ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში რაოდენობრივი შეზღუდვა არ იქნება

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში რაოდენობრივი შეზღუდვა არ იქნება

[რეზონანსი]

აპრილის პირველ ნახევარში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ - მესამე ეტაპი გამოცხადდება. პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, მესამე ეტაპი წინა 2 ეტაპისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. სავარაუდოდ, შეიცვლება პროექტში მონაწილე დეველოპერული კომპანიების მიმართ პირობებიც. რა სახის ცვლილებებია და რა ვადაში განხორციელდება მესამე ეტაპი, დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება. მესამე ეტაპის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება.

პროექტის პირველი ორი ეტაპის ფარგლებში დეველოპერებმა მერიის გარანტიით ბანკებისგან 90 მილიონამდე ლარი მიიღეს. მთლიანობაში თბილისში 25 მშენებარე ობიექტი უნდა დასრულდეს. პროექტის მიზანია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება და ძველი თბილისის მოსახლეობის ახალი ბინებით დაკმაყოფილება.

წესით, პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მესამე ეტაპის გამოცხადება 2010 წლის ბოლოს იგეგმებოდა. ამ დროისთვის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო მეორე 2012 წლის ბოლომდე ჩამთავრდება.

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მხოლოდ ათამდე დეველოპერული კომპანია მონაწილეობს. როგორც ცნობილია, პროექტის მიღმა დარჩნენ უმსხვილესი დეველოპერები „აქსისი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და „ნიკე“. პროექტის პირველ ეტაპში კი 11 კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც ბანკებისგან 53 მილიონი ლარი მიიღეს. საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მესამე ეტაპში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ იქნება.

სახელმწიფოს მხრიდან პროექტი აღიქმება, როგორც კარგი და დროული გათვლა უძრავი ქონების ბაზრის გადარჩენისათვის. უძრავი ქონების დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არის საერთაშორისო სივრცეში საუკეთესო მაგალითი, რამაც სამშენებლო სეგმენტს კრიზისის დაძლევის შანსი მისცა და მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნა ის.

პროექტი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ისტორიული უბნების რეაბილიტაციასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს. სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ კარგი სიგნალია მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სამშენებლო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კაპანაძე მესამე ეტაპის მიმდინარეობის დეტალებზე ჯერ არ საუბრობს. თუმცა, არ მალავს, რომ დეველოპერულ კომპანიებს ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეობის მისაღებად მეტი შანსი ექნებათ და მათი რაოდენობა არ შეიზღუდება.

კაპანაძის ინფორმაციით, მეორე ეტაპი 2012 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად დაეხმარება უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებას.

„დეველოპერების ასოციაციას“ უკვე შევხვდით და გადაწყდა, რომ მესამე ეტაპის პრეზენტაცია აპრილის პირველ ნახევარში მოეწყობა. დეტალებზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არ არის, შესაბამის განცხადებას დედაქალაქის მერია უახლოეს დღეებში გააკეთებს.  ჩვენმა კომპანიამ - „აქსისმა“ - პროექტის მხოლოდ პირველ ეტაპში მიიღო მონაწილეობა, მეორეში ვერ გავედით. როგორც ჩანს, ის დეველოპერები გავიდნენ, რომლებსაც მეტი დახმარება სჭირდებოდათ.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 90 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. რამდენადაც ვიცი, პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია, მეორე მომავალი წლის ბოლომდე დამთავრდება. ჯამში, მცირე თანხა არ არის დახარჯული, თუმცა სამშენებლო სფეროს პრობლემების მოსაგვარებლად გაცილებით მეტი სჭირდება. ვფიქრობ, პროექტი სამშენებლო ბიზნესს მნიშვნელოვნად დაეხმარა, მაგრამ არა მასშტაბურად, გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი პროექტის მესამე ეტაპის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ჯერ არ ფლობს. „არსი“ პროექტის წინა 2 ეტაპის მონაწილე კომპანიაა. როსტომაშვილი მესამე ეტაპშიც გეგმავს მონაწილეობას და ამბობს, რომ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ ძალიან დაეხმარა პრობლემების დაძლევაში. მისი თქმით, ამ პროექტის გარეშე საქართველოში სამშენებლო ბიზნესი დიდი ხნის წინ გაკოტრდებოდა და, შეიძლება, საერთოდაც აღარ ეარსება.

„შესანიშნავი პროექტია, რომელმაც სამშენებლო ბიზნესს გამოცოცხლების ბიძგი მისცა. ბევრ კომპანიას დაეხმარა და გაკოტრებისგან იხსნა. კარგია, რომ მესამე ეტაპი აპრილში დაიწყება. დეტალები ჯერ არ ვიცი, წარმოდგენაც არ მაქვს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პროექტის გარეშე სამშენებლო დარგი ჩაიძირებოდა, მეტიც, უძრავი ქონების ბიზნესი საერთოდაც ვერ იარსებებდა.

ჩვენმა კომპანიამ წინა ეტაპებში მიიღო მონაწილეობა, რაც მაძლევს უფლებას, რომ პროექტი დადებითად შევაფასო. ჯერჯერობით დეველოპერული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები არ ხმოვანდება. გამარჯვებულის გამოვლენის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი ყოველთვის იყო ქულა. „არსს“ ამ მხრივ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა და დაფინანსებაც ამიტომ მივიღეთ.

რაც ასოციაციის საქმიანობას ჩამოვშორდი, კონკურსის შესახებ ნაკლებად ვარ ინფორმირებული. წინა პროექტებში ცნობილი კომპანიებიც მონაწილეობდნენ და ნაკლებად ცნობილებიც. ვისაც ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა, კონკურსს გამოეთიშა. დანამდვილებით ვიცი, რომ პროექტი გაგრძელდება მომავალშიც - იქნება მეოთხე ეტაპი, მეხუთეც და ა.შ. ალბათ, ყველას ექნება შანსი, მიიღოს მონაწილეობა და დაფინანსება მოიპოვოს“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.