"ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერების დასჯა, ამ კრიმინალური პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ხალხს სწორედ ამას ჰპირდებოდა, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ხალხიც იმიტომ გაჰყვა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას". დიახ, ეს იყო ხალხის უმთავრესი მოთხოვნა. დღემდე არ გადამდის თვალებიდან, როგორ ჰპირდებოდნენ ხალხს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ნაცმოძრაობის", როგორც დამნაშავე ორგანიზაციის ჯერ გასამართლებას, მერე კი აკრძალვას მიტინგებსა და ტელეეთერებიდან დღევანდელი ხელისუფლებისა ლიდერები - ზვიად ძიძიგური, გუბაზ სანიკიძე, ზაზა პაპუაშვილი, მანანა კობახიძე, თინა ხიდაშელი, გოგი ქავთარაძე, ნუკრი ქანთარია... ეს ხალხი ჰპირდებოდა ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ თუ არა, სააკაშვილის რეჟიმს გაასამართლებდნენ.
მაშინ ეს ხალხი მართალს ამბობდა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მრავალი დანაშაული ჩაიდინა ქართველო ხალხისა და კაცობრიობის წინაშე. ხალხის მასობრივი წამებები ციხეებსა და პოლიციაში, კანონიერი საპროტესტო აქციების ბარბაროსულად დარბევა, რასაც ასეულობით ადამიანის ცემა და 26 მაისს 2 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, კერძო საკუთრების ხელყოფა და ათასობით ადამიანისთვის ქონების უკანონოდ წართმევა, ბიზნესმენთა დევნა და ტერორი, უკანონოდ ადამიანთა ციხეებში გამოკეტვა და ა.შ. ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი სჩადიოდა, ყველაფერს სისტემური ხასიათი ჰქონდა, ყველა პროცესს "ნაცმოძრაობის" ლიდერები წარმართავდნენ სააკაშვილის ბრძანებით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყველა სახის დანაშაულზე წითელი შუქი ჰქონდათ ანთებული.
2012 წლის არჩევნების შემდეგ, "ნაციონალ" დამნაშავეთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, გაექცა მართლმსაჯულებას, რადგან თავად კარგად იცოდნენ, რა საშინელებები ჰქონდათ ჩადენილი, ფიქრობდნენ, რომ ახალი ხელისუფლება მათ პასუხს მოსთხოვდა და დამსახურებულ სასჯელსაც მიიღებდნენ. თუ "ნაცმოძრაობის" ყველა დამნაშავე ლიდერი გასამართლდებოდა, ცხადია, თავისთავად "ნაცმოძრაობის", როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლება პრობლემა აღარ იქნებოდა და ეს პარტია აიკრძალებოდა. თუმცა, ხელისუფლება ასე არ მოიქცა. "ქართულმა ოცნებამ" ერთი წელი ამ დამნაშავე პარტიასთან ერთად კოაბიტაციის რეჟიმში გაატარა და არც დღეს აპირებენ მის აკრძალვას, მთავარი დამნაშავეების დასჯას. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეები, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენები, საკმარისი არ არის. "ნაცმოძრაობა", ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ებოდიშებოდეს 9-წლიანი ჯოჯოხეთის გამო, აგერ, 15 ნოემბერს აქციაც კი გამართა და დღევანდელი ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. ახია "ქართულ ოცნებაზე", უარესის ღირსებიც ხართ და არც ის გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს, ამ მომაკვდავმა პარტიამ სული მოითქვას და მაგ სკამებიდან, მაგრად რომ ხართ ჩაბღაუჭებულნი, ამოგაძრონ, მოგისროლონ და ხელისუფლებას ისევ თავად დაეპატრონონ. ეს რევოლუციის გარეშე ვერ მოხდება, მაგრამ ეს გათავხედებული "ნაცები" სწორედ რევოლუციითა და სამოქალაქო დაპირისპირების წყალობით ეშურებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას.
არსებობს "ნაცმოძრაობის" თავიდან მოცილების ერთი გამოსავალიც - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, "ნაცმოძრაობა" აორთქლდება ქართული პოლიტიკიდან. ერთი ფრაქციის შესაკრავი ხალხი თუ შეიყვანეს პარლამენტში, ამაზეც მადლობა უნდა თქვან. თუმცა, ამას ხელისუფლება ვერ აკეთებს - დასავლეთი ვერ გაგვიგებს, ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმურობას დასავლეთი ეჭვქვეშ დააყენებსო. კარგი, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, ხელისუფლება ვერ მიდის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ არსებობს მეორე გამოსავალი - სასამართლო. "ნაცმოძრაობას", როგორც პარტიას, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ამ დანაშაულთა დამტკიცება პრობლემა არ იქნება, ფაქტები ჯერაც სახეზეა, მათი არაადამიანური ქმედებების არაერთი მსხვერპლი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და ყველა მათგანი თავად სააკაშვილის ან სხვა "ნაცლიდერთა" ბრძანებით გააუბედურეს.
