„ყველა ნაძირალაა, ვინც ხელისუფლებას თუ თავდაცვის სამინისტროს კრემლთან და პუტინთან აკავშირებს“

„ყველა ნაძირალაა, ვინც ხელისუფლებას თუ თავდაცვის სამინისტროს კრემლთან და პუტინთან აკავშირებს“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრი პოსტიდან არ უნდა წავიდეს, რადგან მისი შეფასებით, მინდია ჯანელიძე პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია. დეპუტატის თქმით, უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის შესახებ გავრცელებულ განცხადებაზე მინისტრი საკუთარ პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს, პოლიტიკოსებმა კი სჯობს, სპეკულაციებს თავი დაანებონ, რადგან ამ თემის პოლიტიზირება შეიარაღებული ძალების იმიჯის შელახვას იწვევს.

თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, for.ge დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების გამო, თავდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა, მაგრამ თქვენთვის მისაღებია, პოლიტიკურ პროცესებში ამ უწყების ჩართვა?

- ერთი მხრივ, განცხადებაში ადგილი მისამძიმრებას ჰქონდა, მეორე მხრივ კი, საუბარი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იყო, რაც ნამდვილად შეცდომა იყო. თავდაცვის სამინიტრო პოლიტიკაში შემოიჭრა და პოლიტიკური შეფასება გააკეთა, რაც დაუშვებელია, რადგან ხელისუფლება ჯარის დეპოლიტიზაციას ცდილობს. განცხადების ეს ნაწილი დეპოლიტიზაციასთან წინააღმდეგობაში მოდის. სამინისტრომ შეცდომა გაიზიარა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამასთანავე, პოლიტიკური ძალების მხრიდან სპეკულაციებს აქვს ადგილი. ნაციონალები ამ თემის პოლიტიზირებას ახდენენ, მაგრამ უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილი ჯერჯერობით მიწისთვის არ მიგვიბარებია. ალეკოს ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია, პოლიტიკური დებატები და ერთმანეთის ლანძღვა-გინება კი, მისთვის სათანადო პატივის მიგებას შეურაცხყოფს. ამ თემის პოლიტიზირება შეიარაღებული ძალების იმიჯის შელახვას იწვევს. თავდაცვის უწყებაში თუკი პოლტიზირების ნიშნებს ვხედავთ, ამას უნდა მივხედოთ.

როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იცით, ეს განცხადება ვის მიერ მომზადდა?

- ამის თაობაზე განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

მათ თქვეს, რომ ეს ტექნიკური შეცდომა იყო...

- თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შეცდომის აღიარება მოხდა და უწყებამ ბოდიში მოიხადა. როდესაც უწყება ამას აკეთებს, პასუხისმგებლობას მინისტრი და მისი თანამშრომლებიც იზიარებენ. მართალი გითხრათ, პოლიტიკურ ისტერიას ვხედავ. ამ პროცესში პოლიტიკური ძალები სარგებელის ნახვას ცდილობენ და წივიან-კივიან, რომ განცხადება მინისტრმა გააკეთოს. სამწუხაროდ, ყველაზე მეტს „ნაციონალური მოძრაობა“ კივის, რომელსაც ყველაზე ნაკლები მორალური უფლება აქვს ვინმეს ქვა ესროლოს. მათ საკუთარ ცოდვებს მიხედონ. მათ შორის ჯარისკაცების მიმართ ჩადენილ ცოდვებს. გაიხსენონ, სამსახურებიდან ასეულობით ოფიცერი როგორ გამოყარეს და ომის დროს ცოცხალი თუ გარდაცვლილი ჯარისკაცების მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდათ. ავიწყდებათ, რომ ომის შემდგომ, ბევრი ჯარისკაცი დეზერტირად გამოაცხადეს და ციხეებში ჩაყარეს?! ისიც გაიხსენონ, რომ ხალხს ჯარში წასვლა აღარ უნდოდა. ყველა იმ ადამიანს ნაძირალას ვუწოდებ, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას თუ თავდაცვის სამინისტროს კრემლთან და პუტინთან აკავშირებს. ეს ღალატის ბრალდებაა და მსგავსი ტალახის სროლის უფლებას არავის მივცემთ. პოლიტიკური ქულების ბინძურად დაგროვება მათი სავიზიტო ბარათია და სათანადო პასუხს მიიღებენ, რადგან როდესაც, შენს თავდაცვის მინისტრზე ამბობ, რომ მას განცხადება პუტინმა გამოუგზავნა, ამით თავდაცვის სამინისტროს და ხელისუფლებას შეურაცხყოფ.

თქვენ ნაციონალებზე აპელირებთ, მაგრამ თავდაცვის მინისტრთან კითხვები რესპუბლიკელებსაც აქვთ. განმარტებებს მინდია ჯანელიძე, რატომ არ აკეთებს?

- თავდაცვის მინისტრი ანგარიშვალდებულებას არ გაურბის და დარწმუნებული ვარ, რომ მინდია ჯანელიძე პარლამენტის წინაშე წარსდგება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

როდის წარსდგება?

- უახლოეს მომავალში მოვა, მაგრამ როდის, ამას ვერ დაგიკონკრეტებთ. პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.

მინდია ჯანელიძე ჩრდილში ყოფნას რატომ ამჯობინებს და თუნდაც, ბოდიშს პირადად რატომ არ იხდის?

- თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხდილი ბოდიში, ამ უწყების თითოეული თანამშრომლის პასუხია იმაზე, რაც მოხდა. ბოდიში სუსტების საქმე კი არ არის, არამედ ძლიერების. არ მახსოვს, რომ წინა ხელისუფლებას ერთი ბოდიში მაინც მოეხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ საბოდიშო ბევრი ჰქონდათ. მათ ადამიანების წამებასა და მათთვის ქონების წართმევაზე ბოდიში მოიხადეს? გავიწყდებათ, რომ მათ 7 ნოემბერს და 26 მაისს ხალხი დაარბიეს?

ქართველმა ხალხმა მათ ამ შეცდომებისთვის პასუხი 2012 წლის 1-ელ ოქტომებრს აგებინა და ისინი ხელისუფლებას ჩამოაცილა, მაგრამ შეცდომების დაშვების უფლება არც თქვენ გაქვთ

- ქართველმა ხალხმა ისინი აიძულა ხელისუფლებიდან წასულიყვნენ, მაგრამ მათ არცერთ დანაშაულზე ბოდიში არ მოუხდიათ. საზოგადოების ობიექტურ კრიტიკას რეაგირება არაერთხელ მოგვიხდენია და ეს ჯანსაღი პროცესია.

თქვენი ოპონენტები მინისტრის პოსტიდან გაშვებას ითხოვენ. გამორიცხავთ, რომ ჯანელიძეს თანანმდებობიდან წასვლა მოუწიოს?

- ეს ის შეცდომა არ იყო, რამაც პირდაპირი ზიანი შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის უწყებას მოუტანა. ამიტომ, მინისტრის პოსტიდან გაშვების საჭიროებას ვერ ვხედავ. მინდია ჯანელიძე პატრიოტი, პროფესიონალი და გამოცდილი კადრია. მან თავდაცვის უწყებაში რეფორმები წამოიწყო, რომელსაც სასურველ შედეგამდე მიიყვანს. ეს შეცდომა იმის საფუძველი იქნება, რომ მომავალში მსგავს განცხადებებს ადგილი არ ექნება. არ ვიცი, განწყობა რატომ არის, რომ ვინმე უნდა დაისაჯოს?!

სკანდალური განცხადების გამო, აბა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები უნდა წაახალისონ?

- რა თქმა უნდა - არა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა სწორად აღნიშნა, რომ მთელი საზოგადოება ერთ კაცს მიადგა და აკრიტიკებს. იმ მინისტრს ვაკრიტიკებთ, რომელსაც თითოეულ ჩვენთაგანზე მეტი საფიქრალი აქვს და ქვეყნის დაცვაზეა ორიენტირებული. მას კი, ზოგ-ზოგიერთები ისტერიკას უწყობენ. ამ ადამიანს მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ.

პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ თქვენ შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნოთ. თქვენი კანდიდატურა განიხილება?

- თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძეა, რომელსაც ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს.