თბილისის საკრებულომ ბიუროს წევრთა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები და აპარატის თანამშრომლები „ზეგეგმური შრომისთვის“ დანამატს მიიღებენ. საკითხი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წამოჭრა, ხოლო მისი ინიცირება და სამართლებრივი ფორმულირება კი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ იკისრა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ბიუროს სხდომაზე ამ დოკუმენტის მიღებით საკრებულოს რეგლამენტის 49-ე მუხლი დაირღვა, რადგან ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება რეკომედაცია გაუწიოს საკრებულოს თავმჯდომარეს. მისივე განცხადებით, მათი ფრაქცია აპარატის თანამშრომლებზე დანამატების გაცემის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ისინი ეწინააღმდეგებიან საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის დანამატების გაცემას. კერძოდ, დანამატს მიიღებენ თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.
„ბიუროს სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი არ ყოფილა და ინიციატივაზე საუბარი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ სპონტანურად დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ ეს მხოლოდ ბიუროს შეუთანხმოს და მეტს არავის.
თავმჯდომარეს სამართლებრივად უფლება აქვს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და დანამატებით გაზარდოს თანამდებობის პირების შემოსავალი, მაგრამ როგორც ჩანს, მას არ ჰყოფნის პოლიტიკური გამბედაობა, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია და სთხოვა ბიუროს, რომ ბიუროს მხრიდან ყოფილიყო მხარდაჭერილი ეს ინიციატივა და ბიუროს რეკომენდაციის სახით ერჩია თავმჯდომარისთვის, ეს გაეკეთებინა. ამით რეგლამენტი ირღვევა. რეგლამენტის არც ერთი მუხლი მითითებული არ არის“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის მოხელეებზე სახელფასო დანამატის დაწესებაზე, პასუხისმგებლობას უმრავლესობას აკისრებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სევდია უგრეხელიძე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოხელეებისთვის დანამატის გაცემის საკითხს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შეხედულება ყოველთვის იყო, რომ თანამდებობის პირებს ჰქონოდათ ადეკვატური ხელფასი, რათა ისინი ჩართული არ ყოფილიყვნენ კორუფციულ გარიგებებში, თუმცა დღეს, როდესაც სახეზეა ბიუჯეტის გარღვევა და ლარის ინფლანცია, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამ ფონზე ვერც ერთი თეთრით გაზრდილი ხელფასისა თუ დანამატისათვის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - აცხადებს სევდია უგრეხელიძე.
რაც შეეხება დანამატის ოდენობას, მას საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვიურად საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს თანამდებობრივი სარგოს პროპორციულად. თედო კობახიძე, რომელიც „ზეგანაკვეთური შრომისთვის“ დანამატს მიიღებს, აცხადებს, რომ თბილისის საკრებულო ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ზეგანაკვეთური შრომისთვის ადამიანებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ.
კობახიძე ამბობს, რომ დანამატის საკითხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებაა და მასზეა დამოკიდებულია მისი კომეპეტენციის ფარგლებში გამოიყენებს თუ არა ამ დისკრეციულ უფლებას, მოხდება თუ არა დანამატების გამოყენება.
„თუ თავმჯდომარე გამოუწერს რესპუბლიკელებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის დანამატს, შეუძლიათ უარი თქვან ამ დანამატზე, ასევე, უარი თქვან საკრებულოს ავტომანქანით სარგებლობაზე. საკრებულო ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ადამიანებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება. საკრებულოს თავმჯდომარის ამ გადაწყვეტილებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საკრებულოს თანამდებობის პირებს ზეგანაკვეთური შრომისათვის დანამატს გამოუწერენ“, - ამბობს თედო კობახიძე.
თედო კობახიძის საპასუხოდ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს არის შედეგი იმისა, როცა მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა თბილისის საკრებულოში არა პოლიტიკით და თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანები შეიყვანეს, არამედ საკრებულოს წევრები გახდნენ პირები, ვინც თვლის, რომ სამსახური იშოვეს.
„საკრებულოს თავმჯდომარე თავად ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და უნდა ბიუროს თანხმობა. პენსიონერს 10 ლარს უმატებ და თბილისის საკრებულოს ისედაც კარგად უზრუნველყოფილი თანამდებობის პირები დეპუტატებზე მაღალი ხელფასის მქონენი აღმოჩნდნენ, რაც მათ არც პოლიტიკურ და არც მორალურ პრობლემას არ უქმნის.
თბილისის საკრებულო შეკრებისთანავე, განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს დაეთანხმა, რომ არ აიღებდნენ პრემიებს, რასაც ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი. მაგრამ გრძელდებოდა მცდელობა იმისა, რომ რაკი პრემიაზე უარი ვთქვით, მოდი დანამატები მივიღოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოში არის ძალიან უსიამოვნო ვითარება“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.