განულებული „რვიანი“

განულებული „რვიანი“

[როზი ჯღამაია]

საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფის, ოთხშაბათის ტრადიციული სხდომა თან შედგა და თან – არა. მარტივად, რომ ვთქვათ, სხდომა „რვიანის“ გარეშე ჩატარდა, თუ არ ჩავთვლით „ქრისტიან დემოკრატებს“, რომლებიც „რვიანს“ რომ ჰკითხო ტექნიკური წარმომადგენლების სტატუსით ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, აბა ის რა სხდომაა, სადაც „რვიანი“ მთელი შემადგენლობით არ იქნება წარმოდგენილი, ხოლო თავად „ქრისტიან დემოკრატებს“ არც ღირს რაიმე ჰკითხო, რადგან ხმამაღლა არასოდეს აღიარებენ, რომ თავის დროზე, ხელისუფლებისგან ავანსად მიღებული პრივილეგიები ახლა მძიმე ტვირად აწევთ მხრებზე.

ამაზე ხმამაღლა არც „რვიანი“ საუბრობს. მათი „ქრისტიან დემოკრატებთან“ ურთიერთობა ამერიკა რუსეთის ურთიერთობას ჰგავს – „რვიანს“ არაფრის მომცემ ცივ ომს ურჩევნია გზააბნეული „ქრისტიან დემოკრატები“ თავისკენ გადმოიბიროს. ეს „ქრისტიან დემოკრატებსაც“ უნდთ, მაგრამ არც ისე მარტივია „ნაციონალებისგან“ თავის დაღწევა.

ასე თუ ისე, რა გამოვა ამ საქმიდან არავინ იცის, თუმცა, რა აუცილებლობას წარმოადგენდა „ქრისტიან დემოკრატების“, თუნდაც, ტექნიკური წარმომადგენლის სტატუსით სხდომაზე დასწრება მაინც გაუგებარია.

23 მარტს „რვიანის“ მხრიდან გაკეთებული განცხადები, რასაც დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც აყვნენ, ხელისუფლების მხრიდან ისეთი კომენტარებით დაგვირგვინდა, რომ, ლოგიკურად, გუშინდელი სხდომა არ უნდა შემდგარიყო.

ჯერ ერთი, „რვიანმა“ მკაფიოდ თქვა, რასაც 5 თვის განმავლობაში ფიქრობდა, კერძოდ, ხელისუფლება თუ ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადმოდგამდა, მოლაპარაკების მაგიდას არ მიუსხდებოდნენ. სასტარტო პირობად საქართველოს მასშტაბით, ბიომეტრული მონაცემებით ამომრჩეველთა სიის შექმნა და საარჩევნო სისტემის შეცვლა დაასახელეს.

საპასუხოდ, ხელისუფლებამ პალიკო კუბლაშვილის პირით განაცხადა, რომ არც ბიომეტრული მონაცემების თემას დაუბრუნდებოდა და მითუმეტეს, არც მაჟორიტარული სისტემის შეცვლას აპირებენ, რაზეც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილმა.

მეორე მიზეზი, რის გამოც სხდომა არ უნდა შემდგარიყო, პარლამენტში პრემიერ–მინისტრის მისვლა იყო. მაშინ, როცა ხელისუფლებამ გილაურის ქვემდგომი რამდენიმე მინისტრის პარლამენტში სტუმრობის გამო სხდომა ჩაშალა, სხვა თუ არაფერი გილაურის უპატივცემულობა იყო კუბლაშვილის მიერ მისი პარლამენტში მიტოვება და საარჩევნო გარემოზე სასაუბროდ მისვლა, მითუმეტეს, რომ მთავარი მომლაპარაკებელი არ მოდიოდა.        

თუმცა, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლება სწორედ იმის გამო გამოცხადდა ცესკოში, რომ შემდეგ „რვიანი“ დაედანაშაულებინა.

