თავდაცვის სამინისტროს სკანდალი თითქოს მინავლდა. მიუხედავად ამისა, მაინც აქტუალურია შეკითხვა: ხელისუფლება ირაკლი ალასანიას ოპოზიციონერობას შეეგუა თუ არა?.. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში გამოთქვამს ვარაუდს, რომ “ქართული ოცნების” ერთი ფრთა, ალასანიასთან დაკავშირებით, “ნაცმოძრაობას” გაურიგდა და სწორედ ამიტომ თამაშში სახელმწიფო აუდიტი ჩაერთო, რომელსაც წარსულში მართლმორწმუნე “ნაციონალი”, ლაშა თორდია ხელმძღვანელობს... იმის თქმა, რომ სახელმწიფო აუდიტმა რომელიმე საბიუჯეტო უწყება, ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო არ უნდა შეამოწმოს, რასაკვირველია, ნონსენსია, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ კონტროლის პალატა მხოლოდ 2011-2013 წლებით დაინტერესდა. წინა წლების სახელმწიფო შესყიდვები კი, რომლებიც იარაღთანაა დაკავშირებული, ყასიდადაც არ ახსენდება. სხვათა შორის, ქართველმა სპეცსამსახურელმა 2014 წლის იანვარში, იარაღით უკანონო ვაჭრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თავდაცვის დღევანდელ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს გადასცა, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა... მაშ, ასე: რა კავშირი ჰქონდა აწ განსვენებულ კახა ბენდუქიძეს ბიძინა ივანიშვილთან, როგორ ხდებოდა ლუმუმბას ხალხთა მეგობრობის სასწავლებელში ჩარიცხვა და რისთვის შეხვდა ჯორჯ სოროსი ირაკლი ღარიბაშვილს? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს კონტრდაზვერვის ყოფილ თანამშრომელთან, კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- სახელმწიფო აუდიტი, ანუ როგორც ადრე ერქვა, კონტროლის პალატა თავდაცვის სამინისტროში 2011, 2012 და 2013 წლებში ჩატარებულ ტენდერებს სწავლობს და, როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, ამ საქმეებს გრიფი “საიდუმლო” თავის დროზე თავად თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით დაედო. ბატონო კოტე, თქვენი აზრით, თავდაცვას გასაიდუმლოება რისთვის დასჭირდა?
- ესეც თამაშის ნაწილია... საერთოდ, როცა ლაპარაკი სახელმწიფო შესყიდვებზეა, თავდაცვის სამინისტრო, ბუნებრივია, გრიფით “საიდუმლოს” დაადებს, მაგრამ იმის თქმა, რომ თავდაცვის სამინისტრომ კონტროლის პალატას შემოწმების გასაიდუმლოება სთხოვა, აბსოლუტური სისულელეა.
- თავდაცვის უწყება შესყიდვებს რატომ ასაიდუმლოებს?
- იმიტომ, რომ ეს შესყიდვები სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება...
მოკლედ, ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ვაჭრობა, “ტრიუკებია” და თუკი ამ “ტრიუკებს” ბოლომდე ჩავყვებით, გავიგებთ, საქმე რასთანაც გვაქვს. საგულისხმოა, რომ ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ის ორგანო ჩაერთო, რომელიც პარლამენტს ექვემდებარება. ამ ორგანოს კი, “ნაციონალი” ხელმძღვანელობს. საერთოდ, არსებული კანონმდებლობით, მთავარი აუდიტორი აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს...
- ესე იგი, ყველაფერი რიგზეა - ლაშა თორდია ხომ, როგორც აღნიშნეთ, “ნაციონალი”, ანუ ოპოზიციონერია?
- კი ბატონო, მაგრამ ჯერ ერთი, თორდია სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელად მაშინ დაინიშნა, როცა “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში იყო. მეორეც, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: პირველი, ვისაც “თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლა არ გაუხარდა, ეს “ნაცმოძრაობაა”. შესაბამისად, ამ ეტაპზე, “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
- სხვათა შორის, ირაკლი ალასანიამ ქართულ პოლიტიკაში ახალი ტერმინი დაამკვიდრა - “ნაციონალური ოცნების უმრავლესობა”...
- ამ ინტერესის დამთხვევა საგანგაშოა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ “ნაციონალებს” ოპოზიციურ სივრცეში სხვა პროდასავლური ძალის არსებობა არ აწყობთ, რადგან ხვდებიან, რომ ალასანია მათ “შეჭამთ”... ნორმალური ადამიანები ყველა პარტიაში არიან. შესაბამისად, მხოლოდ “ნაცმოძრაობის” ელიტაზე, ანუ იმ 26 ადამიანზე ვლაპარაკობ, რომელთა ხელშეუხებლობაზეც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე გარანტიებს ითხოვდა.
- ეს 26 ადამიანი მაინც, ვინაა?
- კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები. ასევე, ის ბიზნესმენები, რომლებიც დღეს “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდნენ.
- სხვათა შორის, “ლეიბორისტებიც” ამას ამბობენ...
- არ ვიცი, “ლეიბორისტები” რას ამბობენ, მაგრამ მე ფაქტებით ვლაპარაკობ...
- სიტყვა ბიზნესმენებზე ჩამოვარდა და, როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს, თურმე, ის პრეტენზია აქვს, თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ტენდერებში “ნაციონალებთან” ასოცირებული “ტიპების” მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა რატომ გაიმარჯვეს... შეიძლება, აქ კორუფციის თუ არა, რაღაც გარიგების ნიშნები მართლა გამოიკვეთოს?
- ელექტრონული ტენდერის გაკონტროლება და “ჩაწყობა”, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ისე, დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ადამიანს, რომელიც წარსულში “ნაციონალი” იყო, ან ახლაც “ნაციონალია”, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას ვერ ავუკრძალავთ...
მოკლედ, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სკანდალში ლაშა თორდიას გამოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის “ნაცმოძრაობის” ელიტის წარმომადგენელია...
- კი ბატონო, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მაგალითად, გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ თორდიას ხელმოწერილი დოკუმენტი გახდა, ანუ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნის მთავარი აუდიტორი ისევ “ნაცია”...
- ისე არ გამიგოთ, რომ ალასანიას ვიცავ. მართალია, ძალიან ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მასთან თითქმის 20-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და მისი შეცდომებიც ვიცი, მაგრამ ერთადერთი, რაშიც ალასანიას ბრალს ვერასოდეს დავდებ, კორუფციული გარიგებებია! მასზე ასეთი რამ მაშინაც კი არ უთქვამთ, როცა უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და როცა ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა.
- ამას წინათ, ერთ-ერთმა გაზეთმა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა: “ვალერი ხაბურძანია, ალასანიასთან ერთად, კორუფციაში მონაწილეობას აღიარებს”... ისე, მეჩვენება, რომ გარკვეული ტიპები თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ერთბაშად გააქტიურდნენ...
- ეს ბუნებრივიცაა...
- ზუსტად ვიცი, ამ ინტერვიუს ვალერი ხაბურძანია ისევ გამოეხმაურება და მირჩევს, რომ გაზეთის “გაყვითლებას” თავი დავანებო, მაგრამ სულ მაინტერესებდა: ირაკლი ალასანია, რომლის საგარეო მსოფლმხედველობაც პროდასავლურია, ხაბურძანიამ თავის დროზე მოადგილედ როგორ, ან რატომ დაინიშნა?
- აშშ და, საერთოდ, დასავლეთი ვერ შეეგუებოდა, რომ სტრუქტურა მთლიანად პრორუსული ძალების ხელში ყოფილიყო. ამიტომ, სიტუაციას აბალანსებდა.
- ირაკლი ალასანია ამერიკელების თვალსაწიერში იმიტომ მოხვდა, რომ აფხაზებისგან მოკლული მამია ალასანიას ვაჟია?
