"აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნები: დემოკრატია გაურკვევლობაში", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Euobserver ირინა სოლონენკოს სტატიას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თვალის ერთი გადავლებაც ცხადყოფს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი - დემოკრატიული პროგრესი უთანასწოროა.
მისივე თქმით, თუ ბოლო წლების ტენდენციებს გადავხედავთ, ექვსივე ეს ქვეყანა შესაძლოა ორ ჯგუფად დაიყოს.
"მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, რომელთაც გასული წლის ზაფხულს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს პასუხობენ, ვიდრე დანარჩენი სამი ქვეყანა - სომხეთი, ბელორუსი და აზერბაიჯანი", - წერს ირინა სოლონენკო.
სტატიის ავტორის თქმით, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი გამოამჟღავნეს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მნიშვნელოვანი დემოკრატიული ხარვეზების მიუხედავად, ქვეყანამ წარმატებით განახორციელა გარკვეული რეფორმები და დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, მართლმსაჯულების სისტემისა და საჯარო სამსახურის რეფორმა.
"პროევროპული კოალიცია, რომელიც 2012 წლიდან არის ხელისუფლებაში, აგრძელებს ამ კურსს, მიუხედავად ბოლო ხანების შიდა დაძაბულობისა. ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსის (BTI) უკანასკნელი შედეგების მიხედვით, რომელიც განვითარებად და ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფ 129 ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესს აანალიზებს, ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე დიდ შედეგებს მიაღწია პოლიტიკური ტრანსფორმაციის კუთხით 2011 წლის შემდეგ", - წერს ირინა სოლონენკო.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ავტორი აღნიშნავს, რომ მოლდოვა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, პროევროპულმა კოალიციებმა კი, რომელიც მოლდოვას 2009 წლიდან მართავენ, რეფორმების გატარების პოლიტიკური ნება გამოამჟღავნეს და ბევრს მიაღწიეს კიდეც.
"რეფორმების განხორციელება უკრაინაში ევრომაიდნის საპროტესტო აქციების წყალობით გახდა შესაძლებელი. 2014 წლის ოქტომბერში უკრაინამ შეძლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა, ქვეყანამ კვლავაც რჩება მაღალი დონის დისფუნქციურ სახელმწიფოდ, რომელმაც უნდა დაამარცხოს კორუფცია და დაამკვიდროს კანონის უზენაესობა", - წერს ირინა სოლონენკო.
რაც შეეხება სომხეთს, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში შეიმჩნევა გაუმჯობესება როგორც არჩევნების ჩატარების, ასევე მედიის თავისუფლების კუთხით, ასევე დაფიქსირდა წინსვლა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო ადმინისტრირების თვალსაზრისით.
"სომხეთი აქტიურად ატარებდა ბრიუსელთან დაახლოების პოლიტიკას 2013 წლის სექტემბრამდე, ვიდრე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა არ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა დღის წესრიგიდან მოიხსნა. გასული წლის ოქტომბერში კი, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და ბელორუსს, ირინა სოლონენკო წერს, რომ ორივე ეს ქვეყანა უაღრესად ავტორიტარული სახელმწიფოებია, სადაც ილახება ადამიანის უფლებები და პოლიტიკური თავისუფლება.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ პოლიტიკური ნება და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელთაც ერთვის პროევროპული განწყობა, წარმატებული დემოკრატიზაციის ძირითადი ფაქტორებია.
"საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ამის კარგი მაგალითები აჩვენეს", - წერს ირინა სოლონენკო.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის ერთგულება და რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება განუყოფელია ერთმანეთისგან. ავტორი წერს, რომ ასოცირების ხელშეკრულების დანიშნულება, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოს ზოგიერთ ქვეყანაში გატარებული რეფორმების აღიარება, ასევე შემდგომი ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემაა.
"საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაადგნენ ამ გზას. რაც შეეხება განსხვავებებს, რომელიც არსებობს ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებსა და იმ დანარჩენ ამ სამ ქვეყანას შორის, რომლებმაც სხვა სახის შეთანხმებაზე გააკეთეს არჩევანი, დროთა განმავლობაში ისინი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება", - ნათქვამია Euobserver-ის სტატიაში.