კრემლის ანალიტიკოსი პუტინის შეცვლას და კრემლის კარზე გადატრიალებას არ გამორიცხავს, თავად პუტინი კი საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის მოსკოვში ჩასვლას არ გამორიცხავს. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინთან ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედრის საკითხს ცივი გონებით უნდა შევხედოთ და გადავწყვიტოთ, გვიღირს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა.
რა პერსპექტივა ექნება კრემლში სავარაუდო შეხვედრას? ამ საკითხზე For.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
თავის დროზე, სოჭის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავდა. თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. დღეს კი თავად პუტინი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუკი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს მოსკოვში იხილავს. როგორ გგონიათ, ასეთი შეხვედრის დრო დადგა?
- ვუყურებდი ამ პრესკონფერენციას, ეს იყო კითხვაზე პასუხი და ეს არ იყო პუტინის ინიციატივა. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური განაცხადი და არა მგონია, პუტინი კონკრეტულად ამ შეხვედრას განიხილავდეს. ფაქტობრივად, მან თავისი პოლიტიკური გზავნილი გადასცა, რომ პრინციპში, საქართველოს ხელმძღვანელობასთან დალაპარაკების წინააღმდეგი არ არის, თუკი საუბრის საფუძველი გაჩნდება. ეს განსხვავებით იმისგან, რასაც ცალსახად ამბობდნენ სააკაშვილზე, რომ სააკაშვილს არასდროს დაელაპარაკებოდნენ. მე ვფიქრობ, ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი და არანაირ კონკრეტულ შეხვედრაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არც რუსეთის და არც საქართველოს მხრიდან არ არის. შეხვედრები შეხვედრებისთვის არ იგეგმება, არამედ შეხვედრები იგეგმება გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად. არცერთი მიმართულებით, არცერთი გადაწყვეტილებისთვის, სადაც უმაღლესი დონის ჩარევაა საჭირო, დრო არათუ მომწიფებული არ არის, არამედ შორს არის რაღაც ფორმულისგან. აქედან გამომდინარე, შეხვედრასაც აზრი არ აქვს. რაც შეეხება ვაჭრობას, ეს დაბალ დონეებზე წყდება და ამას პირველი პირების შეხვედრა სულაც არ სჭირდება.
იმ ფონზე, როცა პროცესები რუსეთში დაღმასვლით მიექანება, მათ შორის, საუბარია რუბლის დევალვაციაზე, ასევე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, რომელიც დიდი ტვირთია პუტინისთვის როგორც მორალურ პლანში, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, პუტინისთვის გარკვეულ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობა მომგებიანი იყოს, რადგან პუტინს არ სჭირდება ამდენი ტვირთი? მეტიც, პუტინს სჭირდება დასავლეთს სანქციები მოახსნევინოს.
- რუსეთი არ არის ქვეყანა, რომლის სახელმწიფოებრიობაც ეფუძნება კეთილდღეობას. დევალვაცია და ამ ტიპის მომენტები სხვანაირი გადაწყვეტილების მისაღებად რუსეთს არ განაწყობს. რუსეთი არის ტიპური მისიონისტური ქვეყანა, რომლისთვისაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ველიკოდერჟავული ხედვა, სამყაროს გაგება, ვიდრე კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს. სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, ჩვენს პოლიტიკოსებს რატომ უხარიათ, რომ, აი, ნახეთ, რუსეთს თურმე ცუდად აქვს საქმე. საერთოდ, პოლიტიკაში ასეთი ტიპის ნეგატიური აზროვნება, ჩემი აზრით, კარგის მომტანი არ არის და მაინცდამაინც ჩვენი პოლიტიკოსების მაღალ ინტელექტზე არ საუბრობს. რუსეთში რომ ცუდად იქნება საქმე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი რაიმე ტიპის კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებს, პირიქით, შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს და რისკები არათუ შეამციროს, არამედ - გაზარდოს. ამიტომ, ასე ძალიან რა უხარიათ ქართველ ანალიტიკოსებს, არ მესმის. ეს არის ემოცია, ბოღმა და მეტი არაფერი, საკუთარი კომპლექსების დაკმაყოფილება.
