საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა

საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა

„საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა“, - ამ სათაურით აქვეყნებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი სტატიას, რომელშიც ავტორი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნას იყენებს. ამ ფონზე, საგარეო უწყება აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. 

CENN–ის დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 - აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

CENN-ის ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება. (აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ალაზანს აქეთ დარჩენილი ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ავტ) ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის 19,6% (415,15 კმ) 23 დასახელების დიდ და პატარა მდინარეზე გადის. აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი (190,25 კმ) მდინარე ალაზანზე მოდიოდა. მდინარის ეს მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანთან თანამედროვე საზღვრის (478,42 კმ) 40,2% შეადგენდა და, ისე როგორც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრის დანარჩენი უბნები, ხშირი ცვლილებებით ხასიათდებოდა.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზაქათალის ოლქი თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ადერბეიჯანის (აზერბაიჯანის) სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დადებული (12.06.1920) საზავო ხელშეკრულებით ამ ტერიტორიაზე კონდომინიუმი (ერთობლივი მფლობელობა) გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ უბანზე საქართველო - აზერბაიჯანის ადმინისტრაციულმა საზღვარმა მდინარე ალაზანზე გადმოინაცვლა და იგი უბრალო გამიჯვნის პრინციპით იქნა გატარებული.

შემდეგ ამან ამიერკავკასიის (თბილისი, 1938) რესპუბლიკების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე (1:500 000 მასშტაბის რუკაზე) შეთანხმების ხელმოწერის შედეგად საქართველოს საზღვრის სტატუსი მიიღო. აქედან გამომდინარე, ის ტერიტორიის სამეურნეო დაყოფის საფუძველზეა გატარებული, რის გამოც მისი მდებარეობა ადგილზე დაზუსტებული არ არის და ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ დღის წესრიგში დააყენა ამ უბნების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი.

საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობს, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადავო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის რეზო თოლარდავას თქმით, საქართველოს მხარეს მეტი ტერიტორიული დანაკარგები ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებებითაა განპირობებული.

„მდინარე ალაზნის წყალშემკრები აუზის მარცხენა მხარე, ატმოსფერული ნალექების რაოდენობით, მკვეთრად აღემატება მარჯვენას; საზღვრის მარცხვნივ მდებარე ტერიტორიაზე გაცილებით მაღალი ჰიპსომეტრული სხვაობა ფიქსირდება ვიდრე მარჯვენაზე; ადამიანის სამეურნეო მოქმედებები (არხების გაჭრა, კალაპოტის გადაკეტვა და სხვა; მდინარეზე, როგორც მოძრავ სხეულზე, მოქმედებს კორიოლისის ძალა, რომელიც აიძულებს მდინარე ალაზანს გადაიხაროს მარჯვნივ", - ამბობს თოლორდავა.

მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი პირველი პირობა ხელს უწყობს მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადებში მყარი ნატანის დიდი რაოდენობით ჩამოყალიბებას, რომელიც თავის მხრივ თავს იყრის მეანდრეების ე.წ. ყელებზე და იწვევს მათ გადაკეტვას. ასეთ ადგილებში მდინარე იცვლის მიმართულებას და ხდება ახალი კალაპოტის ფორმირება:

„ასეთი სახის გარდაქმნები სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთის მთელ პერიმეტრზე უხვად ფიქსირდება. გარდა ამისა ტერიტორიული ცვლილებები კალაპოტის სწორ ადგილებშიც შეინიშნება, თუმცა მათი შემჩნევა რუკებზე სივიწროვის გამო (20-25მ.) პრაქტიულად შეუძლებელია და აეროფოტოგადაღებების ჩატარებაა აუცილებელი“.

„მთავარი უწყება, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს კურირებს და ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა“, - აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივას“ კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის კომენტირებისას.

