„იანუკოვიჩი ობამას უფრო ჰგავს, ვიდრე პუტინს“

„იანუკოვიჩი ობამას უფრო ჰგავს, ვიდრე პუტინს“

[გეგა ბერიძე]
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანა გერმანის აზრით, „ვიქტორ იანუკოვიჩი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაქ ობამას უფრო ჰგავს, ვიდრე რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს“. რეალურად პრეზიდენტების განვლილ გზებს თუ გადავხედავთ, ობამას და იანუკოვიჩს შორის ბიოგრაფიული მსგავსება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ორივეს თავის დროზე მამინაცვალი ზრდიდა. სხვათა შორის იანუკოვიჩს თავის დროზე პრეზიდენტ შევარდნაძისთვის ნათქვამი აქვს, რომ ის ქართველმა გაზარდა.

ამ ფონზე ანა გერმანი „ТВI“-ს ეთერში აცხადებს, რომ „ობამამ და იანუკოვიჩმა დაახლოებით ერთნაირი რთული გზა გაიარეს“.

“შეიძლება, იანუკოვიჩს კარიერულ კიბეზე უფრო რთული გზის გავლაც კი მოუწია, მაგრამ მათი ბავშვობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მსგავსებაა იმაშიც, როგორ იბრძოდა ორივე არსებობისთვის. ობამა და იანუკოვიჩი ძალიან გვანან ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ობამამ და იანუკოვიჩმა საერთო ენა ძალიან მარტივად გამონახეს. მე თავად ვნახე, ერთმანეთთან საუბრისას თვალები როგორ უბრწყინდებოდათ”, – აცხადებს გერმანი.

თუ რა მსგავსება და განსხვავებაა ობამას და იანუკოვიჩს შორის, ამისთვის ლიდერთა მოკლე, მაგრამ სახასიათი ბიოგრაფიულ შტრიხებს გთავაზობთ. ვიქტორ იანუკოვიჩი (უკრ. Віктор Федорович Янукович), (დ. 9 ივლისი, 1950) – უკრაინელი პოლიტიკოსი და სახელმწოფო მოღვაწე; ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური გაერთიანების – რეგიონების პარტიის ლიდერი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი 2002-2004 და 2006-2007 წლებში, დონეცკის გუბერნატორი 1997-2002 წლებში. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ვიქტორ იუშენკოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე-კანდიდატი. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო ხმების 48,95% და არჩეული იქნა უკრაინის პრეზიდენტად.

და მაინც, ვინ არის ვიქტორ იანუკოვიჩი? ის 1950 წლის 9 ივლისს ენაკიევოში (დონეცკის ოლქი) მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მიიღო უმაღლესი განათლება. დაასრულა დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით) და ვაჭრობის უმაღლესი აკადემია. არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.

მის ბიოგრაფიაში ფიგურირებს ორი ნასამართლეობა – ძარცვისა (1967 წელს) და სხეულის მსუბუქი დაზიანების (1970 წელი) მუხლით. იყო წევრი კრიმინალური დაჯგუფებისა სახელწოდებით „პიდნოვკა“.

უკვე 2004 წლის ოქტომბერში უკრაინის სასამართლოში მოქალაქე ჰიმოლჩენკომ იანუკოვიჩის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი ქალბატონის გაუპატიურებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტთან მიმართებით, მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც იანუკოვიჩი უარყოფდა აღნიშნულ ბრალდებას და ამტკიცებდა, რომ ის გოგონას ქუჩის კრიმინალთაგან იცავდა. 2006 წელს მას ბრალს დებენ დოკუმენტების გაყალბებაში.

მისი სამუშაო კარიერა 1969 წლიდან იწყება. თავდაპირველად მუშაობდა ენაკიევის მეტალურგიულ ქარხანაში ავტოშემკეთებლად და მექანიკოსად. 20 წლის მანძილზე მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე – იყო „დონბასსტრანსრემონტის“, „უკრუგლეპრომტრანსის“ და დონეცკის ავტოტრანსპორტის ტერიტორიული სამხარეო გაერთიანების გენერალური დირექტორი.

