მაშინ როცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კანადასა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა მართლმსაჯულების პოლიტიკურ სარჩულზე სალაპარაკოდ, თბილისში გამწვავდა დაპირისპირება მთავარ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატებს შორის. პროკურატურა თვლის, რომ დაცვის მხარე ჯიუტად არ ეცნობა საიდუმლო მასალებს, ხოლო თავად დაცვის მხარე პროკურატურას კომფორტულ ოთახებზე უარს ეუბნება და მასალების ასლებს სთხოვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. რით შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირება?
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატს ლევან ვეფხვაძეს, რომელიც ერთ–ერთი დაკავებულის უფლებებს იცავს, იმედი აქვს, რომ 11 დეკემბერს, როდესაც ე.წ. „კაბელების საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართება, მოსამართლე გაითვალისწინებს დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ლევან ვეფხვაძის ლოგიკა ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველ და მესამე საწილებს, რომელთა მიხედვითაც, დაცვის მხარეს უნდა გადაეცეს ყველა მასალა, რის წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, კანონისთვის სულ ერთია, ადევს თუ არა საიდუმლო გრიფი ბრალდების მხარის ხელთ არსებულ მასალებს, ხოლო თუკი 11 დეკემბრის სდომაზე ვერ მოხერხდება მოსამართლის დარწმუნება და მტკიცებულებები დაუშვებლად არ იქნება ცნობილი, ადვოკატ ვეფხვაძის თქმით, გამოვა, რომ ქვეყანაში სამართალი არ ყოფილა და ერთადერთი გამოსავალი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება.
რაც შეეხება მთავარი პროკურატურის მიერ მასალების გასაცნობად გამოყოფილოთახებს, რისი პრეზენტაციაც 19 ნოემბერს მოხდა, ადვოკატები ამ სერვისით სარგებლობას არ აპირებენ, ისევ და ისევ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ლევან ვეფხვაძე ამბობს, ეს ფიზიკურად შეუძლებელიც არის:
„თვითონ პროკურორიც რომ გამოდიოდა, ფურცლები ეჭირა და კითხულობდა. მაშინ რატომ სთხოვ დაცვის მხარეს, რომ მივიდეს და ადგილზე დაიზეპიროს, თავში ჩაიბეჭდის ათეულობით და ასეულობით ფურცელი და ამის მიხედვით იდავოს მერე... მით უმეტეს, წინასასამართლო სხდომა არის ისეთი სხდომა, სადაც წყდება მტკიცებულებათა დასაშვებობისა და დაუშვებლობის საკითხი. შესაბამისად, თითოეული დეტალი უნდა იქნეს გაანალიზებული თითოეული ადვოკატის მიერ და შემდეგ შუამდგომლობები უნდა მომზადდეს და სადავოობის საკითხი უნდა გადაწყდეს. როგორ წარმოუდგენია პროკურატურას, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მასალების მხოლოდ გაცნობით შევძლოთ. ანუ იქ დავსხდეთ, ოთახში, და გავეცნოთ“.
პროკურატურის შეთავაზებას მასალების ადგილზე, კეთილმოწყობილ, კომფორტულ ოთახებში გაცნობის თაობაზე 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აბსურდი უწოდა დაკავებულთა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ. ის თვლის, რომ პროკურატურა „შავი პიარითა“ და „ჭორაობით“ არის დაკავებული და კანონის მოთხოვნათა სრული უგულებელყოფით უკვე „სამართლებრივ ჩიხშია“ მოქცეული.
ადვოკატთა განცხადებები მთავარი პროკურატურის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მედიას პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააცნო, ნათქვამია, რომ ადვოკატები ჯიუტად, შეგნებულად არიდებენ თავს დაკავებულთა საქმის მასალების გაცნობას და რომ ამის უკან მიზანმიმართული გეგმა დგას:
„ბოლო დროს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის და ბრალდებულების ადვოკატების მიერ მედიასაშუალებებით მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია პროკურატურის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პროკურატურის დისკრედიტაცია. ხსენებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოსდა მათ შესაძლებლობა არ აქვთ გაეცნონ ხსენებული საქმის მასალებს და ამ მიზნით ყველა საშუალებით ცდილობენ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ყოველივე აღნიშნული ცალსახად მიუთითებს ხსენებული საქმით დაინტერესებულ პირთა ჯგუფის ზრახვას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და, შესაბამისად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“.
ყოფილი თანამშრომლების საქმეების საგამოძიებო პროცესში პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ხედავს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ვიდრე 20 ნოემბერს, დილით, თბილისს დატოვებდა, აეროპორტში მან ჟურნალისტებს კანადასა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების მიზანი განუმარტა - ეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაა:
„მე მივაწოდებ ინფორმაციას, თუ რას ვხედავ და როგორ ვხედავ საჭიროდ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი, დაეხმაროს საქართველოს იმ პრობლემების, იმ შეცდომების გამოსწორებაში, რასაც უშვებს საქართველოს ხელისუფლება იმ ფორმით, რა ფორმითაც ბოლო კვირების განმავლობაში მათ განახორციელეს პოლიტიკური ნიშნით შემოტევა პოლიტიკურ ლიდერებზე. ის ქმედებები, რასაც აკეთებს პროკურატურა ჩვენი მისამართით, ამას აქვს პოლიტიკური სარჩული“.
ირაკლი ალასანიას სჯერა, რომ მის განმარტებებს მოუსმენენ და დაუჯერებენ საერთაშორისო პარტნიორები. „სანდოობა ჩვენს მიმართ, როგორც პოლიტიკური ლიდერების მიმართ, არის ძალიან მაღალი და ამას გულწრფელად გეუბნებით. და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს აღქმას რეალობისა აქვს განსაკუთრებული ყურადღება მინიჭებული დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას და ამავე ინტერვიუში ისიც თქვა, რომ მან ზუსტად იცის, რომ მის „უწყებაში არ ყოფილა ის დარღვევები, რაზეც ლაპარაკობს პროკურატურა“. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სიმართლის დადგენა, მათ შორის, ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით მხოლოდ გამჭვირვალე გამოძიების პირობებში, მასალების განსაჯაროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
აქვე გავიხსენოთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე შეეხება 2013 წელს განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო შესყიდვას, რომლის შედეგადაც დაკავებულებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტით აზარალეს. გამოძიება ირწმუნება, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის მიზნით დაწყებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ”მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში”. უკანონო გარიგების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კომპანია ”სილქნეტი”.
ამ საქმის მასალები შესაძლოა ნაწილობრივ განსაჯაროვდეს და ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ 19 ნოემბერს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზეც იმსჯელეს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მიაწოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნაწილის განსაჯაროება მოხერხდება და რამდენად წაადგება ეს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.