ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი ბოლო შესწორებებით დაამტკიცა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების ხმის მიცემის პროცესში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა. აქედან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი სულ 491 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 84 წინააღმდეგი იყო, 63-მა კი თავი შეიკავა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია 10-მა ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია - ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი და შვედეთი.
რეზოლუციის მე-11 პუნქტში შესული შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის“ შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას და ამას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ მსგავსი ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს ცხინვალის რეგიონთანაც.
გარდა ამისა, შესწორება შევიდა რეზოლუციის მე-15 პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს წინა მთავრობისა და მოქმედი ოპოზიციის რამდენიმე წევრის გასამართლების, დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო. რაც შეეხება 22-ე პუნქტს, სადაც საუბარია საქართველოში ისლამოფობიასა და ჰომოფობიაზე, ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივი ქმედების ყველა დამნაშავე წარსდეს მართლმსაჯულების წინაშე.
საქართველოს შესახებ რეზოლუცია მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა.
ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზში ქართული დელეგაციისთვის გამოყოფილ ლოჟაში ისხდნენ. ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე და საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, ევროპარლამენტის დღევანდელი სხდომის ხელმძღვანელმა საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილი წარუდგინა და მას სტრასბურგში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შემდეგ სიტყვა უკვე „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ქრისტიან პრედამ ითხოვა, რომელიც მიესალმა მიხეილ სააკაშვილს.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირებისთვის მადლობას უხდის. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხის ასახვა რეგიონში სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთთან.
საქართველოს თემაზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, ანდრეს მამიკინსის განცხადებით, რატიფიცირების შემდეგ შესაძლებელი გახდება, დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალ სავიზო მიმოსვლაზე, საქართველოს სრულ წევრობაზე ევროკავშირში. მისივე თქმით, დღევანდელი დღე, როდესაც ხდება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში.
„დღევანდელი დღე ისტორიულია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან კარგი სამუშაო გატარდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ მოლაპარაკებები თავისუფალ სავიზო მიმოსვლაზე და ასევე საქართველოს სრულ წევრობაზე ევროკავშირში. რამდენადაც თქვენ იცით, ევროკავშირის ფილოსოფია გაფართოებაა. საქართველო კი ევროპული ქვეყანაა და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, ასოცირების შეთანხმებით გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ევროკავშირის დიდ ოჯახს. პრეზიდენტის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამყარებულია იმაზე, რომ ყველა ერს მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა პოზიცია ევროკავშირთან მიმართებაში. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ შევუერთდეთ ევროკავშირის დიდ ოჯახს. საქართველოს ისტორიული და პოლიტიკური როლი არის ის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები. მადლობა ჩემს კოლეგებს იმისათვის, რომ კარგად იმუშავეს და სწორი განცხადებები გააკეთეს. ეს რეზოლუცია ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მიშვნელოვანია. ამ რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ქმედებები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ აფხაზეთთან ე.წ შეთანხმების გაფორმების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, გამოძიების დროს კი პოლიტიკური მოტივაცია გამოირიცხოს, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ვითარება არ არის მარტივი, რადგან ხელისუფლების ცვლამ გარკვეული ცვლილებები მოიტანა, განსაკუთრებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით.
„სასამართლოებთან დაკავშირებით გვჭირდება დრო. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირდება. ევროპარლამენტარების განცხადებები ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მათ ყურადღებით ვუსმენ, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი და მის დასრულებას დრო სჭირდება. კანონებსა და პროცედურებზე დაკვირვებით ჩვენ მოვახერხებთ სწორი ბალანსის პოვნას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა მიმართულებით.
„პრაქტიკულად, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და გამთლიანებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებმა ის სიკეთეები მალე მიიღონ, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. საქართველო ინტენსიურად ჩაერთო რეფორმირების პროცესში. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი ევროპიზაციის გეგმა.
ეს იქნება უსაფრთხოების, განვითარების სტაბილურობის საწინდარი და ხელს შეუწყობს მრავალ რეფორმას ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ყველა წევრი. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დროულად გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში დაფიქსირდა პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განიცადა, რამაც მიგვიყვანა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე, რამაც მიგვიყვანა იმ პროგრესამდე, რომელიც საქართველომ თუნდაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა ინსტრუმენტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით.
„ეს დოკუმენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც რომ იქ ასახული და დაგმობილი იქნება პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გაატარა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის რეკომედაციები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყურადღებით გაეცნობა და ის რეფორები რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, გაგრძელდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული პრემიერ-მინისტრის მიერ რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის კინოდარბაზიდან ადევნებდნენ თვალს. უმრავლესობის წევრები რატიფიცირებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. კენჭისყრის შემდეგ დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი გაისმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში კი საქართველო ევროკავშირის ერთობის აღმნიშვნელი ტორტი გაიჭრა.