„არავინ ელის „ოცნებისგან“ იმის თქმას, რომ პუტინი საქართველოს მტერია“

„არავინ ელის „ოცნებისგან“ იმის თქმას, რომ პუტინი საქართველოს მტერია“

„პუტინი საქართველოს მტერია“, - ნაციონალებისგან ანგაჟირებული ადამიანები უკვე მერამდენედ ითხოვენ ამის თქმას ჯერ ივანიშვილისგან, შემდეგ - ღარიბაშვილისგან, თუმცა ეს გამონათქვამი ახალი ხელისუფლებისთვის გასაგებ მიზეზთა გამო რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. პრესკონფერენციაზე ეს შეკითხვა დაჟინებით დაისვა ღარიბაშვილის მისამართით, რაზეც პრემიერმა სახელმწიფოებრივი აზროვნება მოიშველია და იმისთვის, რომ „ესიამოვნებინა კონკრეტული ჟურნალისტისთვის“, არ გაიმეორა, რომ პუტინი საქართველოს მტერია. 

For.ge-მ ამ შეკითხვით მიმართა პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას.

- ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას აქვს თავისი სტრატეგია. ასევეა „ქართული ოცნებაც“, ისინი კონსტრუქციულობის პოლიტიკას აგრძელებენ. ამ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, არ ჯდება ასეთი ფრაზები. აქედან გამომდინარე, ამას არც არავინ ელოდება „ოცნებისგან“ რუსეთთან მიმართებით. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტური იქნება ასეთი პოლიტიკა, ამას დრო დაგვანახებს, მაგრამ ამაში დიდი პრობლემა არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილი პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე ალაპარაკდა, ოღონდ მან თქვა, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. არის ამის მზაობა?

- პუტინთან შეხვედრის არც ფსიქოლოგიური, არც პოლიტიკური ფონი უახლოეს მომავალში არ არსებობს. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა, განსაკუთრებით, აფხაზეთთან და ცხინვალთან ხელშეკრულების დადების შემდეგ. ძალიან რთული იქნება, ნებისმიერი პოლიტიკოსი მოსალაპარაკებლად წავიდეს პუტინთან, მაშინ, როცა არანაირი ნიშანი არ არსებობს, რუსეთი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკებისთვის რუსულ დიპლომატიას უფრო აწყობს, რათა დაანახოს დასავლეთს, რომ საქართველოსთან შესაძლებელია კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნება, მიუხედავად პრობლემებისა.

ოცნებისმმართველობის კიდევ ერთი წელი იწურება. ვინ მიგაჩნიათ წლის პოლიტიკოსად? დაინახეთ ვინმეში ამის რესურსი? შესაძლოა, ადამიანი არ ჩანდა თავისი მოღვაწეობით აქამდე, მაგრამ ის აღმოჩენა გამხდარა ექსპერტთა საზოგადოებისთვის

- რამდენიმე პიროვნება შეიძლება ამოირჩეს. ალბათ, ყველაზე მეტად უფრო გამოჩნდა დავით უსუფაშვილი, როგორც პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, მას საზოგადოება მანამდეც, ასე თუ ისე, იცნობდა, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ როლისთვის ზედგამოჭრილია. მან ეს დაადასტურა ბევრ გამოსვლაში, სადაც ძალიან კარგი ფრაზები წარმოთქვა. მეტ-ნაკლებად, ის არ ღალატობს დემოკრატიულ პრინციპებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს პრინციპები შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს რაღაც პოლიტიკასთან. შესაძლოა, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, მაგრამ ირაკლი ალასანიასთვის მნიშვნელოვანი იყო, ოპოზიციაში რომ გადავიდა.

გამართლებულად მიგაჩნიათ ეს ნაბიჯი, რომ ალასანიამ უკან არ დაიხია და ოპოზიციონერად მოგვევლინა?

