„არსებობს ეჭვი, რომ საქართველო რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების კუთხით ევაჭრება“

„არსებობს ეჭვი, რომ საქართველო რუსეთს საკუთარი უსაფრთხოების კუთხით ევაჭრება“

რეგიონში დაძაბული სუტუაციის გამო საქართველოს რთულ საგარეო ფაქტორებთან უწევს გამკლავება, რუსეთის პოლიტიკის წყალობით, სავარაუდოდ, სიტუაცია მომავალშიც საკმაოდ დაძაბული იქნება. რაც მნიშვნელოვანია, კვლავ არსებობს ეჭვები და კითხვები ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. რა მიღწევები და შეცდომები ჰქონდა ქვეყანას საგარეო მიმართულებით მიმდინარე წელს და რა გამოწვევები გველის მომავალი წლისთვის, ამ თემებზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

კახა გოგოლაშვილი: პირველ რიგში, აღსანიშნავია ასოცირების ხელშეკრულება, რამაც საქართველოს ევროპული მიმართულება გაამყარა და თითქმის შეუქცევადი გახადა ეს პროცესი. მეორე იყო ნატოს სამიტი, მართალია ვერ მივიღეთ მაპ-ი მაგრამ ამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გამყარდა ამ სივრცეში საქართველოს ადგილი თუნდაც იმით, რომ უფრო ინტენსიური დახმარება გაეწევა საქართველოს და სხვა პარტნიორ ქვეყნებს - ვიტყოდი, რომ ეს ორი ძირითადი მოვლენა განაპირობებს საქართველოს საგარეო კურსში წარმატებებს.

გასული წლის მნიშვნელოვან წარუმატებლობად რას დაასახელებდით?

- რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კურსი, რომელიც ავირჩიეთ, ვფიქრობ, წარუმატებელი აღმოჩნდა. რადგან რისკები დარჩა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ სივრცეში - არ ვართ დარწმუნებული, რომ ხვალ რუსეთი საქართველოს მიმართ ემბარგოს არ გამოიყენებს; არ გვაქვს გარანტიები, რომ არ გააუქმებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს; უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ არსებობს რისკები; კიდევ უფრო დამძიმდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემატიკა იმითი, რომ მომზადდა ე.წ სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რომლებიც პრაქტიკულად, ანექსიის ნაირსახეობას წარმოადგენს და სრული ანექსიისთვის ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს.

გარდა ამისა, წარუმატებლობად მიმაჩნია უკრაინასთან ურთიერთობის საკითხი - მაშინ, როცა იანუკოვიჩის დროსაც კი საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, ახლა როდესაც უკრაინას პროდასავლური მთავრობა ჰყავს, გადავედით ურთიერთობის უფრო დაბალ დონეზე. ამისი მაგალითია თუნდაც ის, რომ უკრაინაში ჯერ არ განხორციელებულა არც ერთი მაღალი დონის ვიზიტი.

მეზობლებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობაშიც არ გვქონია მიმდინარე წელს განსაკუთრებული პროგრესი; გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ შეინიშნება გარკვეული არამდგრადობა. ანუ, არ ვიცით, ეს ურთიერთობები სამომავლოდ შენარჩუნდება თუ არა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მთლიანად, ჩვენს გარშემო, საერთაშორისო კონტექსტში. თუ რუსეთთან გამწვავდა დამოკიდებულება, არ არის გამორიცხული, ამან იმოქმედოს მაგალითად, საქართველო-სომხეთის ურთიერთობებზე, თუ აზერბაიჯანმა დაიწყო რუსეთთან დაახლოება, ეს არ ვიცით როგორ შეიძლება აისახოს და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ ჯერაც ვერ მოხერხდა საზღვრების დელიმიტაცია ვერც ერთ სახელმწიფოსთან - ამის გამო ყოველთვის არის შესაძლებელი სიტუაციის გამწვავება.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ღიად აცხადებს თავისი პროდასავლური კურსის შესახებ, მაინც რჩება კითხვები და ეჭვები ამ მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება საგარეო ორიენტაცია განხილვის მუდმივ თემად?

- კითხვები გააქტიურდა ალბათ, პირველ რიგში, უკრაინის გამო, რადგან მასთან მიმართებაში ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება არ იყო მკაფიო. განსაკუთრებით, ეს გამოვლინდა უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცთან მიმართებაში; შემდეგ პრემიერის განცხადებით, რომ ჩვენ ვემიჯნებით უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს. სწორედ ასეთი მომენტები აზიანებს ჩვენს იმიჯს. როდესაც არ არის მკაფიოდ და მკვეთრად გამოხატული, ვართ თუ არა დემოკრატიულობის, სამართლიანობის მხარეზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მომხრე ქვეყანა ვართ, თუ ჩვენთვის სულერთია.

