„თუ ხელისუფლება არ შეიმუშავებს რუსეთის შემაკავებელ სტრატეგიას, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა“

„თუ ხელისუფლება არ შეიმუშავებს რუსეთის შემაკავებელ სტრატეგიას, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა“

„ბოდიშს ვუხდი მკითხველს წინასაახალწლოდ მძიმე სურათის დახატვისთვის, მაგრამ ისე, როგორც ავადმყოფი ვერ განიკურნება დიაგნოზის გარეშე, ჩვენთვისაც აუცილებელია ვიცოდეთ ის რეალობა, რომელიც გველოდება იმისათვის, რომ გამოსავლის მეტ-ნაკლებად, რეალური გზები დავსახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ყველაზე მუქი ფერები, რაც შეიძლება დავინახოთ, არის იმისი მაღალი ალბათობაც, რომ ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართოს და საქართველო მშვიდობიანად გავიდეს ფონს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დავიზღვიოთ თავი და ყველა რესურსი გამოვიყენოთ მსგავსი გამოწვევების თავიდან ასაცილებლად“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობისას საქართველოს მაქსიმალური სიფრთხილე და მინიმუმ, რუსეთის შემაკავებელი სტრატეგიის შემუშავება მართებს.

რუსულ მედიაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზები, რომ მომავალ წელს რუსული აგრესია საქართველოს მიმართ შესაძლოა, ნომერ პირველ გამოწვევად იქცეს ქვეყნისთვის. თქვენი შეფასებით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად რეალური საფრთხის წინაშე ვართ?

- აგრესია პირდაპირ სამხედრო აგრესიას არ გულისხმობს მხოლოდ. ვიტყოდი, რომ ზუსტად იმავე დოზით არსებობს მეორე გამოწვევა საქართველოში - ეს არის ძლიერი პროდასავლელი ლიდერის არარსებობა, რომელიც შეძლებს კრიტიკულ სიტუაციაში საზოგადოების მობილიზებას ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ინფორმაციული ექსპანსია ან პირდაპირი პროვოკაციები ლეკებით დასახლებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ მიმართულებით პანიკა არ შექმნას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება მილიონობით თანხებს არ ჩაყრიდა იმ გზის მშენებლობაში, რომელიც ავარო-კახეთის გზის სახელითაა ცნობილი.

გარდა იმისა, რომ საქართველოს არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ასეთ გამოწვევებს აგვაცილებდა, ასევე არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ღირსეულ ოპონირებას გაუწევდა იმას, რაც დღეს ქართულ სივრცეში ხდება. ვგულისხმობ, თუნდაც საქართველოში სულ უფრო მზარდ ანტიდასავლურ განწყობებს. შესაძლოა, ესეც აფიქრებინებს რუსეთს, რომ ახლაა ხელსაყრელი დრო, რათა საქართველო შეისრუტოს თავისი გავლენის სფეროში.

ანტიდასავლური განწყობების მიზეზი რა არის?

- გარდა რუსული საინფორმაციო პროპაგანდისა - ვიცით, რომ პუტინი საინფორმაციო საბრძოლო დანაყოფებსაც კი უწოდებს პროპაგანდის საშუალებებს - დასავლეთისადმი ნიჰილიზმი განპირობებულია იმით, რომ დასავლეთი სულ უფრო კარგავს კონტურებს ქართული საზოგადოების თვალში - ის არის სადღაც შორს. არავინ დავობს, რომ არის სანატრელი მიზანი, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა სულ უფრო ნაკლებად რეალურ შტრიხებს იძენს. ეს ყველაფერი არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც რუსეთითვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოსთან მიმართებაში.

რუსული პროპაგანდა ახსენეთ - სად არის ის, მედიაში, არასამთავრობო სექტორში თუ სახელისუფლებო წრეებში? ღიად ყველა აცხადებს, რომ პროდასავლურია.

- იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს, ძნელია მტკიცება, თუმცა ყველგან ჩანს პრორუსული განწყობების კვალი, ხოლო ხმამაღალი დეკლარირება ანტიდასავლურობის, ჩანს ყველა ფლანგზე. ეს არის მედიაში, ყველაზე ნაკლებად არასამთავრობო სექტორში - სულ რამდენიმე ლუსტრირებული არასამთავრობოა, არსებობს პარტიებშიც.

გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი ფორსირებულად ხსნის საქართველოს რაიონებში ე.წ. რუსულ სახლებს, რომლებსაც რუსეთის პროპაგანდა აკისრია. ბუნებრივია, მას ექნება ისეთი ფინანსები, რომლის მსგავსიც ამ ეტაპზე არ აქვს დასავლეთს. სწორედ აქ ჩანს დასავლეთის ყველაზე დიდი შეცდომა - მან აქცენტი გააკეთა ელიტაზე, ჩამოაყალიბა პროდასავლური ელიტა, მაქსიმუმ 5-10 ათასი კაცის ფარგლებში, რომლებსაც აქვთ წვდომა ევროპაზე, ევროპულ განათლებაზე, ფასეულობებზე და ა.შ. დანარჩენი საზოგადოებისთვის, ანუ ფართო მასებისთვის დასავლეთი დარჩა პანაცეად და ჯერჯერობით, მირაჟად.