„ჩვენმა ოპონენტებმა მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვეს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არ მოსწონთ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მათ გააკეთეს განცხადებები, რომ მზად არიან, სხვა ფორმით მიუთითონ თავიანთ მხარდამჭერებს და აქცეტი გააკეთეს ქუჩაზე. ჩვენს ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენილ წინადადებებში არ მოსწონთ, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რაიონს თავისი წარმომადგენელ ჰყავდეს საქართველოს პარლამენტში. მათ წარმოუდგენიათ, რომ პარტიები წილში უნდა ჩაუჯდნენ მოსახლეობას და თავი შესთავაზონ წარმომადგენლად საქართველოს პარლამენტში.

მათგან მოვისმინე ერთადერთი რამ, რომ რაიონს აღარ ჰყავდეს მაჟორიტარი დეპუტატი. ამ ნაწილში ხელისუფლების პოზიცია არ შეიცვლება, რადგან საამისოდ არც ერთი არგუმენტი არ მოუტანიათ მოლაპარკებებზე“, - კიდევ ერთხელ დაადასტურა კუბლაშვილმა ის, რაც მრავალგზის ჰქონდა გაცხადებული და დასძინა, რომ „დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დაწყებული მოლაპარაკებები გადავა ისეთ რეჟიმში, სადაც ყველას ექნება საშუალება, შეაჯეროს თავისი პოზიციები ამ საკითხთან მიმართებაში“.

კუბლაშვილის განცხადება მიუღებელი სულაც არ აღმოჩნდა არც „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ და არც ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი თანაპარტიელებისთვის.

ლევან ვეფხვაძე პრობლემას იმაში ხედავს, რომ „ამომრჩეველი მოლაპარაკებათა მაგიდიდან ელოდება კონკრეტულ შედეგს და ეს პროცესი ქუჩაში არ უნდა გაგრძელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ კონსულტაციები პარტიებთან გაგრძელდეს ინდივიდუალურ რეჟიმში და ამ პროცესში „ქრისტიან-დემოკრატები“ შუამავლის როლს შეასრულებენ.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „რვიანს“, ვიყოთ მაქსიმალურად კომპრომისული და პირველ რიგში, არ ვითამაშოთ ხელისუფლების თამაში, როდესაც მას ურჩევნია პროცესის რადიკალიზაცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებთა მაგიდიდან არ გავუშვათ.“

რაც შეეხება „სამართლიანი საქართველოსთვის“ პოზიციას, იგი ზაზა სვანაძემ გაახმოვანა და ახალი ინიციატივით გამოვიდა:

„ვინაიდან საარჩევნო გარემოზე მუშაობა ჩიხში შევიდა, გამოსავალს იმაში ვხედავთ, რომ დღეს არსებული „რვიანის“ წარმომადგენელი სუბიექტების გარეშე ალტერნატიული „რვიანი“ შეიქმნას. ჩვენი „რვიანის“ მთავარი მიზანია, ხელისუფლებას შანტაჟის ენით არ ვესაუბროთ და სამუშაო მაგიდას მუქარის გარეშე მივუსხდეთ.

საარჩევნო გარემოზე მუშაობის დღემდე არსებული ფორმატი ფაქტობრივად ჩაშლილია, თუმცა სამუშაო ფორმატის სუბიექტებს ჭირისუფლის როლის გათავისება უჭირთ. რაც შეეხება ახალ „რვიანს“, ფორმატი, რომლითაც ის საარჩევნო გარემოზე ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს, ჯერჯერობით, ჩამოყალიბების პროცესშია.“

დეჟავუ – ამ ქვეყანაში, ყოველთვის გაქვს განცდა, რომ ყველაფერი, ყოველთვის მეორდება. ამოცანა კი გვეკითხება, გაუმართლებს თუ არა ხელისუფლებას იმედებს მოლაპარაკების პროცესს მიტმასნული პარტიები? პასუხი მარტივია – „რვიანის“ პრინციპულობაზეა დამოკიდებული.  