- არა... თითოეული ადამიანი საინტერესო თავისი ღირებულებებითა და მსოფლმხედველობით ხდება...
- ...ბატონო კოტე, თავდაცვის ახალ მინისტრზე, მინდია ჯანელიძეზე რა იცით? იცნობთ?
- ვიცნობ - ერთხელ შევხვდი და მასალები გადავეცი.
- ის მასალები გადაეცით, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობას ეხება?
- დიახ, ამ მასალების ნაწილი გადავეცი. კერძოდ, ის დოკუმენტები, სადაც საქართველოში აშშ-ს მაშინდელი ელჩი, ტეფტი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, კლინტონი თავდაცვის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ამხელენ.
- ეს შეხვედრა როდის შედგა?
- 2014 წლის იანვარში. მაშინ ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი იყო. იმედი მქონდა, რომ ჯანელიძე ამ საბუთებს შეისწავლიდა, მით უმეტეს, რომ იმ ყველაფრით, რაც ვუთხარი, გაოგნებული დარჩა.
- დოკუმენტები, რომლებიც ჯანელიძეს გადაეცით, რომელ წლებს მოიცავს?
- 2006-2009 წლებს, თუმცა აუდიტის სამსახურს აზრად არ მოსვლია, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სწორედ ამ წლებში განხორციელებული შესყიდვები შეისწავლოს და გარკვეული შეკითხვებიც სწორედ ამიტომ ჩნდება, მით უმეტეს, რომ დავით კეზერაშვილსა და ბაჩო ახალაიაზე საქმეებია აღძრული, მაგრამ დანაშაულს ვერ უმტკიცებენ. დღეს კეზერაშვილის თემა საერთოდ მკვდარია. მესმის, რომ თავის დროზე აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს არ შეამოწმებდა, რადგან მაშინ აუდიტის სამსახურს “კოლექტიური მოგელაძეები” მართავდნენ... კარგია, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით დაინტერესდა, მაგრამ თქვე მამაცხონებულებო, 2011-დან 2013 წლამდე პერიოდს რომ სწავლობთ, წინა წლებით რატომ არ ინტერესდებით, როცა იარაღის შესყიდვა ხორციელდებოდა, რომელშიც ოფშორში რეგისტრირებული “ბელტრეიდინგი” ფიგურირებს? ამ კომპანიასთან დაკავშირებით შეკითხვები მე კი არა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ისეთი მძიმე წონის დიპლომატს გაუჩნდა, როგორიც ჯონ ტეფტია! სხვათა შორის, ამ თემაზე ბასისდროინდელი დოკუმენტებიც არსებობს...
- ჯანელიძემ თქვენს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის პირობა მოგცათ?
- ყოველ შემთხვევაში, ტელეფონის ნომრები ჩაიწერა და გვითხრა, დაგიკავშირდებითო, მაგრამ მას მერე ლამის ერთი წელი გავიდა და არავინ დამკავშირებია. არადა, მართლა მეგონა, რომ შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვებოდა. იმედი მაქვს, იარაღის უკანონო ბიზნესით მინდია ჯანელიძე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ახლა მაინც დაინტერესდება და იმ კონტრაქტებს ამოიღებს, რომლებიც 2006-დან 2011 წლამდე გაფორმდა.
- ჯანელიძეს ვისი შუამავლობით შეხვდით?
- თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის თანაშემწემ შეგვახვედრა. სხვათა შორის, ეს მასალა მხოლოდ ჯანელიძეს კი არა, თავის დროზე გენშტაბს, სამხედრო პოლიციასა და მთავარ პროკურატურასაც გადავეცი. გამოძიებას თავი რომ დავანებოთ, ამ საკითხზე მოკვლევა მაინც ხომ უნდა დაწყებულიყო? სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, “ქართულ სიტყვაში” გამოქვეყნებული მასალების გამო, თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ, სამხედრო პოლიციაში შეხვედრა მქონდა და მთხოვეს, იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ინფორმაცია მიმეწოდებინა, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ წასულა.
