ინ არიან ,,გოიმები' და ,,სვეცკები', რატომ სჯობს ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძეს და რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს პრესის საშუალებით ეპაექრებიან. მათი დაპირისპირება ახალ გადამწყვეტ ფაზაში მას შემდეგ შევიდა, რაც თავდაცვის ექსმინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლა. როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე უშიშროების აკადემიადამთავრებული, წოდებით პოლკოვნიკი მინდია ჯანელიძე წარადგინა, სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ჯანელიძე კრემლის საამებლად დანიშნეს, რადგან ადრე იგი ,,კაგებეს' მსგავს სტრუქტურებში მუშაობდა. ამას ბიძინა ივანიშვილის პასუხი მოჰყვა: ,,ჩემთვის უცნობია, სად აქვს კვეთა მინდია ჯანელიძეს რუსეთთან, რის საფუძველზე აკეთებს ბატონი სოსო ამ განცხადებას? არ ვიცი, ბატონ სოსოს რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ დაეხმარეთ მას და გაარკვიეთ, სად არის კვეთა ჯანელიძესა და რუსეთს შორის, ან რა შუაშია ეს ჭორები?' ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე, ირაკლი ალასანიასა და მინდია ჯანელიძის შედარებით დახასიათებასა და საზოგადოების ,,გოიმებად' და ,,სვეცკებად' დაყოფის აქტუალურ თემებზე საუბრობს.
- ბატონო სოსო, მინდა, დაგეხმაროთ და ერთად გავარკვიოთ, რის საფუძველზე განაცხადეთ, რომ მინდია ჯანელიძე კრემლის საამებლად დანიშნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრად, ან რა კავშირი აქვს რუსეთთან?
- სიტყვა რუსეთი, როგორც სუბიექტი, არ მიხსენებია. ჩანს, ბატონი ბიძინასთვის ,,კაგებე' მხოლოდ რუსეთთან ასოცირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირის 15-ვე რესპუბლიკაში არსებობდა ,,კაგებე' და ეს სტრუქტურა ეროვნულ ნიშანს არ ატარებს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტთან ერთად, ,,კაგებეს' სტრუქტურების ძირითადი საყრდენი იყო. სწორედ, ,,კაგებესთან' ასოცირდება ამ დეპარტამენტის სათაური, რომელსაც მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა და არა, ვთქვათ, მაია პლისეცკაიას ,,ფანკლუბთან'. რატომ გაუკვირდა ბატონ ბიძინას, რომ ,,კაგებეს' მსგავს დაწესებულებად მიგვაჩნია კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ვერ ვხვდები. რაც შეეხება რუსეთის სიამოვნებას ამ დანიშვნის გამო, ეს ჯანელიძის გვარს არ ეხება. სხვა თუ არაფერი, ამ გვარის მეუღლე მყავს, მაგრამ, როდესაც თავდაცვის მინისტრად პოლკოვნიკის ჩინის მქონე პირს ნიშნავენ, ეს წარსულში ნახტომია. 21-ე საუკუნეში, სამოქალაქო წრიდან წამოსული მინისტრები ჰყავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რადგან ეს ევროპული სტანდარტია. სამხედრო წოდებების მქონე თავდაცვის მინისტრები ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება მხოლოდ რუსეთს! რამდენიმე თვის წინ, ვაშინგტონში სტუმრობისას, ტერმინი ,,საჰაერო თავდაცვა', ირაკლი ალასანიას ერთ-ერთ გამოსვლაში გაჟღერდა და იმავე დღეს, სრულიად დაუფარავად, დაბღვერილი მზერით, ტელეკამერების წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოგვევლინა, რომელმაც დასვა კითხვა - ვის წინააღმდეგ აპირებს საქართველო საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებას? სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა პოლიტიკოსმა თუ თანამდებობის პირმა ვერ მონახა პასუხი ამ კითხვაზე. როგორ შეიძლებოდა, ასეთ პროვოკაციულ კითხვაზე ის მაინც არ დაფიქსირებულიყო, რატომ და რა შემთხვევაში იარაღდება ქვეყანა თავდაცვითი სისტემებით? როდესაც ალასანიამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რათა თავდაცვის სისტემა ჩვენი ქვეყნის რეალობა გამხდარიყო, სწორედ მაშინ დაიწყო სკანდალური გადაადგილება, წარმატებული მინისტრი თანამდებობიდან ლანძღვა- გინებით მოხსნეს. იმის მოწმენიც ვართ, რომ ორიოდე თვის წინ, საქართველოს სტუმრობდა აშშ-ს თავდაცვის მდივანი, რომელიც კომპლიმენტებს არ იშურებდა ალასანიას მიმართ, სანდო პარტნიორი და ახლო მეგობარი უწოდა. როგორც ჩანს, ასეთმა ფრაზეოლოგიამ ვიღაცის სმენა დააფრთხო, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გარკვეული კვლევების საფუძველზე, ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მინისტრად სწორედ ირაკლი ალასანია დასახელდა.
