„თავისუფალი დემოკრატები“ საყდრისის საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, უმრავლესობაში კი, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
საკანონმდებლო ორგანო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე მიმდინარე რიგგარეშე კვირას იმსჯელებს, მაგრამ უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ თემის პოლიტიზირება ხდება და მასზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, მეორე ნაწილი კი, კომისიის შექმნას მიესალმება.
როგორც for.ge-ს ფრაქცია „თავისფალი დემოკრატები“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა, პარლამენტმა ასეთი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე უნდა იმსჯელოს და კომისია უნდა შექმნას კიდეც.
კანონმდებელის შეფასებით, საყდრისის გარშემო მიმდინარე პროცესები ძალიან რთულია და მას მრავალი ასპექტი აქვს.
„ეს ხელისუფლების დამოკიდებულებაა კულტურულ მემკვიდრეობასთან და საზოგადოებასთან. ასეთი დამოკიდებულება კი არავის და ვერავის ეპატიება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამ ძეგლის გარშემო თუ რა მოხდა“, - დასძენს გოგუაძე, რომლისგან განსხვავებით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
for.ge-სთან საუბარში კიღურაძე აცხადებს, რომ საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით გადამწყვეტი სიტყვა სპეციალისტებმა უნდა თქვან.
დეპუტატის მოსაზრებით, სამწუხაროდ, ამ საკითხის განხილვაში ბევრი ისეთი ადამიანია ჩართული, რომელსაც საკითხის არსზე წარმოდგენა არ აქვს.
„იმის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ კომისია შეიქმნას. ნებისმიერი ასეთი თემის პოლიტიზირების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ისეთი საკითხია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ამ დარგის სპეციალისტმა უნდა თქვან. კომისია რომ შეიქმნას, რა უნდა გამოვიძიოთ? გამოძიება იმ საქმეს სჭირდება, რომელიც ჩახლართულია. დღესავით ნათელია, ბრძანება ვინ გასცა და რატომ“, - აცხადებს დეპუტატი.
კიღურაძე მიიჩნევს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი უნდა გაასაჯაროვოს, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს, უწყება რა აზრის არის საყდრისის ისტორიული ძეგლის თაობაზე.
„საგამოძიებო კომისიის შექმნა მეტ-ნაკლებად ობიექტურ შედეგს არ მოგვცემს. როგორ დასკვნას დადებს? ვთქვათ, ამ კომისიის წევრი ვარ მე, მათემატიკოსი, მის მუშაობაში რა განსაკუთრებული წვლილი უნდა შევიტანო? ამ საკითხის გამოკვლევაში აზრი მეცნიერებს უნდა შევეკითხოთ! როგორც ჩანს, კულტურის სამინისტროს მეცნიერთა მოსაზრებები აქვს და სჯობს, ის საზოგადოებას მიაწოდოს. არ შეიძლება, ემოციურ დონეზე ვისაუბროთ“, - აცხადებს კიღურაძე.
დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის საამაყო იქნებოდა თუკი ქართველების წინაპრები საბადოს ტერიტორიაზე 4000 ათასი წლის წინ იყვნენ, ოქროს იღებდნენ და ქვეყანა ყვაოდა, მაგრამ თუკი ეს დასაბუთებული არ არის, ასეთი რაღაცის თქმა, ძალიან სახიფათოა.
„ისეთი რაღაც არ უნდა თქვა, რომ ვინმემ დაგცინოს. ქართველებს ეს არ გვჭირდება, რადგან კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლი გვაქვს. საამაყო ბევრი რაღაც გვაქვს და შეთხზვა საჭირო არ არის. თუკი ის მართლაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ის არ უნდა დაზიანდეს, მაგრამ ზერელე დასკვნები არ უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კიღურაძემ, რომლის კომიტეტის წევრი გოგი ქავთარაძე კომისიის შექმნას მიესალმება.
საყდრისის საბადოს აფეთქებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ინფორმაციები არ აქვს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კარგი იქნება თუ კომისია შეიქმნება.
დეპუტატის თქმით, საკითხზე ზედაპირულად საუბარი არ შეიძლება და თემას ორი დაპირისპირებული მხარე ჰყავს.
„საბუთი არ მაქვს, რომ წავიკითხო და აზრი მოგახსენოთ. შესაბამისად, რატომ ხდება, არ ვიცი. რა თქმა უნდა, კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ქავთარაძემ.
რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სხვა ვერსიების მნიშვნელობასაც აწონ-დაწონის.
მისი მტკიცებით, მას საყდრისის საბადოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ბევრი კითხვა აქვს და სურს, ამ კითხევბზე პასუხი მიიღოს.
„ესრა ფორმატში მოხდება, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კომისიის შექმნის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ სხვა ვერსიებსაც ავწონ-დავწონიდი და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებდი“, - დასძენს დეპუტატი.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი კომისიის შექმნის არც მომხრეა და არც მოწინააღმდეგე.
როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, საბადოს აფეთქებამ საზოგადოებაზე საკმაოდ მძიმე ზეგავლენა მოახდინა.
მისი თქმით, მთავარია, საკითხის გარშემო სრული სიმართლე იქნეს ნათქვამი და ჭეშმარიტება გაირკვეს.
„სპეკულაცები აღარ უნდა იყოს. კომისიის შექმნა პრობლემების გარკვევას შეუწყობს ხელს, თუ ეს რაღაც პოლიტიკური პოზაა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. სახელმწიფოს ვალდებულება გააჩნია, გამოვიდეს და საზოგადოების წინაშე სრული სურათი წარმოადგინოს. თუ კითხვის ნიშნები დარჩა, მაშინ კომისიის შექმნა შეიძლება. ამჟამად, საკითხზე „ჰო“-ს, ან „არა“-ს სათქმელად მზად არ ვარ, მაგრამ პოლიტიკოსები საზოგადოების გახლეჩას და დაპირისპირებას ხელს უწყობენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება და დოკუმენტებს მიაწოდებს.
ხარატიშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კულტურის სამინისტროს პრიორიტეტია და გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, არათუ იდეალურია, არამედ იდეალურთან ახლოსაც არაა, მაგრამ ეჭვებს ის საფუძველი არ ბადებს, რაზეც საბჭომ იმსჯელა.
„მცედლობაა, რომ რისი გადარჩენაც შესაძლებელია, მისი გადარჩენა და სათანადოდ დაცვა მოხდეს, რომელიც თავის ცხოვრებას თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტებით გააგრძელებს. ნებისმიერი ფორმატს მივესალმებით, ეს საგამოძიებო კომისია იქნება, თუ დაინტერესებული პირები. მზად ვარ, მხარეებს შევხვდე და მათ დოკუმენტები მივაწოდო“, - აცხადებს ხარატიშვილი.
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ეს მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის პრეცედენტი არსებობს, რადგან ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა თინა ხიდაშელის კომისიამ შეისწავლა.