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახელმწიფო აუდიტი პოლიტიკური ნიშნით გამოჩნდა და ამ პოლიტიკურ ნაბიჯებში “ნაცმოძრაობის” ინტერესს ვხედავ, რადგან “ნაციონალებმა” იციან, რომ მათ სწორედ ალასანია “დაანგრევს”!
- მაშასადამე, “ოცნების” ერთი ფრთა, მაგალითად, ვოლსკი, საგანელიძე და სხვები, ვინც თავდაცვის თემაზე აქტიურობენ, ალასანიას წინააღმდეგ, “ნაცებს” გაურიგდნენ?
- ამას პირდაპირ გარიგებას ვერ დავარქმევ, მაგრამ მათ შორის ინტერესთა თანხვედრაა და ამას მე კი არ ვიგონებ, არამედ, ყველაფერი ზედაპირზე დევს!
2007 და წინა წლებს თავი დავანებოთ, მაგრამ სახელმწიფო აუდიტს ვეკითხები: რატომ არ ინტერესდება 2009 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში, კერძოდ, კომპანია “ბელტრეიდინგში” გადარიცხული 57 მილიონით, რომლითაც ე.წ. აპლოტის ტიპის 12 ტანკი უნდა შეძენილიყო, მაგრამ ეს ტექნიკა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღემდე არაა! ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი ტეფტის წერილიდან გახდა, სადაც დიპლომატი პირდაპირ წერს, თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ბერძენიშვილი შეწუხებულია, რომ შუამავალი კომპანია დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს და 57 მილიონი ჰაერში გაიფანტაო. ვკითხულობ: ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? ამის გამოძიება გენერალური აუდიტორის მოვალეობა არაა? დაჯდეს ბატონი ლაშა თორდია, 2009 წლის ყველა გადარიცხვის დოკუმენტი მოიძიოს და მაშინ გამოჩნდება, საქმე შერჩევით მართლმსაჯულებასთან გვაქვს თუ სამართლიანობასთან!
- სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროს ე.წ. “ფაღარათის საქმეში” ბრალდებული თანამშრომლები სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა. “ოცნების” ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა არ ხდება და, ალბათ, მართლაც, ასეა, თორემ პოლიტიკური დევნა რომ იყოს, თემიდა “ფაღარათის საქმეში” ეჭვმიტანილებს ხომ არ გაათავისუფლებდა?
- ვანო, შეიძლება, პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია და საქმე, უბრალოდ, არაპროფესიონალიზმთან გვაქვს, ანუ ხელაღებით რაღაცის თქმა რთულია. დასკვნების გაკეთება მას შემდეგ შეიძლება, როცა სასამართლო განაჩენს გამოიტანს.
სხვათა შორის, ზუსტად იმ საღამოს, როცა ირაკლი ალასანია მოხსნეს, ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.
- სახელდობრ?
- IPM-მა, რომელსაც გოჩა ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა დაიწყო. არ გაინტერესებთ, შეკითხვები როგორ იყო ფორმულირებული?
- როგორ?
- გამოკითხვა სამი შეკითხვისგან შედგებოდა: 1. ეთანხმებით თუ არა ირაკლი ალასანიას შეფასებას საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით? 2. სწორად მოიქცა თუ არა პრემიერი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი რომ მოხსნა. 3. თვლით თუ არა, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება და მეოთხე და მთავარი: აქვს თუ არა ალასანიას შანსი, რომ მეორე პოლიტიკური ძალა გახდეს?
- ბატონო კოტე, განსაკუთრებით მეოთხე შეკითხვა რატომ გამოყავით?
- იმიტომ, რომ IPM-ი “ნაცმოძრაობასთან” ასოცირებული კომპანიაა.
- მერე, რა?
- არაფერი. უბრალოდ, ამ გამოკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ნაციონალებს” ირაკლი ალასანიასი ეშინიათ!
- რატომ ეშინიათ?
- იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობისთვის” მეორე პოლიტიკური ძალის იმიჯის დაკარგვა, პრაქტიკულად, სიკვდილის ტოლფასია!
