,,დამოუკიდებელი მაჟორიტარები _ ძლიერი რეგიონებისთვის', _ ამ სახელწოდებით საგანგებოდ შექმნილი ფრაქცია ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდა. ფრაქცია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ქვოტით გასული მაჟორიტარებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ,,ქართული ოცნების' მხარდამჭერებად იქცნენ. ახლადშექმნილი ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ხობის რაიონის მაჟორიტარი გოდერძი ბუკიაა, რომელიც ,,ვერსიასთან' საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანების მიზეზებს განმარტავს.
საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანებით ,,ქართული ოცნება' კი არა, სახელმწიფო ინტერესები გადავარჩინეთ. სტაბილურობისთვის ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობის არსებობა აუცილებელია.
- ანუ ფიქრობთ, მაშველი რგოლი გახდით?
- არა, ქვეყნის ინტერესებს გადარჩენა არ სჭირდებოდა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენი გაერთიანებით გავამყარეთ. ,,ქართულ ოცნებას' მხარს ადრეც ვუჭერდი, დღეს ამ მხარდაჭერამ ოფიციალური სახე მიიღო.
- თუ ,,ქართულ ოცნებას' მხარს ადრეც უჭერდით, რატომ იყარეთ კენჭი ნაციონალური მოძრაობის სახელით?
- მე და ფრაქციის სხვა წევრები, ბიზნესიდან წამოსული და საქმის მკეთებელი ხალხი ვართ. პოლიტიკომანები არასოდეს ვყოფილვართ, არც ნაციონალური მოძრაობის დროს. ოთხგზის დეპუტატი ვარ, რაც ნიშნავს, რომ წლებია ამომრჩეველი მენდობა. პირდაპირი წესით არჩეული დეპუტატები სერიოზულ ძალას წარმოვადგენთ და ზუსტად ვიცით, სად ვიდგეთ. ქვეყანაში რყევებისა და დროშის ფრიალის მომხრე არასოდეს ვიქნები. ოპოზიციაში ყოფნა ადვილია - შენთვის ხარ, ხელისუფლებას აკრიტიკებ. მხოლოდ დეპუტატის სტატუსის შენარჩუნება რომ მდომებოდა, ჩემ ამომრჩეველსაც ვეტყოდი, რა ვქნა, ხომ ხედავთ, ვლანძღავ ხელისუფლებას- მეთქი, მაგრამ ამით ამომრჩეველი რას მიიღებს? დღეს ხობში სამი ახალი საწარმო შენდება, რომლის მსგავსი საქართველოში არასოდეს ყოფილა. ოპოზიციაში რომ ვიყო, საწარმოს ვინ ააშენებს?
- საწარმოს ხობში თქვენ აშენებთ?
- საწარმოს აშენებენ სტრუქტურები, რომლებიც ხობში ჩემი ინიციატივით მოვიდნენ. თუ მაჟორიტარი ავტორიტეტი არ არის, რაიონის ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს. ოპოზიციაში მყოფი მაჟორიტარი საქმის კეთებით დაინტერესებული არ არის.
- პარლამენტში რამდენიმე მაჟორიტარი დღესაც ოპოზიციაშია და თქვენ ამბობთ, ამის გამო ხელისუფლება კონკრეტულ რაიონებში თუნდაც საწარმოების აშენებაზე უარს ამბობს?
- თუ ხელისუფლების მხარდამჭერი არ ხარ, საქმის გაკეთება არ გამოვა. როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, თუ ხელისუფლების პოზიციებზე არ ხარ. მე ,,ბუტკის' ამშენებელი არ ვარ, დიდ საქმეებს ვაკეთებ, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება. ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ეს ბიზნესზე ზეწოლა არ არის. როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა, ხელისუფლებას დავუჭირე მხარი, ოპოზიციაში ვერ დავრჩებოდი. ბევრი ამოცანა მაქვს, რაც საქართველოში ბოლომდე უნდა მივიყვანო.
- ანუ აღიარებთ, რომ პირადი ინტერესებისთვის ხართ უკვე მეოთხედ უმრავლესობის რიგებში?
- ხელისუფლებას ვჭირდები მე და მეც მჭირდება ხელისუფლება. არავისთვის არაფერი მითხოვია, ყოველთვის ისინი მოდიოდნენ ჩემთან.
- ვინ მოვიდა ამჯერად თქვენთან უმრავლესობაში გადასვლის თხოვნით?