რეზო გეთიაშვილი სააგენტოსთან საუბარში ადასტურებს, რომ რეკომენდაციებით ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგზის ყოფილა გაგზავნილი მიმართვა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის სამთავრობოთაშორისო კომისიისადმი, საქართველოს მთავრობისადმი და გარკვეული სტრუქტურებისადმი, მაგრამ „გარდა გარკვეული სტრუქტურების მიერ მეტი გააქტიურებისა, რომელსაც თავის მხრივ ხელშესახები და რეალური შედეგი მაინც არასოდეს მოჰყოლია არაფერი მომხდარა“.

„ადრეც გვქონია მიმართვები და რეკომენდაციები ამ საქმეში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისადმი, მთავრობისადმი, მაგრამ გარდა გარკვეული სტრუქტურების გააქტიურებისა კონკრეტული შედეგი არ მიგვიღია.

მაგალითად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მიმართვაზე რეაგირება საზღვრის დაცვის პოლიციამ მოახდინა, თუმცა მას აქტიურობას, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ის კონკრეტული შედეგი მაინც ვერ მოყვება, ვინადან მთავარი უწყება, რომელიც ამ საკითხს კურიერებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა“, – აცხადებს გეთიაშვილი და აღნიშნავს, რომ საგარეო უწყება კი თავის მხრივ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვას ერიდება და ამის გამო ცდილობს ამ საკითხთან მიმართებაში მწვავე კომენტარი არ გააკეთოს და ინფორმაცია არ გააჟღეროს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაიდუმლოებს ინფორმაციას თუნდაც მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და გამუდმებით აკეთებს აპელირებას იმაზე, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაციის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და მასზე მკვეთრი რეაგირებას გაკეთების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და ისინი დაიძაბონ.

უკვე 11-12 წელია ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა და არაფერი არ იცვლება. ინფორმაცია არ არის, საკითხის საჯაროობა არ ხდება და მოსახლეობა სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება“, – აცხადებს გეთიაშვილი და აღნიშნავს, რომ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ცდილობს საქართველოს საგარეო უწყებას დაუსაბუთოს საჭიროება ამ საკითხის შესახებ ქართული საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვცდილობთ დავუსაბუთოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ არსებობს საჭიროება იმისა, რომ ეს საკითხი ქართული საზოგადოების მსჯელობის ასპარეზზე გამოიტანონ და საქართველოს მოსახლეობა საქმის კურსში ჩააყენონ, თუ რა ხდება საქართველოს საზღვრებთან მიმართებაში“, – აცხადებს გეთიაშვილი და არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ მტკივნეულ საკითხთან მიმართებაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს.

„იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოსახლეობას ექნება სურვილი, ჩვენი ორგანიზაცია მზადაა მას დაეხმაროს ხელმოწერების შეგროვებაში რათა ეს ხელმოწერები და მოსახლეობის მოთხოვნა გადაეცეს საქართველოს მთავრობას და ინფორმაცია ჩვენი ტერიტორიებისა და საზღვრების შესახებ მოსახლეობისათვის საჯარო გახდეს“, – აცხადებს გეთიაშვილი და სადაო ტერიტორიაზე არსებული ერთი სოფლის ერისიმედის მოსახლეობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„სოფელ ერისიმედის მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია მათ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული მდგომარეობით. არც ერთი ჩინოვნიკი და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი მათთან არ ჩასულა და ისინი მხოლოდ ტელევიზიის საშუალების იგებენ, რომ შესაძლოა მათი სოფელი და ისინი დავით გარეჯში გაუცვალონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ეს ამ ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა, მათ აქვთ უფლება იცოდნენ თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელ სახელმწიფოში შეუძლია მათ მოუწიოს ცხოვრებამ“.

ცნიბისათვის: სოფელი ერისიმედი - სიღნაღიდან 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელი 1989 წელს დაარსდა. ოფიციალურად ერისიმედი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე სოფელში შესვლა აკრძალულია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგუშაგო სოფელში შესვლამდე, დაახლოებით 1 კილომეტრში დგას. სასაზღვრო კონტროლის გავლის ვალდებულება მხოლოდ სოფელში მუდმივად მაცხოვრებლებს არ ეხებათ.