2014 წლის პოლიტიკური მოვლენების ბოლო ვნებათაღელვის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის 2015 წლის მისალოცი ბარათი გახდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს პროტოკოლის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა.
მისალოც ბარათს ხელს დავით უსუფაშვილი აწერს და for.ge-ს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბექა დავითულიანი არწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ახალი წლის მისალოცი ბარათი სხვა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელებსაც გაუგზავნეს.
დავითულიანის ინფორმაციით, პროტოკოლის სამსახურმა დავით უსუფაშვილთან პრინციპი შეათანხმა, რომ მისალოცი ბარათი ყველა კვალიციურ სუბიექტს გაეგზავნებოდა.
„ტექსტი საერთო იყო და ყველა კვალიფიციურ სუბიექტს მიუვიდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამ ბარათებს უბრალოდ ხელს აწერს. რა თქმა უნდა, პრინციპი, რომ მისალოცი ბარათი ყველას მისვლოდა, სპიკერთან შეთანხმებული იყო და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ აღმოჩნდა“, - აცხადებს დავითულიანი.
პარლამენტის თავმჯდომარის მისალოცი ბარათი უნდა მისვლოდა თუ არა საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებულ ყოფილ პრეზიდენტს, ამის თაობაზე დავითულიანი აღნიშნავს, რომ უმჯობესია, ამ კითხვით პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართოთ.
„მისი დევნილობის მიუხედავად, სასამართლოს სააკაშვილისთვის პოლიტიკური თანამდებობის დაკავება არ აუკრძალავს. შესაბამისად, საქართველოში აკრძალული არც პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, - აცხადებს დავითულიანი, რომლისგან განსხვავებულ პოზიციაზეა უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი.
for.ge-სთან საუბარში პაპუაშვილი ინტერესდება, უსუფაშვილი ახალ წელს სააკაშვილსაც იმ ფორმით ულოცავს თუ არა, როგორც მას.
კანონმდებლის თქმით, უსუფაშვილის ადგილზე, ის ახალ წელს არც სააკაშვილს მიულოცავდა და არც ნაციონალებს.
„უსუფაშვილი ახალ წელს სააკაშვილსაც ისე ულოცავს, როგორც მე? მე თუ მკითხავთ, დამდეგ ახალ წელს არც ნაციონალებს ვულოცავ და მითუმეტეს, არც სააკაშვილს, რომელმაც ქვეყნისთვის უბოროტესი დანაშაული ჩაიდინა. ახალი წელი ვანო კიღურაძესაც მივულოცო და მიხეილ სააკაშვილსაც, როგორ ხდება? მათ შორის განსხვავება, ხომ უნდა იყოს? ეს მისი საქმეა, ვინც სააკაშვილს ახალ წელს ულოცავს, მაგრამ მე ასე არ გავაკეთებდი. მას ჰკითხეთ, ახალ წელი სააკაშვილს რატომ მიულოცა - მოენატრა, ეს დიპლომატიური ხაზია თუ პოლიტიკურად მართლდება?“, - აცხადებს პაპუაშვილი, რომლისგან განსხვავებულ პოზიციაზეა რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.
როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი წელი ყველა მოქმედი პარტიის ხელმძღვანელს მიულოცა. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. კანონმდებელის შეფასებით, ამ საკითხზე სკანდალის ატეხვა ავადმყოფური აკვიატებაა.
„უსუფაშვილს სააკაშვილი რომ გამოეტოვებინა, ამაზე კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი ატყდებოდა. ზოგიერთი მოცლილია და არ იციან, განგაში რატომ ატეხონ. ყოფილი პრეზიდენტი პარტიის მოქმედი თავმჯდომარეა და მისთვის არ უნდა მიელოცა?“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის თანაგუნდელი თინა ხიდაშელი იმ პერიოდს იხესენებს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რესპუბლიკელებს ახალ წელს რუტინულად ულოცავდა.
for.ge-სთან საუბარში ხიდაშელი აღნიშნავს, რომ პარლამენტის პროტოკოლი პარტიების თავმჯდომარეებს მისალოცებს რუტინულად უგზავნის, რაც ჩვეულებრივი ამბავია.
მისი თქმით, მან არ იცის, მისალოცი ბარათი მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნეს თუ არა, მაგრამ მიიჩნევს, რომ საკითხზე ისტორიის შეთხზვა სასაცილოა.
„არ ვიცი, მოსაწვევი გაიგზავნა თუ არა, მაგრამ მახსოვს, რომ როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, ხან რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ, ხან გვცემდნენ და ხან გვიჭერდნენ, პარლამენტის აპარატი რუტინულად ახალი წლის და აღდგომის მისალოცებს აგზავნიდა. როგორც ჩანს, პარლამენტის პროტოკოლის სამსახური პარტიების თავმჯდომარეებს მისალოც ბარათებს რუტინულად უგზავნის, რაც ჩვეულებრივი ამბავია და აქედან რაიმე ისტორიის შეთხზვა სასაცილოა, მაგრამ ყველა ისე იქცევა, როგორც საჭიროდ თვლის“, - განაცხადა ხიდაშელმა.
თუკი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ზაზა პაპუაშვილი უკმაყოფილო დარჩა, ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე დავით უსუფაშვილს საქციელს უწონებს, რომელსაც მიკროფონის გამორთვის გამო, ხშირად, „პროცედურული დემოკრატიის მამას“ უწოდებს.