- უპარტიო დეპუტატი ვარ. თავის დროზე, ნაციონალებმა შემომთავაზეს მათი ქვოტით კენჭისყრა, რასაც, ბუნებრივია, დავთანხმდი - თუ მიაჩნდათ, რომ რაიონში ლიდერი ვიყავი, უარი რატომ უნდა მეთქვა? დღესაც ნებისმიერ კანდიდატს მოვუგებ არჩევნებს. ზოგი ფიქრობს, ამას ჩემი ფინანსური შესაძლებლობებით ვაკეთებ. ამომრჩევლისთვის ფული არასოდეს შემითავაზებია, მაგრამ მათთან წლების განმავლობაში ვმუშაობ, კარგად ვიცი, რა ულხინთ და უჭირთ. ყოველთვის ხობელების გვერდით ვარ. ჩემი რაიონისთვის ყველაფერი გამიკეთებია, კაბინეტები ამიტალახებია და ამის გამო ბევრი პატივს მცემს. ასე კეთდება საქმე, მე პოლიტიკანობისთვის არასოდეს მეცალა.
- დეპუტატობა უკვე პოლიტიკის ნაწილია, ბატონო გოდერძი.
- კი, მაგრამ, მე კონსტრუქციული პოლიტიკოსი ვარ.
- სამაგიეროდ, კარგ ბიზნესგათვლას აკეთებთ - კომპარტიის რიგები მაშინ დატოვეთ, როცა ეროვნული მოძრაობის ნიშნები გაჩნდა, ნაციონალებსაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაემშვიდობეთ. ,,ქართული ოცნებისთვის' რამდენად სანდო პარტნიორი ხართ?
- ჩემი ადგილი ყოველთვის იქნება იქ, სადაც ხალხის ინტერესებს დავიცავ. არავისთვის მიღალატია, არც ნაციონალებისთვის. კი ბატონო, ნაციონალების სახელით მე მოვიგე, მაგრამ წაგებული ჩემით არც ნაციონალური მოძრაობა დარჩენილა. რომელ ღალატზეა საუბარი, როცა ჩემი რაიონიდან მიღებული ხმებით ბევრი ნაციონალი პარლამენტში შევიდა? კარგად დაითვალონ! იმის გამო, რომ ხობში ვიყავი, საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო. ერთი რამ დაინახეთ და ხიდან ჩამოდით ყველანი!
- ვინ ჩამოვიდეს ხიდან ან რას გულისხმობთ ხიდან ჩამოსვლაში?
- მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი, დროშის მოფრიალე ადამიანი პოლიტიკოსი გახდეს, საქართველოში კი, ასეთი ადამიანები დეპუტატები ხდებიან. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ის, ვისაც საქმე უკეთებია და საკუთარი კაპიტალიც საკმარისად დააგროვა. მხოლოდ საქართველოში მოდიან ხელისუფლებაში გაღლეტილი პოლიტიკოსები. ადამიანმა, რომელმაც საკუთარ თავს ვერ უშველა, სხვას როგორ უნდა უშველოს? ცურვა თუ არ იცი, სხვას ცურვას ვერ ასწავლი. ადამიანს ერთი ,,ბუტკაც' რომ არ შეუნახია, სხვას რა მიმართულება უნდა მისცეს? დღეს ჩვენ მოვდივართ და გაისად მეტნი ვიქნებით. ღარიბი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს.
- მდიდარი ბიზნესმენები მოდიხართ ხელისუფლებაში?
- აბა, როგორ? გაღლეტილი პოლიტიკოსისთვის მხოლოდ გრძელი ენა საკმარისი არ არის. წავიდა ეს დრო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ბიზნესმენები უნდა მოვიდნენ. ყაზახეთი, იცით, როგორ განვითარდა? ნაზარბაევმა ბიზნესმენებს დაუძახა, ქვეყანას სჭირდებით, ნებისმიერი თანამდებობა აირჩიეთ და გვერდით დამიდექითო. ამ ნაბიჯით ქვეყანამ სერიოზული შემოსავლები მიიღო. ბიზნესმენები საკუთარ საქმეს დაუბრუნდნენ, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის საფუძველი ჩაიყარა.
- ბატონო გოდერძი, მაღალი თანამდებობის მიღება ხომ არ გინდათ?
- არა...
- ისე, ქვეყანას საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ჰყავდა პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე, მაგრამ ამით რა შეიცვალა?
- ბევრი რამ... ხობში სამი ქარხანა შენდება- მეთქი რომ გითხარით, ეს სხვა პირობებში ვერ გაკეთდებოდა. დღეს ქვეყანაში ფინანსების მოსაზიდად საუკეთესო პირობებია, 1%- იანი სესხი, საქართველოს გარდა, არსად გაიცემა, მაგრამ ეს სიკეთე ხალხმაც რომ იგრძნოს, მეტი დროა საჭირო. ინვესტიციის განხორციელება ხელში ფულის აღებას არ ნიშნავს. ახლა დიდი პროექტის შესრულება რომ დავიწყე, ყველას ჰგონია, 105 მილიონი უკვე ჯიბეში მაქვს და შემიძლია ადამიანებს ჩამოვურიგო. ჩვენ დარიგებას დავეჩვიეთ. სამწუხაროდ, ფულს მეც მუდმივად ვარიგებ, რადგან ხალხს უჭირს. ამ ბოლო დროს ვცდილობ, ნაკლები დავურიგო - ადამიანები მუშაობას უნდა მიეჩვიონ. სხვაგვარად არ გამოვა.
