განსხვავებული გრძნობები „მაიდნის მოვლენების“ წლისთავზე

განსხვავებული გრძნობები „მაიდნის მოვლენების“ წლისთავზე

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის მოულოდნელ შეჩერებას 2013 წლის 21 ნოემბრიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. საპროტესტო გამოსვლებს მალევე შეუერთდა 50 წლის იური ვერბიცკი, ლვოველი სეისმოლოგი, რომელიც დემონსტრანტებისათვის მოწყობილ საველე სამზარეულოში მუშაობდა, ამზადებდა სენდვიჩებს და ცხელ ჩაისთან ერთად ურიგებდა აქციის მონაწილეებს.

22 იანვარს, როდესაც ორთვიან საპროტესტო აქციას დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოჰყვა, ვერბიცკი კიევის ახლომდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მის გვამს წამების მრავალი ნიშანი ჰქონდა.

„ვიცოდი, რომ იგი მაიდანზე იყო და ვშიშობდი, რა თქმა უნდა, მთელ ოჯახს გვქონდა შიშის გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ასევე ვუჭერდით მხარს საპროტესტო გამოსვლებს“, - ამბობს ილიანა ვერბიცკა, იური ვერბიცკის ქალიშვილი.

ბოლოს, როდესაც ქალიშვილი ტელეფონით ელაპარაკა, იური ვერბიცკი კიევის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც მას ექიმები პოლიციის მიერ ნასროლი ხმოვანი ყუმბარსატყორცნის აფეთქების შედეგად დაზიანებულ თვალებზე მკურნალობდნენ.

„ყველაფერი კარგად არისო“, - დაამშვიდა მამამ ქალიშვილი.

თუმცა მალევე იური ვერბიცკი და მისი მეგობარი აქტივისტი, ცნობილი ჟურნალისტი იგორ ლუცენკო უცნობმა პირებმა ჰოსპიტლიდან გაიტაცეს. ნაცემი ლუცენკო მეორე დღეს გამოჩნდა, მაგრამ ვერბიცკი აღარ დაბრუნებულა. იგი ევრომაიდნის ერთ-ერთ პირველ მსხვერპლად ითვლება. ოფიციალურმა პათოლოგანატომიურმა კვლევამ სიკვდილის მიზეზად გაყინვა დაასახელა.

უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ის, რაც მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნების მიერ იყო სანქცირებული.

დღეისათვის იური ვერბიცკის საქმეზე ეჭვმიტანილია 13 პირი, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ბრალდებული იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

„მჯერა, რომ მამაჩემი ამაოდ არ დაღუპულა, იგი უკრაინის უკეთესი მომავლისათვის იბრძოდა. ცხადია, რომ ამჟამინდელი ვითარება ჩვენს ქვეყანაში რთულია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, ვინც თავი გაწირა უკრაინისა დ ჩვენი მომავლისათვის, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ამაოდ არ გაუწირავთ საკუთარი თავი“, - ამბობს იური ვერბიცკის ქალიშვილი, ილიანა ვერბიცკა.

მაგრამ ევრომაიდნის ყველა მსხვერპლის ოჯახში როდი ფიქრობენ ასე.

ნარიკ ნიგოიანი, პირველი მოკლული დემონსტრანტის სერგეი ნიგოიანის მამა, არ იზიარებდა თავისი შვილის ენთუზიაზმს საპროტესტო აქციების დროს.

ეთნიკური სომეხი, რომელიც 1992 წელს უკრაინაში ემიგრანტად ჩამოვიდა მთიანი ყარაბაღიდან, ვერაფერს დამაიმედებელს ვერ ხედავს იმაში, რომ მისი შვილი უკრაინის მომავლისათვის დაიღუპა:

„კი, უკრაინას შეიძლება ჰქონდეს ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ ჩვენ - არაფერი ამის მსგავსი. ჩვენ რაც დავკარგეთ, დავკარგეთ“.

სერგეი ნიგოიანმა 2013 წლის დეკემბერში დატოვა დნეპროპეტროვსკის სოფელ ბერეზნოვატივკაში მცხოვრები მშობლები და ევრომაიდნის საპროტესტო აქციას შეუერთდა, სადაც იგი მალე გახდა ცნობილი ათლეტური აღნაგობის, შავი წვერისა და დიდი ხელჯოხის გამო, რომლითაც ის საპროტესო ბანაკის უსაფრთხოებას იცავდა.

სერგეი 22 იანვარს დაიღუპა, როდესაც სპეცდანიშნულების პოლიციის რაზმმა იერიში მიიტანა დემონსტრანტთა ბანაკზე. ექიმთა ცნობით, მას მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა ნიკაპის, თავისა და ყელის არეში.

სერგეი ნიგოიანის მშობლები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთი შვილის კიევში გამგზავრებას, ამჯერად ადანაშაულებენ ევრომაიდნის ზოგიერთ ლიდერს, რომლებმაც ზურგი შეაქციეს დაღუპულ დემონსტრანტთა ოჯახებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ:

„ისინი მაიდნის გარშემო დარბოდნენ, დადიოდნენ, ბრძანებებს იძლეოდნენ, მაგრამ დღეს მათთვის ყველაფერი სულ ერთია. არავის არ დაურეკავს, არავინ არ მოსულა და არავის არაფერი არ უკითხავს“.

მშობლის ასეთი კრიტიკის მუხედავად, ამ კვირაში მილიონობით უკრაინელი მიაგებს პატივს სერგეი ნიგოიანს და დანარჩენ 110 აქტივისტს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაიღუპნენ. ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბერეჟანის მოედანს უკვე ეწოდა ნიგოიანის სახელი, ხოლო უკრაინელმა კომპოზიტორმა ვალენტინ სილვესტროვმა მის სახელზე ჰიმნი დაწერა,.

ქალაქ ლვოვში კი ალპური კლუბის წევრები აპირებენ აღმოსავლეთ კავკასიაში მდებარე იმ მწვერვალზე ავიდნენ, რომელიც მათი კლუბის წევრისა და ყოფილი მთასვლელის იური ვერბიცკის სახელს ატარებს.