,,კანონიერი ქურდის' მკვლელის ,,აღიარებითი ჩვენება'

,,კანონიერი ქურდის' მკვლელის ,,აღიარებითი ჩვენება'

როგორ ურეკავდნენ და რაზე ესაუბრებოდნენ ზონიდან პატიმრები ევროპაში მყოფ ავტორიტეტებს ციხის ადმინისტრაციის ,,თანდასწრებით'  

თანამედროვე ახალგაზრდების ნაწილს ევროპაში წასვლა სწავლის გასაგრძელებლად სურს, ნაწილს - ლუკმაპურის საშოვნელად. ვიღაც მოსაპარად მიდის, ზოგისთვის კი ევროპა და ზოგადად, საქართველოსიქეთ მსოფლიო, ე.წ. ქურდული სამყაროს საშვია. სწორედ ევროპაში ცდილობენ ქართულ ციხეებში დაყვინჩილებული კრიმინალები ,,კანონიერი ქურდის' სტატუსის მიღებას. ცოდვა გამხელილი სჯობს, ამ საქმეში მათ ხელს ზონის ადმინისტრაციაც უწყობს. შაბათობით, ზონებიდან ევროპაში დარეკვაა შესაძლებელი და არცთუ იშვიათად, სწორედ ქურდებთან რეკავენ. ისტორია, რომელსაც გიამბობთ, საკმაოდ ტრაგიკულია და... ბოდიში, გოგიტა...

,,სვანეთში ყველაზე გამორჩეული ჩვენი სოფელია, 12 აკადემიკოსი ჰყავს გაზრდილი. ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი პატარა სოფლიდან 12 აკადემიკოსი რას ნიშნავს?!' - ბატონი გარსევანი ნანატრი ძის დაბადების გამო გაშლილ სუფრას თამადობდა. ის კი, რაც იმ სუფრაზე მოხდა, გოგიტას მამის მეგობარმა მას შემდეგ უამბო, რაც ბიჭი ჭკუაში ჩავარდა.
გოგიტა კარგად სწავლობდა. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, მისთვის კარგი განათლება მიეცათ. ბატონ გარსევანს, ძეობის სუფრაზე არ უთქვამს, რომ იმ სოფელმა 12 აკადემიკოსთან ერთად, ქვეყანას 20-ზე მეტი კანონიერი ქურდიც უსახსოვრა. გოგიტა ამით უფრო დაინტერესდა _ 14 წლის იყო, პირველად მოსაპარად რომ წაიყვანეს. ერთ ქურდობას მეორე, მესამე, მეოთხე... მოჰყვა და ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, გოგიტას უკვე ჰქონდა გამოცდილი მომპარავის სახელი. მერე ქურდებიც გაიცნო, მათით მოიხიბლა და ერთ დღეს გამოაცხადა - კანონიერი ქურდობა მინდაო. ,,კაიბიჭი' ამას რომ დაანონსებს, მას შემდეგ ლუპით აკვირდებიან, არაფერი უნდა შეეშალოს. გოგიტასაც არ ეშლებოდა. მისი ავტორიტეტი გაიზარდა და 19 წლისას სიტყვა, ქუჩასა და უბანში კი არა, ქალაქში ეთქმოდა. ადგილობრივი სამართალდამცავები ცდილობდნენ, დაეჭირათ, მაგრამ საქმეზე ვერ მოიხელთეს, წამალს არ ეკარებოდა და ამიტომ შესაფერის მომენტს ელოდნენ. ბოლოს, იარაღი ჩაუდეს და ორი წელი მისცეს.