- დიახ, ცოტათი მან დააგვიანა. მანამდეც უნდა გასულიყო, აშკარად ჩანდა, რომ მისი და მისი პარტიის მოწოდებები აშკარად არ ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ ხედვებს.

მანამდე როდის ჰქონდა მასქართული ოცნებისგანგანცალკევების შესაძლებლობა?

- ეს თავიდანვე გამოჩნდა, როცა იგი ივანიშვილმა ჩამოაცილა ვიცე-პრემიერის პოსტს. იქიდანვე ჩანდა, რომ ისინი ერთად დიდი ხანი ვეღარ იქნებოდნენ.

მაგრამ თავის დროზე რომ გადაედგა ეს ნაბიჯი და ბევრი რამ არ მოეთმინა, ეს ხომ იქნებოდა სკანდალი ნაციონალების იმდროინდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე?

- ამას შეიძლება გარკვეული ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ალასანიას პირადი რეიტინიგისთვის და მისი პარტიისთვის, ალბათ, უკეთესი იქნებოდა უფრო ადრე ამის გაცხადება. მე მაინც მგონია, რომ ცოტათი დააგვიანა. მისთვის ნაკლებად სასარგებლო დროს მოუხდა გადადგომა, როცა მას ედავებოდნენ კორუფციულ სქემებს, რაც მთლიანობაში, მისთვის არ იყო მომგებიანი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ვერ ადასტურებს მის ბრალს.

თქვენგან მოწონებულმა დავით უსუფაშვილმაც შესაძლოა, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. მაშინაც ხომ არ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ ჯობდა, ეს უფრო ადრე მომხდარიყო?

- რა თქმა უნდა, რადგან აშკარად ჩანს, რომ ზოგადად, რესპუბლიკელები და, მათ შორის, უსუფაშვილი მთლიანობაში, ვერ ჯდებიან იმ გემოვნებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ახასიათებს. აქედან გამომდინარე, დროის საკითხია, როდის დადგება მათი გამოსვლის პერიოდი. ეს ალბათ, 2016 წლის არჩევნებამდე მოხდება, ანუ მომავალი წელი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.

რამდენად მომგებიანი იქნება მომავალი წლის არჩევნებამდე ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორამდე ეს ძალები ვერ  აღწევდნენ არჩევნებში გამარჯვებას. დროის ამ მონაკვეთში ისინი მოძლიერდებოდნენ?

- ეს სერიოზული ფაქტორია. ორი წელიწადი ქართული პოლიტიკისთვის ძალიან დიდი დროა და ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყდება ამ ხნის განმავლობაში, სცენარის რომელი ახალი აქტორები გამოჩნდებიან. ჩვენ არ ვართ დასავლეთ ევროპული ქვეყანა, სადაც წინასწარ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურაა და მეტ-ნაკლებად იციან, რომ აქტორები არ იცვლებიან. ჩვენთან შეიძლება, ისეთი მოვლენა მოხდეს, რომელმაც სხვა სიბრტყეში გადაიყვანოს მოსახლეობის დამოკიდებულება მთავრობისადმი. სავარაუდოდ, ამ ორი წლის განმავლობაში სიახლე იქნება და მესამე ძალაც გამოჩნდება. მით უმეტეს, საზოგადოების დიდი ნაწილი გულაცრუებულია ნაცმოძრაობაზეც და „ქართული ოცნების“ მთავრობაზეც და გულაცრუება თანდათან იზრდება.

პრემიერი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო, აქ უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში და ამას მოახერხებდა სააკაშვილი.

- რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, ეს აუცილებელი იყო, რადგან ნაცმოძრაობა ავტორიტარული ხელისუფლების თვისებებს იძენდა, 2008 წლის შემდეგ ახალს ვერაფერს აკეთებდა და დროის გაწელვის პოლიტიკას აწარმოებდა. წინასწარ რთულია თქმა, უკრაინაზე უარესი მდგომარეობა იქნებოდა თუ არა საქართველოში, მაგრამ ფაქტია, საზოგადოება მოითხოვდა ცვლილებებს.

