„...ამით დამთავრდა, ყველაფერი უკვე ნათქვამია!“

„...ამით დამთავრდა, ყველაფერი უკვე ნათქვამია!“

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება 2015 წლის იანვრისთვის იგეგმება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. შეთანხმების თანახმად, ასევე იგეგმება რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების ინტეგრაცია, ასევე არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების გაერთიანება. რას ნიშნავს შეთანხმების ეს ვარიანტი და საპასუხოდ, რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას საქართველომ, ამ თემაზე ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

ვედომოსტისცნობით, .. შეთანხმების თანახმად, .. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შეუერთდება, მათ შორის სპეცსამსახურები, გაუქმდება სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, საბაჟო კონტროლი და ხალხის გადაადგილება, ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ამავე შეთანხმებით, სახელმწიფო მოხელეების ხელფასი, პენსიები და დახმარებები რუსეთში არსებულ ხელფასებისა და პენსიების დონეს გაუტოლდება. ეს ნიშნავს თუ არა პრაქტიკულად ამ ტერიტორიის შეერთებას?

- ეს ნიშნავს პრაქტიკულად, ანექსიას - რაღაც დონეზე თითქოს, ჰქონდა ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის ნიშნები, ახლა ეს ნიშნებიც ქრება. სპეცსამსახურების მთლიანად რუსეთისთვის გადაბარება ნიშნავს იმას, რომ ძალიან სერიოზული საფრთხე იქმნება. თავისუფლად შეიძლება, რუსეთის სპეცსამსახურებმა ცხინვალის სპეცსამსახურების სახელით განახორციელონ პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ.

პრაქტიკულად იგივე ხდება თუ არა სამხრეთ ოსეთში, რაც მოხდა ყირიმში?

- ზუსტად ასეა, ოღონდ ანექსია არ არის გამოცხადებული ამ შემთხვევაში და არც გაერთიანებაზე ლაპარაკობენ ხმამაღლა. თუმცა ამასაც ბევრი არაფერი აკლია - ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარებულია, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამ რეფერენდუმს დაეყრდნონ და გამოაცხადონ შეერთების შესახებ.

მსგავსი რამ არის თუ არა მოსალოდნელი აფხაზეთშიც? სამოკავშირეო ხელშეკრულება იქ უფრო ადრე მომზადდა...

- აფხაზეთში ასე სწრაფად ვერ მოხდება, რადგან ის მაინც ეწინააღმდეგება და მთავრობამაც რომ მოინდომოს, მოსახლეობის ნაწილი მაინც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ხელშეკრულების შესრულებას.

.. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ შეთანხმების ასეთი ვარიანტი არსებობს, თუმცა 27 დეკემბრამდე, როდესაც ცხინვალში პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შესაძლოა, შეთანხმებაში ცვლილებები შევიდეს. თუმცა, რა ცვლილებებიც უნდა შევიდეს, როგორ ფიქრობთ, ხელშეკრულების ძირითადი არსი შეიცვლება?

- აფხაზეშში კიდევ არსებობს რაღაც წინაააღმდეგობა და სახელმწიფოებრიობის ჩანასახები, არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნული იდენტობა და სახელმწიფოებრიობის იდეა. სამხრეთ ოსეთს რაც შეეხება, ბუნებაში მსგავსი არაფერი არსებობს. ამდენად, არ მგონია, რომ რაიმე წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუჩნდეთ.

ვნახეთ, რომ ყირიმთან დაკავშირებით უკრაინა ვერაფერს გახდა, საქართველოს აქვს რაიმე რესურსი, რომ ამ აქტს შეეწინააღმდეგოს?

- უკვე დაგვიანებულია ყველგან ყველაფერი. საქართველოს ამ ორი წლის განმავლობაში უფრო აქტიური პოლიტიკა უნდა გაეტარებინა, მაგრამ აცხადებდა, რომ ჩვენ ვიცით როგორ უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობებიო.

ახლა, ამ ეტაპზე ყველაფერი დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, უკეთესია ქართული დიპლომატია რაღაცნაირად, ახალ რელსებზე თუ გადაერთვება.

თუმცა დასავლეთიც გვთხოვდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას...

- ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავი დამანებეთ და მე დავალაგებ ჩემს საქმეებსო - პრაქტიკულად ასეთი რიტორიკა იყო - ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, ვინც რუსეთთან ურთიერთობას გადახედა. მიდიოდა ტრაბახი და ჭკუის სწავლება იგივე, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვბაძეთო. საინტერესოა, რაში უნდა მოგვბაძონ?!

ვნახეთ, რომ ამერიკა უარს ამბობს საქართველოსთვის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ნიშნავს თუ არა, რომ თავის მხრივ, დასავლეთიც თავს იკავებს საქართველოსთვის აქტიურ მხარდაჭერაზე?

- აშშ-ს შესაძლებლობებსაც საზღვარი აქვს. ამერიკა თუ ხედავს, რომ ამ ეტაპზე უკრაინა ან საქართველო ქაოსშია და თვითონ ვერ იცავს საკუთარ თავს, ის ვერ მოვა და ვერ დაგვიცავს. ამ ეტაპზე ამერიკა გადართულია უფრო ნატოს წევრი ქვეყნების, ბალტიისპირეთის, იგივე პოლონეთის დაცვაზე - ეს არის მისი უახლოესი ამოცანა.

რაღაც ეტაპზე უნდა შევძლოთ და ჩვენს თავს თვითონვე მივხედოთ. შეუძლებელია 24 საათი ხელგაწვდილი იყო და დახმარებას ითხოვდე, თან ამ დროს ეუბნებოდე, რომ მე თვითონ დავალაგებ რუსეთთან ურთიერთობებს და ვიცი, ეს როგორც უნდა გავაკეთოო.

როდესაც რუსეთი პრაქტიკულად იერთებს სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მხრიდან ამ თემაზე ხმამაღალი და მკაცრი განცხადებები, ანუ სერიოზული საპროტესტო კამპანიის დაწყება დასავლეთში, შეცვლიდა რამეს?

- რეალურად, რუსეთი მზადაა დაარღვიოს ყველა საერთაშორისო ნორმა. პრინციპში, უკვე დაარღვია კიდეც და მის წინააღმდეგ სანქციებიც გამოიყენეს. ჩვენ რაც შეგვეხება, უნდა შევეცადოთ და ისევ რამენაირად გავააქტიუროთ კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათ როგორმე აიძულონ რუსეთი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ შეცვლის ამ რეგიონებთან მიმართებაში პოლიტიკას, რაღაც დამატებითი პრობლემები კიდევ შეექმნება.

დასავლეთს შეუძლია არ აღიაროს ამ ტერიტორიების მიერთება, ისე, როგორც ყირიმის შემთხვევაში მოიქცა, მაგრამ დამატებით სხვა მექანიზმები თუ არსებობს იმისათვის, რომ რუსეთმა თავის გეგმებზე უარი თქვას?

- სხვის ნაცვლად არავინ იომებს და როგორც შეიძლება რუსეთთან გამკლავება, უმკლავდებიან - სანქციებითა და ნავთობზე დაბალი ფასებით. რეალური შედეგი დადგება მომავალ წელს.

დასაშვებია, ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის თემა იყოს რუსეთის საპასუხო ნაბიჯი სწორედ ამ სანქციების გამო?

- არ მგონია. ეს ყველაფერი როგორც ჩანს, გაწერილი და დაგეგმილი იყო, მითუმეტეს, რომ სანქციები ჩვენ არ დაგვიდია და ჩვენს წინააღმდეგ ამ ქმედებებით ვფიქრობ, დასავლეთს პასუხს ნაკლებად სცემენ.

ჩვენ ვიყავით მქსიმალურად შემრიგებლური, შემიძლია ვთქვა, მაქსიმალურად კონსტრუქციულიც კი, და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ სამხრეთ ოსეთის მიერთება არის პასუხი სანქციებზე.

ანუ კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოებაა ევრაზიულ კავშირთან?

- ეს არის მიზამნიმართული პოლიტიკა, რომელიც თანდათანობით ხორციელდება. მათ არასდროს დაუმალავთ, რომ არ აპირებენ ჩვენთვის ამ ტერიტორიების დაბრუნებას. ამით დამთავრდა, ყველაფერი უკვე ნათქვამია.