- ამ კონტექსტიდან გამომდინარე, 15 ნოემბრის აქციით “ნაციონალებმა” საკუთარი ძალები მოსინჯეს?
- რა თქმა უნდა. ისე, ვერ ვიტყვი, რომ ეს ფართომასშტაბიანი აქცია იყო. აქცია ფართომასშტაბიანი მაშინაა, როცა ქუჩაში ხალხის კრიტიკული მასა გამოდის...
- თუკი საკუთარ მხარდამჭერთა დადგენა უნდოდათ, “ნაციონალებმა” აქცია ოკუპაციის საბაბით რატომ ჩაატარეს?
- მოდით, მოვლენებს კარგად დავაკვირდეთ: რუსეთი რაღაც თემას გადმოაგდებს, რაზეც “ნაცმოძრაობა” საკუთარ პიარ-კამპანიას აგებს, ანუ კრემლი “ნაცმოძრაობას” ხელს ირიბად უწყობს, რომ პოლიტიკური ავანსცენიდან არ გაქრეს.
- იმის თქმა გინდათ, რომ 15 ნოემბრის აქცია ჩრდილოეთის ვიზირებით ჩატარდა?
- ყოველ შემთხვევაში, მოსკოვმა “ნაციონალებს”, როგორც იტყვიან, “სატოპკე აუწია” - აფხაზეთთან ხელშეკრულების თემა შემოაგდო. ამასთან, მოსკოვში, “ჯავახკის” წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, ვინმე არაბიანმა განაცხადა, ღარიბაშვილის მთავრობისადმი ლოიალურები ვართო და ესეც “ნაციონალების” “სატოპკე” იყო, აი, ხომ ხედავთ, რუსეთი ღარიბაშვილს თავისიანად აღიქვამსო. არადა, ვიცით, რომ “ჯავახკთან” ურთიერთობა სააკაშვილსა და მერაბიშვილს აქვთ და ამის თაობაზე წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ...
- ბატონო კონსტანტინე, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად “ნაციონალებთან” დაახლოებული დიაცი დაინიშნა, რომელსაც, სხვათა შორის, ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის სასწავლებელი გაგანია კომუნისტების დროს აქვს დამთავრებული?
- საინტერესოა... საერთოდ, ლუმუმბასა და მსგავს სასწავლებლებში სპეცსამსახურების კადრებს ამზადებდნენ.
- იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენი ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი...
- (მაწყვეტინებს) რისი თქმაც მინდოდა, ვთქვი...
- უნდა ჩაგეკითხოთ, ბატონო კოტე, ლუმუმბას სასწავლებელს “კა-გე-ბე” აკონტროლებდა?
- არა, “ეს-ვე-ერ”-ი, ანუ საბჭოთა “კა-გე-ბე”-ს საგარეო დაზვერვის სამსახური...
- ასეთ სასწავლებლებში ჩაბარება ნებისმიერ მსურველს შეეძლო?
- არა, რეკომენდაცია იყო საჭირო.
- ვისი?
- პარტიული ორგანოსი, ან იმ ადამიანის, ვინც ასეთ წრეებთან იყო დაახლოებული...
- ...კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კახას ევროპაში იურისტების 15-კაციანი ჯგუფი ჰყავდა დაქირავებული, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე მუშაობდაო...
- ჯერ ერთი, ეს განცხადება კახა ბენდუქიძის შეურაცხყოფაა!
- რატომ?
- იმიტომ, რომ გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მეორეც, ამით სააკაშვილმა თანაგუნდელების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოამჟღავნა, ანუ სააკაშვილმა, პრაქტიკულად, განაცხადა, რევოლუციას ვამზადებდით და ყველაფერს ბენდუქიძე ხელმძღვანელობდაო... საერთოდ, სააკაშვილს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალება სჩვევია.
- ბატონო კონსტანტინე, კულუარებში ამბობენ, რომ აწ განსვენებულ კახა ბენდუქიძესა და ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ...