თუ დემოკრატიული პრინციპების გამზიარებელი ქვეყანა ხარ, შენთვის სულერთი არ უნდა იყოს, ირღვევა თუ არა საერთაშორისო სამართლის პრინციპები შენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ. პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ ერთ მხარეს არის უკრაინა და დასავლეთი, მეორე მხარეს რუსეთი და ჩვენ არ ვემხრობით არც ერთს - ეს განცხადებები ამას ნიშნავდა. შესაძლოა, პრემიერს სულ სხვა რამის თქმა უნდოდა, მაგრამ საზოგადოებამ ასე აღიქვა.

კი, რუსეთი ძალიან სახიფათო და მნიშვნელოვანი მეზობელია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში უკრაინა უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდეს ჩვენთვის ვიდრე რუსეთია - ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ რუსეთი და მისი გავლენები კნინდება მსოფლიოში. ერთადერთი რაც აქვს რუსეთს, ეს არის ბირთვული იარაღი, რომლითაც ემუქრება მთელ მსოფლიოს.

როდესაც ჩვენი დამოკიდებულება მთელი ამ პროცესების მიმართ არ არის მკაფიკოდ გამოხატული, ეს ბადებს შიშებს, თითქოს ქვეყანას აღარ აქვს პროდასავლური კურსი.

ძალიან ხშირად ისმის-ხოლმე მოსაზრება, რომ დასავლეთმაც დაკარგა ინტერესი საქართველოს მიმართ. თვლით, რომ ეს მართლაც ასეა?

- დასავლეთს საქართველოს მიმართ გააჩნია ინტერესი, მაგრამ ეს ინტერესი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მიმართ. ამასთან ევროკავშირმაც გააცნობიერა, რომ რეგიონში აქტიური ჩარევის გარეშე რუსეთთან დაპირისპირებას წააგებს. ამიტომ, საქართველო და მისი პოზიცია დღეს ევროკავშირისთვის ძალზე აქტუალურია.

ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება საქართველომ უნდა გამოიყენოს. ევროპას სჭირდება, საქართველოს სახით დაინახოს ის სტაბილური პარტნიორი, რომელიც ნეიტრალურ თამაშს კი არ თამაშობს, არამედ მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციებს. თუ ჩვენ ვთქვით, რომ ვემიჯნებით იმ პროცესებს, რაც რუსეთთან მიმართებაში ხდება, თუ არ დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობაში, მაშინ არც ევროკავშირისგან და არც ამერიკისგან არ უნდა ველოდეთ, რომ ჩვენს მიმართ ინტერესსა და მხარდაჭერას შეინარჩუნებენ.

რა არის თქვენი შეფასებით ის პროგრამა-მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა შეასრულოს საქართველომ მომავალ წელს?

- ეს არ გულისხმობს მხოლოდ საგარეო მიმართულებას, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და ის დემოკრატიის განვითარების შიდა ნორმებს უკავშირებს ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

საქართველომ, როგორც სახელმწიფომ უნდა გაამყაროს წარმოდგენები იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ საფუძვლებს ვეყრდნობით. საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე რაც პირდაპირ უკავშირდება თავისუფალ სასამართლოს, ინსტიტუციების ჩამოყალიბებას. უნდა მოხდეს ხაზგასმა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს იცავს, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მისი ქვეყნის გარეთაც, საერთასშორისო ასპარეზზე.

სასურველია, საქართველომ დაიმკვიდროს ქვეყნის სახელი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებისთვის არ ვაჭრობს დემოკრატიის და სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, იგივე რუსეთთან მიმართებაში არსებობს ეჭვები, რომ საქართველო რუსეთს სწორედ ამ კუთხით ევაჭრება - შეიძლება დათმოს რიტორიკა, უკრაინის თემა, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ან თუნდაც, ეკონომიკის განსავითარებლად - ასეთი იმიჯი არ უნდა არსებობდეს. რუსეთმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის მშვიდობიანი მეზობელი, რომელიც მზად არის, წავიდეს კომპრომისებზეც, მაგრამ ეს კომპრომისი არ იქნება დემოკრატიული განვითარების ხაზით არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ.