარტიზანული მებაღეობის“ 4 წევრის სასამართლო პროცესი გაიმართა. ისინი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს 30 დეკემბერს, როდესაც სხვა თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას სოლოლაკის ქედის თავისუფალ სამშენებლო ზონად გამოცხადების თაობაზე. წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დადანაშაულებულ სამოქალაქო აქტივისტებს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს დაცვის მხარე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. რა ბედი ელით გასამართლებულ პირებს და რას აპირებენ „პარტიზანი მებაღეები“?
ხუთშაბათს გამართულ პროცესზე ბრალდებული „პარტიზანი მებაღეების“ მხარდამჭერები სასამართლო დარბაზმა ვერ დაიტია და ბევრი მათგანი ზღურბლს მიღმა დარჩა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ბრალდებულთა უფლებებს იცავს, რადიო თავისუფლებასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლებს ჩამოთვლის, რომელთა მიხედვითაც ჩამოყალიბდა „პარტიზანი მებაღეების“ ბრალი:
„საუბარია166-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას; 173-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომელიც გულისხმობს შეკრებისა და მანიფესტაციების წესების დარღვევას. ეს მუხლები ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სანქციებს, მათ შორის ითვალისწინებს ჯარიმასაც და ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“.
საიას ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას და დარწმუნებულია, რომ სამოქალაქო ატივისტები 30 დეკემბერს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების – მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების - ფარგლებში სავსებით ლეგიტიმურად მოქმედებდნენ. შესაბამისად, 8 იანვრის სხდომაზე, საიას ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ ვერაფერი დაამტკიცა:
„პროცესზე განაცხადეს, რომ წვრილმან ხულიგნობაში იგულისხმებოდა ის, რომ მათ ბლოკირებული ჰქონდათ საკრებულოს ცენტრალური შესასვლელი, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ვერ დაამტკიცეს, რომ შენობა ბლოკირებული იყო. ასევე საუბრობდნენ ზოგადად იმაზე, თითქოს აკრძალულია შენობის შესასვლელებთან ამგვარი აქციის ჩატარება, როდესაც შეუძლებელი ხდება შენობაში შესვლა. ამ პოზიციას, ბუნებრივია, არ ვიზიარებთ რამდენიმე მიზეზის გამო და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საკრებულოს შენობას, გარდა ამ შესასვლელებისა, აქვს კიდევ სხვა შესასვლელები და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურდა საკრებულოს შენობაში შესვლა, ეს შეეძლო. ასეთი დაზარალებული, ვისაც ხელი შეეშალა საკრებულოს შენობაში შესვლაში, ვერ იქნა წარმოდგენილი პოლიციის მხრიდან“.
საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ 16 იანვარს უნდა გამოაცხადოს და დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ შეწყდება სამართალდარღვევის საქმის წარმოება ოთხივე ბრალდებულის მიმართ.
საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია ერთ-ერთი ბრალდებული, „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი ნატა ფერაძე. მეტიც, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ის და მისი თანამოაზრეები ახლა უფრო მეტი მონდომებითა და ერთიანი ძალებით გააგრძელებენ ბრძოლას თბილისის იერსახისთვის:
„უკვე გავერთიანდით თითქმის ყველა ორგანიზაცია, ვინც შეწუხებულია იმით, რაც ხდება ქალაქში. ამ დღეებში სულ შეხვედრებს ვმართავთ, რომ შევიმუშაოთ სტრატეგია: საგანმანათლებლო, საპროტესტო და ასე შემდეგ... ერთიანი ხედვა უნდა დავანახვოთ მთავრობას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და როგორ არასწორად მიმდინარეობს დღეს ქალაქის განვითარება. სამწუხაროდ, კანონებია თვითონ უკანონო... კანონმდებლობის ცვლილებებზე უნდა ვიქონიოთ გავლენა ჩვენი მოთხოვნებით. ახლა ვაყალიბებთ მოთხოვნებს, ვაყალიბებთ სიას ცხელი ობიექტებისა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გაჩერდეს, ვაყალიბებთ მოთხოვნებს, რაზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი – ეს იქნება სარეკრეაციო სტატუსების მოხსნა თუ სხვა“.
გადასარჩენი ობიექტების სიაში ერთ-ერთ მთავარ ადგილს სწორედ სოლოლაკის ქედი იკავებს, სწორედ ის ადგილი, რომლისთვის სტატუსის შეცვლასაც აპროტესტებდნენ 30 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტები, როცა დააკავეს ნატა ფერაძე და მისი სამი თანამოაზრე.
მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსი თავისუფალ სამშენებლო ზონად გარდაიქმნა. სამომავლოდ სოლოლაკის ქედზე„პანორამა თბილისის“ მშენებლობა იგეგმება. ეს ის ობიექტია, რომლის მშენებლობის იდეაც რამდენიმე თვის წინ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ გაახმაურა. გეგმის მიხედვით, სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, ერეკლეს მოედანზე და თავისუფლების მოედანზე ბიზნესცენტრი უნდა განთავსდეს, ხოლო ისინი ერთმანეთს საბაგირო გზამ უნდა დაუკავშიროს.