- ვინ გააღიზიანა ალასანიას პოპულარობამ და მაღალმა რეიტინგმა?
- უპირველეს ყოვლისა, ის, ვისი რეიტინგიც დაეცა. ამ კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოპულარობას საკმაოდ სერიოზული ვარდნა ჰქონდა, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესი უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი აქტიური მინისტრი, მეორე კი თავისუფალი მოქალაქე იყო, რომელიც სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა დედაქალაქში. აქ საწყენი არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როდესაც ახლადდანიშნული ვიცე- პრემიერი ალასანია ივანიშვილმა უმალვე ჩამოამინისტრა, დაპირისპირება მაშინ დაიწყო.
- მინდია ჯანელიძეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემია აქვს დამთავრებული, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურად, ირაკლი ალასანიამაც სახელმწიფო უშიშროების აკადემია დაამთავრა, მერე უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო. თუკი უშიშროების აკადამიადამთავრებული ჯანელიძისთვის არ შეიძლება თავდაცვის მინისტრობა, ალასანიასთვის რატომ შეიძლებოდა და საერთოდ, რა განსხვავებაა მათ შორის?
- ჩემი აზრით, შეიძლება, ვისაუბროთ განსხვავებულ მიდგომებზე მეორე და მესამე ათასწლეულებს შორის. ირაკლი ალასანია უშიშროების სისტემაში მეორე ათასწლეულში მუშაობდა, მინდია ჯანელიძე - მესამე ათასწლეულში. ბატონი ალასანია თავისი ცნობიერებითა და მსოფლმხედველობით, გმირი მამის შთამომავალია, რომელიც უშიშროების სისტემის წარმატებული თანამშრომელი იყო. ალასანია- უმცროსს, უშიშროების მინისტრის მოადგილეობისას, ანტიტერორისტული მიმართულება ებარა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძეს, იგი გადაწყვეტილებისმიმღები არ ყოფილა. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა პრემიერ- მინისტრიც კი ვერ იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, იმაზე საუბარი, რომ რომელიმე მინისტრის მოადგილე ამ სისტემაში გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, უადგილო მგონია.
- ესე იგი, ბიძინა ივანიშვილამდე მივედით, რომელიც, თუ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დავუჯერებთ, გადაწყვეტილებებს კულუარებში იღებს?
- დიახ, მივედით, მაგრამ მოდი, სხვა მხარეს გადავუხვიოთ. ნუ შეუვარდებით ამ ადამიანს კულისებში და ვუსურვოთ, კონსტიტუციურ ველში დაბრუნდეს. აქ ორი გზაა, ერთი - კონსტიტუციით გათვალისწინებული რომელიმე თანამდებობა დაიკავოს, ან რიგითი მოქალაქის სტატუსი იკმაროს, რომელიც ასევე კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
- ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვთ და ექსპერტთა კლუბში იწვევთ, რათა ,,თვითმარქვია' ექსპერტებს გამოსამშვიდობებელი რაუნდი ჩაგიტაროთ. თქვენ თუ მოუხდით ბოდიშს ,,შპარგალკიან გოიმებს'?
