ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი დღეს პირველად გამოჩნდა. მინდია ჯანელიძე მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დასასწრებად მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. სხდომის დასრულების შემდეგ, მინდია ჯანელიძემ შენობა სათადარიგო გასასვლელით დატოვა, რის გამოც მედიას მისი ჩაწერის საშუალება არ მისცემია.
მაშ ასე, მინისტრი ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს, თუმცა, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა სამხედრო პოლიციის და კადრების სამსახურის ხელმძღვანელები. საკადრო ცვლილებაზე კომენტარი კი, გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ გააკეთა, რომლის განცხადებით ეს შიდა უწყებრივი გადაადგილებებია.
მისი თქმით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არსენ სუხიშვილი თავდაცვის უწყებაში რამდენიმე ათეული წელია რაც მუშაობს, რაც შეეხება გიორგი ჯაჭვაძეს, მას სამინისტროში მუშაობის ერთი წლის გამოცდილება ჰქონდა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანელიძის რიგით მე-4 მოადგილის თანამდებობა შესაძლოა გიორგი ბეროშვილმა დაიკავოს, რომელიც ამჟამად მინისტრის მრჩეველია.
დღესვე, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ისტერიის დასრულებისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. პრემიერის განცხადებით, მოწოდებები იმის თაობაზე, რომ მინდია ჯანელიძე უნდა გადადგეს, არასწორია.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო გონივრული იქნება, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და მართლაც ისტერია. მინდია ჯანელიძესთან მქონდა საუბარი. მას არც ეუხერხულება და არც არაფერი. ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაზე „ამხელა აჟიოტაჟი“ ატყდა, ძალიან შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელია თავდაცვის სამინისტროსთვის. გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ის განმარტებას აუცილებლად გააკეთებს“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნას „აბსურდად“ მიიჩნევს ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მოიხადა ბოდიში არასწორი განცხადების გამო და პრემიერმაც მისცა შეფასება.
„რაც შეეხება გადადგომის საკითხს, ეს აბსურდია და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალის მხრიდან მოდის, რომელმაც მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ომი, მეტიც ომი 2 დღეში წააგო და შემდეგ კონცერტი გამართა რუსთაველზე, ვითომ გამარჯვების და ამ დროს დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად, რომლის მთავარსარდალი ფორთხავდა ტალახსა და მტვერში და ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის და რომლის თავდაცვის მინისტრებიდან ერთი ძებნილია, ერთი ციხეში ზის, ერთი კი ძლივს გადაარჩინეს დაჭერას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სკანდალური განცხადების შემდეგ მინდია ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, საზოგადოების წარმომადგენლები და თვით სამხედროებიც გამოდიან. 20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა. 21 დეკემბერს კი, თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ წაშალა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს ჯარის დემორალიზაციის მცდელობას და შეურაცხყოფას არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის, არამედ თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მისი თქმით დაუშვებელია იმაზე საუბარი, რომ მოქმედ ხელისუფლებას კავშირები შეიძლება ჰქონდეს რუსეთის აგენტურასთან.
„პოლიტიკური ბოდვაა, როდესაც საუბარია გრუს რაღაც აგენტურაზე და რუსეთის კავშირებზე ჩვენს ხელისუფლებასთან. ჩვენთვის რუსეთი არის მტერი, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ვინმესთვის მოღალატეობრივი იარლიყის მიკერება დაუშვებელია. თუ ვინმე ამას გაბედავს, მე მას ნაძირალა პოლიტიკოსს დავუძახებ.
მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიზირებული განცხადებების გაკეთება, ხოლო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ ცოდვებს მიხედონ. დაავიწყდათ, როგორ ათავისუფლებდნენ ასობით ოფიცერს შეიარაღებული ძალებიდან, როგორ აბრალებდნენ დეზერტირობას ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს და როგორ ხდებოდა წამების ფაქტები ჯარში? თავდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას არ გაურბის“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე რუსეთთან ალიანსში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ინიშნებიან. გიორგი კანდელაკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა პირველ მოადგილედ ნინო ბურჯნაძის პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლევან ღირსიაშვილი დანიშნა.
„ის ფაქტი, რომ იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ოფიციალურად გამოდის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩააბარეს სწორედ ნატო-სთან ურთიერთობები, ჩვენი უკიდურესი შეშფოთების საგანია. ლევან ღირსიაშვილმა საზღვარგარეთ საკუთარი სამსახური 2013 წელს მიატოვა სწორედ იმისთვის, რათა ბურჯანაძის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა. ღირსიაშვილი არ არის მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ბურჯანაძის პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი.
ამავე პარტიის დარბაზის წევრია ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დევნილი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზაზა სოფრომაძე და თეიმურაზ მურღულია. საქართველოს ამომრჩევლებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცეს არა ნინო ბურჯანაძეს - ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ თანამოაზრეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გააკეთოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე, ოკუპანტის ოფიციალური პარტნიორის ფარულ ხელისუფლებაში მოსვლასთან თუ ამ პოლიტიკურ ძალასთან „ქართული ოცნების“ დე ფაქტო შერწყმასთან“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, რომ თავდაცვის პოლიტიკა რომელსაც ის ატარებს, მაქსიმალური ღია და გამჭვირვალე გახადოს, რამაც უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე.
„ეს არის აუცილებელი ფაქტორი. ზუსტად ამით არის გამოწვეული ის, რომ საზოგადოებას აინტერესებს რა მოხდა და რატომ მოხდა. თავდაცვის სამინისტროს მენეჯმენტმა ვერ მოახერხა კრიზისული სიტუაციის და ვითარების განმუხტვა. გააკეთა უფრო პრობლემური და გამაღიზიანებელი განცხადებები, რასაც არ მოჰყვა არანაირი რეალური შეგრძნება საზოგადოების მხრიდან, რომ ვიღაცა ამაზე არის პასუხისმგებელი.
ჩვენ გვაინტერესებს, როდესაც თავდაცვის სამინისტრო აკეთებს განცხადებას და მერე ბოდიშს იხდის ამ განცხადებაზე, მერე კიდევ სხვა განცხადებას აკეთებს, პრემიერ-მინისტრის მოწოდების მიუხედავად, მინისტრი ბოდიშს არ იხდის, მერე თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გვეუბნება, რომ მინისტრი განცხადებას თვითონ გააკეთებს, მერე ისევ იძახის თავდაცვის სამინისტრო, რომ ამაზე არაფერს არ გააკეთებს. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, რადგან, ჩვენ არ ვიცით რომელ განცხადებას უნდა ვენდოთ“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილის განცხადებას, ჩიქოვნი ამბობს, რომ მან უნდა თქვას, რაზე და ვისზე საუბრობდა.
„მე გეტყვით ერთ რამეს, რაც რეალური ფაქტია - დღეს საქართველო რუსეთის ფედერაციასთან იმყოფება საომარ მოქმედებაში. საქართველოს ტერიტორები ოკუპირებულია. რუსეთი განაგრძნობს აგრესია. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არის გარკვეული საფთხის ქვეშ. იმიტომ, რომ ეს უცხო და გარე მტრისთვის წარმოადგენს პირდაპირ სამიზნეს და სასურველ ობიექტს. შესაბამისად, აუცილებლად, ყველა ზომა უნდა იყოს გატარებული იმისათვის, როგორც ღია და საჯარო, ასევე სპეცსამსახურების და ოპერატიული საქმიანობის თვალსაზრისით, რათა ამ სისტემის მდგრადობა იქნეს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს, ჩიქოვანის თქმით, ერთადერთი, რაც იცის მის შესახებ, გახლავთ ის, რომ გარკევული პოლიტიკური ურთიერთობა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ჰქონდა. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ვექტორი კი, ყველასთვის გასაგებია.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ აჟიოტაჟი თავდაცვის მინისტრის გარშემო დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა, პრემიერის მსგავსად, რომ მოქცეულიყო თავად თავდაცვის მინისტრი. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ჯანელიძის პირველი გამოჩენისთანავე ეს თემა დაიხურება.
„ვეთანხმები პრემიერს, ვეთანხმები მის პირველ განცხადებას, ძალიან გაბედულ და მნიშვნელოვან განცხადებას, როდესაც მან თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, პრაქტიკულად, ბოდიში მოიხადა. სულ არ ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს ბოდიში მოსახდელი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი და გუნდის ლიდერია, ამიტომ მან ჩათვალა საჭიროდ, რომ თავად გამოხმაურებოდა ამ პრობლემას.
ეს აჟიოტაჟი ბუნებრივია და ახსნადია. ალბათ, გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ თავდაცვის მინისტრი არ გასცემს ამ კითხვებზე პასუხს. ეს არის ელემენტარული ანგარიშვალდებულების თემა საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე. ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრისთვის ყველაზე საუკეთესო მაგალითი პრემიერ-მინისტრმა შექმნა. ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ მან უბრალოდ არ გააკეთა ის, რაც მისგან საჯაროდ, კამერების წინაშე ითხოვა თავად პრემიერ-მინისტრმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თინა ხიდაშელი.