"ალია" მეტი დამაჯერებლობისთვის, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ხელისუფლებას "ნაცმოძრაობის" გასასამართლებლად და ასაკრძალად:
- ბატონო გელა, მოდით, შეახსენეთ საზოგადოებას, რის საფუძველზე შეიძლება აიკრძალოს "ნაცმოძრაობა"? რა კონკრეტული სისტემური დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი?
- როცა ეს ხელისუფლება შეიცვალა, იყო მოთხოვნები, რომ აკრძალულიყო "ნაცმოძრაობა" და მისი პოლიტიკური ლიდერები გაესამართლებინათ. ეს ერთი ხელის მოსმით არ ხდება. უნდა მომხდარიყო იმ ყველა კანონდარღვევის, დანაშაულის გამომჟღავნება, გასაჯაროება, დამტკიცება, რასაც ესენი წლების მანძილზე სჩადიოდნენ. მასობრივი მოსმენები, მასობრივი წამებები, მასობრივი რეკეტი ბიზნესმენების მიმართ, პოლიტიკური ნიშნით ხალხი სახელმწიფო სამსახურიდან განთავისუფლება, გახმაურებული მკვლელობები, მედიაზე ტერორი, ზეწოლა და მასზე პარტიული კონტროლის დაწესება, არჩევნების მასობრივი გაყალბება და თანაც არაერთგზის... ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი ჰქონდა. აი, ეს, სისტემის დანაშაულებრივი ხასიათი უნდა წარმოჩენილიყო და ამის შემდეგ უნდა დამდგარიყო აკრძალვის საკითხი. ეს უნდა დამტკიცებულიყო სასამართლოზე და მერე, უკვე პრობლემა აღარ იქნებოდა დამნაშავე პარტიის აკრძალვა. "ნაცმოძრაობის" სისტემური დანაშაულის უტყუარი მტკიცებულებები ხელში ეჭირა ხელისუფლებას - ათასობით ვიდეომტკიცებულება, მასობრივი წამების ფაქტები, ეს ფაქტები გაანადგურეს. ამას დაამატეთ 27 ათასზე მეტი საჩივარი, რომელიც პროკურატურაშია შეტანილი. არ დაგავიწყდეთ, ეს საჩივრები "ნაცმოძრაობის" ლიდერთა და წევრთა წინააღმდეგ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე თვეში შევიდა მთავარ პროკურატურაში. ამ საქმეებზე რეაგირება უნდა მომხდარიყო, ამ საქმეების ნახევარი მაინც რომ გამოეძიებინათ, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმის დასადასტურებლად, რომ "ნაცმოძრაობა" დამნაშავე პარტიაა და დღის წესრიგში, უკვე მისი გასამართლების საკითხი დადგებოდა. ახლა კი, ეს სამხილები განადგურებულია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია გასამართლებული. ამ ხალხის ციხეში ჯდომა არავის თვითმიზანი არ ყოფილა. ხალხის დაკვეთა სამართლიანი იყო - "ნაცმოძრაობის" სისტემური დანაშაულის გამოძიება, მათი ლიდერების დასჯა და ბოლოს, დამნაშავე პარტიის აკრძალვა. ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ და ამის შედეგია, რომ "ნაციონალები" დღეს ისევ დიდ გულზე არიან. თუნდაც არავინ არ ჩამჯდარიყო ციხეში, "ნაცმოძრაობა" და მათი ლიდერები დამნაშავედ უნდა გამოცხადებულიყვნენ, მერე ამნისტია გამოეშვათ თუ უნდოდათ გაეთავისუფლებინათ. პარტიის წამყვან ფიგურებს აეკრძალებოდათ პოლიტიკური საქმიანობა და სახელმწიფო სამსახურებში მუშაობა. ასე მოიქცნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ბალტიისპირეთში... იქ მიიღეს ლუსტრაციის კანონი და ყველა იმ ადამიანს, კომპარტიის ყველა ლიდერს, ვინც სისტემას ემსახურებოდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ეს აკრძალვები შეეხო. "ნაცმოძრაობაც" ასევე ანტისახელმწიფოებრივი ინტერესების მატარებელი იყო და ამიტომ უნდა აკრძალულიყო.
