“მაგისტრალური გაზსადენი რუსეთისთვის შეთავაზების მეორე ნაწილია“

“მაგისტრალური გაზსადენი რუსეთისთვის შეთავაზების მეორე ნაწილია“

[მანანა აბაშიძე]
ამ კვირის ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ხელისუფლება აღარ უარყოფს, რომ ის შესაძლოა გაიყიდოს. სხვათაშორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის მცდელობა ადრეც იყო.

„ვარდების რევოლუციიდან“ სულ ცოტა ხნის შემდეგ, ახლად მოსულმა ხელისუფლებამ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე დაიწყო საუბარი. მაშინ ამბობდნენ, რომ არ არსებობს არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და „ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს სინდისის გარდა“ – აცხადებდა კახა ბენდუქიძე. თავად მაგისტრალურ გაზსადენზე კი ამბობდა, რომ „უბრალოდ ტრუბაა“.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ პირველი მცდელობისას ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ობიექტი ფაქტობრივად, ამერიკამ გადაარჩენა. ბევრმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მკაცრი განცხადებები გააკეთა. ამას დაემატა, საქართველოში ამერიკის საელჩოს აქტიურობაც.

ერთ–ერთ ქართულ ტელეკომპანიას ამერიკიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ საკითხებში ცნობილი ამერიკელი ექსპერტი, ზეინო ბარანი (სხვათაშორის, ახლა ის ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მეთიუ ბრაიზას მეუღლე გახლავთ). რამდენადაც ეს, პოლიტკორექტულობის გათვალისწინებით იყო შესაძლებელი, მან თითქმის ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მაგისტრალური მილსადენისთვის თავი დაენებებინათ.

პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადება ერთგვარად, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებული პოლემიკა დასრულდა. ამის შემდეგ, წლების განმავლობაში, ხელისუფლებას ამ თემაზე აღარაფერი უთქვამს.

რატომ გაჩნდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის თემა ხელახლა? რით არის ეს განპირობებული? არის ეს ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკური ფაქტორები? „პრესა.გე“ „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

– სამწუხაროდ, ეს გახლავთ ნაწილი იმ გეგმისა, რომლის გახორციელებასაც იწყებს ხელისუფლება რათა მიიღოს წყალობა კრემლისგან და დაიწყოს დიალოგი კრემლსა და ავლაბრის რეზიდენციას შორის. სხვა მოტივაცია ახლა ამ საკითხის წამოწევისა, არ არსებობს. სხვათაშორის, გაზსადენი არ გახლავთ ერთადერთი. არის ასევე რკინიგზა, რომელიც ასეთივე დღეშია – კრიტიკულ სიტუაციაში ექსპერიმენტის თემადაა ქცეული და გასხვისებას ელოდება.

თავისთავად, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებები ამ თემაზე – რომ არაფერი არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა გაიყიდოს ეს „მილი“ – გვაჩვენებს, რომ რეალურად, ჩვენს ხელისუფლებას მოსკოვი უფრო ეძვირფასება ვიდრე, ვაშინგტონი. ამის დამადასტურებელი ფაქტები ადრეც არაერთხელ ყოფილა.

ჩვენ მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ვსაუბრობთ სტრატეგიულად, პოლიტიკით დასავლეთისკენ მიმართულ ვექტორზე, ამავდროულად ეკონომიკაში ვეგუებით ჩრდილოეთისკენ მიმართულ სტრატეგიას.

დღეს აღარ არის საუბარი იმაზე, რომ დავდგეთ საზღვრის დასაცავად ჩვენი მებაჟეებით თუ მესაზღვრეებით როკის გვირაბთან ან ფსოუზე; აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ამა თუ იმ პირობის შესრულების გარეშე საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ მოაწერს ხელს...

დღეს უკვე დაუფარავად არის აღიარებული, რომ უპირველესი პრიორიტეტი გახლავთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყანაში. ისინი მზად არიან გაასხვისონ ყველაფერი, ვინაიდან საკუთარი შემოსავლების წყარო ბევრად მეტი ეგულებათ ვიდრე, რუსეთს შეუძლია ფიზიკურად იყიდოს ამ ქვეყანაში.

მაგრამ რა აუცილებელია ვიფიქროთ, რომ ან მაგისტრალურ გაზსადენს ან თქვენს მიერ დასახელებულ რკინიგზას მაინცდამაინც რუსული კომპანია იყიდის? იქნებ ამერიკული, დასავლური კომპანიები დაინტერესდნენ გაზსადენით?
– დასავლური კომპანიებისთვის ეს მაგისტრალი არის ჩიხი; რუსეთისთვის ეს გახლავთ ტრასა – სომხეთ–ირანის მიმართულებით. სხვთაშორის, მისი სომხეთის მონაკვეთი რუსეთს უკვე შეძენილი აქვს. გარდა ამისა, ასეთი გოპოლიტიკური ინტერესი – რომ მხოლოდ ზუგდიდიდან წითელ ხიდამდე ჰქონდეს მილი – რასაკვირველია არც ერთ ჭკუათმყოფელ დასავლურ კომპანიას არ ექნება. როგორც ნაწილი, სტრატეგიული მნიშვნელობის მილისა, ეს უდავოდ რუსეთის ინტერესებში გახლავთ. სხვა, მისი შემცილებელი არავინაა.