- არა, რადგან ,,შპარგალკიანი გოიმი' ჩემი ტერმინი არ არის. ასე არ მითქვამს. მე ჩემი გაკვირვება გამოვხატე და გაგიმეორებთ ფრაზას, რომელიც ვთქვი: ,,უნიჭო ალასანია, განსხვავებით ნიჭიერი ღარიბაშვილისგან, საჯარო გამოსვლებისას ,,შპარგალკით' არ სარგებლობს'. ამის შემდეგ ვთქვი, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების' ყრილობა შთამბეჭდავი იყო, რადგან დარბაზში, რომელიც გადაჭედილი იყო, არც ერთი ,,გოიმი' არ შემიმჩნევია.
- თქვენი აზრით, ,,გოიმები' ვინ არიან?
- ჩემი აზრით, ,,გოიმობის' ყველაზე მკაფიო მახასიათებელია თითოეული ადამიანის ფასეულობათა შკალა. ადამიანი, რომელსაც სამშობლოზე, სახელმწიფოებრიობაზე მნიშვნელოვნად საკუთარი კუჭი და ჯიბე მიაჩნია, ჩემთვის ,,გოიმია'.
- ასეთები ,,ქართულ ოცნებაში' არიან?
- ოცნება რა შუაშია, საზოგადოებაშიც მრავლად არიან.
- მოკლედ, იმის თქმა გინდოდათ, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების' ყრილობას კუჭის მონები არ ესწრებოდნენ?
- დიახ, რადგან, ძირითადად, იდეური შემადგენლობა იყო. ბევრი ნაცნობი სახე ესწრებოდა, რომლებიც სხვადასხვა დროს, ჩარეცხილ- ჩაჯირყვნილი იყო. წინა ათწლეულების გამოცდილება გვარწმუნებს, რომ, როდესაც ეს ფენა პოლიტიკურ ველში აქტიურდება, გარკვეული ცვლილებები კარსაა მომდგარი.
- ,,გოიმებზე' რომ საუბრობდით, ზვიად გამსახურდიას გამოსვლა გამახსენდა: ,,ჩემი მეგრელები და სვანები დამიცავენ', შევარდნაძემ საზოგადოება რეინკარნირებულ ,,წითელ ინტელიგენციად' და ,,ოკეანედალეულებად' დაჰყო, სააკაშვილმა - ,,ჩარეცხილებად'. ახლა ,,გოიმებად' და ,,სვეცკებად' გვყოფთ, მაგრამ თქვენ რა გენაღვლებათ, ვაკელი ხართ და ,,სვეცკობა' გარანტირებული გაქვთ, მე და ჩემნაირებმა რა ვქნათ, რომლებიც გარეუბნებში ვცხოვრობთ, სამუდამო ,,გოიმებად' რატომ გვწირავთ, თანაც ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას ,,კულისებიდან' მართავს, ბოლოს და ბოლოს, ჭორვილელია და მასთან მაინც არ გეუხერხულებათ?
