“ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, ექვსი შვილი გყავს, ერთი თუ მოგიკვდება, დიდად არ შეგეტყობაო”

“ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, ექვსი შვილი გყავს, ერთი თუ მოგიკვდება, დიდად არ შეგეტყობაო”

29 მარტს, “ვერსიის” რედაქციაში აღშფოთებულმა ქალბატონმა დარეკა -  საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ სამადაშვილს, მომაკვდავი შვილის გადარჩენა ვთხოვე, მან კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენაო.

“ვერსია” შეეცადა, ნაამბობში დეტალურად გარკვეულიყო და უცნობ ქალბატონს პირადად გასაუბრებოდა.

მრავალშვილიანი დედა ლეილა დუმბაძე აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე სხვა მრავალშვილიან დედასთან ერთად, საკრებულოს წინ აქციას მართავდა. ისინი შვილებისთვის დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი თქმით, სამადაშვილმა ქალბატონებს შეურაცხყოფა მიაყენა, მათი მოთხოვნა ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებით შეიცვალა. “ვერსია” ქალბატონებს გაესაუბრა.

ლეილა დუმბაძე: “ექვსი შვილის დედა ვარ. უფროს ქალიშვილს, პირველი სტადიის სიმსივნე აქვს. ოპერაცია საკუთარი სახსრებით გავუკეთე. ამის შემდეგ რამდენიმე დასხივება ესაჭიროება, თუ არადა, მოკვდება. იმის გამო, რომ მრავალშვილიანი დედის დახმარებით და სოციალურად დაუცველის პოლისით, ჯერჯერობით, ვერ ვსარგებლობ, სამადაშვილთან მოვედი დახმარების სათხოვნელად. მანამდე ყველა სტრუქტურა შემოვიარე. ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, ექვსი შვილი გყავს, ერთი თუ მოგიკვდება, დიდად არ შეგეტყობაო. დეკემბრის შემდეგ სამადაშვილთან შეხვედრას ვითხოვ. დღეს ძლივს მოვკარი თვალი. მივედი და დახმარება ვთხოვე. მან კი მკვდარი დედა მაგინა. 65 წლის ქალს ქუჩაში უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. ამის მოწმე უამრავი ადამიანია, რომელთა ხელმოწერებიც შევაგროვე. ამ ხელმოწერებს ჩემს განცხადებასთან ერთად, სახალხო დამცველს წარვუდგენ. სამადაშვილის მსგავსი ადამიანები, რომლებიც მარტო საკუთარ თავს ემსახურებიან და არა ხალხს, არ უნდა იყვნენ მაღალ თანამდებობებზე”.

ლია მირიანაშვილი: “ჩვენ კარგად გვესმოდა, როგორ ილანძღებოდა სამადაშვილი. სხვათა შორის, ის უხეშად აქამდეც არაერთხელ მოპყრობია თანამოქალაქეებს. მანამდე მარტო გამოდიოდა ხოლმე საკრებულოდან და მაშინვე მანქანისკენ გარბოდა, ახლა კი რამდენიმე დაცვის ბიჭი აცილებს მანქანამდე, რათა გზაში რომელიმე გაჭირვებულმა ადამიანმა თხოვნით არ შეაწუხოს. ღატაკები ვართ, მაგრამ იმდენი თავმოყვარეობა მაინც შეგვრჩა, რომ არავის მივცეთ უფლება, ქუჩაში გვაგინოს და გვლანძღოს, თუნდაც ეს სამადაშვილი იყოს. ყველა სამართლიანი ხერხის გამოყენებით ვეცდებით, სამადაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

როგორც საკრებულოსთან შეკრებილმა მრავალშვილიანმა დედებმა განაცხადეს, ისინი მორალური შეურაცხყოფისთვის სამადაშვილს სასამართლოშიც უჩივლებენ. 

“ვერსია” შეეცადა, საკრებულოს თავმჯდომარესთანაც გაერკვია, რამდენად ახლოსაა რეალობასთან ქალბატონების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მართლაც მიაყენა თუ არა სამადაშვილმა მრავალშვილიან ლეილა დუმბაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

როგორც გაირკვა, მრავალშვილიანი დედები, თითქმის ყოველ დღე, საკრებულოს შესასვლელთან იკრიბებიან და საკრებულოდან გამოსულ ყველა წევრს ფულს სთხოვენ. კონკრეტულად ამ ინციდენტის შესახებ კი, საკრებულოს პრესცენტრში ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.