1996 წლის აგვისტოში იანუკოვიჩი დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ჯერ ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო ერთი თვის შემდეგ პირველ მოადგილედ დაინიშნა. 1997 წლის მაისიდან 2002 წლის ნოემბრამდე მუშაობდა გუბერნატორის თანამდებობაზე. იყო დონეცკის ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი.

2002 წლის 21 ნოემბრიდან პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იანუკოვიჩს უკრაინის პრემიერ-მინისტრად ნიშნავს. 2003 წლის აპრილში კი დონეცკის ექს-გუბერნატორი რეგიონების პარტიის თავმჯდომარე ხდება. 2004 წლის ივნისში, თანაპარტიელების მიერ დასახელებულ იქნა პრეზიდენტობის კანდიდატად. ექსპერტებისა და მკვლევარებისა შეფასებებით იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანია ძლიერი ფინანსური მხარდაჭერითა და ადმინისტრაციული რესურსების აქტიური გამოყენებით მიმდინარეობდა. მიუხედავად იანუკოვიჩის უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში განსაკუთრებული პოპულარობისა მან ვერ შესძლო ოპოზიციონერი კანდიდატის ვიქტორ იუშენკოს დამარცხება.

საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, დაახლოებით წელიწადნახევარი იანუკოვიჩმა პოლიტიკურ ტაიმ-აუტი აიღო. რის გამოც ადგილობრივი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ის დატოვებდა პარტიის ლიდერის პოსტს. თუმცა ამაოდ, 2006 წლის გაზაფხულზე რეგიონების პარტიამ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით უკრაინის რადის ზედა პალატაში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და სოციალისტებთან და კომპარტიასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა – „ანტიკრიზისული კოალიცია“ შექმნა. მმართველი კოალიციის თანათავმჯდომარეების პოსტი კი ვიქტორ იანუკოვიჩმა და ალექსანდრე მოროზმა ჩაიბარეს.

2006 წლის 4 აგვისტოს უმრავლესობისა და პრეზიდენტ იუშენკოს ფრაქცია „Наша Украина“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ იანუკოვიჩი მეორედ იქნა დანიშნული პრემიერ-მინისტრის პოსტზე. დანიშვნისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შემდეგ პროგნოზები არაერთგავროვანი იყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ იანუკოვიჩი თავისი გუნდით იყო ოპტიმალური ვარიანტი პოლიტიკური ლანდშაფტის ბალანსირებისათვის. სხვანი მიიჩნევდნენ, რომ პრემიერი პირველ რიგში დაიცავდა მსხვილი ბიზნესისა და ცალკეული ფინანსური ჯგუფების ინტერესებს, შიდაპოლიტიკურ ფრონტზე კი მისი პოლიტიკა არაფრით იქნებოდა განსხვავებული ლეონიდ კუჩმას მიდგომებისაგან.

ხელისუფლებაში მეორედ მოსვლის შემდეგ იანუკოვიჩმა და ანტიკრიზისულმა კოალიციამ დაიწყეს პრეზიდენტ იუშენკოზე აქტიური თავდასხმები, ცდილობდნენ რა, მისთვის რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილების ჩამოცილებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის სასარგებლოდ. ეს პროცესი იმდენად აქტიური და შედეგიანი იყო, რომ სახელმწიფოს მეთაური საბოლოოდ იძულებული გახდა გამოეცა რამდენიმე ბრძანებულება მეხუთე მოწვევის რადის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოწვევის შესახებ. კოალიციამ ამ გადაწყვეტილებების წინააღმდეგ მწვავე რეაქცია გამოხატა და სწრაფადვე გამართა მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი კიევში. მძიმე დაპირისპირებისა და რიგი, რთული მოლაპარაკებების შემდეგ კონფლიქტის მხარეებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2007 წლის 30 სექტემბერი გამოაცხადეს. არჩევნების შედეგად რეგიონების პარტიამ 175 მანდატი მოიპოვა. საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელობა კოლეგებმა იანუკოვიჩს ანდეს. იანუკოვიჩივე ჩაუდგა სათავეში „რეგიონელების“ მიერ ფორმირებულ ჩრდილოვან კაბინეტს.