სხვათა შორის, ნიკა გილაური იმედს ამყარებს, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს შემდეგი 13 თვის განმავლობაში გასასტუმრებელი ექნებათ 130 მილიარდი დოლარის სესხი. ამ კომპანიების რეფინანსირების წყაროები კი შეზღუდულია სანქციების გამო და ეს ფული რეზერვებს მოაკლდება. ასევე, გილაური ანგარიშობს, რომ რუსეთიდან 85 მილიარდი დოლარის ოდენობით კაპიტალის გადინებაა ნავარაუდევი, ხოლო ნავთობის ფასის 60 დოლარამდე ვარდნის გამო, რუსეთის მიმდინარე ანგარიში არა მხოლოდ ნულდება, არამედ 40-50 მილიარდის დეფიციტში გადის.
- ეს ყველაფერი მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, რუსეთში არის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები რუსეთს, ერთი მხრივ, ასუსტებს და ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, რისკებს ზრდის, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც. წარმოვიდგინოთ, როცა გვაქვს პატარა სახლი და ჩვენს გვერდზე დიდი კორპუსი ინგრევა, რისკი იმისა, რომ იმის ნანგრევებში მოვყვებით, ყოველთვის მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ ამ პროცესს, მაგრამ ზედმეტი ოპტიმიზმი სწორი არ არის. საერთოდ, რუსეთის აღქმა მთელ მსოფლიოში, როგორც ჩანს, სწორად არ ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი არ არის ქვეყანა, რომლის სახელმწიფოებრიობაც ემყარება კეთილდღეობას და კეთილდღეობაზე შეტევით რუსეთს დაამარცხებ. ისტორიას თუ გადავხედავთ, რაც უფრო ცუდად ჰქონდა რუსეთს საქმე, მით უფრო ძლიერდებოდა შიგნიდან.
მაშინ გამოსავალი რა ჰქონდა დასავლეთს, გარდა სანქციებისა?
- მე ვფიქრობ, სანქციების პოლიტიკა მოკლევადიან დადებით შედეგს მისცემს რუსეთის მოწინააღმდეგეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბუმერანგივით შეუტრიალდება ყველას უკან, მარტივი მიზეზის გამო - იმავე ნავთობზე ფასების შემცირება გარკვეული პერიოდით პრობლემებს ბადებს რუსეთში, მაგრამ საბოლოო ჯამში, უკან დაუბრუნდება დასავლეთს. მსოფლიო ეკონომიკას მეტი გზა არ აქვს, უნდა გაიზარდოს, ანუ ნავთობპროდუქტების მოხმარება უნდა გაიზარდოს, ამიტომ ადრე თუ გვიან, დამთავრდება ნავთობზე ფასების კლება. გარდა ამისა, ეს ტენდენცია ავტომატურ სტრატეგიას კლავს და არარენტაბელურს ხდის, რაც უკავშირდება ფიქალის გაზს. ანუ, ეს ყველაფერი არის პატარა-პატარა ბუმერანგი, რაც უკან უბრუნდება დასავლეთს. რუსეთის ეკონომიკური პრობლემები რუსულ სამომხმარებლო ბაზარს კლავს, რაც პრობლემებს უქმნის კონკრეტულ ეკონომიკურ სისტემებს დასავლეთ ევროპაში. შესაბამისად, საშუალოვადიან პერსპექტივაში დასავლეთისთვის ძალიან მძიმედ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რადგან, რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთი ნამდვილად დგას კეთილდღეობაზე და დასავლელი საზოგადოება არ არის მზად პირადი კეთოლდეობის დათმობისთვის. გრძელვადიან თამაშში რისკები ძალზე მაღალია.
თქვენ ფიქალის გაზი ახსენეთ, ასევე, თურქმენეთი, ირანი, ყატარი, სადაც გაზის და ნავთობის დიდი მარაგია, რუსეთს დეგრადაციას არ უქადის და ეს ყველაფერი მცდარი გათვლებია რუსეთთან მიმართებით?
