ვის არ ეთმობა მანდატსმოყოლილი ავტომობილი

ვის არ ეთმობა მანდატსმოყოლილი ავტომობილი

თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საკრებულოს არც ერთ თანამდებობის პირს პერსონალურად აღარ მოემსახურება ავტომობილი, დაწესდება საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის საერთო სარგებლობის სამსახურებრივი ავტოპარკი, მძღოლების სამუშაო დღე კი, საკრებულოს შინაგანაწესის მიხედვით, დაიწყება დილის 9 საათზე და დასრულდება საღამოს ექვს საათზე, ხოლო შაბათ-კვირას (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) აიკრძალება საკრებულოს ავტოპარკით სარგებლობა. 14 ნოემბერს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ალექსანდრე ელისაშვილის ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, თუმცა საბოლოო გადაწვეტილებას დეპუტატების საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ. რატომ უნდა შეელიონ თბილისის საკრებულოს წევრები პერსონალურ ავტომობილებს?

თბილისის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ კენჭი უყარა ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივის როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებას, დადებითს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, უარყოფითს კი - უმრავლესობამ, რომელთა შორის იყო კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თევდორე კობახიძე:

„აქ საუბარი იყო იმაზე, რომ დაიზოგოს კონკრეტული თანხა, რომ არუ ნდა დავაზარალოთ ბიუჯეტი, მოსახლეობა და ასე შემდეგ. არადა, შეიძლება დაზოგო ლარი და ამითი აზარალო ვინმე ათი და ასი ლარით და საერთო საქმე გააფუჭო. ვვარაუდობ, რომ ეს არის პოპულისტური ინიციატივა და მეტი არაფერი“.

არადა, დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს როგორც მორალურ, ასევე ეკონომიკურ კომპონენტსაც. საქმე ისაა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე ირიცხება 35 ავტომობილი, რომელთა საწვავით მომარაგება 2014 წლის პირველ რვა თვეში დაჯდა 240 ათასი ლარი, ხოლო ტექნიკურმა ხარჯმა შეადგინა 36 ათასი ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ საკრებულოს თითოეული ავტომობილი ყოველდღე (არასამუშაო დღეების ჩათვლით) 120 კილომეტრს გადიოდა, რაც, ალექსანდრე ელისაშვილის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა და საწვავის აღრიცხვის არაზუსტ სისტემას უნდა უკავშირდებოდეს. ამ ფონზე კი, მხოლოდ შაბათ-კვირას მანქანების გაჩერებით დაიზოგება დაახლოებით 100 ათასი ლარი, მკაცრი (ელექტრონული) აღრიცხვით კი - მნიშვნელოვანი რაოდენობის საწვავი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რადგანაც ვერ მოვისმინე ერთი საწინააღმდეგო არგუმენტიც კი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს პროექტი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ელისაშვილმა, რომლის ოპონენტთა არგუმენტები შემდეგი სახისაა:

ზურაბ ნეფარიძე, საკრებულოს წევრი: „მანქანა არ არის ფუფუნების საგანი. გვჭირდება, აუცილებელია! მაშინ სასწრაფოებიც დავთვალოთ, რამდენია საჭირო, სახანძროები. ცოტა უფრო შორს ხო არ წავიდეთ?! სჭირდება ამ ქვეყანას, სჭირდება საკრებულოს და მერიასაც სჭირდება! ველოსიპედს ნუ გამოვიგონებთ!“

ნუგზარ მალაღურაძე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე: „ვერ ვეთანხმები ბევრ რამეში: გათვლები, რომელიც ძველ მონაცემებზე დაყრდნობით აქვს გაკეთებული; ასევე ის, რომ მხოლოდ 9-დან 18 საათამდე ვმუშაობთ, ხოლო შაბათ-კვირას არ ვმუშაობთ და ამის გამო ავტომობილები საჭირო არ არის... მოკლედ, ძალიან ბევრი აცდენაა, რა! თუმცა იმაში ვეთანხმებით, რომ ყველაფერი ყაირათიანად უნდა იხარჯებოდეს და კონტროლდებოდეს, სხვა დანარჩენში კი ჩვენი აზრები ცდება ერთმანეთს“.

ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივა კი ასევე ითვალისწინებს ავტომობილის გამოძახების უფლების მქონე პირთა სიის განსაზღვრას. გარდა ამისა, ავტომობილების ყოველი გასვლა და შემოსვლა დაფიქსირდება საგანგებო კომპიუტერული პროგრამით, სადაც აღრიცხული იქნება გასვლის დროს დაფიქსირებული კილომეტრაჟი და ასევე შემოსვლის დროს დაფიქსირებული ანალოგიური მონაცემი, თუმცა, როგორც ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, ეკონომიკურ ეფექტზე მეტად მნიშვნელოვანია მენტალური ეფექტი:

„ამით ჩვენ ვიტყვით, რომ თანამდებობა ჩვენთვის არის პასუხისმგებლობა და არა პერსონალური მანქანა, უფრო დიდი კაბინეტი, უფრო ძვირად ღირებული ტელეფონი და უფრო მეტი ლიმიტი. ამას გთავაზობთ. უარი უნდა ვთქვათ საბჭოთა ნომენკლატურულ ინერციაზე. ევროპაში და,ზოგაგად, დასავლეთში, სადაც ჩვენ მივდივართ, ასეთ რამეებზე უარი თქვეს. აი, ამას გთავაზობთ, რომ ჩვენ, თბილისის საკრებულოს წევრები, ვიყოთ სხვებისთვის მაგალითის მიმცემი, რადაგანაც ამ მაგალითის დრო არა და არ დადგა ჩვენს ქვეყანაში“.

ალექსანდრე ელისაშვილის ინციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ, რომლის თქმითაც, „ქართულმა ოცნებამ“, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სისტემა უცვლელი დატოვა.

„ხელფასი, დანამატი, ავტომობილი, სატელეფონო ხარჯი და სხვა - აბსოლუტურად ყველაფერი დარჩა იგივე. არადა, არჩევნებზე ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ ამ ყველაფერს შეცვლიდნენ. ამიტომ პრინიციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი ახალ რეგულაციებში მოაქციოს. ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგულაციები გავრცელდეს არა მხოლოდ საკრებულოზე, არამედ მერიის თანამდებობის პირებზეც“, უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი აბესაძემ, რომლის გარდა, ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივას საკრებულოს სხვა წევრებიც უჭერენ მხარს. შესაბამისად, ინიციატივის ავტორი იმედოვნებს, რომ საკრებულო უარს იტყვის პერსონალურ ავტომობილებზე და, იურიდიული კომისიის მსგავსად, თავს არ ჩაიგდებს უხერხულ მდგომარეობაში.

„კომისიის ამ უარით „ქართული ოცნება“ ვერ შეელია საკუთარ ფუფუნებასა და კომფორტს“, უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.