რა თქმა უნდა, სიტუაციის შესარბილებლად, ისევ რუსეთთან გარიგებული რომელიმე კომპანია შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც ამ შეთანხმებაში გარკვეული „ფარდის“ როლს შეასრულებს.

აპრილში, ბირთვულ სამიტზე, პრეზიდენტმა რადიოაქტიური ნივთიერებების მცირე ოდენობის – გრამების – საქართველოს ტერიტორიაზე გატარების აღკვეთის მცდელობის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, უცნაურად ხშირად საუბრობენ საქართველოზე ირანთან მიბმით: ხან მის პრეზიდენტს იწვევენ საქართველოში, ხან კიდევ რაღაც სხვა თემა აქტიურდება... იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ეს მიმართულება ფაქტობრივად უყურადღებოდ იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, რა ხდება, რატომ გააქტიურდა ირანთან ამა თუ იმ ტიპის ურთიერთობების თემა?
– როგორც ვიცი, უკანასკნელ დღეებში ჩვენმა პრეზიდენტმა უკვე უარყო, რომ ირანის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტის შესახებ საუბარი. როგორც ჩანს, ამ თემას ასე ვთქვათ, გაკვრით შეეხნენ პარიზში ვიზიტისას.

უფრო საფიქრალია, რომ ირანის თემა საკუთარი პერსონის აქტუალიზაციისთვისაა შემოგდებული ხელისუფლების მხრიდან – როგორც, დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლის დამკვიდრების მცდელობა. მაგრამ ჩემი აზრით, არასერიოზულია.

ირანის პრეზიდენტს ჰყავს როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეები – მისივე „წონის“ ფიგურები; საქართველოსთან შეიძლება რაიმე ურთიერთობების გაკეთილშობილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე ტიპის პარტნიორობას. სააკაშვილი ვერ შეცვლის გაეროს სანქციებს, რომელსაც ასევე უჭირს რაიმე კონსენსუსის მოძებნა საკუთარი წევრი ქვეყნების დაპირისპირების პროცესში.

ამ სტრატეგიული ობიექტის, მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის თემა სწორედ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი ქლინთონის ვიზიტის წინ გააქტიურდა. ეს შემთხვევითი დამთხვევაა?
– ეს თემა გააქტიურდა მეორე დღეს – მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ყოველგვარი პირობების გარეშე შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებას. პრაქტიკულად, გაზსადენი სააკაშვილის წინადადების მეორე ნაწილია: აგერ ბატონო, წლების განმავლობაში რომ გინდოდათ და ვერ მოგართვით, აგერ გამზადებულია, შეგიფუთავთ და ძღვნად მოგართმევთ...

ერთი დაინტერესდით, ვინ მოახდინა რკინიგზის ტელეკომის პრივატიზაცია – თუ იპოვით თუნდაც ერთ სიტყვას სადმე, რომელიმე საიტზე... პრეზიდენტის ბრძანებულებას ელოდებიან ტენდერის შედეგთან დაკავშირებით. ყველა უარს ამბობს რაიმეს თქმაზე; ყველა ერთი და იგივეს იმეორებს: იქნება პრეზიდენტის ბრძანებულება და ვიტყვით ვინ მოიგო...

დიდი ხანია უკვე რაც ტენდერი ჩატარდა, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობას არავინ ამბობს. იქამდე, სანამ საიდუმლოებების სკივრადაა ქცეული საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება, ალბათ ჟურნლისტები ცოტა უფრო აქტიურები უნდა იყვნენ რათა გაირკვეს, რომელი ინფორმაციებია აყვანილი სახელმწიფო საიდუმლოს რანგში.

„რაქიინი“ ვინ არის, რას და ვისი ფულით აშენებს ვერ გავიგე; ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ვინც გვეგონა, არაბი, იმ კაცმა თქვა ჩემი არ არისო...ანუ დადასტურდა რომ არაბების კი არა, ქართველებისაა და ა.შ.

ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასთან ასეთ თავხედურ ურთიერთობასაა მიჩვეული, რასაკვირველია, საკუთარ მადას თავად არ შეიზღუდვს. სამწუხაროდ, ის უკვე გაცდა ზომიერების იმ საზღვარს, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მშვიდი გადაცემა ხელისუფლებისა ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ სფეროში; დღევანდელმა ხელისუფლებამ – ვერ მოთოკა რა თავისი გაშმაგებული მადა – უკვე აიძულა მომავალი ხელისუფლება, რომ თავისი საქმიანობა კვლავ ქონების გადანაწილებით დაიწყოს. ეს ნამდვილად ტრაგიკული მომენტი იქნება ნებისმიერი მომავალი ხელსუფლებისთვის.

შესაძლებელი იქნება მაგისტრალური გაზსადენის დაცვა?
– რასაკვირველია შესაძლებელი იქნება. ჯერ ერთი, თუ რომელიმე გონებაჩლუნგს ჰგონია, რომ ეს თემა ამერიკასთან სავაჭროდ შეიძლება გამოდგეს, ნამდვილად ნაცარში ჩაუვრდება კოვზი. მაგრამ თუ ხელისუფლება ამ თემიდან გამომდინარე რაიმე სხვა ტიპის სატყუარას მიიღებს, არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი შეიცვალოს.