- რუსეთი არის ქვეყანა, რომელშიც თუ არსებობს იდეა და, სამწუხაროდ, ველიკოდერჟავულ იდეაზე დგას ეს ქვეყანა, ისინი უძლებენ ნებისმიერ გაჭირვებას. ამის ბევრი მაგალითია ისტორიაში. პირიქით, რუსები უფრო ბოროტდებიან და აგრესიულები ხდებიან, ამაშია პრობლემა. კი, ბატონო, ეს პრობლემები რუსეთში იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იყო დრო, როცა ნავთობი ღირდა 9, 10, 11 $ და რაღაცნაირად არსებობდა რუსეთი. ახლაც ამ ქვეყანამ ნავთობზე ფასების შემცირების საბიუჯეტო კომპენსირება ნაწილობრივ მოახერხა. თითქოს დევალვაცია ცუდია, მაგრამ გამომდინარე ნავთობის სავალუტო შემოსავლებიდან, გადაიფარა საბიუჯეტო დეფიციტი რუსეთში, რეგულირებადი გახადეს ძირითადი მოხმარების (საკვები და პირველადი მოხმარების საგნები) პროდუქტებზე ფასები. სამომხმარებლო ბაზარზე კი მსყიდველობითი აქტივობა შემცირდა, რამაც უკან დაარტყა მომწოდებელ ქვეყნებს, ანუ რუსეთში იმპორტიორ ქვეყნებს. აქ ისე არ არის, რომ ცალსახად რუსთი აგებს და სხვები იგებენ. დღევანდელი გლობალური ეკონომიკა ისეა აწყობილი, რომ შეუძლებელია, ვიღაც დააზარალო და ის უკან არ დაგიბრუნდეს.
მაგრამ ისტორიამ ისიც დაადასტურა, რომ იმპერიების ნგრევა გარდაუვალია. რუსეთის მიმართ ჩინეთის მზარდ ინტერესზე დაიმედებაც მცდარად მიგაჩნიათ?
- რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 13 წელია ინგრევა და ეს ნგრევა კიდევ გაგრძელდება. ეფექტური პოლიტიკა, როცა რუსული იმპერია დაიშალა, დათბობის პოლიტიკა იყო. ანუ რუსეთს დაშლის საფრთხე დაემუქრა და დაიშალა, ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს, როდესაც გარკვეული დათბობა იქნა, კედლებმა დაიწყეს რღვევა და რუსეთმა დაიწყო ინტეგრაცია გლობალურ სივრცეში. ეს იყო მთავარი მეტასტაზი, რამაც რუსეთი დაშალა. პრინციპში, ახლა ახალი კედლის აღმართვით და ცივი ომით რუსეთს კი არ ასუსტებენ, არამედ აძლიერებენ. კი, ბატონო, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩინეთზე, თუმცა სწორედ ჩინეთი გახდა რუსული ენერგომატარებლების დივერსიფიცირების უნივერსალური საშუალება და ჩინეთი კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს რუსეთს და დასავლეთში აჩენს დამატებით რისკებს. ისევე, როგორც თურქეთის მიმართულებით განვითარება ევროპულ პოლიტიკაში მაინცამაინც არ ჯდება და აქაც რაღაც პრობლემებია. ასე რომ, თეთრი და შავით დღეს მსჯელობა არ შეიძლება, ჩვენ შეიძლება ემოციურად მოგვწონდეს, რაც დღეს ხდება რუსეთში, მაგრამ ეს არის ემოციები. თუ ამოვალთ საქართველოს ნაციონალური ინტერესებიდან, შეიძლება, არცთუ სახარბიელო სურათი წარმოგვიდგეს, რასაც ჰქვია ემოციებს აყოლილი გამარჯვების ყიჟინა. ეს არის მოდურ ტრენდს აყოლილი ადამიანების ფეხების ბაგა-ბუგი, მეტი არაფერი.