- კიდევ ხომ ვერ გაიხსენებთ სხვა ფაქტებს, როცა კონკრეტული პარტიები აიკრძალა და რა საფუძველი დაედო აკრძალვას?
- გერმანიის ნაცისტთა პარტია, ფრანკოსა და მუსოლინის ფაშისტური პარტიები აიკრძალა. 2-3 წლის წინათ საბერძნეთში აკრძალეს პოლიტიკური პარტია ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. "ნაცმოძრაობას" კი ქვეყნის წინაშეც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და კაცობრიობის წინაშეც. გაიხსენეთ, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ამასწინანდელი დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, წამებასა და სხვა ამ კატეგორიის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი.
"ალია" შეეცადა, "ქართული ოცნების" იმ ლიდერებთან დაკავშირებას, რომლებიც 2012 წლის არჩევნების წინ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ჰპირდებოდნენ ხალხს. ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს გუბაზ სანიკიძემ, ზვიად ძიძიგურმა, მანანა კობახიძემ, ბიძინა გუჯაბიძემ და გოგი ქავთარაძემ. მათ შემდეგი შინაარსის "მესიჯიც" გავუგზავნეთ: "ლევან ჯავახიშვილი გაწუხებთ გაზეთ "ალიადან". თქვენთან მაქვს კითხვები. კერძოდ, მაინტერესებს, რატომ არაფერი არ კეთდება "ნაცმოძრაობის", როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალის დასასჯელად და ასაკრძალად". მაგრამ არც ამის შემდეგ უპასუხეს ჩვენს ზარებს. ნუკრი ქანთარიას კი ორივე ნომერი გამორთული ჰქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, დეპუტატი გიგა ბუკია მოვიხელთე. თუმცა, საუბრის დასაწყისში გამაფრთხილა, ბორჯომის ხეობიდან მოვდივარ, აქ ცუდად იჭერს მობილური და შესაძლოა, კავშირი გაწყდესო.
- ბატონო გიგა, პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. ხალხს ჰპირდებოდით, რომ დამნაშავე "ნაცმოძრაობას", მათ ლიდერებს გაასამართლებდით და მერე ამ პარტიას აკრძალავდით.
- ავკრძალავდით? პარტიის აკრძალვა დანაპირები იყო?
- კი, ინტერნეტი სავსეა თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ამგვარი განცხადებებით.
- პარტიის აკრძალვაზე სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას.
- გასაგებია, მაგრამ დამნაშავე რეჟიმად აცხადებდით სააკაშვილის ხელისუფლებას, "ნაცმოძრაობას" დამნაშავე პარტიად და ამ დანაშაულთა დამადასტურებელი ფაქტი უამრავია. სწორედ, რეჟიმის გასამართლებასა და "ნაცმოძრაობის" აკრძალვას ჰპირდებოდით ხალხს ამ დანაშაულთა საფუძველზე.
- რა თქმა უნდა, რეჟიმში ვგულისხმობდით იმ აღმასრულებელ ორგანოებს, რომელნიც სჩადიოდნენ კონკრეტულ დანაშაულს. თქვენ ხედავთ, რომ, ფაქტობრივად, მიმდინარეობს, ყველა იმ დანაშაულის გამოძიება, რაც წარსულში მოხდა. რამდენიმე მაღალჩინოსანი ყოფილი ხელისუფლებისა დაკავებულია, ზოგს უკვე მსჯავრიც დასდეს. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეზე საქმეებია აღძრული და გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი კონკრეტული დანაშაულისთვის გასამართლდა. პროცესი მიდის სამართლებრივ ჩარჩოებში და ის მივა ბოლომდე. ჩვენ გვქონდა მეორე არჩევანი - იმავე გზით დაგვესაჯა "ნაციონალები", იმავე მეთოდებით, როგორც თავად სჯიდნენ ხალხს, თუნდაც ჩვენ, როცა ოპოზიციაში ვიყავით - უსამართლოდ და უკანონოდ. მაგრამ ჩვენ სასამართლოს ჯიბეში ჩადებაზე უარი ვთქვით, პროკურატურაც დამოუკიდებელია და ახლა, სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების გარეშე, ვერავინ დაისჯება. შესაძლოა, ეს ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ ეს რეალობაა. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას. ეს პროცესი 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა იმ უკანონობაზე თქვა უარი, რომელთა მეშვეობითაც "ნაციონალები" მართავდნენ ქვეყანას. სამართალი ურმით დადის, მაგრამ მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან, ყველა დამნაშავეს მიადგება კარზე, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა ეკავა ადრე ხელისუფლებაში.
