სააკაშვილი ქართველ სამხედროებს უკრაინის არმიაში გაწევრიანებისა და რუსულ ჯარებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ, უკრაინის მოქალაქეობას ჰპირდება. პრემიერი ღარიბაშვილი „ყოფილი მთავარსარდლის“ მოწოდებას მოღალატეობად და ქართველი ჯარისკაცისთვის დამამცირებლად მიიჩნევს, რადგან ქართველმა მებრძოლებმა თურმე მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა დათმონ საკუთარი მოქალაქეობა, საქართველოს შეირაღებული ძალები და უკრაინაში წავიდნენ.
სინამდვილეში, სწორედ სააკაშვილის მიერ მიღებული კანონებით ციხეში ჩასმა ელოდა იმ მოხალისეს, რომელიც უცხო ქვეყნის საბრძოლო მოქმედებაში მიიღებდა მონაწილეობას. ასე რომ, თუკი სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა, მის მიერვე მიღებული კანონებით, უკრაინაში მებრძოლ პირთა დაპატიმრება მოუწევდა.
კონკრეტულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410-ე მუხლი ითვალისწინებს სასჯელს იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც არიან დაქირავებული მებრძოლები და უცხო ქვეყანაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ გარკვეული ფინანსური ანაზღაურებისათვის.
For.ge სამხედრო ექსპერტს, ყოფილ პოლიტპატიმარს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
თავის დროზე სააკაშვილმა მიიღო დაქირავებულ მებრძოლთა სამართლებრივი დევნის შესახებ კანონი, რომელიც წინააღმდეგობრიობაში მოდის მის ახლანდელ პათოსთან.
- სისხლის სამართლის კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ომობენ, როგორც დაქირავებული მებრძოლები, თუ არ ვცდები, ათწლიან სასჯელს ექვემდებარებიან. ალბათ, ეს განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რაც საქართველომ ვალდებულების სახით აიღო. კერძოდ, დაქირავებული მებრძოლების შესახებ ორი კონვენცია იყო მიღებული - 1977 წლის და 1980 წლის საერთაშორისო კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს ისეთი ადამიანების სტატუსს, რომლებიც მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში გაურკვეველი მიზეზით, ანუ მოქალაქეობის სტატუსის გარეშე. ეს მომენტი იყო ძირითადად.
ვფიქრობ, ორი მიზეზით მოახდინა სააკაშვილმა ამ კანონის მიღება და ამ კანონის რედაქტირება - შეიძლება, საქართველოს ჰქონდა საერთაშორისო ვალდებულება, მიერთებოდა ამ კონვენციას და მოეხდინა ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და პრინციპებთან. და მეორე - რეპრესიული მომენტი, რაშიც მზაკვრობა იყო ჩადებული. რეპრესირებულ ადამიანებს მასობრივად უშვებდნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ჩვენ ვიცით 800 ოფიცრის მაგალითი, როცა სააკაშვილმა ისინი 2009 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვა. პლუს კიდევ, 1000-მდე ადიოდა ეს რაოდენობა, ნაციონალების სამარცხვინოდ. ამიტომ, სააკაშვილის მიზანი იყო, მათთვის მასობრივად მოესპო ლუკმა-პურის შოვნის საშუალება. საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეიძლება მოდაში შემოვიდეს ტერმინი - კორპორატიული არმიები. კერძო კორპორაციული კომპანიები სპეციფიკურ ამოცანებს ასრულებენ სამხედრო დანიშნულების ობიექტის დასაცავად. ასეთი არის „ბლეკვოთერი“ ამერიკაში, ასევე, დიდ ბრიტანეთში. რუსეთის ფედერაციაშიც მიიღეს ასეთი კანონი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება, მოახდინოს დაქირავებული მებრძოლების გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ბევრი ასეთი მოსამსახურე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აიძულა, დაეტოვებინა შეიარაღებული ძალები, მიდიოდა ასეთ კორპორაციებში სარჩოს საშოვნელად. სააკაშვილი იმდენად ბოროტი ადამიანი იყო, რომ ამ კანონის მიღებით ცდილობდა, ეს ადამიანები გაემწარებინა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ქმედება ახლა წინააღმდეგობაში მოდის 410-ე მუხლთან. ამაში ჩანს მისი იანუსის სახე. ჩემი აზრით, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ქმედება პატრიოტული მოტივით იყო ნაკარნახევი. ის ადამიანი ებრძოდა ჩვენს მტრებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებს ებრძოდა. შესაბამისად, იქაური სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ასევე, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან წასული რუსი და აფხაზი სეპარატისტები და სხვა ძალები ირიცხებიან, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებდნენ საბრძოლო ოპერაციებს, მცოცავი ოკუპაციის და სხვა ქმედების კუთხით.