- ოთხი მოწვევის დეპუტატი როგორ ახერხებთ დღემდე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას და 105-მილიონიანი ინვესტიციების მოზიდვას?
- რომ იცოდეთ, მე საქართველოში არ მაქვს ბიზნესი... ცოტა მაქვს აქ. ბიზნესი იმ ქვეყანაში მაქვს, სადაც საჭიროა.
- სად, რუსეთში?
- იქ, სადაც საჭიროა... რატომ გაინტერესებთ?
- ის უფრო საინტერესოა, თუ იცით, კანონმდებლობით ბიზნესის მართვის უფლება რომ არ გაქვთ?
- მე არცერთი ფირმის დირექტორი არ ვარ, ჭკუით და გონებით ვმუშაობ. მართვით ყველაფრის მართვა შეიძლება, მაგრამ კანონს არსად ვარღვევ.
- 9 წლის განმავლობაში თქვენთან ასოცირებული ბიზნესების დაცვა როგორ მოახერხეთ?
- ერთი ობიექტი წამართვეს, მაგრამ ახლა დავიბრუნე. თვითონ ობიექტს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ,,ქართულმა ოცნებამ' დამიბრუნა.
- ხელისუფლებას საზოგადოება, ძირითადად, იმის გამო აკრიტიკებს, რომ სამართლიანობის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა, ბიზნესმენებს წართმეული ქონება არ დაბრუნებია და თქვენ ეს როგორ დაიმსახურეთ?
- სამთავრობო სტრუქტურების დახმარებით.
- ამიტომ იგრძენით თავი ვალდებულად, მხარი დაგეჭირათ საპარლამენტო უმრავლესობისთვის? კიდევ ერთხელ ადასტურებთ, რომ დამოუკიდებელი მაჟორიტარები ხელისუფლებასთან მეგობრობას საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის იყენებთ.
- არა, ვიწროდ ნუ აზროვნებთ, ვალდებული არავისთან ვარ. რაც შეეხება მეგობრობას, ყველასთან ვმეგობრობ. ძველთანაც და ახალთანაც. მეგობრობა ყოველთვის სჯობს, ეს ყველამ იცოდეს. ასე უნდა იყოს საგარეო პოლიტიკაშიც. რუსეთს უნდა ვაგინოთ, რომ აფხაზეთი წავართვათო - ეს რა ლოგიკაა?
- რუსეთი ახსენეთ, სადაც თავის დროზე საქართველოს ელჩი იყავით. როგორც დიპლომატი, ფიქრობთ, აფხაზეთის ანექსიის გამო რუსეთი უნდა ვაქოთ?
- ჩვენ დღეს ამ გარემოში ვცხოვრობთ და სხვაგან ვერ გადავსახლდებით. დროშის ფრიალი არაა საჭირო, ეკონომიკა ავაღორძინოთ და აფხაზები ჩვენსკენ გამოიქცევიან. ისეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ვითარება, როგორიც საქართველოშია, სხვაგან არსად მეგულება. რატომ არ უნდა ველაპარაკოთ მეზობელს? რუსეთის გავლენა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც დიდია, ჩვენ როგორ შევინარჩუნოთ ან დავიცვათ თავი ამ გავლენის დარეგულირების გარეშე? სულაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი მეზობელი აგრესიულია.
- რუსეთი აგრესორი არ არის?
- რითაა აგრესორი? ასე არ ვფიქრობ. რა გიკვირთ? წვრილმანი ურთიერთობებიდან ამ პროცესს არ უნდა შევხედოთ.
- თქვენთვის წვრილმანია აფხაზეთი და ცხინვალი?
- აგრესორი ყველაა. გააჩნია, ვინ როგორ მოქმედებს. თურქეთი ათჯერ მეტი აგრესორია ჩემთვის, ასევე ირანიც, რომელმაც დაგვაქცია, მაგრამ ხომ ვთანამშრომლობთ. თავის დროზე, ხომ წაიღეს ჩვენი ტერიტორიები. ყველას თავისი ინტერესი აქვს. რა მოვიგეთ 9 წლის განმავლობაში რუსეთს დედას რომ ვაგინებდით? პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სტალინის სიტყვები გავიხსენოთ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამართლებულია და არ მითხრათ, სტალინი დეგენერატიაო.
- სტალინამდე 5 საუკუნით ადრე ეს სიტყვები მაკიაველმა თქვა, თქვენთვის სტალინი პოლიტიკოსის იდეალია?
- მით უმეტეს, კარგია, თუ ბევრად ადრე უთქვამთ. სტალინი, როგორც პიროვნება, მომწონს, როგორც პოლიტიკოსთან შენიშვნები მაქვს, მაგრამ ადამიანი მსოფლიო პოლიტიკაში ასეთ წარმატებებს შემთხვევით არ აღწევს.