„ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან სასაკლაოზე და მერე სხვასაც დაუძახონ“

„ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან სასაკლაოზე და მერე სხვასაც დაუძახონ“

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქართველი ყოფილი სამხედროების უკრაინაში ბრძოლის ფაქტს ნეგატიურად აფასებს და ამ პოზიციას ცალკეულ სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც ადასტურებს. ამის მიუხედავად, სააკაშვილის მოწოდებისამებრ, ვრცელდება კადრები, როგორ იმყოფება ლუგანსკის ოლქში ფრონტის წინა ხაზზე მოხალისეთა მხარდასაჭერად გიორგი ბარამიძე ლეპტოპით ხელში...

ამ ფოტოებს ქართველი ინტერნეტმომხმარებლის შეფასება მოჰყვა: „საქართველოში გეომათ, ხალხი რომ შეიწირეთ“, „იბრძვის ბიჭი ლეპტოპით, ჯინსებით, ჯავშანჟილეტით“, „აჩვენეთ მსოფლიოს ეს კაცი და ომი აღარ იქნება!“ „აგვისტოს გაგანია სიცხეში გზაზე რომ ეყარნენ, მაშინ სად იყვნენ ეს ვაიგმირები, წითელ ხიდთან ერთმანეთს ასწრებდნენ?!“ „შეიძლება, პარლამენტარი იყო, სხდომებს არ ესწრებოდე, ხელფასს იღებდე, სხვა ქვეყანაში იბრძოდე და შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული იყოს?“ „სვანეთში მიღებულ გამოცდილებას იყენებს, ალბათ!“

გიორგი ბარამიძემ ზოგს შალიკო ხვინგიაძე გაახსენა, ზოგს კიდევ - „აჩიკუდა ჯარში მიდის“. თუმცა, ცხადია, ასეთი შეფასებები არ ვრცელდება იმ გმირებზე, რომლებმაც უკრაინაში სიცოცხლე გასწირეს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული ანდაზაა, კუდა ხარი თავისთვის არ ვარგოდა და სხვებს ბუზებს უგერიებდაო. ჩვენს ქვეყანას ვერ ვხედავთ და სხვასთან გავრბივართ? ეს ხომ სწორი არჩევანი არ არის და კანონთან მოდის წინააღმდეგობაში, რადგან ყველანაირი მოწოდება უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში და არა-  ნაციონალების ვიწრო პარტიულ ინტერესებში, რომლებიც ხალხს მოუწოდებენ კონფლიქტში მონაწილეობისთვის.

„რაც მთავარია, ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან სასაკლაოზე და მერე სხვასაც დაუძახონ. ეს ხალხი შეგნებულადაა შეყვანილი შეცდომაში. საქართველოს თავისუფლება არ გადის უკრაინაზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები და ფრონტის ხაზი ჩვენთან გადის, საქართველოში. ჩვენი ყოფილი სამხედროები უკრაინაში გარბიან ორი ფაქტორის გამო- არასწორი პიარის, არასწორი იდეოლოგიურ ვექტორისა და დაუსაქმებლობის გამო, მათ ოჯახის რჩენის პრობლემა აქვთ, მიდიან იქ და ეწირებიან. ისინი არიან უკრაინის გმირები და არა საქართველოს გმირები. ამას ემატება მოწოდების მორალური უფლება, ყოფილ „მთავარსარდალს“, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც 2008 აქვს ჩატარებული, მე მგონი, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ასეთი განცხადებები აკეთოს. მით უმეტეს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაითხოვა სააკაშვილის რეჟიმმა სამხედრო სამსახურიდან“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ამჟამად არ მსახურობენ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ან ჩვენი შეიარაღებული ძალების რიგებში (ანუ ვინც არის რეზერვში, თადარიგში, ან სულაც, არის დათხოვნილი), თავის არჩევანსა და ქმედებაში თავისუფალია. რაც შეეხება საკითხს, რომ საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში, კობა კობალაძის თქმით, ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ნათელია, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ნებისმიერ ხალხს. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა კვიტაშვილმაც გამოაქვეყნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით და მედიკამენტების თვალსაზრისით ერთ-ერთი დონორი სწორედ საქართველოა. ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა არ ნიშნავს მაინცდამაინც იარაღით ირნიბო მის ინტერესთა დასაცავად.

