წესით, ციხე წელს უნდა დამეტოვებინა...
ახლა ვფიქრობ, სად უფრო დიდი იყო მუზა, იქ თუ აქ?
ალბათ, იქ...
ვიჯექი “ნარზე” და...
ვწერდი და ვწერდი...
მხოლოდ კი არ ვწერდი, ვხატავდი კიდეც - ბავშვობაში სამხატვრო სკოლა დავამთავრე უმაღლესი შეფასებით და იქიდან მოყოლებული, ძალიან მიყვარს გრაფიკა...
ერთხელ, მახსოვს, ციხიდან სასამართლოზე მივდიოდით, 4 დღე “კაპეზეში” ვცხოვრობდი... კახეთის შს მთავარი სამმართველოს სარდაფში ეს,
პრინციპში, 6 თვე გრძელდებოდა - ყოველ დილით შეგვყრიდნენ პატიმრებს რაღაც დახურულ, უსარკმელო მანქანაში და გადმოგვყრიდნენ კახეთში... ორშაბათიდან ხუთშაბათ საღამომდე კი ვცხოვრობდით “კაპეზეში”...
“კაპეზე” ის “ბედნიერებაა”, შუქი რომ არ ანთია, ტუალეტში რომ სამჯერ გაგიყვანენ, ორშაბათს წამოღებულ პურს რომ გაჭმევენ 4 დღე, ძროხის “ტუშონკას” ცელოფანზე რომ დაგიყრიან და ისე შემოგიგდებენ საკნის “კარმუშკაში”...
ჰო, ახლა ამას, იცით, რატომ გიყვებით?
შუქი გარედან შემოდიოდა და აი, იქ, იმ ჭუჭრუტანასთან ვიჯექი ხოლმე და “დათა თუთაშხიას” ვკითხულობდი....
და ამას კიდევ, იცით რატომ გიყვებით?
არ მინდა თქვენი შეცოდება!
მაშინ ვიქნებოდი შესაცოდებელი, ბოროტის და კეთილის განსხვავების უნარი რომ დამეკარგა!
სიმართლე და სიბილწე ერთმანეთში რომ ამრეოდა...
სატკივარი და დიდი ჭირი ცხოვრების მეგზურად რომ მექცია...
გავბოროტებულიყავი კაცობრიობაზე და უკვე გამოსულს ყველასთვის მეძახა:
- იცით, რა გადავიტანე?!
მე გადავიტანე ის, რაც უნდა გადამეტანა!
ამიტომ, შეცოდება არ მინდა!
მინდა, რომ იქ ჩაკეტილები მხედავდნენ და ფიქრობდნენ - ცხოვრება გრძელდება!
მთავარია, გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი, ჩვენი მტერი და დამჭერიც!
ჰოდა, ამ 4-დღიანი მოგზაურობიდან რომ ვბრუნდებოდი “მატროსოვზე”, რა ბედნიერი ვიყავი!
თავი სახლში მეგონა!
“ნარზე” ვწვებოდი, სადაც ბამბის თხელი ლეიბი იყო დაფენილი და დედაჩემის შემოგზავნილი “ადიელა” მეფარა...
წელზე თბილ შალს შემოვიხვევდი, ფეხებზე ბაწრის წინდებს ჩავიცმევდი, ცხელ-ცხელ ყავას დავლევდი და თან სიამოვნებით “რუსთავი 2”-ს ვუყურებდი...
ამას ერქვა “შინ დაბრუნების ხიბლი”....
აი, ხომ 2 წელი მისრულდება, რაც თავისუფალი ვარ.
ზუსტად იმ დღეს გავა ორი წელი, როცა “ქართული სიტყვის” ეს ნომერი დაიბეჭდება!..
ის “შინ დაბრუნება”, ცხელი ყავა და თხელი ბამბის ლეიბი რომ მახსენდება, სულ სხვა განცდა მეუფლება, რაღაც საუცხოო სითბოს განცდა...
ჰოდა, ამდენი რატომ მოვყევი?!
ვერ ვიტან წუწუნა კაცებს!
ისინიც ხომ, ჩემსავით დაჰყავდათ “კაპეზეში”...
მათაც ხომ, ჩემსავით ულეიბო “დიქტიან” ნარზე ეძინათ?
ისინიც ხომ, ჩემსავით ჭუჭრუტანაში იყურებოდნენ?!
ისინიც ხომ, ჩემსავით “კაპეზეში” ფილტრმომტვრეულ “პირველს”, ან “ასტრას” ეწეოდნენ?!
ისინიც ხომ, ჩემსავით ტიროდნენ, როცა შვილებს ხედავდნენ?!
მაგრამ...
მე ხომ ამდენი ხანი არ მიწუწუნია...
მხოლოდ სხვათა წუწუნს ვისმენ!
ამიტომ ვამბობ: ჯერ ჩემზე მაგარი კაცი არ გამიცვნია, ვინც ჩემს პერიოდში ციხეში იყო!
P.S. არ ვიცი, ეს რამ დამაწერინა...
გაბრაზებული არ ვარ, მაგრამ სულ ვამბობდი, გათავისუფლებიდან 2 წლის თავზე რა უნდა დავწერო ისეთი, რომელიც იმას მათქმევინებს, რაც აქამდე არ მითქვამს-თქო...
ჰოდა, აჰა, ვთქვი!
ყველა მიყვარხართ!
და კიდევ: მე „ამა სოფლის” უცხოპლანეტელი ვარ!