თუ ეს მუხლი ამოქმედდებოდა, მაშინ სააკაშვილს უკრაინაში მებრძოლი ქართველები უნდა დაეჭირა?
- რა თქმა უნდა, ამ კანონის მიხედვით ასე მოხდებოდა. კერძო კორპორატიულ არმიებშიც კი მათი მონაწილეობა იწვევდა ბნელ კითხვებს. ეს მიზნობრივად გადადგმული ნაბიჯი იყო.
არ წყდება სპეკულაციები ალექსანდრე გრიგოლაშვილის ტრაგედიაზე, მისმა მამამაც მოსთხოვა პოლიტიკოსებს, პოლიტიკური სპეკულაციები დაამთავრონ. თუმცა ნაციონალებისთვის ეს თემა არ სრულდება.
- გრიგოლაშვილი, სხვათა შორის, რეპრესირებული ოფიცერი იყო, ის მოყვა სააკაშვილის რეპრესიებში. 2008 წელს იგი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს, უფრო სწორად, აიძულეს, წასულიყო, რადგან, რამდენადაც ვიცი, ის არ ეთანხმებოდა იმ პერიოდში არსებული ხელისუფლების პოლიტიკას. გრიგოლაშვილის დაღუპვის ამბავიც ჩემში დიდ ეჭვს იწვევს, ისევე, როგორც - არჩილ ჩოხელი აღმოჩნდა ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპული. ბევრი კითხვა ჩნდება მის დაღუპვასთან დაკავშირებით, ესეც შეიძლება მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის კუთხით. არ მინდა, ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ, როგორც ჩანს, გრიგოლაშვილი პროტესტს გამოთქვამდა სააკაშვილის შესახებ. ბევრი სპეკულაცია წავიდა ამ თემაზე. ჯერ ერთი, „რუსთავი 2“-მა რატომ აჩვენა მაინცდამაინც ეს ადამიანი და რატომ გააჟღერა მისი სახელი და დისლოკაციის ადგილი?! ამას მეორე დღეს მოჰყვა დივერსიული აქტი, ანუ სპეციფიკური ოპერაცია, რომელიც იგეგმება საკმაოდ სპეციფიკური მიზნების მისაღწევად, რასაც მოჰყვა ამ ადამიანის დაღუპვა.
პრემიერმა მოღალატური საქციელი უწოდა სააკაშვილის მოწოდებას, ანგარების (და არა -უკრაინის თავისუფლების) მიზნით ქართველებმა იბრძოლონ უკრაინის ტერიტორიაზე.
- ერთი მომენტია, თუ ადამიანი მიდის ვოლუნტერად, მოხალისედ, პატრიოტული სურვილით და მეორეა, თუ მიდის ანაზღაურების მისაღებად, რაც არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო დონის დანაშაულია. პირველად ეს დებულება ამოქმედდა ანგოლაში, როდესაც მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლებმა დაქირავებული მებრძოლების ლუსტრირება მოახდინეს, რომლებიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო ომში მეამბოხეების მხარეს. დაპატიმრებულებს მიუსაჯეს დახვრეტა და ეს ადამიანები დახვრიტეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის, ანუ ანგარების გამო. „დაქირავებული მებრძოლების შესახებ“ - ასე ჰქვია ამ კონვენციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ადამიანი, რომელიც ანგარებით, როგორც მხარე, მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, ექვემდებარება დანაშაულის ჩამდენ სუბიექტს.
თუმცა ქართველები სოციალური სიდუხჭირის გამო სხვადასხვა ქვეყანაში ზუსტად ამ მისიით მიდიან.
- ამ მხრივ უკრაინის სპეციფიკაა საინტერესო. უკრაინაში არის ძირითადად ორი რეგულარული ნაწილი - ეს არის ეროვნული გვარდია, უკრაინის შეიარაღებული ძალები და, პლუს კიდევ, არის ბატალიონები, მათ აქვთ უფლება, მხოლოდ არასაბრძოლო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა ლოჯისტიკა, წვრთვნებისა და აღჭურვის მომზადება რეზერვისტების და ახალწვეულებისთვის. მაგრამ ის, რომ უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა, ეს უკრაინის კანონმდებლობითაც იზღუდება. მეორეა, იგორ კოლომოისკის და ოლიგარქების დაფინანსებული შენაერთები. ამ მხრივ თვითონ უკრაინის კანონმდებლობაც არ არის დახვეწილი, თუმცა რომელ კანონმდებლობაზეა საუბარი, როცა უკრაინა ომის ზღვარზეა. უკრაინელები ებრძვიან მომხდურს საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, ისინი ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ. ბევრი ქართველი, სხვათა შორის, ხდება უკრაინის მოქალაქე და კანონიერად მონაწილეობს მათ საბრძოლო ოპერაციებში და ამ დივერსიულ ომში.