- დროულად უნდა მივიღოთ სახელმწიფოებრივი ზომები იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მრავალჯერ დაპირებული განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის, აღმოიფხვრას. რასაკვირველია, ამ ტერმინების ნებისმიერი ინტერპრეტაცია შეიძლება, მაგრამ ეს არ მიგულისხმია. ვეცდები, წარმოგიდგინოთ ვაკელი ,,გოიმი' და ჭორვილელი ,,სვეცკი', რადგან ეს გეოგრაფიული ხასიათის ტერმინები არ არის. ,,სვეცკი' და ,,გოიმი' ანტონიმები სულაც არ არის, რადგან ,,გოიმის' ანტონომი ჩემთვის უფრო პატრიოტია, ვიდრე ,,სვეცკი' იმიტომ, რომ ,,სვეცკობა' მოდერნიზებული ,,გოიმობაა'. ამ ტერმინოლოგიურ ნიაღვარში რომ არ ჩავიძიროთ, სოფლისა და ქალაქის ფასეულობათა დაახლოების თემას დავუბრუნდეთ. არსებობს რურალური, ურბანული კულტურები, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ კულტუროლოგიური საფუძვლების სრულ გათანაბრებას უნდა მივაღწიოთ. სოფელი მდიდარი ბეღელია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება. მაგალითად, სლოვაკეთში თვალდახუჭული რომ გატარონ გზაზე და მერე თვალები აგიხილონ, ვერც კი მიხვდებით, ქალაქში ხართ, თუ სოფელში. სწორედ ასეთ მოდელს ვგულისხმობ და ამიტომ ვამბობ, რომ სოფელსა და ქალაქს შორის განსხვავება უნდა მოიშალოს. ყველა სიკეთე, რაც ქალაქს გააჩნია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოფელშიც. ვწუხვარ, რომ ორი წლის განმავლობაში არ მოხერხდა მთის კანონის მიღება ქვეყანაში. თუ დაცარიელებულ მთას დამსახურებული შეღავათები არ მივეცით, შესაძლოა, კავკასიონთან მისასვლელი გზაც კი აღარ დაგვრჩეს.
- მაინც არ მიპასუხეთ კითხვაზე, რატომ ითხოვთ ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილისგან და რა საჭიროა გამოსამშვიდობებელი, ბოლო რაუნდი ექსპერტთა კლუბში?
- უპირველეს ყოვლისა, ეს ბატონი ბიძინას ინტერესებში შედის, რათა ახალი ივანიშვილი დავინახოთ, რომელიც საკუთარი სიჯიუტის მაღალი კოეფიციენტითაა ცნობილი. როდესაც არსებობს დოკუმენტები და მტკიცებულებები, დამამცირებელი არ უნდა იყოს, ბოდიში მოუხადოს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ლაშა ნაცვლიშვილის უმწიკვლობაში არწმუნებდა.
- კონკრეტულად ,,ტრაქტორების საქმის' გამო ითხოვთ მისგან ბოდიშის მოხდას?
- რასაკვირველია, აბა, სხვა მხრივ, ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენი აზრები ემთხვეოდა და ემთხვევა. ,,ტრაქტორების საქმის' გარდა, კიდევ ერთი გამონაკლისი ის არის, რომ პრეზიდენტს, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო არჩეული, მეტი უფლება უნდა ჰქონოდა, ვიდრე სააკაშვილმა დაახვედრა. სინამდვილეში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, კონსტიტუციის დამატებითი გატყავების პროცესი დაიწყო, რომლის შედეგად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრემიერ- მინისტრს გადაეცა.
- ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ივანიშვილის გვერდით იდგა, მისი გულშემატკივარი იყო. თქვენ შორის შავმა კატამ როდის გაირბინა?
- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სხვა არჩევანი ჩემს ქვეყანაში არ არსებობს. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, რადგან ამ კაცის მიერ გაწეული უპრეცედენტო ქველმოქმედება საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისტორიული მნიშვნელობისაა და მისი არგახსენება უმადურობაა. ზოგადად, უმადურობა მიუღებელია, მაგრამ, როდესაც ადამიანი, რომელიც ჩემთვის ღირებულია, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც უპირველეს ყოვლისა, მასვე ვნებს, ვცდილობ, რეაგირება მოვახდინო. არ მაქვს რა მასთან პირადი ურთიერთობა, იძულებული ვარ, საჯარო საშუალებებით მივაწვდინო ხმა, რაც ალბათ, არ სიამოვნებს.
- პირველად როდის განიხიბლეთ - საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილი პრემიერ- მინისტრს გადაეცა?