„ვინც წასულია და იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის, მათ ვუსურვებ ამ საქმეში წარმატებას, მაგრამ ჩვენ, თითოეულს, გვაქვს ჩვენი საპასუხისმგებლო ზონა- ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო. რეალურად, სააკაშვილის პოზიცია ნებისმიერ გამოხატულებაში არის ის, რომ თვითონ არის სახელმწიფო და თვითონ არის საქართველო. ამიტომ სააკაშვილი სადაც უნდა იყოს, ის არის შარვლიანი გიჟი, მას სურს, რაღაც ხიბლი შესძინოს თავის პიროვნებას. ამიტომ აპელირებს საქართველოს სახელით. მორალური უფლება და ზნეობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში ისვენებს. პოზიორობაზე აქვთ აწყობილი აწმყოც და მომავალიც. ნებისმიერი ქართველი მეომარი, რომელიც სხვადასხვა კონფლიქტში გაიწირება, საქართველოსთვის დანაკარგია. ჩვენი ადამიანური თუ შეიარაღებული რესურსი აქ გვჭირდება. ამიტომ ნუ გავხდებით პროპაგანდის მსხვერპლნი“,-  აღნიშნა კობა კობალაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე For.ge-სთან საუბარში არ იზიარებს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ქართველ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ბრძოლის ფაქტს ჩვენი მოსახლეობა ნეგატიურად აფასებს. მისი თქმით, არა მარტო ქართველი სამხედროები, არამედ ქართული სახელმწიფოც, მისი ხელისუფლების თაოსნობით, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და არ უნდა გაემიჯნოს ცივილური სამყაროსა და რუსეთის ჭიდილის პროცესს.

„ეს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ნეიტრალურ განცხადებას მაგონებს, რადგან უკრაინაში ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაა, ისევე, როგორც 1992 წელს გუმისთასთან გადიოდა უკრაინის დამოუკიდებლობის ხაზი. ახლა სწორედ სჩასტიეში და დონბასთან გადის საქართველოს დამოუკიდებლობის ხაზი“.

ჩვენ დავინტერესდით, რა იყო ქართველ მებრძოლთა მოტივაცია უკრაინაში - უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, თუ ფინანსური მხარე?! ამის შესახებ გიორგი თევდორაძე აცხადებს, რომ, თუ ქართველ სამხედროებს გააჩნიათ ფინანსური პრობლემები, ეს დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. შეკითხვაზე, რატომ დაითხოვა თავის დროზე სააკაშვილმა ეს ჯარისკაცები სამხედრო უწყებიდან, პარლამენტარი აცხადებს, რომ „თუ სააკაშვილმა ისინი დაითხოვა, მაშინ ისინი უკრაინაში მიდიან და, ამავე დროს, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებად გვევლინებიან?! ალეკო გრიგოლაშვილს პირადად ვიცნობდი, ჩემი მეგობარი იყო, ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის იდეოლოგიურად იზიარებდა იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი იზიარებს. აქ ღირებულებებზეა საუბარი და არა პერსონების პატივისცემაზე, როგორც ეს დღეს ხდება, როცა ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს ერთ გოდორს, რომლის გარშემოც სამყაროა. ამიტომ ეს იაფფასიანი რიტორიკაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილს გააჩნია.

2008 წელს ალეკო გრიგოლაშვილის სამხედრო სამსახურიდან გაშვება და თურმე სიდუხჭირის გამო უკრაინაში ჩასვლა არაფერ შუაშია. ის თავისი ხარჯით, თავისი დანაზოგით ჩავიდა უკრაინაში, არა ანაზღაურების გამო, არამედ ის იყო გმირი, რომელმაც შეგნებულად გასწირა თავი თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის“.