"ახლა საქართველოში საწვავი არ შეიძლება 1,40-1,50 ლარზე მეტი ღირდეს!"

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "კონკურენციის სააგენტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით, ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა დაიწყო. სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის შესაბამისი ბრძანებით, განისაზღვრა მოკვლევის ჯგუფიც". 

ამ წამოწყებით რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს "კონკურენციის სააგენტოს" ინიციატივა, იმ სააგენტოსი, რომელსაც "მკვდრადშობილ" ინსტიტუციად მიიჩნევენ და რამდენადაა მოსალოდნელი საწვავის ფასების კლება ახლო მომავალში? 

"კვირის ქრონიკას" ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრა: 

 - რაკი კონკურენციის ე.წ. სააგენტო საღათას ძილისგან გამოერკვა და "საკუთარი ინიციატივით" დაიწყო რაღაცის კეთება, კარგია! არადა, პარადოქსი ისაა, რომ "საკუთარი ინიციატივით" მოქმედებას მას კანონი ავალდებულებს, მაგრამ... სად კანონი, სად კანონის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო და საერთოდაც - სად საქართველო?! ამ სამსახურის არსებობა არავინ იცის, მე მგონი, თანამშრომლებმაც კარგად არ იციან, რისთვის შეიქმნა ეს სამსახური ფორმალურად! არადა, კანონსდაქვემდებარებულ სახელმწიფოში, სადაც საბაზრო ეკონომიკა რეალურად არსებობს, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. 

- რატომ ითვლება ამ სამსახურის მუშაობა ასე მნიშვნელოვნად? 
- იმიტომ, რომ დასავლური ცივილიზაციის უდიდესი მიგნება და მისი უზრუნველყოფა სწორედაც რომ კონკურენციაა. სწორედ ანონიმურმა პირობებმა, საერთო "თამაშის წესებმა", სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტების დაცვის უზრუნველყოფამ და თანაბარმა პირობებმა ლეგალურ სფეროში საქმიანობისთვის აქცია დასავლეთი იმად, რაც არის - წარმატებულ ქვეყნებად. საქართველოში არ არის პოლიტიკური ნება საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის და ამიტომ არის ეს სამსახური ფორმალური დანამატი! 

- რა ხდება საწვავის ფასებთან მიმართებაში, მსოფლიო ბაზრის პარალელურად, აქ რატომ არ აკლებენ ფასებს? 
- მსოფლიო ბაზარზე, ბარელი ნავთობის ფასი 75 დოლარამდე დაეცა. საქართველოში ეს არავის აინტერესებს. აქ ხელისუფლებების მიერ შექმნილი და მოძლიერებული რამდენიმე ჯგუფი კვლავ აგრძელებს განუკითხავად ხალხის ძარცვას - სუპერ ზემოგების მიღებას... რატომ? იმიტომ, რომ ამ დიდ ფულად ნაკადებს თავისი გამკონტროლებლები ჰყავს და დიდი ფული არაფრისგან იშოვება... ახლა საქართველოში საწვავი არ შეიძლება 1,40-1,50 ლარზე მეტი ღირდეს! არ შეიძლება და ხომ ხედავთ, რა ღირს?!. დასკვნები იოლი გასაკეთებელია! 

- კომპანია "ვისოლის" აქციამ 1 ლიტრი 1 ლარად, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და პროტესტიც კი გამოიწვია. საუბრობენ, რომ კომპანია, არც ერთ შემთხვევაში არ წავა წაგებაზე უსაფუძვლოდ და ფიქრობენ, რომ საწვავის რეალური ფასია 1 ლარი... 
- ცხადია, ისევე როგორც "ვისოლს", ასევე სხვებსაც აქვთ ფასების დაწევის რეზერვი. აი, კონკურენციის კანონი რომ ნორმალური იყოს და კონკურენციის სააგენტო გამართულად მუშაობდეს, ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე (კანონი ამას უნდა ითვალისწინებდეს), სააგენტო სასამართლოს მეშვეობით დაშლიდა ამ მანკიერ პრივილეგირებულ ბიზნესჯგუფებს მონოპოლიისა და კარტელური გარიგებებისთვის და ბაზრის სეგმენტაციას მოახდენდა. მოკლედ რომ გითხრათ - "ეს საქართველოა!" 

რამ გააჩინა საზოგადოებაში საწვავის ფასის 1 ლარამდე კლების მოლოდინი და რა ხდება კომპანია "ვისოლში"? 
"კვირის ქრონიკას" კომპანია "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, რუსუდან კბილაშვილი ესაუბრა:
 

- Woot.ge-ს აქცია იყო. მსგავსი აქციები ხშირად ეწყობა. ფასდაკლების საიტები საცალო ფასში ყიდულობენ საწვავს და შემდეგ ყიდიან შეღავათებით, წაგებაზე მიდის საკუთარი ვებგვერდების პოპულარიზაციისთვის. ამისთვის უღირთ მათ, რომ ნაკლებ ფასად გაყიდონ საწვავი. 

- მსოფლიო ბაზარზე ყოველდღიურად იკლებს ნავთობის ფასი, რას ფიქრობენ "ვისოლში", ფასის კლებას გეგმავთ? 
- აგვისტოდან მოყოლებული, ჩვენ 4-5 ჯერ მოვახდინეთ საწვავის ფასების კლება. თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება მსოფლიო ბაზარზე, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენთანაც. ბოლოს ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევამცირეთ საწვავის ფასი. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 15 თეთრია დაკლებული.