“ქდმ”-სგან გოგიტა მურცხვალაძე 1400 (?) ლარის გადახდას მოითხოვს

“ქდმ”-სგან გოგიტა მურცხვალაძე 1400 (?) ლარის გადახდას მოითხოვს

 

 

 

“ან 1400 ლარი გადამიხადოს, ან კიდევ, როგორც კი მანქანით მგზავრობის ფულს ვიშოვი, ჩამოვიყვან ჩემს შვილს და პარლამენტის წინ გაუგონარ აქციას გავმართავ. სადაც ფეხს ჩადგამენ ”ქრისტიან-დემოკრატები”, იქ მოველანდები”, - აცხადებს გოგიტა მურცხვალაძე. მისი თქმით, “ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტია ”საქველმოქმედო კონცერტის დაფინანსებას შეჰპირდა, მაგრამ პარტიამ” გადააგდო” და, მისივე თქმით, ნისიად ჩატარებული კონცერტის საფასური ვალად მას დაედო. თავად პარტიაში აღნიშნულს უარყოფენ და გადაჭრით ამბობენ, რომ მურცხვალაძისთვის შეპირებული 600 (დაარა 1400) ლარი გასტუმრებული აქვთ.

 

როგორც მურცხვალაძე “რეზონანსს” მოუთხრობს, მან შარშან, 14ივნისს ბათუმის მოედანზე საქველმოქმედო საღამო ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ნიჭიერის” ფინალისტებმა. მურცხვალაძეს ამის დამადასტურებელი დისკიც აქვს. აღნიშნულ კონცერტამდე კი, მისივე თქმით, ჩაუტარებია რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი. “ყველა ღონისძიებას თავისი სპონსორი სჭირდება, სპონსორი კი ღვთის წყალობით არის ხოლმე”, -აღნიშნავს ის და თხრობას ასე განაგრძობს:

 

“შარშანდელ საქველმოქმედო კონცერტს წინ უძღოდა ასეთი ამბავი: მე გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთი კონცერტი ჩამეტარებინა ბავშვისათვის იმიტომ, რომ მიწვევა გვაქვს მიუნხენიდან, სადაც მკურნალობის მხოლოდ მეოთხედს გადაგვახდევინებენ. ამ მეოთხედი თანხისთვის სპონსორის ძებნა დავიწყე. ჩემდა საუბედუროდ, მივადექი ქრისტიან-დემოკრატებს. წინასაარჩევნო პერიოდი იყო დავიფიქრე, რომ საქველმოქმედო საღამო თუ მათი ეგიდით ჩატარდებოდა, მათი საქმეც გამოვიდოდა და ჩემიც. პარტიიდან გარკვეულ პიროვნებებს შევხვდი, რომლებმაც შემახვედრეს ზაზა კარსანიძეს. სწორედ მას უნდა გაეწია ფინანსური კურატორობა”.

 

მურცხვალაძის ცნობით, თავიდან აღნიშნული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება განზრახული იყო ბათუმის თეატრში.

 

“ბათუმის თეატრის წარმომადგენლებმა გადასახადის ნახევარი მომიხსნეს და 1500 ლარი დამრჩა გადასახადი. ეს უნდა დაეფარა, დაპირების მიხედვით, ქდმ-ს. მაგრამ დღეები გადიოდა, დაპირებული თანხა კი არ ჩანდა. დავურეკე კარსანიძეს და მეუბნება: მთლიან თანხას ვერ ვაგროვებთ და მარტო დარბაზის თანხას გადაგიხდითო. მე ვიფიქრე, ყველაფერს (აფიშას, მოსაწვევებს ...) ნისიად დავამზადებ და მერე გავისტუმრებ-მეთქი. კარსანიძემ ესეც მითხრა- არჩევნების მერე ჩავატაროთ, რომ რაიმე ცუდი ელფერი არმიეცესო. დავეთანხმე და 14 ივნისში დავნიშნეთ კონცერტის დღე”,- აცხადებს  მურცხვალაძე. მისივე მონაყოლის მიხედვით, 14 ივნისამდე 3 დღით ადრე კარსენიძეს დაურეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა.

 

გოგიტა მურცხვალაძე: “რა უნდა მექნა? ჩემი თბილისელი მეგობარი დავით დურგლიშვილი დამეხმარა. ის ფონდ “იმედის”თავმჯდომარეა. მან “ელიტ-ელექტრონიქსს” აუხსნა მდგომარეობა და შედეგად ამ კომპანიამ სასწრაფო  წესით გადმოგვირიცხა 700 ლარი. დადგა 14 ივნისიც. უცებ ვხედავ კარსანიძეს, რომელიც მიახლოვდებადა მეუბნება: ინტერვიუსა და კონცერტზე მინდა, გამოაცხადო, რომ ეს კონცერტი ჩატარდა ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერითო. ოჯახიის ფული, რომელიც პარტიამ ამ კონცერტზე გამოყო, დამეხარჯა და მაპატიეო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, ზურგი ვაქციე და მომღერლებისკენ დავიძარი, რათა მათთვის ყურადღება მიმექცია. ცოტა ხანში 30 დინამიკში ისმის, რომ დღევანდელი საღამო ქდმ-ს ფინანსური მხარდაჭერითა და ეგიდით ტარდება. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. წარმოიდგინეთ, პარტიამ ამ კონცერტისთვის გამოყო თანხა, მან თავისითვის დახარჯა, მერე კი გამოაცხადებინა - ქრისტიან-დემოკრატებმა დააფინანსესო. გადის 10 დღე და ეს კაცი მეუბნება: პარტია აღარ გადმორიცხავს თანხას და მე რა ვქნა, არ ვიციო. პარტიამ თუკი ერთხელ გადმორიცხა და ამან შეჭამა, კიდევ ხელმეორედ ხომ აღარ გადმორიცხავდა?!  კარსანიძეს უნდა აენაზღაურებინა. დიდი ომითა და ამბებით მომცა 600 ლარი”.

