„მთავრობას ახალი სახეები და იდეები სჭირდება, რადგან ეს ყველაფერი გაცვდა“

„მთავრობას ახალი სახეები და იდეები სჭირდება, რადგან ეს ყველაფერი გაცვდა“

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, გაზაფხულზე, პოლიტიკაში დაბრუნდეს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, არ არის გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ სათავეში ჩაუდგეს. ამასთან, მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების პარალელურად, სამთავარობო ცვლილებები განხორციელდეს.

პოლიტიკურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების შეფასების მიზნით, for.ge გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების მოლოდინი გააქვთ?

- პოლიტიკიდან მისი წასვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო. პრემიერი ივანიშვილი რომ ყოფილიყო, „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაღვივებული კონფლიქტი იმ სახეს და ფორმებს არ შეიძენდა, რაც საბოლოო ჯამში შეიძინა. ეს ყველაფერი სამწუხარო და სავალალო ამ ქვეყნისთვის არის, რომელმაც კოალიცია იმ სახით აირჩია, როგორც აირჩია. ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მობრუნებას დააპირებს თუ არა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ახლა უამრავ რაიმეს გაიგებთ, რომ მისი უხილავი ხელი პროცესებს მართავს. ასეთი საუბრები რომ შეწყდეს, ის პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ღიად თქვას, რომ ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი სწორედ ის არის და „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული სწორედ მასზე არის. თუ ივანიშვილი ამას ღიად და დაუფარავად გააკეთებს, ამაში ცუდი არაფერი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საუბრები გაგრძელდება, რადგან ეს ინსინუაციები არ არის და ძალიან ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს და არა ღარიბაშვილი. ერთი კვირის წინ, პრემიერმა თქვა, რომ არავითარი ცვლილებები აღარ იქნებაო, მაგრამ მეორე დღეს, ლამის ნახევარი შინაგან საქმეთა სამინისტრო სახლში გაუშვეს. ეს ფაქტი კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არასერიოზულად წარმოაჩენს. ფაქტია, რომ ყველა გზა ივანიშვილამდე მიდის.

ექსპერტები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე აპელირებენ. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ალბათობას ხედავთ?

- ჩვენი კონსტიტუციით მსგავსი ალბათობა, თითქმის, გამორიცხულია. ან მთავრობა უნდა გადადგეს და პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ უნდა გამოუცხადოს, ან მიყოლებით სამჯერ ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცდეს. არ მგონია, ამგვარი უმრავლესობის ხელში მთავრობას ან ერთი ემუქრებოდეს, ან მეორე. თანაც, 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და 2015 წლის ბოლომდე ბიუჯეტით კრიზისის გამოწვევა გამორიცხულია. უფრო მეტად, გაზაფხულზე მთავრობის გადაყენებას უნდა ველოდოთ. უნდა აღინიშნოს, რომ რიგგარეშე არჩევნები ქვეყანას არ აწყობს, რადგან ეს პროცესი დიდ ენერგიას და ფულად სახსრებს მოითხოვს. მართებულად არ მიმაჩნია ახლა ხელოვნური კრიზისი გამოვიწვიოთ, საზოგადოება ავაფორიქოთ და მოლოდინი შევქმნათ, რომელიც შეიძლება კიდევ არ გამართლდეს. საზოგადოება ნიჰილიზმშია ჩავარდნილი და არ ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები გვჭირდება.

ანუ, შესაძლებელია, გაზაფხულზე, მთავრობაში ახალი გუნდი ვიხილოთ?

სავარაუდოდ, ახალი სამთავრობო გუნდის წარდგენა სადღაც გვიან გაზაფხულზე მაინც მოხდება. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს მინისტრებით ლავირების საშუალება არ აქვს, რადგან მას მხოლოდ ოთხი მინისტრის შეცვლის უფლება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.

მთავრობაში საკუთარ უფლებამოსილებას თავს რომელი მინისტრი ვერ ართმევს?