,,ვაჟკაცს იარაღი შეშვენის. რომ ჰქონოდა, არ მექნებოდა რეაქცია, მაგრამ ვიცი, ჩაუდეს, მოიხდის ციხეს და ცხოვრებას დაუბრუნდება', - იხტიბარს არ იტეხდა ბატონი გარსევანი.
,,მაგ ბიჭმა დაგვღალა, მთელი ქალაქი აწიოკებული ჰყავდა, მაგრამ ვერსად მოვიხელთეთ. ციხიდან 2 წელში არ უნდა გამოვიდეს. მამამისი ვიღაც აკადემიკოსებს აწუხებს, ეგებ პრეზიდენტმა შეიწყალოსო. საბედნიეროდ, ეს შეწყალებას ხელს არ მოაწერს, ქურდობა უნდა. ჰოდა, მოიფიქრეთ რამე', _ ასეთი მითითება გლდანის ციხეში ალექსანდრე მუხაძემ მიიღო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და გოგიტა ე.წ. კრიტში, მეექვსე დაწესებულებაში გაუშვა. პატიმარს მიყვანისთანავე გვარიანად სცემეს და ,,ადინოჩკაში' შეაგდეს. ორკაციან კამერაში სამი დღე გაატარა და სამალავიც აღმოაჩინა. სამალავში ,,შტირი' იდო, დიდი ლურსმნისგან გაკეთებული. მესამე დღეს ,,კრიტის' მაყურებელი ეწვია, სიგარეტი და ჩაი მიუტანა, თუ რამე გაგიჭირდეს, ჩამოგვძახე და გექნება. აქედან ერთ კვირაში გაგიშვებენ, ჩვენს კამერაში იქნებიო, უთხრა და წავიდა.

მეორე დღეს გოგიტას კამერაში კიდევ ერთი პატიმარი შეიყვანეს, საღამოს კი ,,ბალანდიორმა' მაყურებლების მიერ გამოგზავნილი ,,მალიავა' მიაწოდა. ფურცელზე მოკლედ ეწერა _ ეგ კანონიერი ქურდის მკვლელობისთვის ზის. იმოქმედე, ჩვენგან მწვანე გაქვს...'

,,კაიბიჭისგან' კანონიერი ქურდის მკვლელის დასჯა ლამის კანონიერ ქურდობას ნიშნავს - გოგიტამ სამალავიდან შტირი ამოიღო და სანამ პატიმრის ღრიალზე კამერის კარს გააღებდნენ, ახლადმოსულს 12-ჯერ დაარტყა. პატიმრის ღრიალზე ციხე ახმაურდა. ყველამ იცოდა, რომ კანონიერი ქურდის მკვლელს კლავდნენ და მეექვსე დაწესებულება ლამის დაინგრა...
გოგიტა გლდანის ციხეში დააბრუნეს, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასამართლოს ბევრი არ უწვალია, გოგიტას, მკვლელობასთან ერთად, საკანში აკრძალული ნივთის ქონაც მარტივად დაუმტკიცა და 16 წელი დაუმატა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბატონ გარსევანს,  სასამართლო დარბაზში გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა...

,,გოგიტა მოიყვანეს, გოგიტა', - აჩურჩულდა ერთ დღეს რუსთავის #17 ზონა და პატიმრები ახლადმოყვანილს შემოეხვივნენ. ყველას აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა კანონიერი ქურდის მკვლელის მკვლელი და მაყურებლებიც კი მოწიწებით ექცეოდნენ. ზონებში უკვე ევროპიდან ქურდების პრაგონი იყო შესული _ გოგიტას თმის ღერიც არ უნდა ჩამოვარდნოდა და ზონაზე ყველაზე კარგად უნდა ყოფილიყო.
,,გარეთ არავინ დამრჩა, დედის გარდა. მამის სიკვდილის შემდეგ საშინლად მოტყდა, თითქოს ერთ დღეში დაბერდა. ბევრი არაფერი მინდა _ სპორტულები და კედები, რომ ვივარჯიშო და ფეხბურთი ვითამაშო ხოლმე', - მშვიდად თქვა მაყურებლების კამერაში გოგიტამ და ჩაი მოწრუპა.
მეორე დღეს გოგიტას სპორტულებიც ჰქონდა და ბოტასიც. დილაობით დარბოდა, ნაშუადღევს ბურთს დასდევდა. ე.წ. საქმის გარჩევებში არ ერეოდა, თუ რამე სერიოზული იქნება, მაშინ დამიძახეთო და ერთი შეხედვით, რიგით პატიმრად იქცა, თუმცა...