- სხვათა შორის, განხიბლვის წინაპირობა ჩვენი პარლამენტის ერთგული წევრების გამონათქვამები იყო ივანიშვილის მიმართ. იმდენად მაამებლური იყო ეს განცხადებები, თანაც გაუთავებელი ტელედებატების ფონზე, იმდენად აჟიტირებული იყო მათი დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ, რომ საფრთხე დავინახე: თავად ეს კოალიცია, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მისივე საკუთრებას ხომ არ წარმოადგენდა? მესმის, მთელი ეს გუნდი ივანიშვილმა შეარჩია, თითოეულმა ინდივიდმა სიკვდილამდე ამ ადამიანის ვალდებულად უნდა ჩათვალოს თავი, მაგრამ, როდესაც 6-სუბიექტიან პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, მათი დამოკიდებულება ივანიშვილთან, პატრონთან ურთიერთობას არ უნდა დაემსგავსოს.
- ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი შექმნა, რომელსაც გია ხუხაშვილი ჩაუდგა სათავეში, არადა, ექსპერტთა კლუბი უკვე არსებობდა. ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ წარმოიშვა თქვენსა და გია ხუხაშვილს შორის ანუ ბიძინა ივანიშვილს მაშინ ხომ არ დაუპირისპირდით, როდესაც ხუხაშვილისკენ გადაიხარა?
- ასე არ ყოფილა. როდესაც ეს ინსტიტუტი იქმნებოდა, რამდენჯერმე იყო ჩემთან სახლში ბატონი გია, რომელიც დაბეჯითებით მთხოვდა, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ვყოფილიყავი. ვერ ვხედავდი ასეთ აუცილებლობას, როდესაც კლუბში ყველა მიმართულებით გყავდა ავტორიტეტული, სანდო და პროფესიონალი პირი. გარდა ამისა, თუ რომელიმე თემა იქნებოდა დასამუშავებელი, მზად ვიყავით ნებისმიერი თანამშრომლობისთვის ამ ინსტიტუტთან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს შორის კონკურენცია ვერ იქნებოდა, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებულები. ექსპერტთა კლუბის წევრები კლუბის თანამშრომლები არ არიან, აქ არავინ და მათ შორის მეც, ხელფასს არ ვიღებთ.
- გასაგებია, რომ ხელფასს არ იღებთ, მაგრამ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ივანიშვილმა დააფინანსა. ასე რომ არ ყოფილიყო, ექსპერტთა კლუბი დაფინანსდებოდა და ამის გამო ხომ არ დაუპირისპირდით მას?
- ეს ინსტიტუტი გია ხუხაშვილს არ შეუქმნია. იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომლის შესახებაც თვითონვე მითხრა. ბატონმა ბიძინამ ისიც კი გამიმხილა, რომ ბოლო დროს, ყველაფერს უნივერსიტეტი და აკადემია ჰქვია, ქვეყანაში მხოლოდ ერთი, თავისუფლების ინსტიტუტი არსებობს და ამიტომ უმჯობესი იქნება, ახალ ორგანიზაციას საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ვუწოდოთო. 2012 წლის მაისში, ჩვენი ნაშრომი საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი გამოიცა, რომელიც ,,ქართუ ფონდმა' დააფინანსა. ჩემსა და ხუხაშვილს შორის, არავითარი კონფრონტაცია არ ყოფილა.
- ბიძინა ივანიშვილი და თქვენ, პრესის საშუალებით პაექრობთ და იქნებ მიპასუხოთ, როდის გაიყო თქვენი გზები?
- როდესაც ბატონი ბიძინა დარწმუნდა, რომ ექსპერტთა კლუბის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდა იმ პოზიციას, რომელსაც ,,ტრაქტორების საქმესთან' დაკავშირებით თავს გვახვევდა, აქედან წასვლის შემდეგ, თავის თანაშემწეს გადაულაპარაკა, ამიერიდან, აქ ჩემი ფეხი აღარ იქნებაო. მართლაც, მას შემდეგ ექსპერტთა კლუბში ბიძინა ივანიშვილი აღარ მოსულა.
