„ქართული ოცნება“ დაძლეულია, რესპუბლიკელები და ოპოზიცია დაწინაურებული

„ქართული ოცნება“ დაძლეულია, რესპუბლიკელები და ოპოზიცია დაწინაურებული

„თავისუფალი დემოკრატების“ პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, პარლამენტში საყდრისის თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილია, ფრაქცია „ქართული ოცნება“ კი, გაღიზიანებულია.

თუკი გასულ სასესიო კვირას, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. გასაღების თაობაზე პრეზიდენტის ვეტო 84 მომხრე ხმით დაძლია და რესპუბლიკლებს ძალის დემონსტრირება აჩვენა, მიმდინარე რიგგარეშე კვირას, რესპუბლიკლებმა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ საკუთარი ხმები გააერთიანეს, საყდრისის საბადოს აფეთქების თაობაზე, ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდის მიერ მომზადებული დადგენილება გაიზიარეს და დროებითი საგამოძიებო კომისია 58 მომხრე ხმით 14-ის წინააღმდეგ შექმნეს.

პარლამენტში კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობა სამი საათის მანძილზე ურთიერთბრალდებების, ახალი იდეების გაჟღერების და ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. მოგვიანებით, სანამ საკითხზე კენჭისყრა ჩატარდებოდა, ნაციონალები გუნდის თითოეულ წევრს ფოიეში ეძებდნენ და დარბაზში ხმის მისაცემად იწვევდნენ, რესპუბლიკელები კი, საკუთარ ადგილებზე დინჯად ისხდნენ და მათ რიგებს დღეს, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილიც შეუერთდა, რომელიც გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამი კვირით ლიტვაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ დავით უსუფაშვილი იმ პირებს შორის არის, რომელთაც კომისიის შექმნას მწვანე შუქი აუნთეს და პულტი „თავისუფალი დემოკრატების“ სასარგებლოდ გამოიყენეს. უსუფაშვილის მსგავსად, კომისის შექმნას მხარი „ქართული ოცნების“ წევრებმაც დაუჭირეს, რომელთა შორის იყვნენ: ელისო ჩაფიძე, გოგი ქავთარაძე, როსტომ ხალვაში, თამაზ ჯაფარიძე და ასევე უმრავლესობაში ახლახანს გადასული ყოფილი ნაციონალები ენზელ მკოიანი და კახაბერ ოქრიაშვილი.

მას შემდეგ, რაც ტაბლოზე 58 მომხრე ხმა დაიწერა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის მომხრე დეპუტატების აპლოდისმენტები და შეძახილები გაისმა. განსაკუთრებით გახარებულები ნაციონალები ჩანდნენ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს კი, ტაბლოსკენ არც გაუხედავთ.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კმაყოფილია, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ შეიძლება, პარლამენტი ხალხის ინტერესების გამომხატველ ორგანოდ იქცეს და არა როგორც პარტიული დისციპლინის გამტარებელი უმრავლესობის კრება.

მისი შეფასებით, კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ იქ, სადაც საქმე ეროვნული მნიშნელობის საკითხს ეხება, პარლამენტი მზადაა, შიდა პარტიული განსხვავებები გვერდზე გადადოს და მსგავს კანონპროექტს მხარი ერთად დაუჭიროს.

„გარკვეული თვალსაზრისით, დიდი ნაბიჯი გადაიდგა. დარწმუნებული ვარ, კომისიის ფარგლებში შედეგი მიღწეული იქნება და ამ კომისიის მუშაობა ღია უნდა იყოს. ღია განხილვების ფარგლებში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო და ჩვენი ისტორია და წარსული ვინ ააფეთქა“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის თანაგუნდელი აკაკი ბობოხიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესს ინტერსებზე აპელირებს.

როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, ოქროს მოპოვებაზე ორი ლიცენზიაა გაცემული. კერძოდ, მისი ცნობით, ერთი 1994 წელს გაიცა, ხოლო მეორეს ვადა 2015 წლის იანვარში გასდის.

ბობოხიძის ინფორმაციით, ხელისუფლება აპირებს, კომპანია RMG-ს ლიცენზია უფასოდ გაუგრძელოს.