,,ვინ არის ეს #0578?! დილით დამადგა, შენზე რაღაცების დაწერა მინდა და მომიყევიო. მეორედ არ დავინახო, შემომაკვდება', _ მაყურებლების კამერაში ბობოქრობდა გოგიტა, როცა საკნის კარი გაიღო და #0578 შევიდა. მაყურებლებს მიესალმა, მერე კი გოგიტას ჰკითხა - რა მოიფიქრე?!

,,მოგზავნილი ხარ თუ რა გინდა?!', _ აფეთქდა გოგიტა. მაყურებლებს გაეცინათ, ჩვენი ძმაა და, თუ გინდა მოუყევი, თუ არა, ასე შეგჭამს სროკის ბოლომდეო.
,,გოგიტ, ახლა რომ გაგისერიოზულო და აგახსნევინო, რატომ მითხარი, მოგზავნილი ხარო, იცი, შენ, მინუსში ჩაგეწერება. ძმები ვართ-მეთქი გეუბნები და ისეთს არაფერს დავწერ, რომ გავნოს. რაღაც დეტალები მაინტერესებს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო', - უთხრა #0578-მა. კამერა დაიძაბა. მისი სიტყვები პრეტენზიას ჰგავდა და გოგიტას ფერი ეცვალა.

,,თუ გინდა, ვიბაზროთ, პრობლემა არ მაქვს, წამიყენე პრეტენზია', _ უთხრა გოგიტამ, მაგრამ პატიმარმა მეგობრულად გაუღიმა, - ,,ეგ თქვენი ქურდული ფილოსოფია არ მესმის, უბრალოდ, მცირე დეტალებს ვაქცევ ყურადღებას. ის მაინტერესებს, შაბათობით ქურდებთან რომ რეკავთ და იცით, ადმინისტრაცია გისმენთ, რას ეუბნებით? თუ უბრალოდ მოიკითხავთ, სისულელეა. თუ სერიოზულ თემაზე ბაზრობთ _ ქურდული სამყაროს წინაშეა დანაშაული. ეს მაინტერესებს, თორემ შენი ისტორია შენზე უკეთ ვიცი, იმდენჯერ აქვთ მოყოლილი...'
გოგიტა კამერიდან გავიდა და #0578-იც გაჰყვა. გოგიტამ მოყოლა ჩუმად დაიწყო:
,,სერიოზულ თემებზე არ ვბაზრობთ, თავადაც ვიცით, ეს სისულელეა. უბრალოდ, აუცილებელია შაბათობით ქურდებს ესაუბრო - აქ უნდა დაინახონ, რომ სასტავში ხარ. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, არ ვიცი, რა გითხრეს, მაგრამ ისეთი არაფერი გამიკეთებია, ამ სამყაროსთვის მევნო. თუ ვინმეს ვავნე, ჩემი ოჯახია და მამაჩემს სიცოცხლე მოვუსწრაფე. დედაჩემი იყო ამას წინ პაემანზე და 45 წლის ქალი 70 წლის მოხუცს ჰგავს. ერთს გთხოვ მარტო, ჩემზე არაფერი დაწერო, რაც უნდა შეცვალო, ყველა მიხვდება. დედამ რომ წაიკითხოს, აქ რა მატორზე ვარ და რომ მიხვდეს, ისევ ქურდული ცხოვრებით ვცხოვრობ, გული გაუსკდება. მე ჩემი გითხარი, შენ შენი იცოდე. ისე, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ეგებ მამაჩემის სიტყვები გამემართლებინა, მაგრამ უკმაყოფილო არც ახლა ვარ. მაქსიმალისტი ვარ და ის, რომ ყველა პროფესორი და აკადემიკოსი ვერ იქნება, მეც ვიცი. მთავარია, შენს საქმეში იყო პროფესორიც და აკადემიკოსიც და ქვეყანას ეშველება'. 
* * *
გოგიტა სასჯელს ისევ იხდის, პატიმარი #0578 კი მისი დედის გასვენებაში ორიოდე თვის წინ იყო. პირობა, რომ გოგიტას ისტორია არ უნდა გამოქვეყნებულიყო, სწორედ ამიტომ დაირღვა.
პატიმარი #0578