- ბიძინა ივანიშვილი ახალ ექსპერტთა კლუბს ქმნის, რა ტიპის იქნება ან კონკრეტულად ვის იწვევს?
- ექსპერტთა კლუბს დაარქმევს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ,,ნოუ ჰაუს' იმედი ნუ ექნება. როდესაც 2008 წლის ოქტომბერში, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს პირველ განხილვაზე, მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთი- ორი ემისარი გამოგზავნეს, ათიოდე დღეში ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი ექსპერტთა კლუბი შექმნა, რომელიც, თუ არ ვცდები, დღესაც არსებობს და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ,,ჩეკისტებითაა' დაკომპლექტებული. ამ კლუბს ბატონი კიკნაძე ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. შესაბამისად, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენი კლუბისთვის ახალი, თუნდაც ამ ტიპის ორგანიზაციის შექმნა. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იქნება, ოღონდ ვისურვებდი, რომ ბატონმა ბიძინამ ის ექსპერტებიც ისევე არ დაახასიათოს, როგორც მისი ფავორიტი პრემიერ- მინისტრი დაგვიხასიათა, როდესაც გულწრფელად ბრძანა, ღარიბაშვილს მეორედ თქმა არ სჭირდებაო. ჩვენ თუ ახლა კიდევ 30 ისეთი პირი მივიღეთ ექსპერტების სახით, რომლებსაც ივანიშვილი მეორედ არაფერს გაუმეორებს, ცხადია, მეგობრულად ვურჩევთ, ახლავე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი დაირქვან და ბოლომდე დამოუკიდებლები იყვნენ.
- თქვენი სიძე, რატი ამაღლობელიც ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი იყო, რომელიც ბოლოს ირაკლი ალასანიას ,,თავისუფალი დემოკრატების' ყრილობაზე ვნახეთ. ის რატომღა დაუპირისპირდა ივანიშვილს?
- მგონი, ბატონი ბიძინა დიდი ხანია შეჩვეულია, რომ რატის არავისზე ნაკლები თავისუფლების ხარისხი არ აქვს. ჩემთვის ცნობილია, რომ ბატონი ბიძინას აპარტამენტებში მათი კამათი, ერთმანეთთან ურთიერთობის ჩვეული ფორმა იყო.
- ახლადარჩეულმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციის შიგნით, ოპოზიციური გაერთიანების შექმნას თვითონვე შეუწყობდა ხელს. ამ ლოგიკით, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს თამაშს თამაშობს?
- მგონი, ასეთი ვერსია მთლად ჯანსაღი ფანტაზიის შედეგი არ უნდა იყოს.
- ნინო ბურჯანაძის მიმართ თქვენი სიმპათია დიდი ხანია ცნობილია და ისიც კარგად ვიცი, ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის ,,შუამავლები' თქვენ და გოგი თოფაძე იყავით, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგს ვერ მიაღწიეთ. ახლა ირაკლი ალასანიას ღიად უჭერთ მხარს, თუმცა ალასანიასა და ბურჯანაძის ერთობა წარმოუდგენელია. არ დაგიმალავთ, უკვე მართლა დავიბენი...
- ალასანიასა და ბურჯანაძის დაახლოება- დამეგობრობის სურვილი უშედეგო მცდელობა იქნება, ამიტომ ამაზე დროის კარგვა არ ღირს, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ორივემ კარგად იცის. ისინი ერთმანეთისთვის მიუღებელი კონკურენტები არიან, ჩემთვის - არა. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელთანაც ვურთიერთობ, ყოველთვის ვცდილობ, თვითკრიტიკის თუნდაც მეასედი პროცენტი დავნერგო. დროა, ამომრჩეველმა თვითკრიტიკული შეფასებაც მოისმინოს და შეცდომის გამოსასწორებლად გადადგმული ნაბიჯებიც დაინახოს.