- სოზარ სუბარი სამინისტროსთვის გამოყოფილ ფულს ვერ ხარჯავს და არ მგონია, ის ამ თანამდებობაზე უნდა მუშაობდეს. ღარიბაშვილს უნდა ჰკითხოთ, მას მინისტრები თუ მოსწონს. როგორც ხედავთ, „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში ყველაზე მეტად სოზარ სუბარი აქტიურობს და სავარაუდოდ, ჩვენს თემასთან დაკავშირებით, ის სპიკერად აირჩიეს. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მაგრამ 2010 წელს ვიხსენებ, როდესაც სუბარმა ირაკლი ალასანია სერგეი ლავროვთან შეხვედრის გამო, ლამის ქართული სახელწმიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. ის პერიპეტიებიც მახსოვს, რაც ამ პროცესს მოჰყვა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა სოზარ სუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან გასულ კვირას გააკრიტიკა, მინისტრმა კი, ონოფრიშვილის მისამართით განაცხადა, რომ ის როგორც ოპოზიციონერი კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს. ამ დაპირისპირებაზე საუბრობთ?

- თუ ხელისუფლებას ჩვენი პოსტებიდან გადაყენება უნდა, გადაგვაყენონ და ჩვენი გუნდის წევრებს ისე ნუ გამოხშირავენ, რომ თქვან, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცაგარეიშვილი უნდა იყოს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ონოფრიშვილმა პოსტი დატოვოსო. შემოვლითი მანევრები საჭირო არ არის და თქვან, რომ „თავსუფალი დემოკრატები“ საფრთხეს წარმოადგენენ და ამიტომ პოსტები უნდა დატოვონო. ხელისუფლება ისე დასუსტდა, რომ ერთი ონოფრიშვილის ეშინია? არ მგონია, რომ ეს დამოკიდებულება ხელისუფლებას სერიოზულად წარმოაჩენდეს, რადგან კომიტეტების თავმჯდომარეები უამრავ ქვეყანაში ოპოზიციონერები არიან. საღად მოაზროვნე ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რომ პარლამენტში მაყეფარი ძაღლი ჰყავდეს, რომელიც სუბარისნაირი მინისტრებს შეცდომებზე მიუთითებს. გავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გარემოს დაცვის სამინისტრო მკაცრად გავაკრიტიკე და ვთქვი, რომ ფულს ვერ ითვისებენ-თქო? ამაში ცუდი რა არის? სჯობს, ოპოზიციის მხრიდან შენიშვნები გამოითქვას, ვიდრე ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვას. ეს მთავრობა წინამორბედის ტენდეციებს ნუ გაიმეორებს, როდესაც ნაციონალები ოპოზიციისგან მტრის ხატს ხატავნენ და ჩვენ, ლამის, ქვეყნის მოღალატეებად წარმოგვაჩენდნენ. თუ დავით ონოფრიშვილის წესიერება მისი ნაკლია, მაშინ ის თანამდებობიდან გადააყენონ და ჩვენც მიგვაყოლონ.

არ მგონია, პარლამენტი და სამთავრობო გუნდი იმაზე უნდა ფიქრობდნენ, საკანონმდებლო ორგანოს რამდენი კომიტეტის თავმჯდომარე ეყოლება „თავისუფალი დემოკრატი“. „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მეტი სადარდებელი არ აქვს? თურმე, გუნდის სისუსტეა ის, რომ ონოფრიშვილი კომიტეტის თავმჯდომარეა და მაინტერესებს, ბატონ სუბარს, მეტი სუსტი წერტილი არ მოეძებნება? ჩვენი მხრიდან კრიტიკული შეფასებები მომავალშიც გაგრძელდება და ვნახავთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს გამძლეობა სადამდე ეყოფათ. როგორც ჩანს, სუბარს ალასანიასთან მიმართებაში უსიამოვნო დანალექები აკავშირებს, რაც მან ვერ გადალახა. ეს მისი სისუსტეა და არა ონოფორიშვილის.

სოზარ სუბარის საქმიანობა არ მოგწონთ, წარმატებით რომელი მინისტრი მუშაობს?

- მინისტრები არიან, რომლებიც წარმატებისთვის ცდას არ აკლებენ. თეა წულუკიანი და კახი კალაძე ძალიან აქტიურად მუშაობენ. კალაძე ენერგეტიკის სფეროდან ძალიან შორს იყო, მაგრამ ამ სფეროში ყველაზე ჩახედულ ადამიანად მოგვევლინა. დროა, სუბარისნაირი მინისტრები პოსტებიდან მიბრძანდნენ და სხვა საქმით დაკავდნენ.

გასულ კვირას, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პოსტები იმ პირებმა დატოვეს, რომელთაც ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა. ეს ადამიანები თანამდებობებიდან ვინ გაუშვა?