- ამის შესახებ მეც მსმენია... როგორც ვიცი, 90-იან წლებში, რუსეთში, ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდათ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საკითხებით იყო დაინტერესებული... საერთოდ, ივანიშვილს ასეთი ბიზნესპარტნიორი ბევრი ჰყავდა.
- მაგალითად, კახა ლომაიას ძმა...
- მამუკა ხაზარაძე და გელა ბეჟუაშვილიც...
- ისე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, გელა ბეჟუაშვილი, როგორც მახსოვს, დაზვერვას ისევ ხელმძღვანელობდა...
- დიახ... ადრეც გითხარით, რომ გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე 2012 წლამდე ბეჟუაშვილის მოადგილე იყო...
- როცა თავდაცვის მინისტრი იცვლება, სავალდებულოა, რომ გენშტაბის უფროსიც გადადგეს?
- თავდაცვის მინისტრი მე რომ ვიყო, გენშტაბის უფროსს აუცილებლად გამოვცვლიდი...
- რატომ?
- ეს ჩემი მოსაზრებაა... მხოლოდ გენშტაბის უფროსს კი არა, ბევრ სხვა ოდიოზურ ფიგურასაც გამოვცვლიდი... ნურავინ იტყვის, რომ სამხედროებს პოლიტიკური ორიენტაცია არ აქვთ და ეს პოლიტიკოსების დაპირისპირებაზე უფრო საშიშია. სხვათა შორის, თავის დროზე ირაკლი ალასანიას ვუთხარი, რომ რამდენიმე პიროვნება, გარკვეული მიზეზების გამო, გენშტაბში მუშაობას არ იმსახურებდა...
- კოტე ბატონო, რამდენიმე დღის წინ, ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მთავარსარდალი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი მოკლეს, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. რუსეთმა ახალი თამაში წამოიწყო?
- ეს, უბრალოდ, ტესტი იყო.
- ანუ?
- ამით ჩვენი ხელისუფლების მისამართით გარკვეული მინიშნება გაკეთდა, აი, პანკისი გვახსოვსო, ანუ პანკისი რუსეთისთვის საშიშია.
- შეიძლება, მაგრამ ადრე არც ის გამორიცხეთ, რომ ბათირაშვილი შესაძლოა, რუსულ სპეცსამსახურებთან იყოს კავშირში...
- ამას არც ახლა გამოვრიცხავ...
- პარალელურად, ურთიერთობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორისაც დაიძაბა...
- ვანო, თუ გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს პირდაპირი აგრესია აღარ ემუქრება - აგრესია რაღა საჭიროა, როცა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას?! დღეს კრემლის ძირითადი სამიზნე აზერბაიჯანია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რუსეთსა და ირანს შორის ძალიან დიდი გარიგება შედგა და ეს გარიგება პირდაპირ დასავლურ ინტერესებს ურტყამს! ამ გარიგებით, ირანის ბირთვული სისტემა, პრაქტიკულად, რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გადავიდა. ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ირანს ატომური რეაქტორების მშენებლობაში დაეხმარება. ამასთან, რუსეთი ირანს შეჰპირდა, რომ ატომურ ნარჩენებს რუსეთში გაიტანს. ატომური ნარჩენები, როგორც წესი, სარკინიგზო ტრანსპორტით გადააქვთ. აზერბაიჯან-სომხეთს შორის ბოლო დროს შექმნილი სიტუაციაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ანუ შეკრულია ტრანზიტი - ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთი, რითიც საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას აიძულებენ...
- ...15 ნოემბერი მშვიდობით დამთავრდა. “ნაციონალები” ახლა რას იზამენ?
- დესტრუქციულ ელემენტებს, ასე ვთქვათ, გაამძაფრებენ, თუმცა ვურჩევ, ამაზე ნუ იფიქრებენ, რადგან სააკაშვილის თქმისა არ იყოს, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან...