ამასაც ვნახავთ, მაგრამ ამ ეტაპზე, მამუკა კაციტაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლებას უფლება არ აქვს „რვიანის“ გარეშე შეიტანოს ცვლილეები საარჩევნო კოდექსში.

„თუ ხელისუფლება ამას გააკეთებს, მაშინ საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ წავა და თუ საზოგადოების წინააღმდეგ წავა, მაშინ, „რვიანი“ საზგადოებასთან ერთად გადაწყვეტს როგორ მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე.“

სხვათა შორის, პრესაგე.ტვ ჯერ კიდევ დილით ესაუბრა მამუკა კაციტაძეს, სადაც მან დაადასტურა, რომ „რვიანი“ საკუთარი პოზიციის შეცვლას და სხდომაზე დასწრებას არ აპირებდა.

„ის კომენტარები, რაც კუბლაშვილმა ჩვენი განცხადების შემდეგ გააკეთა, პასუხად არ ჩაითვლება. ხელისუფლებას ოფიციალურად არ გაუცუია პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენ მოვისმინეთ კუბლაშვილის განცხადება, მაგრამ მეორე დღეს სააკაშვილის პრეს–სპიკერის განცხადებაც მოვისმინეთ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ბრძოლის ერთ–ერთი ხერხი. ჩვენ კი, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სანამ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, „რვიანი“ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება.“

იგივეს ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წრმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანიც:

„ხელისუფლებას, ჩვენს განცხადებაზე, თავისი პასუხი, ტრადიციულად, IFES–სთვის ორშაბათს უნდა ეცნობებინა, IFES კი მას ჩვენ გადმოგვიგზავნიდა გასაცნობად. ეს ასე ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად, ხელისუფლებას არაფერი წარმოუდგენია.

მათ ერთადერთხელ წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები, რასაც პრეზენტაცია უწოდეს, მაგრამ მას რომც დავთანხმებოდით, პრაქტიკულად არაფერს გვაძლევდა და თვისობრივად არ ცვლიდა საარჩევნო გარემოს. ამიტომაც ვუთხარით ხელისუფლებას, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებზე ნორმალურად მოგვაწოდონ თავიანთი აზრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შეხვედრებს არავითარი აზრი არ ექნება.    

ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და, რომ არ დაებრალებინათ თითქოს, სხდომის ჩაშლა გვინდა, ამიტომ, როგორც კეთილსიდისიერმა მომლაპარაკებლებმა ჩვენი ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გავგზავნეთ, ხოლო ტექნიკურ წარმომადგენლად კი შეხვედრას ლევან ვეფხვაძე ესწრებოდა.

ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ მოლაპარაკებებს მაისში დავასრულებდით, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, საზოგადოებასთან ერთად გადავწყვეტთ როგორ განვახორცელოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე. ამიტომაც ვხვდებით არასამთავრობო ორგანზაციებს, ექსპერტებს,  საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. სხვათა შორის, ეს პროცესი მხოლოდ „რვიანის“ გადასაწყვეტი არ არის.“

თეორიულად ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ პრაქტიკულად, „რვიანმა“ თუ „ლეიბორისტებივით“ გააგრძელა – თან რომ არიან პარლამენტში და თან – არა, იმ შედეგს მიიღებენ, რომ „რვიანი“ მაქსიმუმ, „ტროიკად“ ჩამოქვეითდება. სააკაშვილს, ადრე თუ გვიან, მოუწევს დათანხმდეს საარჩევნო გარემოს ცვლილებას, რადგან, უკეთესი პერსპექტივა არც ელოდება, მაგრამ, ეს იმ შემთხევაში, თუ „რვიანმა“ საკუთარი პრინციპები და ძალა დაანახა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, „რვიანმა“ თუნდაც ერთი მიზეზი დაასახელოს, რატომ უნდა დათმოს სააკაშვილმა პოზიციები.