ნაციონალური მოძრაობა“ დანგრეულია“,- ასეთია პრემიერის შეფასება. არის კი ნაცმოძრაობა დანგრეული თუ ეს უბრალოდ, სურვილები და ოცნებებია?

- „ნაციონალური მოძრაობა“ დანგრეული არ არის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ დასუსტებული და დეზორგანიზებულია, მათ არ ჰყავთ ისეთი მასობრივი მხარდამჭერები, როგორც მანამდე ჰყავდათ. ისინი არიან საკუთარი სიტუაციის გადაფასების პერიოდში. მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება მომავალი პარტიის შიგნით და რამდენად მოახერხებენ გამიჯვნას სააკაშვილისგან. სააკაშვილთან ერთად მათ დიდი მომავალი არ აქვთ, საჭიროა რებრედინგი. ამის გამო ჩაჩოჩება მოუწევთ ცნობილ პოლიტიკოსებს, რომლებმაც თავი მოაბეზრეს ამომრჩეველს. 

რიგითი ადამიანებისთვის კარდინალურად არაფერი შეცვლილა. მართალია, მათ განსხვავებული აზრის გამო არ დევნიან, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, პენსიების ზრდა ისევ პრობლემატურია. ერთ-ერთმა თელაველმა განვლილი წლის შეფასებისას განაცხადა, რომ ცუდია, სააკაშვილი რომ გაიქცა აქედან. ოდესღაც სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა შესანიშნავი კოაბიტაცია დასავლეთთან. ახალმა ხელისუფლებამ კი ვერ აუხსნა დასავლეთს, რა ხდებოდა საქართველოში ცხრაწლიან პერიოდში. ასე რომ, რიგითი მოქალაქეებისთვის ასოცირების ხელშეკრულება დიდი შვება არ არის.

- სააკაშვილის შესახებ შეიძლება, ბევრი რამ ითქვას, მაგრამ მაინც მგონია, რომ სააკაშვილზე გამოკიდება პიროვნულად იმდენად არ არის მთავარი, რამდენადაც ის, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ქონების ჩამორთმევის, ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები ბოლომდე გამოაშკარავდეს. საზოგადოება ელის, დამნაშავემ პასუხი აგოს, ვინც არ უნდა იყოს ის. ორიგინალური არ ვიქნები იმაში, თუ ჩავთვლი, რომ ასოცირების ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მარტო ამ წლის, შეიძლება, ათწეულებითაც კი, რასაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს მოსახლეობა იგრძნობს. საგარეო პოლიტიკაში ამან ყველა საკითხი გადაფარა. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, მიჭირს წარმატებული ვარიანტების პოვნა. მთლიანობაში, იგრძნობა, რომ მთავრობა ბოლომდე ვერ არის ჩამოყალიბებული და ვერ იპოვა ის გამოსავალი, რომლითაც შეიძლება პრობლემებთან გამკლავება. ერთადერთი, ჯანდაცვის მიმართულებით გაკეთდა რაღაც.

2015 წლის რეკომენდაცია რა იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, რომელსაც პრემიების აღების სენი კარგა ხანია, შეეყარა?

- პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული კონცეპტუალური ხედვები სხვადასხვა დარგის მიმართულებით, ყველა სფეროს უნდა ჰყავდეს თავისი ლიდერი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ამ სფეროში განხორციელებულ სამუშაოებზე. უნდა იყოს კონტროლი, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს და არ იყოს სუმბურული ხედვები. თუ ეს ამ წელს არ გააკეთეს, ეს აუცილებლად აისახება შემდეგ არჩევნებზე „ოცნების“ რეიტიგზე. მათ მოუწევთ ფასის გადახდა ამ ყველაფრისთვის არჩევნებზე.