„ხელისუფლება მორალურ ნეხვშია ჩაფლული“

„ხელისუფლება მორალურ ნეხვშია ჩაფლული“

უმცირესობა პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მისვლას ითხოვს. ოპოზიციას აინტერესებს, 20 დეკემბერს, უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ვის მიერ მომზადდა.

თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, for.ge ვიცე-სპიკერს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:

პარლამენტში მინდია ჯანელიძის მისვლას, რატომ ითხოვთ?

- თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სკანდალურ, მოღალატეობრივ და უპრეცედენტო განცხადებას საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, მინისტრი ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე გამოცხადდეს და შესაბამისი განმარტებები გააკეთოს. მინდია ჯანელიძე პატარა კაცურად და უნამუსოდ იქცევა, რადგან მას იმის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ თქვას, ეს განცხადება ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნააზრევია. თავდაცვის სამინისტროს სურს, ხელი რიგით თანამშრომლებს შეახოცოს, რაც მინისტრის მხრიდან პატარა კაცობა და უღირსი საქციელია. ჯანელიძე იმ პოლიტიკის გამტარებელია, რაც ივანიშვილის იდეოლოგიიდან მოდის. მსგავსი განცხადების მომზადება თავში სამინისტროს რიგით თანამშრომელს არ დაებადებოდა. ხელისუფლების მიზანია, თავიანთი მოღალატეობრივი იდეოლოგია საზოგადოებას მიაღებინოს, რომ თურმე, თუკი ჩვენი თანამემამულეები რუსეთს - ჩვენს მტერს ებრძვიან, ისინი შეცდომაში არინ შეყვანილნი და სასწორზე თავს ანგარების გამო დებენ. თავდაცვის სამინისტრომ თავისი განცხადებით შეურაცხყოფა ქართველ პატრიოტებს მიაყენა, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და სადაც, საერთო მტრის წინააღმდეგ ფრონტის ხაზია გახსნილი. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ, უკრაინა მოიგებს თუ არა ამ ომს.

განცხადების თაობაზე თავდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრს საუხერხულო არაფერი აქვს. პრემიერი მომხდარში, არასწორს ვერაფერს ხედავს?

ეს შეფასება იმაზე მეტყველებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ღარიბაშვილისგან და ივანიშვილისგან მოდის, თავდაცვის მინისტრი კი შემსრულებელია. თუ ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ამ ფაქტში საუხერხულო არაფერია, მაშინ, ირაკლი სესიაშვილი რატომ გვიმტკიცებდა, რომ მათ შეცდომა მოუვიდათ, რომელიც აღიარეს და ბოდიში მოიხადეს?! მათ პოლიტიკურ ღალატს რა შეფასება მივცეთ, თუ არა ის, რომ მათ ღალატის ჩადენაში ხელი შევუშალოთ და მათი ეს ქმედება ვამხილოთ? მთელი საზოგადოება გაგიჟებულია და თურმე, ყველას ისტერია ჰქონია. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ბოდიში მოიხადეს, აღარ უნდა თქვან, რომ საუხერხულო არაფერია. ვიცით, რომ პუტინის გეგმის შემსრულებლები არიან, მაგრამ თავიანთი პოზიცია შენიღბონ მაინც. გათავხედებულები და უნიათოები არიან.

ირაკლი სესიაშვილინაციონალურ მოძრაობასამ თემის სპეკულაციაში ადანაშაულებს და for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების დაკნინების მიზნით, თქვენი მხრიდან მიზანმიმართული ქმედებები ხორციელდება...

- თუ ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტში საუხერხულო არაფერია, ჩვენი შეირაღებული ძალების დიკსრედიტაციას ვინ ახდენს? საერთოდ, მინისტრებად ასეთი არარაოებები არიან დანიშნულები. ამ თემის თაობაზე ირაკლი სესიაშვილთან დებატებში შესვლას არ ვაპირებ, რადგან ის ყველანაირ რეალობას აცდენილია და რას როშავენ, თვითონაც არ იციან. ისეთ მორალურ ნეხვში არიან, რომ თვითონაც არ იციან, იქედან როგორ ამოვიდნენ და გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამენ.

თქვენ მინდია ჯანელიძეს აკრიტიკებთ, მაგრამ სესიაშვილმა ჩვენთან საუბარში ნაციონალების ხელისუფლებას შეახსენა, რომ თქვენს დროს ჯარისკაცებს აწამებდნენ, 2008 წლის ომის დროს, დაჭრილ და მებრძოლ მეომრებს არ იცავდნენ და ხალხს ჯარში წასვლა არ სურდა. ამასთან, მან თქვა, რომ იმ ადამიანს ნაძირალას უწოდებს, ვინც იტყვის, რომ თავდაცვის მინისტრმა მითითება ვლადიმერ პუტინისგან მიიღო...

- ნაძირლები და მოღალატეები თავისკენ მოიკითხოს. ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლამდე, ქართული ჯარი რა იყო და მათ როგორი დახვდა, დაავიწყდათ? თუ ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ თურმე, რუსული ჯარის ვერდამარცხება და სამხედრო წარუმატებლობა ნაციონალების ბრალი ყოფილა, ეს მათ სინდისზე იყოს. თუ მათ საერთოდ, სინდისის რაიმე ნატამალი შერჩათ.

ამ სკანდალის გადასაფარად, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაშვებას გამორიცხავთ?

- ხალხი მთავრობისგან განმარტებას და მინისტრის გადადგომას ითხოვს. მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ეს ყველაფერი ღარიბაშვილისგან და ივანიშვილისგან მოდის. პრემიერი კი აჩვენებს, მათი მოღალატეობრივი განცხადება ვისი იდეა იყო.

და ბოლოს... უკრაინაში წასულ ჯარისკაცებს ფულს უხდიან?

უკრაინაში წასულ ქართველებს საბრძოლო განწყობა აქვთ და ისინი პატრიოტები არიან. სამწუხაროდ, მათ ფულს არავინ უხდის. მათ თუ ვინმე ფინანსურად დაეხმარება, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან იმ ადამიანებს ცხოვრება უნდათ და მათ ოჯახები ჰყავთ. ჩვენი ჯარისკაცები პროფესიონალები არიან და ძირითადად, ჩვენი ჯარი საკონტრაქტოა. მათი ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი და ჯარისკაცობა ამით კნინდება? ნეხვში მოხვედრილი ხელისუფლების წარმომადგენლები უაზროდ ფართხალებენ და ყოველ ჯერზე, მორიგ სისულელეს ამბობენ. ისინი მორალურ ნეხვში უფრო ეხვევიან და სამარცხვინოები არიან.