რუსეთი სხვა ტაქტიკას ირჩევს, თავად დაუახლოვდა მასებს. საქართველოს რაიონებში ამ ტიპის (ე.წ. რუსული სახლი) სახლების გახსნით შეეცდება სწორედ ქვევიდან დაიწყოს რუსეთის მიმართ ლოიალური მხარდაჭერის მოძრაობა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი დეტალია ავარო-კახეთის გზა - საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ის საფრთხედ არ წარმოაჩინოს, მაგრამ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ამ გზის მიმდებარე ქართულ ტერიტორიაზე, რომელიც ლეკებითაა დასახლებული, რუსული პასპორტების დარიგება ხდება. ამავე ტერიტორიაზე დაფიქსირდა რუსეთის მხარდამჭერი აქცია. არ ვამბობ, რომ მასში საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, ძალიან იოლია, რომ საქართველოში ასეთი აქციები მოაწყონ არა საქართველოს მოქალაქეებმა, მაგრამ აქციაში მონაწილე ადამიანები იქ მცხოვრები ხალხის სახელით გამოვიდნენ და პროცესის ინსპირირება გარედან მოხდეს.

ამის გარდა, ეს გზა (ავარო-კახეთი) არის სერიოზული საფრთხე როგორც საქართველოსთვის, ასე აზერბაიჯანისთვისაც, ამ გზის გახსნის შემდეგ რუსეთს შეეძლება დაძაბოს სიტუაცია საქართველოსა და ჩრდილო კავკასიას შორის და შემდეგ უკვე თქვას, რომ ვერ არეგულირებს სიტუაციას და საქართველოს სთხოვოს მის ტერიტორიაზე შემოშვება და პერიმეტრის ერთობლივად გაკონტროლება.

რაც მთავარია, რუსეთი შეეცდება, ჩაჭრას მთავარი ჭიპლარი, რითაც საქართველო მიბმულია დასავლეთზე აიღოს თავისი კონტროლის ქვეშ - ეს არის ის ცნობილი მილსადენები, რომლის მიმართაც თავისი სტრატეგიული ინტერესი გააჩნია რუსეთს.

ამის პარალელურად, ხშირად ისმის აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნის თემა, ისე, როგორც სეპარატისტების მიერ დაფიქსირებული „პრეტენზიები“ ენგურჰესსა და თრუსოს ხეობაზე. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ მრავალფეროვანი სპექტრი იმ რესურსებისა, რომლის გამოყენებაც რუსეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ.

პუტინის ყოფილი მრჩეველი, ილარიონოვი საუბრობს დაახლოებით მსგავს სქემაზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ რუსული აგრესიის შეჩერება ვერ მოხერხდება უკრაინაში. ილარიონოვის პროგნოზით, შესაძლოა, გაზაფხულზე პუტინმა ავარო-კახეთის გზით შემოიყვანოს სამხედრო ტექნიკა, რომელიც დასჭირდება სომხეთსა და მთიან ყარაბაღში გადასასვლელად. კიდევ ერთი ინფორმაცია - ლატვიის საზღვაო აკვატორიაში რუსული სამხედრო გემების გამოჩენა დაფიქსირდა. მოსალოდნელია თუ არა, გამართლდეს პროგნოზები, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ კეთდებოდა? - ანუ ერთი მხრივ, ბალტიისპირეთში, ხოლო მეორე მხრივ, კავკასიაში გახსნას რუსეთმა ახალი ფრონტები?

- ყველაზე სახიფათოა, რომ ამ ყველაფერს სწორედ ილარიონოვი ლაპარაკობს. რამდენადაც მახსოვს, რა პროგნოზებიც მან უკრაინასთან მიმართებაში გააკეთა, თითქმის თვეების სიზუსტით მართლდებოდა, ანუ - როგორი იქნებოდა რუსეთის მოქმედებები უკრაინასთან მიმართებაში.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის დამაფიქრებელია სწორედ ილარიონოვის მიერ ამ თემის წამოწევა. რამდენადაც ვიცი, ის ახლახანს იყო საქართველოში და შეხვედრებისას იგივე მოსაზრება გაიმეორა, ყოველ შემთხვევაში, აღნიშნა, რომ მიუხედავად დასავლური სანქციებისა, პუტინის ჩამოწერა ნაადრევია.

სხვათა შორის, ილარიონოვი აცხადებს, რომ პუტინის ამ გეგმებზე მას საკმაოდ ხშირად უსაუბრია ევროპელ პოლიტიკოსებთანაც...

- ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს პუტინს, არის სწორედ დასავლეთის არნახული სისუსტე და სწორედ დასავლეთის ქვეყნების პოზიციათა შორის შეუთანხმებლობა. რუსეთის ტიპის ქვეყანა ისეთი ლიდერით, როგორიც პუტინია, შეუძლებელია მისთვის მომგებიანი სუტუაციის გამოყენებას არ ეცადოს - ამიტომაც არის საფრთხის შემცველი. თუმცა, ვნახოთ, როგორ განვითადება მოვლენები.

მთავარი პრობლემაა საქართველოსთვის, რომ მისი ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელია ასეთი ტიპის საფრთხეებისთვის, რუსეთიდან მომავალი გამოწვევებისთვის. შესაძლოა, ძალზე პესიმისტური პროგნოზია, მაგრამ ერთადერთი, რაც დღეს რუსეთს სჭირდება, ეს არის საქართველოს კრიტიკული საზოგადოების უზრუნველყოფა, დანარჩენი ხელს ბევრი არაფერი უშლის.

პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ მას აქვს მინიმუმ ორი წელი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არავინ იცის, ახალი ხელისუფლება რა ამბიციებით მოვა ამერიკის სათავეში, ამიტომ ყველა ეცდება, თავისი მიზნები სწორედ ამ დრომდე განახორციელოს.

თუ ამ სცენარის განვითარება დაიწყო, საქართველომ რით შეიძლება დაიცვას თავი?

- ასეთი შეზღუდული რესურსები საქართველოს არასოდეს არ ჰქონია, როგორც ადამიანური (ხარისხს ვგულისხმობ), ასევე დასავლეთის მხარდაჭერის თვალსაზრისით. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დასავლეთის მხრიდან ვიხილოთ ტაქტიკური უკანდახევა. ამ თემას ბევრ ადამიანთან განვიხილავ და ერთმა ჩემმა მეგობარმა ასეთი შედარებაც კი მოიყვანა - სტაბილურობისა და გადარჩენისთვის დსთ-შიც კი შევედით, მაგრამ შემდეგ იქიდანაც მოგვიხდა გამოსვლა. ძალიან გამიჭირდება, პროგნოზირება, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი მგონია დასავლეთის დარწმუნება, რას კარგავს საქართველოთი და შემდეგ ამ ყველაფრის უკან დაბრუნება რა დაუჯდება.

აქ საუბარი მხოლოდ საქართველოზე არ იქნება, თუ ეს სცენარი ამოქმედდა, საქართველოს კვლადაკვალ მიჰყვება აზერბაიჯანიც, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანს პატრონი ჰყავს თურქეთის სახით. შესაძლოა, გარკვეულმა მოლაპარაკებამ აზერბაიჯანი იხსნას. თუმცა ესეც მეეჭვება, რადგან თუკი საქართველოზე კონტროლი აიღო რუსეთმა, მას აუცილებლად დასჭირდება აზრბაიჯანის გაკონტროლება, რაც ნიშნავს იმას, რომ შუააზიასაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება გარდა რუსეთისა. მისი ენერგორესურსების ალტერნატიული გზების დასავლეთთან წვდომაც აბსოლუტურად დაბლოკილი იქნება.

ამ გეგმის განხორციელებით პუტინი სრულად გააკონტროლებს შავი ზღვის იმ ნაწილს, რომელსაც ვერ აკონტროლებდა, ასევე კასპიის ზღვის იმ ნაწილზე მოიპოვებს კონტროლს, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში იყო მოქცეული. პარალელურად, ასეთივე უზარმაზარი იქნება დასავლეთის დანაკარგიც.

დასავლეთს ამ ყველაფერში ძალიან დიდი ფასი აქვს გადახდილი და პუტინის გეგმის განხორციელების შემთხვევაშიც, მომავალში არანაკლები საფასურის გადახდა მოუწევს დღევანდელი სტატუს-კვოს დასაბრუნებლად.

ეს ყველაფერი, ჩვენს ზურგზე გადაივლის, რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ეს გზა გვაქვს დარჩენილი - ავუხსნათ დასავლეთს ეს ყველაფერი.

გარდა ამისა, ხელისუფლება ვალდებულია, შეიმუშავოს რუსეთის შეკავების სტრატეგია, რომელშიც გადამწყვეტი ადგილი უნდა ჰქონდეს საინფორმაციო სივრცის გაჯერებას სახელმწიფოებრივი, პროდასავლური პოზიციით - ორი წელია ხელისუფლებას საინფორმაციო პოლიტიკა არ გააჩნია. ჩვენი ვალია, გავაკეთოთ იმისი მაქსიმუმი, რა შესაძლებლობაც გაგვაჩნია.

სტრატეგიის მომზდებისა და საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავების რესურსი შეიძლება არ აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. მთავარია, სურს თუ არა ხელისუფლებას ამ რესურსის გამოყენება. რა გზას ირჩევს ხელისუფლება, ესეც ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. თუ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება იწყებს რუსეთის შეკავების სტრატეგიის შემუშავებას, პრინციპში, საზოგადოებას ესეც ბევრ კითხვაზე გასცემს მისთვის ძალზე არასასიამოვნო პასუხს.