- ეს ადამიანები თანანმდებობებიდან შემთხვევით არ წასულან. ერთ მშვენიერ დღეს, როგორც რიყეზე მდებარე რესტორნების მესაკუთრეებმა ქონება საკუთარი ნებით არ დათმეს, ეს ადამიანებიც საკუთარი სურვილით პოსტებიდან ისე არ წასულან. როგორ გგონიათ, თერთმეტმა ადამიანმა გაიღვიძა და თქვა - სახლებში წავედით, თანამდებობებზე ვერ ვივარგეთო? ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან პოსტებიდან სწორედ ღარიბაშვილის ახლობლები და მეგობრები გაუშვეს. საზოგადოებას ნაცარს თვალებში ნუ შევაყრით და ნარნარი სახით ნუ ვიტყვით, რომ ამ სამეფოში არაფერი მომხდარა, ყველაფერი კარგად არის და ყველა ბედნიერია. ეს წინა წლებში გავიარეთ და ვთქვათ, რომ ღარიბაშვილის კადრები გაათავისუფლეს. ეს ხალხი ვინ გაუშვა? - ღარიბაშვილი იმ ტოტს არ მოჭრიდა, რომელზეც ზის და საინტერესოა, ტოტი ვინ მოჭრა?!

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილმა დასაჯა?

- არ ვიცი, დასჯის რა ფორმები შეირჩა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გარემოცვის წევრებს პოსტების დატოვება მოუწიათ. მომხრე ვარ, რომ ეს მარჩიელობა შეწყდეს და პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმა აიღოს. ვაღიაროთ, რომ არა ეს ადამიანი, დღესაც ჭაობში ვიქნებოდით ჩაფლულნი. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მან ლიდერის თვისება ვერ გამოამჟღავნა თუნდაც, „თავისუფალ დემოკრატებთან“ მიმართებაში. ის იმ მოვლენებში, როგორც ლიდერი, არ მოქცეულა. მას ბევრად სხვანაირად შეეძლო მოქცეულიყო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მას რომ ელიდერა, პრობლემები პრობლემად არ გადაიქცეოდა. უმრავლესობიდან ჩვენი წამოსვლით, „ქართულ ოცნებას“ და ღარიბაშვილს როგორც ლიდერს რაიმე შეემატა? პროცესები ხელოვნური იყო და პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, პრობლემები უნდა მოეგვარებინა. როცა სადავეები ხელიდან გაგექცა და ვერ ლიდერობ, პასუხისმგებლობა შენზე გადმოდის. „თავისუფალი დემოკრატები“ გამოწვევებს თავს ღირსეულად გავართმევთ.

საუბარია, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჩაანაცვლოს. მსგავსი რამ, მოსალოდნელია?

- ამგვარი რამ მეც გავიგე. საქართველოს მთავრობას ახალი სახეები და იდეები სჭირდება, რადგან ეს ყველაფერი გაცვდა და აღარ იყიდება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ანზრო ჩუბინიძე დაბრუნდა, ხოლო შს მინისტრის პირველ მოადგილედ ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსები იყვნენ, შესაბამისად, მათი პოსტებზე დაწინაურება, რას ნიშნავს?

- თავის დროზე, ჩუბინიძისგან რა უნდოდათ, ვერ გავიგე. ის ძალიან გაბედული ადამიანია და მას 1-ელ ოქტომბრამდე თავი ჰქონდა გადადებული. ერთ მშვენიერ დღეს, მას უთხრეს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაგნიშნავთ, 4000 ლარი ხელფასი გექნება და კარიერა დაამთავრეო. არ მგონია, რომ მისი პოსტიდან წასვლა ამ სამსახურისთვის კარგი ყოფილიყო. როგორც ჩანს, პრემიერი ფიქრობს, რომ ამ სამსახურში საქმე კარგად ვერ არის და ამიტომ, ჩუბინიძე უკან დააბრუნა. კარგი იქნება თუ პრემიერი გამობრძანდება და იტყვის, უწყებაში, სადაც 53 მლნ ლარი იხარჯება, რა პრობლემებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა აღიარონ, რომ ჩუბინიძის პოსტიდან გაშვება შეცდომა იყო.

თავის დროზე, ჩუბინიძე პოსტიდან ვინ გაუშვა?

ღარიბაშვილმა, რომელმაც ახლა უკან დააბრუნა.