თაკო ჩარკვიანი ენის მიმტანებსა და ჩანერგილ-გადამონერგილებზე

თაკო ჩარკვიანი ენის მიმტანებსა და ჩანერგილ-გადამონერგილებზე

...ის, რაც ჩავიფიქრე, ერთობ ავანტიურისტულია. მაინც, რა ჩავიფიქრე? - ისეთი არაფერი. უბრალოდ, ინტერვიუ უნდა ჩავწერო ჩემს მეგობართან. ახლა, არ იკითხავთ, ეს მეგობარი ვინ არის? ვინ და _ სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი... არ ვიცი, რა გამომივა - ადვილი სულაც არაა, მეგობარს უხერხული კითხვები დაუსვა და ისე ელაპარაკო, როგორც ჩვეულებრივ რესპონდენტს... ასეა თუ ისე, ვგრძნობ, ამ ინტერვიუს დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი მოჰყვება... მაშ, ასე: სმენა იყოს და გაგონება - ,,ვერსია' და მე, ზომიერად ამბიციურ-ავანტიურისტი ვანო პავლიაშვილი წარმოგიდგენთ თაკო ჩარკვიანის არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს!  

-
თაკო, რა გაწუხებს? 
- ის, რაც გარშემო ხდება, არ მომწონს. 

- და გარშემო რა ხდება? 
- ერთი პერიოდი ვგრძნობდი, რომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ მერე, ეს სტატიკურობა იმით შეიცვალა, რომ ცოტა შოკისმომგვრელი განცხადებები მოვისმინეთ და ძალიან არ მომეწონა. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ეს არასახელმწიფოებრივად მივიჩნიე. 

- უფრო კონკრეტულად? 
- ქვეყანაში ამხელა ამბავი მოხდა და ნაცმოძრაობა ოპოზიციაში აღმოჩნდა. 9 წლის განმავლობაში, ძალიან სერიოზულ ოპოზიციაში ვიყავი. 

- გახსოვს, ერთმანეთი რომ გავიცანით, ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარი იყო... 
- ვანო, მაშინ მე და შენ რაღაცაზე განსხვავებული აზრი გვქონდა, მაგრამ მაინც დავმეგობრდით. საერთოდ, ადამიანს განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი უნდა ჰქონდეს... ჯერ კირვალიძესა და რაღაც ტრაქტორებზე ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს კაცი მართალია... 

- არ გეწყინოს და, ახლა მარგველაშვილივით ლაპარაკობ... 
- მარგველაშვილმა ეს ახლა თქვა, მე კი, Fაცებოოკ-ზე რამდენიმე დღის წინ დავასტატუსე და მას მერე არ გავჩერებულვარ. საერთოდ, ყველაზე კარგი გულწრფელობაა. ვთქვი და ვიმეორებ: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ირაკლი ალასანიას ბრალს ნაციონალების ლობირებაში სდებენ და ამ დროს უმრავლესობაში 6 ყოფილი ნაციონალი შედის. რიგითმა მოქალაქეებმა ხმა ბუკიას ან მარიკა ვერულაშვილს ანუ ნაციონალებს კი არა, ,,ქართულ ოცნებას' მისცეს და რაღაც მორალური მხარე დაირღვა. ორი წელი საგანელიძე კიოდა, ჩანერგილები და გადმონერგილები, ჩანერგილები და გადმონერგილებიო... ამის მეტი არაფერი გვესმოდა და ახლა ეს ექვსი ადამიანიც ჩანერგილ-გადმონერგილი რომ აღმოჩნდეს, მერე რა ვქნათ? ვანო, იცი, ჩემთვის პირველი სიგნალი რა იყო? - თავის დროზე ხუხაშვილმა რომ თქვა, კაბინეტი რად მინდა, აგერ, მობილური მაქვს და თუ მართვა მინდა, დავრეკავო. ეს არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა. ვერ გავიგე, უკვე ქუჩაში ვართ, ქუჩისკენ მივდივართ თუ როგორ ხდება? არ დამვიწყებია, 9 წელი რა კატასტროფაც იყო - გირგვლიანი, ვაზაგაშვილი და სულ ქუჩაში ვიყავით... 

- ჩვენში დარჩეს და, ადამიანი, რომელსაც ნაციონალების დროს ომბუდსმენის პოსტი ეკავა და ინდაური მიუყვანე, დღეს ,,ოცნების' მინისტრია... 
- (იცინის) 
- არ ,,გაგიტყდა', სუბარი პოსტნაციონალურ ეპოქაში მინისტრი რომ გახდა? 
- მარტო მე არ მიმიყვანია... არა, ძალიან ლიბერალი ვარ და მომწონს, თუ ადამიანებს აქვთ მცდელობა, თავიანთი აზროვნება და ცხოვრება კარგისკენ წაიყვანონ. აქვე გეტყვი: არ მომწონს, როცა რადიკალურ განცხადებებს ვისმენ, ამიტომ ის განცხადება, რომელიც ირაკლი ალასანიას მისამართით გაკეთდა, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, განსაკუთრებით, სიტყვა ,,მოღალატე'. ეს სიტყვა, რომელსაც ძალიან ცუდი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს, ქართველებმა სერგო ორჯონიკიძისთვისაც ძლივს გავიმეტეთ! როცა შენს გუშინდელ თანამებრძოლს, ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი გმირის, რეჟიმის მიერ დახვრეტილი მამია ალასანიას შვილს, თავადაც აფხაზეთში მეომარსა და ჩურკინთან მოპაექრეს, რომელზეც ორი წელი გვეუბნებოდნენ, დიდი წვლილი მიუძღვის ნატოსთან ურთიერთობის საკითხებშიო და ჯარს ანდობდი, ეუბნები, მოღალატე ხარო, ეს არასახელმწიფოებრივი განცხადებაა! 
- რა ვიცი, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში თავად ალასანია და მისი თანაგუნდელები ამხილეს. ისე, თაკო, ახლა, მართლმორწმუნე ,,ოცნებელი' რომ ვიყო, გეტყოდი, ტენდენციური ხარ - ჯანსუღ ჩარკვიანისა და გურამ ფანჯიკიძის მეგობრობაზე ლეგენდები დადის... ისიც ვიცი, პრემიერთან ნორმალური ურთიერთობა გაქვს... 
- ვანო, ახლა ისეთ რამეს გეტყვი, რაც არასოდეს მითქვამს, საერთოდ, ასეთი განცხადებების გაკეთებას ვერიდები, მაგრამ ღარიბაშვილის მიმართ სიმპათია მაქვს - ახალგაზრდა, ენერგიით სავსე კაცია და მისგან ასეთ განცხადებას არ ველოდი.
 
- ერთი ერთზე რომ შეხვდე, რას ეტყვი? 
- იმას, რაც ახლა ვთქვი. 

- რომ ეწყინოს? 
- მერე, რა?! ეს ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციაა. სხვათა შორის, მიშას ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, ,,რუსთავი 2'-ზე, ეკა ხოფერიას ,,ღამის კურიერში' ვთქვი, საქართველოს სათავეში ნიჭიერი, მაგრამ გაუწონასწორებელი კაცი მოდის და ქვეყანა არ ანდოთ, საშიშია-მეთქი. ეთერში, ჩემთან ერთად მიხეილ მაჭავარიანი, მაია ნადირაძე და თეიმურაზ მირიანაშვილი ისხდნენ. მაია ნადირაძემ მითხრა, მიშამ ენები იცისო. ვუპასუხე, ამას რა მნიშვნელობა აქვს, გაუწონასწორებელია-მეთქი... მოკლედ, ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.
 
- ეგ ვიცი, მაგრამ შენ რიგითი მოქალაქე არ ხარ... 
- მე ვარ ადამიანი, რომელიც ,,ქართულ ოცნებასთან' ერთად იმიტომ იბრძოდა, მიხეილ სააკაშვილი წასულიყო! 

- შენ ის ადამიანიც ხარ, რომელმაც 2010 წლის მაისში, ტელევიზიის წინ გამართულ .. ბურჯანაძის მიტინგებს ბოიკოტი გამოუცხადა. რატომ? 
- ერთი შეცდომა შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნისთვის სირცხვილია და ეს ძალა ბურჯანაძეა, რომელმაც 2007 წლის 9 ნოემბერს 7 ნოემბრის მოვლენები ,,გააპრავა'. ეს გამოკვეთილი რეაქციული რუსული ძალაა! თუ საქმე მეგობრობაზეა, ვანო, მერწმუნე, რუსულ ლიტერატურულ თუ მუსიკალურ წრეებში ჩემზე მეტი მეგობარი ბევრს არ ჰყავს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებაში ის რეაქციული ძალაა, რომელიც მსოფლიოს ყელზე ადგას! ბევრს უკვირს, ამას რატომ ამბობო, მაგრამ ამით წყალს სააკაშვილის წისქვილზე კი არ ვასხამ, არამედ, იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა მხოლოდ სააკაშვილის სახელს არ უკავშირდება, რუსეთი ჩვენთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას ყოველთვის არღვევდა და ის გააკეთა, რაც შაჰ აბასსაც არ გაუკეთებია - მეფის ინსტიტუტი გააუქმა და გუბერნიად გვაქცია. დიახ, საქართველოში რუსული რეაქციული ძალის მომხრე ბურჯანაძეა! მე კი ჩემი ქვეყნის დასამარებას არასოდეს მივემხრობი! კი ბატონო, ჩვენ, ყველანი, 70 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობდით, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, მაშინ მამაჩემის თაობა როგორ წვალობდა - ბევრს ჩუმად აკეთებდა, ბევრს - ხმამაღლა. ხმამაღლა იყო, 1972 წელს ჯანსუღმა რომ დაწერა: ,,როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება, თავისუფალი ხალხის ბუნება, თავისუფლება და აღტაცება დაუცხრომლობით აღესრულება'... ჯანსუღმა ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია' და ,,ტყვია მიზანში მოსახვედრიაც' მაშინ თქვა... 

- კი ბატონო, მაგრამ თაკო, რამდენიმე წუთი ბოროტი მეგობარი ვიქნები და გეტყვი, რომ ვიღაცები ჯანსუღსა და მის სამეგობროს წითელ ინტელიგენციას ეძახდნენ... ამაზე არ ბრაზდები? 
- არა, რადგან გარკვეულმა ადამიანებმა სიმართლე არ იციან. იმ ხალხზე კი ვბრაზდები, ვინც ყველაფერი იცის, მაგრამ ასეთ რაღაცებს შეგნებულად ამბობს. ვანო, უშიშროებას არასოდეს ეძინა და თავის საქმეს აკეთებდა - მამაჩემის თაობაზეც ხმას სპეციალურად ყრიდა, ეს ,,დაყავი და იბატონე'-ს პრინციპია, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჯანსუღს, მუხრანს, ოთარ ჭილაძესა თუ ჭაბუა ამირეჯიბს ერთმანეთზე ცუდი არასოდეს უთქვამთ, მათ ერთმანეთის ფასი იცოდნენ! 

- ის, რომ ყველაფერი ინსპირირებული იყო, დღეს ნათლად ჩანს - ვიცი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიასთან მეგობრობ... 
- დიახ, დღეს მე და კოკო უახლოესი მეგობრები ვართ, თუმცა ყოველთვის მეგობრები ვიყავით... დედაჩემი თამრიკო გამსახურდიასთან მეგობრობდა, ორივე დისერტაცია კი, კონსტანტინე გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცებასა' და ,,დიდოსტატის მარჯვენაზე' აქვს დაცული. ვიდრე კოლხურ კოშკში გადავიდოდნენ, მამაჩემი და ზვიადი მეზობლები იყვნენ. ზვიადის თავდები ორჯერვე ჯანსუღი იყო... ავადსახსენებელ 90-იან წლებში მესამე ძალამ იმდენი ქნა, ორივე მხარე ქუჩაში გაგვიყვანა. არ არსებობს, ერთი მხარე მართალი იყო და მეორე - დამნაშავე. მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქეთ-იქით ენა მიჰქონდათ. დღესაც ეს ძალა ვიგრძენი და ამიტომ შემეშინდა, თორემ მეტი არაფერი! არავის ვეპირფერები, მაგრამ ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილი ნიჭიერი, ენერგიული ახალგაზრდა კაცია, რომელიც რაღაცას ცდილობს და აკეთებს. აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიაზე, რომელსაც, უბრალოდ, კარგად ვიცნობ და რომელმაც ზუსტად იცის, ვისი გორისაა. ვიგრძენი, ისევ გამოჩნდა ის მესამე ძალა, რომელიც ცდილობს, ყველა ერთმანეთს გადაგვკიდოს, ქვეყანა, სულ ცოტა, თავზე დაგვამხოს და დიდი ფული გააკეთოს! 

- თაკო, მაინც, ვისზე ლაპარაკობ? 
- იმ ადამიანებზე, რომლებიც ტელევიზიით, განსაკუთრებით ბოლო დროს, ხშირად ჩანან! ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლაა! 

- ეს სააკაშვილის სიტყვებია! 
- არა, ეს ჩემი, ჩემი მეგობრების, მამაჩემის, ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ნოდარ დუმბაძის სიტყვებია და ძალიან დიდი ბოდიში, ევროპისა და დასავლეთისადმი სიყვარულს ნაცმოძრაობას ნუ ვაჩუქებთ! ეს ილია ჭავჭავაძის, სულხანსაბას და ჩემი, რიგითი მოქალაქის სიტყვებია! 

- რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც შია და სწყურია, რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის საგარეო კურსი დასავლური იქნება თუ რუსული? 
- ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა - ამ სისულელეებითა და პენსიის ხუთი ლარით მომატებით უკვე დავიღალეთ. მაგალითად, მე ამ ხუთი თუ ათი ლარის გამოცხადების შემრცხვებოდა! 

- ვიღაც იტყვის, თაკო ჩარკვიანი უპრობლემოდ ცხოვრობს, ბიზნესმენი მეუღლე ჰყავსო... 
- არც ასეა საქმეა... 9 წლის განმავლობაში, პრობლემა კი არა, ჩემს ქმარს ყველაფერი, თუკი რამე ბიზნესი ჰქონდა, გაუჩერეს. მთელმა ოჯახმა ყველაფერი სასწორზე დავდეთ, მაგრამ ჩემს ქმარს არ უთქვამს, გაჩუმდიო. 

- ანუ ჯონი გიგანს ნაციონალები პრობლემებს შენსა და ჯანსუღის გამო უქმნიდნენ? 
- რა თქმა უნდა. 

- პრობლემები შენმა დღევანდელმა აქტიურობამაც რომ შეუქმნას? 
- არ მგონია, ის ხელისუფლება მოგვეყვანა, ლაპარაკის გამო პრობლემების წინაშე დავდგე! ვანო, იმის თქმაც არ მინდა, აი, ბატონ ბიძინამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს-მეთქი. ეს კარგი იქნება, მაგრამ ჩემი მხრიდან ასე ლაპარაკი არასახელმწიფოებრივია, რადგან ვიღაც, ვინც სახელმწიფოს პატივს სცემს, მეტყვის... 

- უკაცრავად და, მე გეუბნები: ივანიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქეა და რატომაა მნიშვნელოვანი, მასთან სწორი ინფორმაცია მივა თუ არასწორი? 
- მეც ამას ვამბობ... ყველაფერი ეს ხელოვნურად შეთითხნილი და მოწყობილი მგონია. ვიღაც იტყვის, ალასანია რომ გადადგა, არასახელმწიფოებრივად მოიქცაო. გადადგომის პირველი წუთებში ვიფიქრე, ნაადრევი ხომ არაა-მეთქი, მაგრამ მერე ვნახე, მართლაც სოლიდური დარტყმა იყო, თან მაინცდამაინც მაშინ, როცა ეს კაცი უცხოეთში იმყოფებოდა, მერე კვების საქმე გამოჩნდა. სხვათა შორის, ამ საქმეში, ასე ვთქვათ, ბრალდებულები სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა. ტრაქტორების საქმეც გამახსენდა, სადაც თურმე, არაფერი ხდებოდა. ჰოდა, როგორც ჟურნალისტს, გამიჩნდა ეჭვი, ყველაფერი ეს დასავლურ ინსტიტუტებზე დარტყმა ხომ არ არის-მეთქი. ეს ეჭვი მთელ ჩემს სამეგობროს გაუჩნდა და რა ვქნათ? თუ ემოცია ერთ მხარეს აქვს, მეორე მხარესაც ხომ აქვს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავდადებულია?! იმ ადამიანს, რომელიც ჩურკინს ეპაექრება და მერე გადადგება, ცოდვაა, უთხრა, მოღალატე ხარო... 

- თაკო, ვიცი, ობიექტური ხარ, ჰოდა, ერთი წამითაც არ დაგიშვია, რომ ალასანია ეგებ მართლა დამნაშავეა და ყველაფერს პოლიტიკური ელფერი თავდაცვის მიზნით მისცა? 
- გამოიძიონ, ახსნან გრიფი ,,საიდუმლო', გვაჩვენონ... თუკი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, უნდა გამოიძიონ, აბა, რა უნდა ქნან, მაგრამ აქ ფორმასა და შენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დისკრედიტაციაზეა საუბარი. ესე იგი, ორი წელი თავდაცვის მინისტრად ამბიციური და მოღალატე გვყავდა და ღამე მშვიდად გვეძინა? ეს განცხადება ჩემთვის სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევა იყო და მეტი არაფერი! ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ გამოძიებამ სახელმწიფო ინსტიტუტები არ შეარყიოს! მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას ვაკისრებ: მიშას დროს მას ვაკისრებდი, შევარდნაძის დროს - შევარდნაძეს... ხომ გახსოვს, 1999 წელს რაც დავწერე? 

- მე კი მახსოვს, მაგრამ თითო ოროლა ჯანსუღს წამოაძახებს ხოლმე, შევარდნაძის ძმაკაცი იყავიო. 
- ჯერ ერთი, ჯანსუღი შევარდნაძესთან მაშინ ძმაკაცობდა, ვიდრე ის ხელისუფლებაში მოვიდოდა; მეორეც, შევარდნაძის მიერ საგარეო პოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯები მომწონდა და ახლაც მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის შერყევაში ერთი აგური, თუ ორი არა, დადო. ის ნავთობსადენი, რომელიც შევარდნაძემ გააკეთა, საქართველოში დასავლური ინსტიტუტების შემოსვლად მივიჩნიე. სულ იმაზე ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა როგორმე დასავლეთის სრულფასოვანი წევრი გახდეს და იქნებ იმ უბედურ სივრცეს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას რეაქციულ რუსეთთან ურთიერთობა მიუსაჯა, გავაღწიოთ. ყველას ვთხოვ, ერთმანეთს რუსული ლიტერატურის სიყვარულში ნუ შევეჯიბრებით! 

- და გგონია, ორი - კეთილი და ბოროტი რუსეთი არსებობს? 
- არა, ასეთი მიამიტი არ ვარ და რუს კომფორმისტებსაც კარგად ვიცნობ, მაგრამ არსებობენ რუსები, რომლებიც, როცა რუსეთში ვერ ,,იბეჭდებოდნენ', ჯანსუღთან მოდიოდნენ და აქ იბეჭდებოდნენ. ეს გახმაურებული ამბავია... 

- ჯანსუღ ჩარკვიანმა საქართველოში ბელა ახმადულინას რუსეთში აკრძალული ლექსები გამოსცა... ისიც გახმაურებულია, 60-იანი წლების ბოლოს, ,,ცისკარი' ,,მე-8 პოლკმა' რომ დახვრიტა, რამეთუ ჯანსუღმა ანტისაბჭოთა წერილი დაბეჭდა... 
- რუსეთში ,,ანტისავეტჩიკთა' ჯგუფი მაშინაც არსებობდა და ახლაც მრავლადაა ინტელექტუალი, რომელსაც რეჟიმი ყელში აქვს ამოსული... ამას წინათ, ერთმა თქვა, გზა ვიცი, რომლითაც აფხაზეთს დავაბრუნებო. მაინტერესებს, ეს რომელი გზაა - ისევ საბჭოთა სივრცეში შევიდეთ? გაიძახიან, ნატო-ს რას ჩააცივდითო. ვინ გითხრათ, რომ ნატო-ს ჩავაცივდით, მაგრამ ვინმემ იცის, თავდაცვის სხვა რა გზა გვაქვს? თუ იცით, გვითხარით! როგორც კი მარტო დარჩები, რუსეთი იმწუთას კრავთან ჩასაფრებული მგელივით იქცევა და ეს ბევრჯერ დაამტკიცა... აგერ, ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორა. ამიტომ ვლაპარაკობ, თორემ დასავლეთში არც მე დავბადებულვარ და მეც ის საბჭოთა ბავშვი ვარ, ,,ამერიკის ხმასა' თუ ,,თავისუფლებას' ჩუმად რომ უსმენდა... ...2012 წელს მხარი ხელისუფლების შეცვლას იმიტომ დავუჭირე, რომ მაგალითად, უდანაშაულო 14 წლის გვანცა ყუფარაძე არ დაეჭირათ. უმადურ ადამიანზე დიდი უბედურება არაფერია, ამიტომ სიმართლე ვთქვათ - პირველი ოქტომბრის შემდეგ, ხალხს მშვიდად სძინავს, თორემ მანამდე 4 კაცს თავში მოუვლიდა და შუაღამისას ვიღაცას შეუვარდებოდა, პროკურორი ადეიშვილი კი 30 ლარის გულისთვის ქალებს იჭერდა. ამ ინტერვიუში ეს რომ არ ვთქვა, კატასტროფა იქნება. 

- ...ოდესმე შეგშინებია? 
- საერთოდ, უშიშარი ადამიანი სულელი მგონია. რაღაცების შეიძლება, მეშინია, მაგრამ ეს გრძნობა ზოგადად არ მაქვს... 

- ქართულ პოეზიას ხომ კარგად იცნობ? 
- კი, კარგად. 

- ჰოდა, ახლა ერთგვარ ტესტს ჩაგიტარებ: აბა, მითხარი, ვინაა ავტორი ლექსისა - ,,მტრედი პატარა დილაა'? 
- (იღიმის) გაჩერდი, ახლა. ხომ იცი, რომ ამ თემას ტაბუ დავადე და არ ვილაპარაკებ! 

- არც იმას შეაფასებ, კულტურის ყოფილი მინისტრი პრემიერის როგორი მრჩეველია? 
- ჩემი მხრიდან უხერხული გამოვა... ...ვანო, გინდა, გითხრა, ირაკლი ალასანია ჩემს თვალსაწიერში, როგორც პოლიტიკოსი, პირველად როდის მოხვდა? - აი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გაერო-ში ჩურკინს გაწიწმატებული რომ ეპაექრებოდა. საერთოდ, იმ განცხადებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვერ ვიტან და ეს აბსოლუტურად მავნებლურ შეხედულებად მიმაჩნია. საქართველო, უბრალოდ, პროვოკაციას წამოეგო! 

- ...ჯანსუღის შვილი რომ არ იყო, როგორი იქნებოდი? 
- რა ვიცი... რა გითხრა... არ მახსოვს, ჯანსუღს რამეში შევეზღუდე და ეს დიდი ფუფუნებაა. კონსერვატორია რომ დავამთავრე, პირველ არხზე მუშაობა რიგით მუსიკალურ რედაქტორად დავიწყე. ამასობაში, საინფორმაციოსთვის კადრებს არჩევდნენ და ჯანსუღს ვკითხე, იქნებ, საინფორმაციოში გადავიდე-მეთქი. თავი გააქნია, არ გირჩევო. რატომ-მეთქი. მიპასუხა, შენი ხასიათით საინფორმაციოს ვერ აიტანო... 

- ...ბევრი ადამიანი დაგიკარგავს? 
- არა და ამით ბედნიერი ვარ. 

- სულ არავინ?
 - გთხოვ, ნუ მეკითხები... არის ერთი ადამიანი, მაგრამ არ ვილაპარაკებ, თუმცა დაკარგვისთვის არც ის მემეტება. გამორიცხულია, ოდესმე რამე ცუდისთვის გავიმეტო... 

- თაკო, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: ნინო ბურჯანაძეს რომ აკრიტიკებ, მორალურ დისკომფორტს არ განიცდი? - ბოლოს და ბოლოს, ჯანსუღის ნათლულია. 
- მამას ბევრი სხვა ნათლული ჰყავს... ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე აღმოვჩნდით... როცა გავარკვიე, ჩემი ქვეყნისთვის მე რა მინდოდა და სხვას - რა, ჩემი პოზიცია გამოვკვეთე, ეს, რა, დანაშაულია? იმიტომ, რომ ჯანსუღმა მონათლა, გორთან პუტინის ჯარის დადგომას მხარს ვერ დავუჭერ და რა ვქნა, რა გავაკეთო?! იქნებ, შენ დაუგდო ყური, ნათლიაშენი რას ამბობს? მამაჩემმა პირდაპირ უთხრა, 7 ნოემბერს უნდა გადამდგარიყავიო. მან კი, განაცხადა, დიახ, სახელმწიფო კარგად მოიქცაო. ჩემთვის კი, ხალხი 7 ნოემბერსაც გაანადგურეს და 26 მაისსაც. აი, ჩვენს შორის სწორედ ეს განსხვავებაა. იცი, ეჭვი რაზე მაქვს? 

- რაზე? 
- ვარდების რევოლუციის დროს, როცა თბილისში ივანოვი ჩამოვიდა და ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი შევარდნაძეს შეხვდნენ, ალბათ, გახსოვს, შეხვედრიდან გამოსულ ჟვანიასა და ბურჯანაძეს როგორი სახეები ჰქონდათ. მერე, შევარდნაძეს დააბრალეს, სააკაშვილი შენ გინდოდაო... ვეჭვობ, შევარდნაძისგან ჟვანიასა და ბურჯანაძის უგულებელყოფა მათი საგარეო კურსის გამო მოხდა. ვხედავ, ამ ქალს რეაქციული რუსეთი უნდა. მე კი ვამბობ, რომ ეს კურსი ჩემი პატარა ქვეყნისთვის დამღუპველია! 

- ...თაკო, სხვას ირმა გიგანისნაირი შვილი რომ ჰყავდეს, ამ ქვეყნიდან საერთოდ წავიდოდა... 
- ვანო, არ გრცხვენია, პოეტის შვილს ამას რომ მეუბნები? 

- მე ისეთი შემოქმედებიც ვიცი, ხალხს ვიღაცების ჩაცხრილვისკენ რომ მოუწოდებენ... 
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა... 

- ირმას უცხოეთში რატომ არ უშვებ? 
- ვერ ძლებს - მიდის, მაგრამ ბრუნდება... ამას წინათ, ვიღაცამ Fაცებოოკ-ზე დამიწერა, ,,მხედრიონს აპრავებდითო', გამეცინა, მხედრიონი შინ შემომივარდა და როგორ ,,გავაპრავებდი'? 

- თაკო, გადაცემა ,,2030'-ში რომ დაგპატიჟონ, მიხვალ? 
- რა თქმა უნდა... 

- და ასე მწვავედ ილაპარაკებ? 
- ბუნებრივია - მინდა, ამ ადამიანამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს! ივანიშვილი ნიჭიერი კაცია და არ შეიძლება, უნიჭო რუსული რეაქციული სივრცე უნდოდეს, მაგრამ ნიჭიერი ხალხის გვერდით მუდამ უნიჭოები არიან და მასთან უნიჭო ინფორმაციები მიაქვთ ხოლმე! 

- ოდესმე გავაზაფხულებთ? 
- აუცილებლად, აბა, რა!