„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერ თანამშრომლობას კატეგორიულად გამოვრიცხავ“

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერ თანამშრომლობას კატეგორიულად გამოვრიცხავ“

ბოლო ოცწლეულის შემდეგ პრაქიკულად, პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოსულ საქართველოს ხელისუფლებას ურთულეს პერიოდში უწევს მოღვაწეობა, არსებობს საკმაოდ რთულად დასაძლევი საშინაო და გლობალური საგარეო გამოწვევები. როგორ აფასებენ არსებულ პრობლემებს მმართველ კოალიციას გამოყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ და როგორ ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, ამ თემებზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია თავისუფალი დემოკრატების საგარეო მდივანი მაია ფანჯიკიძე გვესაუბრება.

ქალბატონო მაია, მას შემდეგ, რაც აღარ ხართ საგარეო საქმეთა მინისტრი, გაფორმდა .. სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთის .. დამოუკიდებელ რესპუბლიკას შორის, მზადდება იგივე ტიპის ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთთანაც. თუ გაქვთ თქვენი ხედვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ პრაქტიკულად, მოსალოდნელი ანექსია თავიდან აიცილოს?

- საქართველოს მთავრობას, კოალიციაში შემავალ ძალებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, იმაზე, რა არის წითელი ხაზები იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ოკუპაციაზე შორს მიდის რუსეთი - უკვე, ფაქტობრივი ანექსიის მცდელობასთან გვაქვს საქმე.

რასაკვირველია, გამორიცხულია ძალის გამოყენებით სიტუაცის შეცვლა, ერთადერთი ქმედითი იარაღი არის საერთაშორისო თანამეგობრიბის კონსოლიდირებული მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის მოპოვებას კი ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. რაღაც უკვე გაკეთდა, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელი არ იყო მოწერილი ამ ე.წ. ხელშეკრულებაზე, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა.

მას მერე, ის, რაც კეთდება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საერთაშორისო ძალების კონსოლიდაცია მოხდეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ არ შემდგარა პირდაპირი კომუნიკაცია ქვეყნის უმაღლეს პირებსა და ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს შორის. რაც მიმაჩნია, რომ არის აუცილებელი. არ ყოფილა ამ თემის საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოქცევა, რაც ასევე უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. კიდევ მრავალი ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს ყველაფერი, რათა უკრაინასთან ერთ დონეზე მოიხსენიებოდეს საქართველოში არსებული სიტუაცია და რუსეთს მოეთხოვოს პასუხი.

თქვენი პარტია ორი წელი იყო ხელისუფლების ნაწილი, თქვენ ბრძანდებოდით საგარეო საქმეთა მინისტრი, ორწლიანი ანგარიში რომ ჩაგებარებინათ საზოგადოებისთვის, რა თემებს გამოყოფდით?

- პირადად ჩემს და საგარეო მიმართულების გუნდის მუშაობას დადებითად ვაფასებ და ეს რამდენჯერმე აღვნიშნე კიდეც. ვთვლი, რომ ევროკავშირის, ნატოს მიმართულებით გავაკეთეთ ძალიან ბევრი, იმისი მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა;

არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით გავაკეთეთ ძალიან ბევრი - ხუთი ქვეყნიდან სამამდე შევამცირეთ იმ სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას; დევნილთა საკითხის მიმართულებით მივაღწიეთ გაეროში რეზოლუციის მხარდამჭერთა საგრძნობ ზრდას; თბილისი გავხადეთ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრი - ამ ორი წლის მანძილზე 70-80-მდე მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, ფაქტობრივად, არ დარჩენილა პარტნიორი ქვეყანა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც არ ჩამოსულა; გარდა ამისა, საქართველოს სტუმრობდნენ პრეზიდენტები, პრემიერები ევროკავშირის ქვეყნებიდან; ჩვენს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ნატოს არსებითი პაკეტი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ორი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკამ ბევრ წარმატებას მიაღწია.

თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე დაიწყეს წინასაარჩევნოდ მზადება - ინტენსიურად ხვდებიან რეგიონის ამომრჩეველს. ამდენად, საზოგადოებისთვის საინტერესოა, დამოუკიდებლად იყრით კენჭს, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ახალ კოალიციას შექმნით?

- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. მართალია ძალიან დიდი დრო არ არის დარჩენილი, მაგრამ არც ისე მცირე, რომ უკვე ჩამოყალიბებულები იყვნენ პარტიები, როგორ წარდგნენ შემდეგ არჩევნებზე. მე პირადად, ვეთანხმები დავით უსუფაშვილის აზრს, რომ უფრო კარგია და განვითარების მაღალი საფეხურია, როცა პარტიები არჩევნებზე მიდიან დამოუკიდებლად, მოხვდებიან პარლამენტში და შემდეგ ეძებენ პარტნიორებს, ვისთან ერთადაც შეუძლიათ შექმნან კოალიცია. ეძებენ პარტნიორებს ფასეულობების და ღირებულებების მიხედვით და არა იმიტომ, რომ ერთად ყოფნა, უბრალოდ, მოუტანთ უმრავლესობას.

ამიტომ, ჩვენ გამოკვეთილი გეგმა არ გვაქვს, მარტო ვიქნებით თუ ვინმესთან ერთად. არც ერთს გამოვრიცხავ და არც მეორეს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს იქნება პროგრამის ირგვლივ გაერთიანება თუკი ვინმესთან ერთად გადავწყვეტთ არჩევნებში მონაწილეობას.

თუმცა, ქართველი ამომრჩეველი პროგრამას ნაკლებად აქცევს ყურადღებას და ისევ პიროვნებებზეა ორიენტირებული, დღეს უკვე დადგა ის დრო, როდესაც პროგრამას ენიჭება მთავარი მნიშვნელობა?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს პროგრამები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები. ადამიანები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია დიდი დემოკრატიული ისტორიის მქონე სახელმწიფოებშიც, ვიდრე საქართველოა. ადამიანები ქმნიან პროგრამებს, პარტიებს, მთავრობებს და შემდეგ იმ ადამიანების პირად ღირსებებზე, ბიოგრაფიებზე, პირად შეხედულებებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რადგან ადამიანებს გააჩნიათ პრინციპები, ღირებულებები, ფასეულობები და არა ქაღალდს.

მაგრამ, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოში პროგრამა და ამომრჩევლისთვის იმისი ცოდნა, თუ რომელი პარტია რა გზით აპირებს მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნას. ისეთი გლობალური თემებიდან დაწყებული, როგორიც არის ქვეყნის ორიენტაცია, ევროპისკენ თუ სხვა მიმართულებით. ამის გარდა ადამიანებს უკვე კონკრეტიკაც აინტერესებთ და ეს კონკრეტიკა გამოიხატება სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა საკითხებში.

მას შემდეგ, რაცთავისუფალი დემოკრატებიკოალიციიდან გავიდნენ, პოლიტიკურ წრეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ისინი გვეხილა ალიანსშინაციონალურ მოძრაობასთან“. რამდენად მოსალოდნელია ასეთი გაერთიანება?

- ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს „ქართული ოცნების“ მცდელობაა, რომ დისკრედიტირებულ ძალასთან ასოციარდებოდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და ამითი გადაფაროს ის ცუდი ამბავი, რომ კოალიცია ერთმა წევრმა დატოვა. ჩვენ, ყველანი გაერთიანებული ვიყავით ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და გაერთიანების მთავარი ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშულებრივი რეჟიმი, რომელმაც ძალიან ბევრ ხალხს მიაყენა დიდი ზარალი, როგორც მორალური, ისე ფინანსური, ფიზიკური და ა.შ. ასე რომ, ამ ძალასთან ნებისმიერ თანამშრომლობას კატეგორიულად გამოვრიცხავ.

დანაშაულებრივი რეჟიმი ახსენეთ, მაგრამ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებში იყავით, არ მომხდარა ამ პოლიტიკური ძალის არც გასამართლება, არც მასობრივ პასუხისგებაში მიცემა იმ ჩინოვნიკებისა, რომლებზედაც არსებობდა ეჭვიც და ინფორმაციაც, რომ დანაშაულში იყვნენ ჩართული. ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გქონდათ ამ საკითხთან განსხვავებული მიდგომა?

- მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე და არც მსგავსი სხვა უწყების წარმომადგენელი. მე ვერ ჩავერეოდი ვერც ერთი უწყების მუშობაში. გარდა ამისა, ეს თემა იყო იმდენად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სფერო, რომ დამატებითი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. სურვილი კი, „ქართულ ოცნებაში“, რომ ეს ყველაფერი დროულად და ხარისხიანად განხორციელებულიყო, ჩემი გადმოსახედიდან, ნამდვილად არსებობდა. რატომ ვერ მოხდა სამართლიანობის აღდგენა იმ დოზით, რა დოზითაც მოსახლეობა ელოდა, ეს სხვა საკითხია და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს არ ეკუთვნის.

როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, არჩევნებამდე დარჩენილია არც ბევრი და არც ცოტა დრო, თუ გაქვთ ჩამოყალიბებული მთავარი კონცეფცია, რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

- ჯერ მაინც საკმაოდ შორს ვართ არჩევნებისგან საიმისოდ, რომ დღეს მთელი პროგრამა წარმოგიდგინოთ, მაგრამ „თავისუფალი დემოკრატების“ ლოზუნგი არის ადამიანი, ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია და მსგავსი ღირებულებები. ამ ღირებულებების ირგვლივ არის გაერთიანებული ეს პარტია უკვე 5 წელია და ეს იქნება ამოსავალი წერტილი ყველაფრისა, რასაც გავაკეთებთ სამომავლოდ.

კონკრეტულ სფეროებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თითოეულ მიმართულებას პარტიაში ჰყავს თავისი კურატორი. რაც შეეხება საგარეო კურსს, შემიძლია გითხრათ, რომ - იყო, არის და იქნება დასავლური, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული. ასე რომ, როგორც ამ პარტიის საგარეო მდივანმა, კურსი შემიძლია, დაგიდასტუროთ.

რა ძირითადი შენიშვნები გაქვთ კოალიციასთან, როგორც მმართველ ძალასთან?

- თუ მკითხავდით, ერთი რამ დაასახელეთ, რაც არ მოგწონთო - გიპასუხებდით, რომ ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ეს არის ყველაზე მიუტევებელი ამ ხელისუფლებისთვის. რასაც ვუყურებ ამ თვენახევრის განმავლობაში, რომელი თემაც არ უნდა გახდეს აქტუალური საზოგადოებაში, იმ მიმართულებაზე პასუხისმგებელი მინისტრი იქნება თუ სხვა, თავს არიდებს პასუხისმგებლობას, მოსახლეობას არ ელაპარაკება და არ უხსნის.

მაგალითად, ლარის პრობლემა როდესაც იყო, ვერ გავიგე ვის ეხებოდა ეს - ყველა ამბობდა რომ მას არ ეხებოდა. ყველა შემთხვევაში ეხებოდა პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ის არ გამოსულა და არ აუხსნია, რა მოხდა, რა პროგნოზია, რა გველის, რა ღონისძიებას მიმართავს სახელმწიფო, რომ ხალხი არ გაღატაკდეს და ა.შ.

როდესაც საქმე ეხებოდა საყდრისის თემას, არ გამოსულა არავინ და დაწვრილებით არ აუხსნია, რაშია საქმე. რატომ გასცეს საყდრისის ნგრევის ნებართვა და ა.შ. თავდავცის სამინისტროს განცხადებით გამოწვეული სკანდალი ისე გრძელდებოდა ერთი კვირა, რომ თავდაცვის მინისტრისგან ვერ მოვისმინეთ ახსნა-განმარტება.

მხოლოდ ერთ პრობლემაზე რომ ვისაუბროთ, ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას არ აქვს სწორი კომუნიკაცია ხალხთან. სხვათა შორის, პრემიერის შემაჯამებელი პრესკონფერენციაც არ იყო ამ კითხვებზე პასუხი ჩემთვის.

სხვათა შორის, ამ პრესკონფერენციის შემდეგ პოპულარული გახდა კითხვა - „მტერი არის თუ არა პუტინი“?- რაც ნიშნავს, რომ საგარეო ორიენტაცის ირგვლივ კითხვები და ეჭვები კვლავ არსებობს. თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი ეჭვები გქონდათ?

- ვიდრე მე და ჩემს თანამოაზრეებს გვებარა ევროკავშირისა და ნატოს თემები, ეჭვების საფუძველი არ არსებობდა. თანამოაზრეებში ვგულისხმობ დავით ზალკალიანს, ალექსი პეტრიაშვილს და ირაკლი ალასანიას - რაკი ნატოსაც ეხება თემა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი და ამაზე მეტის მიღწევა ამ პერიოდში არ შეიძლებოდა.

რადგანაც იყო ნიშნები იმისა, რომ ამას ყველა ჩვენნაირად არ უყურებდა, ამითი იყო გამოწვეული ჩვენი გადაწყვეტილება და ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრე.

ახალი წლიდან იწყება, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ, იმისი იმპლემენტაცია. იმპლემენტაციის ტემპსა და ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შეფასება - ადგას საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს მყარად თუ - არა. ასე რომ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, ჩვენ ჩვენი ეჭვები გვქონდა - ამ ეჭვებიც საფუძველიც და ახლა რეალობა ყველასთვის უნდა გამოჩნდეს.