თელაველ საჯარო მოხელეებს მანანა ბერიკაშვილის სპექტაკლზე დასწრებას აიძულებენ!
ვაჟა ამბობდა: “ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ ბევრ შემთხვევაში, თავის გრძნობას, თავის თვალებს და ყურებს როდი ვენდობით; უსათუოდ სხვამ უნდა გვიკარნახოს ის, რაც ყურით გვესმის; სხვამ უნდა მიგვითითოს იმაზე, რასაც ჩვენი თვალითა ვხედავთ; მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, მაშინ ვიძახით: ბიჭოს, ეს ხომ მართალი ყოფილა და არ ვიცოდითო!”
ჰოდა, ასეა ახლაც...
მაგალითად, თელავში, საჯარო მოხელეებს ბილეთების ყიდვას აიძულებენ, აიძულებენ არა მხოლოდ ფულის არამიზნობრივ ხარჯვას, არამედ, - დროის სხვათა სასარგებლოდ გამოყენებას, ანუ:
არავის აქვს სურვილი, მანანა ბერიკაშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს - „ჩვენ გველის დიდება” უყუროს და, ბუნებრივია, არც იმის სურვილი აქვთ, რომ ამ სპექტაკლის ნახვაში ფული გადაიხადონ, მაგრამ რადგან სხვამ თქვა, იმ სხვისი მითითებით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც სხვას უნდა...
ჰო, კიდევ ერთი სხვა...
თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ისე დატოვა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები”, რომ არც მოსახლეობას აუხსნა, რა ხდებოდა და არც ის ახსნა, რასა იქმოდა?!
ამ დროს, არავინ იცის, ხალხმა რატომ მისცა ხმა - იმიტომ, რომ “ბიძინას კოალიციიდან” იყო თუ იმიტომ, რომ ალასანიას პარტიის წევრი გახლდათ?!
ახლა “იმ სხვას” ველოდებით, რომელიც იტყვის, დეპუტატის გადაწყვეტილებას რომელი “სხვისი” მითითებით მოხდა...
სიმართლე სინათლეაო და სათქმელი უნდა ითქვას:
ამდენი ხანი პარლამენტის დეპუტატის არც ინიციატივებს ისმენდნენ და მას არც ღარიბაშვილის თელაველი გუნდის წევრები ემეგობრებოდნენ!
ასეა თუ ისეა, დაიღალა, ალბათ, ჩვენი გელა სამხარაული მარტოობით და მიატოვა ალასანია. ახლა, მთავარია, თუ შეიერთებს “კახური ოცნების” გუნდი თავისი სასოფლო-სამეურნეო იდეებით...
ახლა სხვა “სხვაზე” მოვყვეთ...
7 ნოემბერს, თელავმა მეფე ერეკლეს დაბადების დღე აღნიშნა...
დაბადების დღისა რა გითხრათ და, მოედანზე ისეთი “ბაიკერული შოუ” მოეწყო, თავისი სექსუალური ელემენტებით, რომ კახელებს, ცოტა არ იყოს, შერცხვათ.
ახლა ის სხვა მაინტერესებს, ვინც თელავის მერიას ეს ღონისძიება შეუკვეთა, მაგრამ ვატყობ, დიდი ძებნა არ დამჭირდება - კახეთში ერთი ბაიკერია და ისიც გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი!
ისე, მეფე ცხენზე რომ ზის და არა - მოტოციკლეტზე, გვახსოვს და იმედია, ამ ძეგლს არ გამოცვლიან და პატარა კახს მოტოციკლზე არ შემოსვამენ!
ჯირითი რომ მოეწყოთ, მგონი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იმ “სხვისა” და კახელების გემოვნებაზე დავა, ალბათ, დიდი ხანი გაგრძელდება...
ყველაფერი იქით იყოს და, თელავში, ბოლო ერთი კვირაა, მედიკო მეზვრიშვილის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი რომ იძებნება და ვერ იპოვეს, გაიგებდით...
ძეგლის რა მოგახსენოთ და, მისი სახელობის ქუჩა კი უნდა იყოს ამ ქალაქში...
სულ სამი მნიშვნელოვანი ძეგლია თელავში: უნივერსიტეტი და ბატონის ციხე ძეგლითურთ...
სამივე ქალბატონ მედიკოსთან ასოცირდება - სამივეს დადგმა-განახლებასა და აღორძინებაში ცხონებულის წვლილია ჩადებული!
ახლა კი, პოლიტიკურ არენაზე გავიხედ-გამოვიხედოთ:
ბურჯანაძეს პარტიის თელავის ოფისში სულ 2 კაცი ჰყავდა და ორივემ პარტია საჯარო განცხადებით მიატოვა!
“ნაცმოძრაობა” ისე იზრდება, რომ “კმარას” წლები მახსენდება...
“ოცნებამ” ოფისი გამოიცვალა...
როგორც თელავში ამბობენ, ადეიშვილის შენობა იქირავა თემის საკრებულომ და ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 2 000 ლარსაც უგზავნისო...
ასეა თუ ისე, ყველაფერი მიდის წესით თუ უწესოდ, სხვისი მითითებით თუ საკუთარი სურვილით და... რაღაც ვერ არის კარგად... ბაიკერების შოუსი არ იყოს, ვიდრე სხვა არ გვეტყვის, რა გჭირთო, მანამდე ალბათ, ვერ მივხვდებით, თუ რა ხდება ერეკლეს ქალაქში...