- ბატონო კონსტანტინე, პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ალასანიას მხარი ღიად დაუჭირა. მეტიც, მარგველაშვილმა ისიც თქვა, ერთდროულად ორი ბატონის მსახურება არ შეიძლებაო. “ორი ბატონი” რა მესიჯი იყო?
- “ორ ბატონში” რუსეთი და დასავლეთი იგულისხმებოდა, ანუ მარგველაშვილმა იმაზე მიანიშნა, რომ რუსეთთან კეთილგანწყობა და დასავლეთთან ინტეგრაცია შეუთავსებელია.
- თქვენი წყაროები რას ამბობენ, რა ხდება “ოცნების” კულუარებში?.. პირდაპირ გკითხავთ: “ოცნებამ” ვინ უნდა მოიცილოს?
- ჩემი ინფორმაციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება “ოცნებას” აწყობს, რითიც ბევრ პრობლემას გადაწყვეტს და ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წელი იქნება...
- ეს გავიგე, მაგრამ რეიტინგი რომ შეინარჩუნოს, “ოცნებამ” ვინ უნდა მოიცილოს?
- პოლიტიკურ თამაშებში პერსონალიები არაფერს წყვეტენ. მთავარი არასასურველი ტიპების ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოშორებაა.
- ჰოდა, ეს არასასურველი “ტიპები” ვინ არიან?
- სხვა შეკითხვა არ გაქვთ?
- პოლიტიკური თამაში ახსენეთ. მაშასადამე, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ტიპური პოლიტიკური თამაშია?
- ასე გამოდის.
- ამ თამაშის დეტალები ვინ იცის?
- ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ალასანიამ...
- წეღან თქვით, ერთ წელიწადში, აშშ-ში “რესპუბლიკელები” მოვლენო. ჩვენებური პოლიტიკური თამაშები ამასთანაა კავშირში?
- რატომაც არა?!
...მომავალი პარლამენტი მულტიპარტიული იქნება, პოლიტიკას ოდიოზური ფიგურები საბოლოოდ ჩამოშორდებიან და ამით ქართველი ხალხი იხეირებს!
- ახლახან, თბილისს სოროსი ესტუმრა, რომელმაც განაცხადა, თავის დროზე სააკაშვილს იმედი ჰქონდა, ამერიკელები დაეხმარებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდაო. ეს განცხადება რას ნიშნავდა?
- სოროსმა ჩემი სიტყვები დაადასტურა.
- რომელი სიტყვები?
- ის სიტყვები, რომ ამერიკელებმა სააკაშვილი თამაშიდან გაიყვანეს...
- ძია ჯორჯი ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. რაზე შეიძლება, პრემიერსა და სოროსს ესაუბრათ?
- ალბათ, იმაზე, რომ ირაკლი ალასანია დასავლეთისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურაა! ამერიკელებმა ისეთი პირობები შექმნეს, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში დასავლური ორიენტაციისა და შეურყვნელი პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო!
- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, სასამართლომ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს 12 წელი მიუსაჯა, თან განმარტა, რომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. “ოცნების” პროკურატურას თავისუფლებაზე მყოფი კვიციანის ეშინია?
- ასე გამოდის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ კვიციანმა თუნდაც იმ მოვლენებზე, რის გამოც სამშობლოს ღალატი დასწამეს, ბევრი რამე იცის. ასევე, ბევრი იცის მათზეც, ვინც “ნაციონალებთან” თანამშრომლობდნენ და ახლა, “ოცნებაში” მაღალ პოსტებზე არიან.
- კვიციანმა მაინც, რა იცის?
- რა და, - ამ ხალხის შავ-ბნელი წარსული. სხვათა შორის, მათ შორის, ვინც კვიციანის მხარდასაჭერად, გარკვეული მიზეზის გამო, დღეს ხმას არ იღებს, ემზარის ძმადნაფიცებიც არიან - თავის დროზე მათ ხატზე დაიფიცეს!
- ვის გულისხმობთ?
- თვითონ მიხვდებიან... ისე, მე თუ მკითხავთ, კვიციანი პოლიტიკური პატიმარია და მისი საქმის გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს!