საქართველო რიგის სამიტის და ევროპაში უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია

საქართველო რიგის სამიტის და ევროპაში უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია

იმის მიუხეადავად, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საშინაო დავალებებს შესანიშნავად ასრულებს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რამდენადაც თქვენ საშინაო დავალებას შესანიშნავად ასრულებთ, რა თქმა უნდა, იმედი არის, რომ რიგაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაძლოა, ნამდვილად განხორციელდეს, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს გადაწყვეტილება თქვენი ხალხისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქეით პენტუს-როსიმანუსმა.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს ესტონეთის პირველმა დიპლომატმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ქეით პენტუს-როსიმანუსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხში, როგორც დაუყოვნებლივ ნიშანს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებისა და პირდაპირ ბენეფიტს მოსახლეობისთვის. ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და უფლება გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, დაიცავს რა დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებასა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის თავისუფლებას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ნიშანი იყო.

„ჩვენი საერთო მიზანია ვიზის ლიბერალიზაცია და მომდევნო თვეებში ერთად ვივლით ამ გზაზე. ევროპის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული ევროპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თქვენთან ერთად იმუშავებს კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხით. გუშინ დადასტურდა სრული რწმენა, ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის გამყარდა და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გზაზე, რომელზეც ერთობლივად დავდექით. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ საქართველო, როგორც სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა მაღალგანვითარებულ ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, არ უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ რიგის სამიტის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენ მეორე დღესვე უკვე თავისუფლად, უვიზოდ ვიმოძრავებთ შენგენის ქვეყნებში.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლას აქვს ორი განზომილება. ერთია ტექნიკური და მეორე პოლიტიკური. მინისტრის განმარტებით, ტექნიკური ითვალისწინებს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ორი ფაზის დასრულებას, რომელიც არის ჩვეულებრივი პროცედურა და რომელსაც ყველა ქვეყანა გადის, რომელიც ამ პროცესშია ჩართული.

„საქართველოს აქვს მთელი რიგი ვალდებულებები, განახორციელოს ორი ფაზით განსაზღვრული ამოცანები. როგორც ვიცით, პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა. გადავედით მეორე - საიმპლემენტაციო ფაზაზე, ჩვენი ამოცანაა, ყველა ვალდებულება ყველა ამოცანა უნდა შესრულდეს რიგის სამიტამდე და მივიღოთ რეკომენდაცია ევროკომისიიდან, რომ საქართველო მზად არის მიიღოს უვიზო მიმოსვლა.

ამას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. არ უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ რიგის სამიტის შემდეგ, ჩვენ მეორე დღესვე უკვე თავისუფლად ვიმოძრავებთ შენგენის ქვეყნებში. რიგაში ველით დადასტურებას იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი, რაც მასზე იყო დამოკიდებული, ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, შეასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ დადასტურებას მიიღებს“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოზიციაა რომ ვიზა ლიბერალიზაციის თარიღების დასახელებისგან თავი შეიკავონ.

„გასაგებია, მისასალმებელია ის გამამხნევებელი მესიჯები, რაც მოდის ევროპისგან, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ თარიღების დასახელებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ეს არის სწორი მიდგომა“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.