- ძალიან ნელა დადის ეგ თქვენი სამართალი, ბატონო გიგა. დაახლოებით 6 თვეში 27 ათასი საჩივარი შევიდა "ნაციონალთა" წინააღმდეგ პროკურატურაში და უმცირესი ნაწილიც კი არ არის გამოძიებული, სამართლიანობა არ აღდგა ათასობით მოქალაქისთვის და დამნაშავენი ქუჩაში დადიან კი არა, თქვენს ხელისუფლებას დამხობით ემუქრებიან.
- მე მეტსაც გეტყვით, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ 52 ათასი საჩივარი შევიდა პროკურატურაში. რამდენი პროკურორია ამ ქვეყანაში? ამ საქმეების მარტო სათაურების წაკითხვას, დათვალეთ ერთი, რამდენი დრო დასჭირდება. ახლა პროკურატურა მარტო "ნაციონალთა" დანაშაულებს ხომ ვერ გამოიძიებს? სხვა, ძველი საქმეებიც არის იქ და ახალი დანაშაულებიც ხომ ხდება? ესეც გამოსაძიებელია და ამდენი რესურსი არ არის პროკურატურაში. "ნაციონალებივით" ერთი ხელის მოსმით და მტკიცებულებების გარეშე არ ხდება ამ საქმეების გამოძიება, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია.
- ეგ გასაგებია, მაგრამ 2 წელიწადში, მარტო 2 მთავარ "ნაციონალ" დამნაშავეს აქვს შეფარდებული სასჯელი - ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას. ამის ფონზე, კეზერაშვილი ვერ ჩამოიყვანა ჩვენმა პროკურატურამ, ვერც დათა ახალაია ჩამოიყვანა, ზურაბ ადეიშვილი და სხვები წყნარად სხედან ევროპის ქვეყნებში და იქიდან ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან.
- კაცო, ბინ ლადენის პოვნას დაახლოებით 12 წელი მოანდომა ამერიკამ, იგივე ამერიკა ვერ ახერხებს ზოგჯერ პატიმრების უცხო ქვეყნებიდან ექსტრადიციას. საქართველოში ვცხოვრობთ, ამ რესურსით მეტის გაკეთება ვერ ხერხდება.
- ამერიკა ყველა რესურსს იყენებს, ჩვენგან განსხვავებით.
- ჩვენი ხელისუფლებაც არ ზოგავს თავს, უამრავი გამოწვევა აქვს ამ ხელისუფლებას. სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს მარტო ძველი დანაშაულების გამოძიებას, დღეს რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ეშინიათ ხელისუფლებისგან უკანონობისა, ესეც სამართლიანობის აღდგენაა. ჩვენ თუ ვიქნებით მხოლოდ იმაზე ორიენტირებულნი, რომ ვიღაცა დავსაჯოთ, ყური მოვაჭრათ და ჩამოვახრჩოთ, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა.
- არავის ჩამოხრჩობას არ გთხოვთ არავინ, ვინც დასასჯელია, დასაჯეთ ის ხალხი, ამ დანაშაულთა საფუძველზე აკრძალეთ "ნაცმოძრაობა", როგორც დამნაშავე სისტემის შემქმნელი პარტია, ხალხს სწორედ ამას ჰპირდებოდით საპარლამენტო არჩევნებამდე.
- მესმის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ.
- მეც მესმის, მაგრამ პოლიტიკური ნება არ ჩანს, რომ ეს დამნაშავენი დაისაჯონ. თავად ბრძანეთ, 52 ათასი განცხადებაა შესული პროკურატურაში "ნაციონალთა" წინააღმდეგო. აი, ვინც ყველაზე დიდი დამნაშავენი არიან, მათ წინააღმდეგ რომ საჩივრებია, პირველ რიგში ისინი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ.
- არა, ეგ უკვე შერჩევითი სამართლიანობა იქნება.
- რანაირად იქნება შერჩევითი სამართალი, როცა სახეზეა მათი დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები?
- გიმეორებთ, სამართლიანობის აღდგენა მარტო დამნაშავეთა დასჯა არ არის, ხალხს უდანაშაულოდ რომ არ სჯიან, ესეც სამართლიანობის აღდგენაა...
ამ დროს გიგა ბუკიას მობილური ტელეფონი გაითიშა და საუბრის გაგრძელება ვერ შევძელით. მაინტერესებდა, უმრავლესობაში თუ მოიძებნება ვინმე, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმების საკითხი წამოუწევია. რამდენჯერმე დავურეკე, მაგრამ მომსახურების ზონიდან იყო გასული.