საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, საკრებულოს დეპუტატებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატების დარიცხვას, მოწყალების გაღებას უწოდებს. დეპუტატი საკრებულოს წევრებს რამდენიმე კითხვით მიმართავს, რომ დააზუსტონ განაკვეთური შრომის საათები, კანონის და კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების მითითებით - რომელი საათიდან რომელ საათამდე შეიძლება შეაწუხონ ამომრჩევლებმა, რომ შემდეგ დამატებითი ანაზღაურება არ მოითხოვონ.
„ამ საათებს რომ დამიზუსტებთ და ჩამოვყალიბდებით იმაზე, განაკვეთურია თქვენი შრომა თუ ზეგანაკვეთური, მერე ისიც დაგვიზუსტეთ თქვენი უფროსი ვინ არის? აი ის დამსახურების შესაბამისად რომ უნდა დაგაჯილდოვოთ. აქაც ზეგანაკვეთურად შეწუხდით და კანონის მუხლები მიმითითეთ თქვენი უფროსის და წარმომადგენლობით ორგანოში უფროს-უმცროსობის შესახებ.
ამ ორ ამბავს რომ გავარკვევთ, მერე ასევე კანონით მიმითითეთ როგორ, რომელი კრიტერიუმებით, რომელ კანონებზე და მუხლებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს ჭიჭიკომ მეტი იშრომა, თუ ბიჭიკომ. მით უფრო ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, გირჩევთ ტაბელი გააკეთეთ და ხელი მოაწერინეთ გამვლელ-გამომვლელს, განსაკუთრებით ქუჩაში და უფროსს მიუტანეთ ბეჯითი შრომის დასტურად, რომ მოწყალება გაიღოს, ვინაიდან იმას, რაც თქვენ გუშინ მიიღეთ, სწორედ რომ მოწყალების გაღება ჰქვია. კიდევ შეგეხმიანებით“, - წერს დეპუტატი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.
საკრებულოს უმრაველსობას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კითხვებისთვის ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. რატომ დაიმსახურა საკრებულომ დეპუტატის კრიტიკა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თინა ხიდაშელს ესაუბრა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი, თედო კობახიძე გირჩევთ, რომ, თუ საკრებულოს თავმჯდომარე გამოუწერს რესპუბლიკელებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის დანამატს, შეგიძლიათ უარი თქვათ ამ დანამატზე, ასევე, უარი თქვათ საკრებულოს ავტომანქანით სარგებლობაზე...
- კობახიძის განცხადება მე არ მომისმენია, მაგრამ თუ სულ ეს არის მისი რჩევა, მაშინ მე ბოდიშის მოხდით მინდა შევახსენო, რომ ამ რჩევის საჭიროება არ დგას. იმიტომ, რომ ხათუნა სამნიძემ იმ სხდომაზე თქვა, რომ ის არ აპირებს ამ დანამატით სარგებლობას. ის არის თანამდებობის პირი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ფრაქციის თავმჯდომარეა. ასე რომ, ჩვენი განცხადება კობახიძის რჩევამდე გაცილებით ადრე იყო. ამიტომ, მადლობა რჩევისთვის, მაგრამ ეს რჩევა დაგვიანებულია.
რამდენად მართებულია, როდესაც საკრებულო ან სხვა რომელიმე უწყების ხელმძღვანელი ასე, ინდივიდუალურად, თვითონ წყვეტს საკუთარი თავისთვის ანაზღაურებების მიღების საკითხს და რამდენად სწორია საუბარი დანამატებზე, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია?
- ის, რომ სოციალური ფონი არაა გაუმჯობესებული, ეს არაა ერთადერთი არგუმენტი და არც მთავარი არგუმენტი იმ პრობლემის, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. არ შეიძლება ერთი საკრებულო, ხვალ მეორე საკრებულო, ან სხვა რომელიმე უწყება ასე, ინდივიდუალურ რეჟიმში თვითონ წყვეტდეს საკუთარი თავის შესახებ ანაზღაურებების საკითხს. ეს არასწორია. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სერიოზულ დისკრიმიანციას იწვევს მათივე კოლეგების მიმართ. იმიტომ, რომ საკრებულოს წევრები მთელს ქვეყანაში ერთმანეთთან გათანაბრებულები არიან სტატუსით. არსებობს რაღაცა ლოგიკური სხვაობები, გამომდინარე იმ კონკრეტული ქალაქების ან რაიონების ბიუჯეტებიდან, რომლზეც ისინი აპელირებენ.
მეორე მხრივ, თუკი ხდება ცვლილება, ეს ცვლილება სინქრონიზირებული უნდა იყოს მთელს ქვეყანაში. უბრალოდ, მათივე თანაპარტიელებისა და კოლეგების მიმართ არის არაკორექტული და არაკოლეგიალური, ეს საქციელი, რასაც ახლა თბილისის საკრებულო აკეთებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სხვაობები იქნება, დედაქალაქის ბიუჯეტი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დავუშვათ, ქედის ან ხულოს ბიუჯეტი, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ხდება მატება, მაშინ მატება უნდა იყოს სინქრონიზირებული მთელს ქვეყანაში.
თბილისის საკრებულო ამბობს, რომ დანამატებს „ზეგეგმიური შრომისთვის“ მიიღებენ. რას ნიშნავს არჩეული თანამდებობის პირის ზეგეგმიური შრომა?
- ამაზე პასუხი არ არსებობს. არჩეული თანამდებობის პირის განსაკუთრებული შრომა - ასეთი ცნება არ არსებობს. ძალიან მარტივი ამბავია, ადამიანი როდესაც მიდის სამსახურში, მას აძლევენ კონტრაქტს და ამ კონტრაქტში წერია რაში უხდიან მას ხელფასს. შესაბამისად, თუ იმაზე მეტს აკეთებ, ან უფროსი გავალებს იმაზე მეტს, ვირდე ეს ხელშეკრულებაში გიწერია, ბუნებრივად, შენც გიჩნდება მოთხოვნილება, რომ დამატებითი ანაზღაურება აიღო ამაში, პრემია იქნება თუ დანამატი.
ამ გადაწყვეტილებას უფროსთან ერთად შეთანხმებით იღებ, რომ შენ ეწევი დამატებით შრომას, აკეთებ დამატებით საქმეს და შესაბამისად, იღებ დამატებით ანაზღაურებას. საკრებულოს წევრს და პარლამენტის წევრს, ან მინისტრს, ასეთი ხელშეკრულება არ აქვს. ჩვენ შრომითი ხელშეკრულება არ გაქვს, ჩვენ საარჩევნო ხელშეკრულება გვაქვს დადებული მოსახლეობასთან. ეს საარჩევნო ხელშეკრულება იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია იმაზე მეტი გააკეთოს რომელიმე თანამდებობის პირმა, ვიდრე ეს საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომელიც არის ერთგვარი ხელშეკრულება შენს ამომრჩეველთან, ანუ შენს დამქირავებელთან.
ამიტომ არის გაუგებარი და წარმოუდგენელი აბსურდი პრემიის გამოწერა, ან დანამატის მიღება არჩეული თანამდებობის პირების მიერ. ჩვენ, არჩეულ ადამიანებს ხელშეკრულება დადებული გვაქვს მოსახლეობასთან. შესაბამისად, შემდეგ არჩევნებზე ეს მოსახლეობა ან პრემიას გამოგვიწერს, ან საერთოდ, ჯარიმას გამოგვიწერს და არანაირი ანაზღაურება აღარ გვექნება ხმების სახით.
თქვენ ამბობთ, რომ შეუძლებელია იმაზე მეტი გააკეთოს რომელიმე თანამდებობის პირმა, ვიდრე ეს საარჩევნო პროგრამაში უწერია. ამ ფონზე, როგორ შეაფასებთ, მთავრობის და პარლამენტის ერთწლიან მოღვაწეობას, რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ შეძელით?
-საკამოდ კარგი და საინტერსო წელი იყო. ძალიან ბევრი მოვლენით დატვირთული. ალბათ, ყველაზე უფრო საინტერესო იყო წლის დაგვირგვინება, როდესაც ევროპარლამენტმა მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, რამაც პრაქტიკულად, უკიდეგანო და შეუზღუდავი შესაძლებლობები გააჩინა ქართული ბიზნესისთვის, ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძვირადღირებულ და მოთხოვნად ბაზარზე მსოფლიოში. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე მთვარი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების.
იმ ფონზე, როდესაც სოფლის მეურნეობის პროგრამა წარმატებით მიმდინარებს, როდესაც ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა ძალიან წარმატებულია, მე ვფიქრობ, რომ ევრპული ბაზრის გახსნა, სერიოზულ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოსახლეობას იმისთვის, რომ დაინახონ რეალური სარგებელი ამ ბაზარზე ხელმისაწვდომობიდან, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ყოველი ადამიანის კეთილდღეობაზე ჩვენს ქვეყანაში. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემი აზრით, მარტივად გადაფარავს ყველაფერ დანარჩენს, რაც ქვეყანაში შესაძლოა უსიამოვნო განცდებს ტოვებდეს.
პირადად ჩემთვის, როგორც ერთი დეპუტატისთვის, ალბათ, ყველაზე უფრო არასასიამოვნო იყო ყველაფერი ერთად, ჯამურად, რაც ამ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მოხდა. ეს ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ფურცელი ჩემი ორწლიანი დეპუტატობის პერიოდის.