„შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება“, - აცხადებს პრემიერ მინისტრი, თუმცა, ამ დრომდე განმარტებები და ბოდიში საზოგადოებას თავდაცვის მინისტრის მხრიდან არ მოუსმენია. ღარიბაშვილის განცხადებაზე მინდია ჯანელიძის რეაქცია მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს განცხადება გაავრცელა, სადაც მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“, - ეს განცხადება თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გაავრცელა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობა უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გაცნობია. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ შეცდომა ემოციურ ფონზე იყო დაშვებული. თუმცა, არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვის მიერ იქნა შეცდომა დაშვებული.
„თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია. ზოგადად, შეთანხმებული იყო ტექსტი, სამძიმრის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამგვარი შინაარსის ტექსტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ეს იყო გარკვეული შეცდომა, ხარვეზი. განცხადების ტექსტი შეთანხმება მინისტრთან ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. განცხადება გაკეთდა ემოციურ ფონზე და მე ვთვლი, გამოვასწორეთ ეს შეცდომა. ტექსტის საბოლოო ვერსია არც ჩემთან ყოფილა შეთანხმებული“, - აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.
„ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში დაიღუპეო, იგივეა, საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას. მისივე აზრით, ფარისევლობენ ისინი, ვინც ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ჯარისკაცზე კი არ ფიქრობენ.
„მათ რომ ჯარისკაცზე ეფიქრათ, ჯარიდან 2008 წელს გაშვებულ კაცს 2012-ში უკვე დააბრუნებდნენ და სამშობლოსთვის სამსახურის საშუალებას მისცემდნენ. ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეთ, ბატონებო, იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ დადუმდეთ და ეს თქვენი ფსევდოსახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენთვის შეინახეთ. ამ განცხადებით თქვენ მწუხარება კი არ გამოთქვით, არამედ დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს, იმიტომ, რომ იმავე გვარისა ხართ. ამიტომ დადუმდით, ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ. ჯარისკაცის კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება“, - აცხადებს დავით თევზაძე.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია თავდაცვის ასევე ყოფილი მინისტრისთვის. ირაკლი ალასანიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ეს იყო უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი. მისივე თქმით, ყველა მებრძოლს, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, სახელმწიფომ შესაბამისი პატივი უნდა მიაგოს და სათანადოდ იგლოვოს.
„მე გამიჭრიდება ჩემი შემცვლელის პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი თვის წინ თავად ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარი, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებით უნდა ვიგლოვოთ და პატივი მივაგოთ. ამ კუთხით კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, მაგრამ ჯერ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მინდია ჯანალიძეს ღიად აკარიტიკებს საპატლამენტო უმრავლესობა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ.
„24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა. თავად ვერ მიხვდით, პრემიერმა გიკარნახათ, რა უნდა გაგეკეთებინათ და არ უთქვამს იმ ადამიანს, რომ ბოდიში პირობით მოიხადეთ, თან ტექნიკური შეცდომა დაარქვითო?! როგორც ჩანს, თავად არ გაწუხებთ საკუთარი განცხადება და იქნებ პრემიერს მაინც დაუჯეროთ, ზუსტი მითითება მოგცათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა ახლა უკვე გვიანია, კიდევ რამე ახალი განცხადება უკვე ხიფათის უფრო მაღალ განზომილებაშია“, - წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში საკუთარ გვერდზე.
ექსპერტების განცხადებით, ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, მართვის კულტურა, ტრადიციები, შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს, რადგან ასეთი რამის უფლებას საკუთარ თავს არავინ მისცემს. ასეთ სახელმწიფოებში ასეთი შინაარსის განცხადება მინისტრის, მისი მიადგილეების გარეშე უბრალოდ ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ თუ მოხდებოდა და ასეთი ტიპის განცხადება ხელმძღვანელი პირების გარეშე გაკეთდებოდა, ბუნებრივია, დადგებოდა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძეს განცხადებით, განცხადება, თითქოს, მინისტრთან კომუნიკაცია არ მყარდება, არაა გამამართლებელი. შარაშენიძე ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, რომ დროა გადახედოს თავის შეცდომას.