„თავის დროზე, როცა კომპანიას ლიცენზია მიენიჭა, მან სანაცვლოდ 110 მილიონი დოლარი გადაიხადა. ჩვენი ხელისუფლების დროს, კაზრეთის საბადოები საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების გარეშე მუშაობდა. ხელისუფლება რას აპირებს? კომპანიას ლიცენზიას უფასოდ უგრძელებს? - იმიტომ ხომ არა, რომ ივანიშვილის საყვარელმა დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა ოქროს საბადოებში წილი სწორედ ლიცენზიის უფასოდ გაგრძელების პირობით მიიღო? ან იმიტომ ხომ არა, რომ ამ კომპანიაში ივანიშვილის ბიზნესინტერესები იკვეთება?“, - განაცხადა ბობოხიძემ, რომლის მსგავსად, კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა რესპუბლიკელმა, ლევან ბერძენიშვილმა.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ცხოვრებაში დღევანდელი დღე შემობრუნების წერტილი იყო, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტი თავის სიტყვას იმ შემთხვევაში იტყვის, როცა რაღაცას ვერ ეთანხმება. ბერძენიშვილის თქმით, მან იცოდა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ჯანსაღი იქნებოდა.

„ვიცოდი, რომ პარლამენტი ამ საკითხს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. ის, რაც 13 დეკემბერს მოხდა, უპასუხოდ ვერ დარჩებოდა. ამ საქმეს კვალიფიკაციას ვერ მივცემ, მაგრამ ჩემს ფრაქციას ვთხოვე, რომ ამ კომისიაში შემიშვას“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლისგან განსხვავებით, კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, ზოგჯერ, პარლამენტი მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე. დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროა, რომ მმართველ გუნდში პასუხისმგებლობის დონე ვერ გაითვალისწინეს და კომისიის შექმნას ხმა მისცენ.

„ნაციონალების მიზანია ამ კონკრეტულ პირებს ბრალი დასდონ და ქართულ საზოგადოებაში დამატებითი დისონანსი შემოიტანონ. სამწუხარო ფაქტია, რომ გუნდში გაიყო ხმები და როგორც ჩანს, პასუხიმგებლობის დონე ვერ გათვალეს. კერძოდ ის, ამან თუ რამდენი უარყოფითი პროცესი შეიძლება წარმოშვას. ნაციონალებს ამ კომისიის შექმნა იმისთვის სურთ, რომ მყვირალა ატმოსფერო შექმნან“, - აღნიშნავს ვოლსკი, რომლის პათოსს იზიარებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

for.ge-სთან საუბარში საგანელიძე აღნიშნავს, რომ ნაციონალების მიზანია, საკითხი პოლიტიკური დემაგოგიის საგნად აქციონ. მისი თქმით, უმცირესობის ამოცანაა, ქვეყანაში რაღაც გამოჩხრიკოს და იდემაგოგოს.

„სამწუხაროდ, ზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირონ და მოსახლეობის იმ ნაწილის მოთხოვნას აყვნენ, რომლებიც საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სკეპტიკურად უყურებენ. თუკი პროკურატურა შესაბამისს დასკვნებს არ დადებს, კომისია მაშინ უნდა შეიქმნას“, - აღნიშნავს საგანელიძე.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ანა მიქაუტაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საყდრისის მცველების თვითმიზანი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ ყოფილა.

მიქაუტაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, ძეგლზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები შეჩერდეს.

„სარჩელი შეტანილია და პროცესი მიმდინარეობს, რომელიც დროში გაიწელა. კულტურის მინისტრი კი რეაგირებას არ ახდენს. ეს პროცესები ჩიხში შევიდა და კარგია, რომ კომისია შეიქმნა. კარგი პრეცედენტი დაუშვეს და ეს გვიხარია“, - აცხადებს მიქაუტაძე.

პირველი დაბრკოლება გადალახულია და პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა განსაზღვრა, მაგრამ საგაზაფხულო სესიაზე მეორე დაბრკოლების რიგი დადგება, როდესაც კომისიის შემადგენლობა უნდა განისაზღვროს და მას დამტკიცებისთვის 76 ხმა დასჭირდება.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. აღსანიშნავია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.