ვიქტორ იანუკოვიჩი რამდენიმე ჯილდოსა და ორდენის მფლობელია. არის „ღირსების“ მესამე ხარისხის ორდენის, უკრაინის ტრანსპორტის დამსახურებული მოსამსახურის და სხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი. რეგიონების პარტიის ლიდერი არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ამ სტატუსის გამო საარჩევნო კამპანიის დროს იანუკოვიჩი გახდა გახმაურებული კურიოზის გმირი – მას შემდეგ, რაც ავტობიოგრაფიაში სიტყვა პროფესორი ორი „ფ“ ასოთი დაწერა, ხოლო საკუთრივ ტექსტში ათამდე შეცდომა დაუშვა) ის ასევე არის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი და უკრაინის ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.

იანუკოვიჩი დაოჯახებულია. მეუღლე, ლუდმილა – დიასახლისია, ჰყავთ ორი ვაჟი . უფროსი ალექსანდრე – ექიმი სტომატოლოგი და უმცროსი ვიქტორი (1981) უკრაინის რადის V და VI მოწვევის სახალხო დეპუტატი და რეგიონების პარტიის წევრი.

იანუკოვიჩის ინტერესთა სფეროს – სპორტი (ჩოგბურთი), ნადირობა და მტრედების მოვლა განეკუთვნება.

გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, იანუკოვიჩის ფინანსურ კაპიტალს 290 725 გრვნ. წარმოადგენს, საიდანაც ძირითად 290 514 გრვნ. მისი სახელფასო დანაზოგია. კიდევ 210, 58 პრემიერმა დივიდენდების სახით მიიღო. ოჯახის წევრთა საერთო შემოსავალს კი 14 058 გრივნა წარმოადგენს. როგორც დეკლარაცია იტყობინება იანუკოვიჩი ფლობს 162 კვ.მ სახლს 22 კვ.მ ავტოფარეხით. მის საკუთრებაში ასევე არის 6567 აქცია. მის საბანკო ანგარიშზე კი 211 712 გრივნა ირიცხება.

რაც შეეხება იანუკოვიჩის „მსგავსების ობიექტ“ ბარაკ ჰუსეინ ობამა II–ს (Barack Hussein Obama II; დ. 4 აგვისტო, 1961) – აშშ-ის პრეზიდენტია 2009 წლის 20 იანვრიდან. ყოფილი უმცროსი სენატორი ილინოისიდან და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი დემოკრატთა ნომინაციით. პირველი შავკანიანი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში; ასევე აშშ-ის სენატის ისტორიის განყოფილების თანახმად ის მეხუთე აფრო-ამერიკელი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, მესამე, რომელიც სახალხოდ აირჩა, და ერთადერთი აფრო-ამერიკელი, რომელიც 2008 წლისთვის მსახურობდა სენატში.

2007 წლის თებერვალში საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ობამა აქცენტს აკეთებს ერაყში ომის დასრულებაზე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდაზე და საყოველთაო ჯანდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტებზე.

ობამა ჰონოლულუში დაიბადა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. ადრეული ცხოვრების დიდი ნაწილი აშშ-ის შტატ ჰავაიზე გაატარა. ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში ცხოვრობდა დედასთან და ინდონეზიელ მამინაცვალთან ერთად.

კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ობამა მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზატორად, უნივერსიტეტის ლექტორად და სამოქალაქო უფლებების ადვოკატად, სანამ ილინოისის სენატში არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, სადაც 1997-2004 წლებში მსახურობდა. 2000 წელს წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ის 2003 წელს აშშ-ის სენატის ადგილისთვის კამპანიას იწყებს.

მომდევნო წელს, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის კანონმდებელი, ობამა სიტყვით გამოდის ივლისის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე. 2004 წლის ნოემბერში ხმების 70%-ით არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.

1992 წელს დაოჯახდა და ორი ქალიშვილი ჰყავს. დაწერილი აქვს ორი წიგნი-ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი „ოცნებები მამაჩემისგან“ (Dreams from My Father) და „იმედის გამბედაობა“ (The Audacity of Hope) – პირადი კომენტარი აშშ-ის პოლიტიკაზე.