„აშკარაა, რომ იკვეთება ერთი პრობლემა, რომელიც აქვს სრულიად მთავრობას და რომელიც გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც ალასანიას გუნდი მთლიანად იქნა ჩახსნილი. ფაქტია, რომ ალასანიას გუნდის წასვლით სერიოზული პრობლემა შეექმნა მთავრობას და „ქართულ ოცნებას“. საკადრო პრობლემა რომ შეექმნათ იმიტომ მოხდა ეს დანიშვნა, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ პირველი სკანდალი, რომელიც ამ დანიშვნამ გამოიწვია. იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი გრძნობს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ ასეთი სერიოზული შეცდომა, რომელიც დაუშვა თავდაცვის მინისტრმა, შეიძლება უარესი შეცდომა მოჰყვეს. დროა ღარიბაშვილმა გადახედოს თავის შეცდომას და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს პრობლემა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი დარწმუნებულია, რომ ტექსტი წინასწარ ჰქონდათ ნანახი მინისტრს და ასევე მის მოადგილეებს, რომელიც მაღალი ალბათობით შემუშავებული იყო პიარსამსახურის მიერ. თუმცა, მისი თქმით, არსებობს მეორე ვერსია, რომლის თანახმად, ტექსტი სულაც არ იყო პიარსამსახურის მიერ შემუშავებული, ეს ტექსტი სამინისტროში ელექტრონული სახით, მივიდა სხვა უწყებიდან და მინისტრი ფორმალურად გაეცნო ამ ტექსტს.
„თუ ჩვენ საფუძველშივე ავიღებთ იმას, რომ ბევრი სახელმწიფო უწება, მათ შორის თავდაცვის ახლანდელი უწყება არ არის თანასწორთა შორის დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკური სახელმწიფო სტრუქტურა, და ჩვენ საფუძველშივე ავიღებთ იმას, რომ ბევრი გადაწყვეტილება და მათ შორის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მიიღება არა კანცელარიაში, არამედ, საქართველოს დე ფაქტო მმართველის ბატონი ივანიშვილის ადმინისტრაციაში, ამ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ტექსტი თავდაცვის უწყებისთვის მიწოდებულია ბატონი ივანიშვილის სამსახურების მიერ. ეს მხოლოდ ვარაუდია და ბუნებირივია ამის დამკტიცება რთულია“, - აცხადებს ტაბლიაშილი.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომ მინისტრთან დაკავშირება ვერ მოახერხა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ირაკლი ტაბლიაშვილი თვლის, რომ ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
„თუ ღირსიაშვილს ვენდობით, ამ შემთხვევაში მინისტრი ჯანელიძე მითუმეტეს გასანთავისუფლებელია თანამდებობიდან, იმიტომ, რომ მენეჯმენტი თავდაცვის უწყებაში არაა იმ დონზე, რა დონეზე ის იყო ალასანიას მინისტრობის პერიოდში. ღიად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი თვის განმავლობაში თუ არ დაინგრა, მნიშვნელოვნად შეირყა თავდაცვის შიდა მენეჯმენტი, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. თუ ამას ვერ აკონტროლებენ, ბუნებრივია, ისინი ვერ გააკონტროლებენ გაცილებით მნიშვნელოვან საფრთხეებს, რომელიც არის ქვეყნის წინაშე.
იმაზე როგორ მუშაობს მთავრობა და რამდენად ადეკვატურად პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, პასუხისმგებელია აღამასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ვვარაუდობ, რომ შეცდომების კასკადი განმეორდება და ბუნებრივია, ეს ვითარება გამოიწვევს სამთავრობო კიზისს იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატური რეაქცია არ იქნება ჯანელიძესთან მიმართებაში. ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ასეთი დაბალი კვალიფიკაციის მინიტრის პასუხისმგებლობის საკითხი თვითონვე დასვას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ტაბლიაშვილი.