თქვენ ახსენეთ დათბობის პოლიტიკა რუსეთთან, რამაც საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია, მაგრამ მაშინ ამერიკის ლიდერი იყო რეიგანი, როგორც მას უწოდებენ - „პოლიტიკოსი-მსახიობის ნიჭით“. ამ შემთხვევაში, ამერიკაში საპირწონედ არის ობამა, რომელსაც სუსტ და უპრინციპო ლიდერად მიიჩნევენ თავად ამერიკელები. თანაც, რუსეთთან დათბობის პოლიტიკა რომ წარმართულიყო, როგორ აღიქვამდნენ ამას თუნდაც უკრაინელები, თუნდაც ქართველები, რომლებმაც რუსეთის აგრესია პირადად იწვნიეს?
- ზუსტად ამაშია პრობლემა. სხვათა შორის, ობამას პირველი ვადა რომ გავიხსენოთ, მას ჰქონდა რუსეთთან გადატვირთვის მცდელობა. დღეს ობამასაც არ აქვს მარტივი არჩევანი, თუნდაც იმავე რისკებთან დაკავშირებით. ის, როგორც მსოფლიო ლიდერი, ვერ დახუჭავს თვალს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში. მსოფლიო წესრიგს, რომელიც მიჰყავდა შეერთებულ შტატებს და, რომელსაც ამკვიდრებდა დასავლეთი, შეექმნა გარკვეული საფრთხე რუსეთისგან. ობამა მალე უნდა წავიდეს პრეზიდენტობიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ პარტიული პოლიტიკა პრობლემატურია, ანუ ობამას სერიოზული შიდა პრობლემები აქვს და მას უნდა, თავისი შეცდომები გადაფაროს მისთვის არადამახასიათებელი ე.წ. მაჩოს პოლიტიკით. ობამას ძალიან უნდა, წასვლის წინ რუსეთი რაღაცნაირად დასაჯოს. შესაბამისად, ობამა იძულებულია, ასეთი ტიპის აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს და ეს მისი მხრიდან არის უფრო იძულებითი ნაბიჯი, ვიდრე მისი პოლიტიკური გემოვნების თემა. საბოლოო ჯამში, დღეს მე ვერავის გავამტყუნებ. რუსეთს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, მოიქცეს ისე, როგორც იქცევა, ანუ მისი ბუნებიდან, ისტორიული სახიდან გამომდინარე. დასავლეთსაც არ აქვს სხვა გზა, რომ სხვაინაირად მოიქცეს. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ჩიხი არ არის, მაგრამ რისკების შემცირების საფუძველი ჯერჯერობით გლობალურ პოლიტიკაში არ ჩანს. ორივე მხარეს უნდა, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, მაგრამ გამოვიდეს ისე, რომ სახე შეინარჩუნოს. ამის ფორმულა არც დასავლეთს და არც რუსეთს დღეს არ აქვს და ეს არის სახიფათო სიტუაცია.
კრემლის ანალიტიკოსის-სტანისლავ ბელკოვსკის პროგნოზი მკაცრია. ის არ გამორიცხავს, პოლიტიკური სცენა თავად პუტინმაც დატოვოს, ხოლო პრემიერი მედვედევი გადადგეს. მისი თქმით, რუსეთის ისტორიაში ყოფილა არაერთი გადატრიალება, ამიტომ პუტინის საპრეზიდენტო პოსტიდან ჩამოცილება სავარაუდოა.
- ჩემი აზრით, ესეც ემოციური გაგებაა რუსული ბუნების. მედვედევის გადადგომა არ არის გამორიცხული, მედვედევი შეიძლება ნამდვილად გახდეს განტევების ვაცი და ის გაიწიროს ზუსტად პუტინის მხრიდან. როდესაც დასავლეთი ამ სანქციების პოლიტიკას იწყებდა, ზუსტად ეს იგულისხმებოდა, მათი სამიზნე რუსეთი კი არ იყო, არამედ-პუტინი, რომ ამ პრობლემების გამო აუბუნტდებოდა პუტინს საკუთარი ხალხი თუ ელიტა და მას გადააყენებდნენ, მაგრამ ეს არის სისტემური ხარვეზი და რუსეთის არცოდნა. ამ პრობლემების წინაშე მდგარ პუტინს პატრიოტულ ნოტაზე შეუძლია, საზოგადოების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია მოახდინოს და ამისთვის ის უნდა იყოს საკმარისზე მეტად აგრესიული.
