„სააკაშვილი გზაზე ღარიბაშვილს არ გადაეყაროს!“

„სააკაშვილი გზაზე ღარიბაშვილს არ გადაეყაროს!“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია საშობაო საჩუქარი არ არის და საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. მისი თქმით, ევროპის წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ქართულ მხარეს ინსტიტუციური რეფორმების გატარება მოუწევს, მათ შორის საქართველოს პარლამენტმა დაახლოებით 300-მდე კანონპროექტი უნდა მოამზადოს, რათა ქართული კანონმდებლობა ჰარმონიაში ევროპულ რეგულაციებთან მოიყვანოს.

თუ რა პროცესები მოჰყვება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას, ამის გარკვევის მიზნით, for.ge დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა:

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია. ქართველი ხალხი, რას უნდა ელოდოს?

- რატიფიცირება საშობაო საჩუქარი არ არის და ამაზე სტრასბურგში აქცენტი რამდენჯერმე გაკეთდა. ამ დოკუმენტის რატიფიკაციით, პრაქტიკულად, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, ახალ ერაში შედის. საქართველოს ხელისუფლება ევროპეიზაციის ძალიან აქტიურ ფაზას იწყებს და შესასრულებელი ძალიან ბევრი საშინაო დავალება გვაქვს. ამ ნანატრ გზაზე თუ რამდენად სწრაფად ვივლით, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.

თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ბევრი საშინაო დავალება გაქვთ შესასრულებელი. რას გულისხმობთ?

- ასოცირების ხელშეკრულებით კონკრეტული ამოცანები არის დასახული, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომელსაც დაახლოებით 300-მდე კანონპროექტის მომზადება და მიღება მოუწევს. ამ კანონპროექტების მიზანი კი იქნება საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიაში მოიყვანოს. ამას გარდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს, როგორც სასამართლოს მიმართულებით, ასევე ძალოვანი უწყებების თვალსაზრისით.

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიკეთე ევროპასთან უვიზო მიმოსვლაა. როგორც ფიქრობთ, ეს რეგულაცია 2016 წლიდან ამოქმედდება?

- ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით ევროკავშირის საბჭოს და ევროკომისიას რეკომენდაციით მიმართა, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის მეორე ეტაპზე გადავიდეს, რადგან საქართველომ პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. ჩავთვალოთ, რომ მეორე ეტაპი დაწყებულია, რომელიც საკმაოდ ხანგძლივი არ იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპს რიგის სამიტამდე წარმატებით გავივლით და ამ ეტაპის შემადგენელი იქნება საქართველოში მონიტორინგის ჯგუფების ჩამოსვლა, რომლებიც ამ პროცესს შეაფასებენ. ეს პროცესი რიგის სამიტზე წარმატებით უნდა გავიაროთ, რომ ვინმეს შეკითხვა არ გაუჩნდეს, საქართველოს ეკუთვნის თუ არა ვიზა-ლიბერალიზაცია.

ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პარალელურად, რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოში არსებულ შერჩევით სამართალზეა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუკი ამ პროცესის გაგრძელება მოხდება, ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ კურსს შეუქმნის...

- დოკუმენტი ძალიან დაბალანსებულია და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან რეზოლუციაში ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან ბევრი მოტივაციაა, რომ კრიტიკულ შენიშვნებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება შენიშვნებს, ევროპარლამენტი შერჩევით სამართალზე პირდაპირ არ მიუთითებს და მათი მხრიდან აზრი გამოთქმულია, რომ თითქოს, შერჩევითი სამართლის ნიშნები არსებობს. ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები არიან წარმოდგენილნი, რომელნიც პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში ასეთი სიტუაციის არსებობაზე მიუთითებენ, რაც საკამათოა. ევროპარლამენტის დეპუტატებმა პატივი თუნდაც ევროპის ადამიანის უფლებებათა სასამართლოს გადაწყვეტლებებს უნდა სცენ. იმ დარბაზის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოხდა, ადამიანის უფლებათა სასამართლოა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმეთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს განაჩენი გამოუტანა. შესაბამისად, იმ ევროდეპუტატების ადგილზე უხერხულობა შემექმნებოდა, რომლებიც შერჩევით სამართალზე საუბრობენ.

ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სურს, საქართველო ოროსანი იყოს, მაგრამ ამჟამად, სამოსანია...

- ეს მისი ცნობილი ცინიკური რიტორიკაა. სააკაშვილმა რაც უნდა ბევრი ილაპარაკოს, ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საქართველო ევროკავშირის მიერ დასახულ ამოცანებს რამდენად შეასრულებს. სააკაშვილის კრიტიკა ჩემთვის ფასეულობას არ წარმოადგენს და მის კრიტიკაზე შეფასების გაკეთება ყოველთვის იძულების წესით მიხდება.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო პასპორტი ჩამოართვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი რამ მართლა მოხდა?

- სააკაშვილის მხრიდან საზოგადოების ამდენ „დაბოლებას“ რა მიზანი აქვს, აღარ ვიცი. არანაირი საპრეზიდენტო პასპორტი არ არსებობს, ყოფილ პრეზიდენტს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება გააჩნია და მას რამდენიმე დიპლომატიური პასპორტი აქვს.

ყოფილი პრეზიდენტის მსგავსად, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო, მაგრამ სტრასბურგში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გაემგზავრა. 27 ივნისს, ასოცირების ხელშეკრულებას ვინ მოაწერდა ხელს - პრეზიდენტი, თუ პრემიერი, ამაზე მმართველ გუნდში აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ღარიბაშვილი სტრასბურგში, ახლა რატომ არ წავიდა?

- წინა ღონისძიება კავშირში უშუალოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იყო და მნიშვნელოვანი იყო, რომ მას პრემიერ-მინისტრი დასწრებოდა. ამჟამად, ევროპარლამენტიდან მოწვევა პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას მოუვიდა. ბოლო მომენტამდე იგეგმებოდა, რომ პლენარულ სხდომას დავით უსუფაშვილი დაესწრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ მოწვევას ვერ მიიღებდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სტრასბურგში პრეზიდენტი გამგზავრებულიყო.

პოლიტიკურ წრეებში ინსინუაციები გაჟღერდა, რომ სტრასბურგში ღარიბაშვილი იმის გამო არ წავიდა, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა. მსგავსს რამეს გამორიცხავთ?

- ევროპარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა არ იგეგმებოდა და სხდომას სააკაშვილი რომ დაესწრებოდა, ეს ცნობილი სამი დღის წინ გახდა. ღარიბაშვილის სტრასბურგში არწასვლას კავშირი სააკაშვილთან არ აქვს. ღარიბაშვილს არანაირი საფუძველი არ აქვს რომ სააკაშვილთან შეხვედრას თავი აარიდოს, პირიქით კი, - სააკაშვილი გზაზე ღარიბაშვილს არ გადაეყაროს.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, მან თქვა, რომ მზად არის, ქართულ მხარესთან დიალოგი დაიწყოს და მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტს, ან პრემიერს უმასპინძლოს. მაშინ, როდესაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან .. შეთანხმება გააფორმა და მათ ანექსიას გეგმავს, კრემლთან მოლაპარაკებების დაწყება როგორ წარმოგიდგენიათ?

- საქართველოს არანაირი მოტივაცია არ გვაქვს იმის, რომ რუსეთს პირისპირ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავუჯდეთ. საქართველოსთან მიმართებაში, მიუხედავად პუტინის სევდანარევი განცხადებებისა, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, საქმე ვისთან გვაქვს. რუსეთის მიერ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ ფონზე დიალოგი როგორ დაიწყება? საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან დამოკიდებულება პრინციპულად შეცვალა და გამაღიზიანებელი რიტორიკა მოხნა, მაგრამ მოსკოვის მხრიდან არცერთი კონსტრუქციული ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ქვეყნის დეოკუპაცია მოახდინოს. მანამდე კი, ჩვენი ამოცანაა, ჟენევის ფორმატი შევინარჩუნოთ.

ჟენევის ფორმატს ჯერჯერობით შედეგი არ აქვს და შეხვედრა-შეხვედრისთვის იმართება. ამ ფორმატის გაძლიერებას არ აპირებთ?

- ქართულმა მხარემ ფიქრი ჟენევის ფორმატის გაძლიერებასა და ეფექტურობის გაზრდაზე უნდა დაიწყოს.