 

გიორგი მურცხვალაძე, როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ქდმ-ს ერთ-ერთ წევრს, გიორგი ახვლედიანს აღნიშნულის შესახებ ესაუბრა, მაგრამ სხვა თანხის გაცემაზე მან მურცხვალაძეს უარი უთხრა: “პარტიამ შეპირებული 600 ლარი უკვე გადაიხადაო. ვუთხარი: 2500-დან 1500-ზე ჩამომიყვანეთ, კონცერტი ძლივს ჩავატარე და ახლა ამ 600-ზე ლაპარაკობ-მეთქი?!”

 

მურცხვალაძე ამბობს, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მსახიობებთან, მხატვრებთან, მომღერლებთან. ამიტომაც საქველმოქმედო კონცერტების ჩატარების ორგანიზება არ უჭირს. ასეთი მეგობრების დახმარებით მან პირველი საქველმოქმედო კონცერტი1997 წელს ჩაატარა. “მაშინ ან ბავშვით ხელში ხელგაწვდილს უნდა მემათხოვრა, ან რამე უნდა მეღონა. კარგად ვიცნობ ჟურნალისტებსაც. სწორედ მათ მომაყვანინეს ბავშვი დღემდე ცოცხალი (ახლა 18 წლის არის)”, - აღნიშნავს ის და ამასაც ამატებს:

 

“იმ დროს, როცა ვიღაცა გერმანელი გეხმარება, აქ, საქართველოში პარტიის (რომელიც პარლამენტშია და დიდი ამბიციები აქვს) წარმომადგენელი საქველმოქმედო კონცერტისთვის გამოყოფილფულს ჯიბეში იდებს და ამდენ ვალებს მე მადებს თავზე. სცენისა და აპარატურის ქირის ფული ახლა მე უნდა გადავიხადო? სხვა ვინ გადაიხდის?! მაგ პარტიამ ან 1400 ლარი გადამიხადოს, ან კიდევ როგორც კი მანქანით მგზავრობის ფულს ვიშოვი, ჩამოვიყვან ჩემს შვილს და პარლამენტის წინ გაუგონარ აქციას გავმართავ. სადაც ფეხს ჩადგამენ ქრისტიან-დემოკრატები, იქ მოველანდები მე”.

 

ცნობისათვის, გოგიტა მურცხვალაძის შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ - მაშინ, როცა ორგანიზმში თავისქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.

 

დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაჰყავდათ. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეფსია. დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა გულყრა. ექიმები მშობლებს გადარჩენის იმედსაც აღარ აძლევდნენ. სწორედ ამ დროს მშობლებმა მამა გაბრიელის სასწაულმოქმედების შესახებ შეიტყვეს და იწამეს რა მისი, საფლავიდან ტატო ინვალიდის სავარძლის ეტლის გარეშე დაბრუნდა.

 

რატომ ემუქრება “ქდმ”-ს გოგიტა მურცხვალაძე  და რა თანხაზე საუბრობს - ამის გასარკვევად “რეზონანსი” “ქდმ”-ს ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.

 

ლევან ვეფხვაძე: “ჩვენ ჩვენი ვალდებულებები ამ კონცერტთან დაკავშირებით გავისტუმრეთ. როგორც გვითხრეს, კონცერტის დასაფინანსებლად გარკვეული თანხა იყო საჭირო, თუ არ ვცდები, 600 ლარის ოდენობით. ეს ვალდებულება, მე როგორც ვიცი, გასტუმრებული გვაქვს, და თუ რაიმე სხვა ურთიერთობა ჰქონდათ მურცხალაძე-კარსანაძეს, ამის შესახებ მე არ ვიცი. სხვათა შორის, მაგ ამბის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარსანაძე ხალხს რაღაცებს ჰპირდებოდა ისე, რომ ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით. ჩვენ გავწყვიტეთ კარსანაძესთან ურთიერთობა და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ მხოლოდ 600 ლარზე, რაც, როგორც უკვე გითხარით, პარტიამ გაისტუმრა კიდეც”.

 

სამწუხაროდ, რედაქციამ ბატონ კარსანაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, თუმცა მზად ვართ, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი პოზიციაც დავაფიქსიროთ.