რატომ უნდა იყოს მედვედევი განტევების ვაცი, როცა პუტინს უნდა აწყობდეს ასეთი სუსტი ფიგურა მის გვერდით, რომლის ფონზეც ის ძლიერად წარმოჩნდება?
- პუტინს შეუძლია, კიდევ სხვა სუსტი ფიგურა მოიყვანოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც პრობლემებია, ვიღაცას უნდა დაბრალდეს. ეს არის მსხვერპლთშეწირვა, რაც პოლიტიკაში მიღებული წესია. ასე იქცევიან ყველა ქვეყანაში. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება, მედვედევი წავა თუ სხვა მოვა?! ამას ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო აქვს, საზოგადოებას ვიღაც უნდა „გადაუგდო“. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ პუტინის რეჟიმს რაიმე საფრთხე ემუქრება. ესკალაციამ შეიძლება კონტროლქვეშ გამოიყვანოს მთლიანად გლობალური პროცესები, რაც სახიფათოა. რუსეთი დასუსტდება, მაგრამ ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ შეუძლია, სრულ ბლოკადაშიც კი არსებობა.
ბოლო დროს საქართველოში ხშირად ისმის, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავარეგულიროთ, რადგან რუსული დათვი მაინც ჩაგვყლაპავს, ნატომდე კი შორია. ასევე, პუტინი თითქოს რბილად საუბრობს აფხაზეთის საკითხზე და მას ესმის, რომ „ეს ქართველი ერის ტკივილია, მაგრამ რა ქნას, როცა თავად აფხაზებმა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ გადაწყვიტეს რუსეთთან დარჩენა? საქართველოში რუსეთთან დაახლოების მცდელობას სკეპტიკურად უყურებთ?
- ამას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ჩვენი პოზიციები იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ რაიმე ტიპის სისტემურ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია. რუსეთმა ცალსახად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი. არ მინდა, მაჟორულ ტონებში ვილაპარაკო, მაგრამ მისი საოკუპაციო ძალები დღეს დგანან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთისგან ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ჩაურევლობა, ვიდრე მათთან გასაღების ძიება ან მათთან მოლაპარაკება ჩვენი შიდაპრობლემების გადასაწყვეტად. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შეუძლია რუსეთს და რაზეც პუტინი ლაპარაკობდა (არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ამას გულწრფელად ამბობდა) ისაა, რომ პუტინის ფორმულა სწორია - ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენს თანამოქალაქეებს, აფხაზებსა და ოსებს მოველაპარაკოთ, მათ ვაგრძნობინოთ, რომ საქართველოში მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა ელით, რომ მათთვის უფრო საინტერესოა ერთიან ქართულ სივრცეში ყოფნა, ვიდრე ერთიან რუსულ სივრცეში. თუ რუსეთი მოგვეხმარება ამ პროცესში, კი ბატონო.
აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ქართველების გენოციდისა და გამოყრის შემდეგ იქ ქართველთა რაოდენობა შემცირებულია. დღეს იქ დარჩენილი აფხაზები და ოსები მოინდომებენ ჩვენთან ურთიერთობას?
- ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა ამის პრეცედენტი არსებობს. ერთხელ უკვე გვქონდა ერგნეთის ბაზრობა, რაც ჩვენი უგუნურებით დავმარხეთ. აქედან გამომდინარე, ეს ფორმულა არსებობს. იმისთვის, რომ ამ გზას დავადგეთ, უნდა ვიყოთ უკეთესები, ვიდრე რუსეთია ეკონომიკურად და ფუნდამენტური თავისუფლების თვალსაზრისით. აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ კარგსა და ცუდს შორის და არა - ცუდსა და უარესს შორის.
და პენსია იქ უფრო მეტი არ უნდა იყოს, ვიდრე საქართველოში.
- რა თქმა უნდა, მინიმუმ, ასეთი რამ მაინც უნდა მოგვარდეს.