ვინ რას ხედავს საგარეო პოლიტიკის საბჭოში

ვინ რას ხედავს საგარეო პოლიტიკის საბჭოში

საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭოს შექმნამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და შეკითხვებიც გააჩინა. რატომ გახდა აუცილებელი, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსახილველად შექმნილიყო კიდევ ერთი სტრუქტურა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს? არის თუ არა ეს საგარეო უწყების მუშაობით უკმაყოფილება და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს პრეზიდენტთან?

„საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა სუბიექტის კოორდინაციას. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის იმ თემების განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით“ – თუკი ოფიციალური განცხადებით ვიმსჯელებთ, სწორედ ასე წარმოუდგენია საქართველოს მთავრობას ახალი საბჭოს მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. 

საბჭოს შემადგენლობაში ვხვდებით: საგარეო საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და ეკონომიკური საბჭოს მდივანს. საბჭოს მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი.

„ჩვენი ამოცანა იყო განგვეხილა ყველა პრიორიტეტი, რაც აქტუალური იქნება 2015 წლისთვის“, თქვა საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც საბჭოს დაარსებას, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სავსებით საჭირო და პრაქტიკულ მოლენად მიიჩნევს:

„ჩვენ უნდა მაქსიმალურად ინტენსიურად და ეფექტურად ავამოქმედოთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინსტრუმენტები. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის სპეციალური პაკეტი ევროატლანტიკური კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება“.

საბჭოს დაარსების უკან შეკითხვებსა და ეჭვებს ვერც საპარლამენტო უმრავლესობის წამომადენელი დეპუტატი თინა ხიდაშელი ხედავს, სამშაბათის სხდომის კიდევ ერთი მონაწილე. ასეთი თათბირების აუცილებლობა ყოველთვის დგას და განსაკუთრებით წლის დასაწყისში, უთხრა მან ჟურნალისტებს და განხილული საკითხებიც დაასახელა:

„ერთი, ეს არის ნატოს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე იანვრის ბოლოს უნდა გაიგზავნოს, და, მეორე, ეს არის ასოცირების კომისია, რომელიც უნდა შეიქმნას პარლამენტში“.

ოპონენტები კი იხსენებენ, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილებოდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებშიც და, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა საჭირო იყო კიდევ ერთი საბჭოს შექმნა. ასეთი პოზიცია აქვს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას:

„კიდევ ერთი მაგალითი, რომ ივანიშვილის გუნდს, ამ მთავრობას, საქმის კეთება არ შეუძლია და ახალ კომისიებს ქმნის იმის ნაცვლად, რომ რეალური საქმე აკეთოს. საგარეო პოლიტიკის კოორდინირება არის მთელი მინისტრთა კაბინეტის საქმე, ამისთვის არსებობს მინისტრთა კაბინეტი ისედაც. თუკი დამატებით რაიმე სპეციფიკურ სტრუქტურაზეა ლაპარაკი, მეორე უშიშროების საბჭო რომ შექმნეს, ის საბჭო რისთვისღა არის?!“

„(საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი) საბჭო იქმნება არა იმიტომ, რომ რომელიღაც უწყება, მაგალითად, საგარეო უწყება არ მუშაობს კარგად, არამედ პირიქით, რომ საგარეო უწყებამ, თავად საბჭომ და სხვა უწყებებმა უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად იმუშაონ“, – ასეთია საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის აზრი. თუმცა ოპონენტები სხვა აზრზე დგანან და მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭოს შექმნით ხელისუფლებამ გამოავლინა უკმაყოფილება საგარეო უწყების მუშაობასთან მიმართებით, აღიარა სისუსტე და ვითარების გამოსწორება ახლა ერთობლივი ძალით გადაწყვიტა. გარკვეულწილად სწორედ ამ აზრზეა პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, საგარეო პოლიტიკის სარბიელზე ახალი თითქოს არაფერი ხდება და პროცესები თითქოს უფრო ინერციით ვითარდება:

„იმედია, ახალი სტრუქტურა სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი, რომ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო და გამომუშავდეს კონცეპტუალური ხედვები კონკრეტულ ქვეყნებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან თუ მეზობლებთან და, საერთოდ, მთლიანობაში უნდა მოხდეს გააზრება საგარეო პოლიტიკის. ალბათ, ეს არის ამ სტრუქტურის ჩამოყალიბების მიზანი. თუმცა ერთია შექმნა და მეორეა – რამდენად ეფექტიანი იქნება“.

კორნელი კაკაჩია თვლის, რომ საგარეო პოლიტიკის ჭრილში აშკარად შეინიშნება კოორდინაციის ნაკლებობა და ეს განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაძაბული ურთიერთობების ფონზე გამოვლინდა. მართალია, გაურკვევლობა, რომელსაც გარკვეულწილად საკანონმდებლო ბაზაც ასაზრდოებს, ერთი ხელის მოსმით ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ პოლიტოლოგი აუცილებლად მიიჩნევს, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია და კონსტრუქციული მუშაობა უმაღლეს პირებს შორისაც.

6 იანვარს საგარეო პოლიტიკის უწყებათშორისი საბჭოს პირველ სხდომას არ ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. როგორც საბჭოს წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ უთხრა ჟურნალისტებს, მომავალში აუცილებლად გაიგზავნება მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თუკი სურვილი იქნება, საბჭოს მუშაობაში შეიძლება ჩაერთოს, მაგალითად, ან მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ანდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, არის თუ არა ასეთი სურვილი და მზაობა პრეზიდენტის ფლანგზე, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა.