„ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ, უმრავლესობის ნაწილი მინდია ჯანელიძეს საზოგადოებაში გამოჩენას ურჩევს, მეორე ნაწილი კი, მინისტრის დაცვას ცდილობს.
საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ უკრაინაში დაღუპულ ალექსანდრე გრიგოლაშვილთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება რიგითი ჩინოვნიკის მიერ დაწერილი არ იყო, მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ უწყებამ ტექნიკური შეცდომა დაუშვა.
როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მისი თქმით, თუკი სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მინისტრთან შეთანხმებული არ იყო, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თუკი მინისტრმა არაფერი იცოდა, ეს უარესია.
„ანუ, რას ნიშნავს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა არ ჰყავს და გადაწყვეტილებას არავინ იღებს? მინისტრი რთულ ვითარებაშია, მაგრამ მან პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. მინისტრი შეინარჩუნებს თუ არა პოსტს, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს განცხადება ტექნიკური შეცდომა იყო. შეიძლება, ადამიანი ყველაფრის გამოსწორებას ეცადო, მაგრამ შეცდომაზე ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა აგოს? ეს იყო ძალიან კარგად გააზრებული და დახვეწილი შინაარსის მქონე განცხადება“, - აცხადებს აბაშიძე, რომლის მსგავსად, ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ მომზადებლი განცხადება რომელიმე რიგითი ჩინოვნიკის მიერ დაწერილი არ იყო.
„სამწუხაროდ, ეს განცხადება ხელისუფლების რიტორიკას ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთს მოუწოდებდა, რომ უკრაინას თავდაცვითი შეიარღებით არ დაეხმაროს და ეს განცხადება გიკვრით? ეს ყველაფერი თანხვედრაში თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან მოდის. პრემიერის განცხადებას დააკვირდით? - მან თქვა, რომ განცხადება არ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ განცხადების შინაარსი დასაგმობია. ეს იმას ადასტურებს, რომ განცხადება მაღალ დონეზე შეთანხმებული იყო. შესაბამისად, პარლამენტში მინისტრი უნდა მოვიდეს და კითხვებზე პასუხი გაგვცეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თანაგუნდელი სერგო რატიანი.
როგორც for.ge-ს რატიანმა განუცხადა, თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, რადგან საქართველოს მთავრობა არ არის ივანიშვილის უმწიფართა სკოლა, სადაც საკითხებს ახლა უნდა სწავლობდნენ. დეპუტატის შეფასებით, მთავრობა დაკავებული ორიანების გამოსწორებით კი არ უნდა იყოს, არამედ საქმის კეთებით.
„ეს არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა, რადგან ეს განცხადება იმ პოლიტიკამ გამოიწვია, რაც მან შექმნა“, - დასძენს რატიანი.
ოპოზიციის მსგავსად, პარლამენტში მინისტრის გამოცხადების მომხრეა რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უმჯობესია, მინდია ჯანელიძე გამოჩნდეს და ხალხს დაელაპარაკოს. კანონმდებელის თქმით, თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, საზოგადოებას ხან მისი უფროსი პრემიერ-მინისტრი ელაპარაკება, ხან მისი უმცროსი მოადგილე.
„თუ მინისტრი საქმის კურსში იყო, დემოკრატიულ ქვეყნებში მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, რაც აუცილებლად, მინისტრის პოსტიდან გადაყენებას არ ნიშნავს. თუ მან ეს არ იცოდა და თავდაცვის სამინისტროს განცხადება ისე გავრცელდა, მაშინ მითუმეტეს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. პარლამენტში მინისტრის გამოჩენა სასურველი იქნება, რათა გაირკვეს, ეს განცხადება მისი ქვემდგომის ინიციატივა იყო, თუ ზემდგომის“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, რომლის პათოსს არ იზიარებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.
for.ge-სთან საუბარში საგანელიძე აცხადებს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც დაუფიქრებელი სიტყვით და განცხადებით გული ეტკინება როგორც მწუხარებაში მყოფ ოჯახს, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს. კანონმდებელის თქმით, ის ცდილობს, რომ სამინისტრის მიერ დაშვებული შეცდომა პოლიტიკურ თემებში არ გადაიტანოს.
„რაც სამინისტრომ გააკეთა, არასწორი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს რომელიმე დეპარტამენტის მიერ მინისტრთან შეუთანხმებლად გაკეთდა. არ მგონია, რომ ასეთ საკითხებზე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ თემას არც კი უნდა ვიხილავდეთ“, - აცხადებს საგანელიძე, რომლის პოზიციაზეა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს, ის ვერ ვხვდება. დეპუტატის შეფასებით, თავდაცვის მინისტრის საქმიანობა სულ სხვა კრიტერიუმებით ფასდება და არა იმ კრიტერიუმებით, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს.
„პრესსამსახურს თუ რომელიმე მაღალჩინოსანს შეცდომა მოუვიდა, ამაზე რეაგირების სულ სხვა ფორმა არსებობს. თავდაცვის მინისტრი ის ფიგურა არ არის, რომლის გადაყენებაც უნდა მოხდეს. ნაციონალები სკანდალურ საქმეებს ეძებენ, რადგან ეს მათი ბუნებაა. ისინი ყველა სისულელეს რასაც იტყვიან, არ უნდა აყვეთ“, - დასძენს ვოლსკი.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, თავად თავდაცვის მინისტრს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი კი აცხადებს, რომ უწყებამ შეცდომა დაუშვა, თუმცა, განცხადება შეთანხმებული მინდია ჯანელიძესთან არ ყოფილა.
მართალია, თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე 20 დეკემბერს განთავსებული განცხადება წაშლილია, მაგრამ უწყება აღნიშნავდა, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.