„კაცი, რომელიც სწორ ინვესტიციებს ახორციელებდა“

„კაცი, რომელიც სწორ ინვესტიციებს ახორციელებდა“

13 ნოემბერს, 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა ბიზნესმენი, „საქართველოს ცოდნის ფონდის“ დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ბენდუქიძე. კახა ბენდუქიძე საქართველოში 2004-2009 წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება.

საქართველოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძეს, მეგობრების თანახმად, ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაუკეთდა. ამის შემდეგ იგი იმყოფებოდა ლონდონში, სადაც ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კანცლერის, ვახტანგ ლეჟავას განმარტებით, სამი სიცოცხლე არ ეყოფოდა იმ საქმეს, რომელიც კახა ბენდუქიძემ გააკეთა. ვახტანგ ლეჟავა კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი თანამებრძოლი იყო, მათ შორის, საქართველოს მთავრობაში საქმიანობის წლებში.

კახა ბენდუქიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სწავლა და მოღვაწეობა მოსკოვში განაგრძო. 1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია - „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო გაერთიანება „ნიპეკს“, „პრომტორგბანკის“ დირექტორთა საბჭოს, იყო გემთმშენებელი გაერთიანება „ალმაზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა „ურალმაშის“ დირექტორთა საბჭოს. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, გახდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, 2004 წლის ბოლოს კი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. კახა ბენდუქიძის ავტორობით განხორციელდა იმ წლებში მიმდინარე რეფორმების დიდი ნაწილი - მათ შორის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ფინანსური სექტორის, პრივატიზების, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით.

2008-2009 წლებში იყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი. კახა ბენდუქიძის რეფორმატორული საქმიანობა წინააღმდეგობრივ შეფასებებს იმსახურებდა. მას საქართველოს ქონების, განსაკუთრებით კი სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის გამო საყვედურობდნენ. „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“ - ესაა კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოთქმა. საქართველოს მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბიზნესმენმა საუნივერსიტეტო სფეროში გადაინაცვლა. ამ ასპარეზიდან მას სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე ურთიერთობა მოუხდა სამართალდამცავ ორგანოებთანაც, მოიგო საქმე ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ „ცოდნის ფონდის“ მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შესახებ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებას, რაც სტუდენტებისა და საზოგადოების მღელვარებითა და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენით დასრულდა. შესაბამისად, მაშინ როდესაც კახა ბენდუქიძის საქმეები და იდეები ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი, თითქმის ყველა აღიარებდა, რომ მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა ქვეყნის პროგრესს ცალსახად უწყობდა ხელს. დეპუტატი თამარ კორძაია, მაგალითად, ამბობს, რომ კახა ბენდუქიძე იყო ადამიანი, რომელიც სწორ ინვესტიციებს ახორციელებდა;

„მე ძალიან დიდ წუხილს გამოვთქვამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვთვლი, რომ კახა ბენდუქიძე იყო ერთ-ერთი უპირველესი, ერთ-ერთი პირველი ადამიანი მათგან, ვინც სწორ ინვესტიციებს ახორციელებდა საქართველოში. ეს ეხება განათლების სფეროში ინვესტიციას და მე ვფიქრობ, რომ მან საქართველოს ძალიან დიდი რამ დაუტოვა საკუთარი უნივერსიტეტის სახით“.

თამარ კორძაიამ და მისმა კოლეგებმა საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი კახა ბენდუქიძის ხსოვნას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კახა ბენდუქიძე არაორდინარული პიროვნება იყო და მის ღვაწლს და საქმიანობას მომავალი უკეთ გამოაჩენს.

კახა ბენდუქიძის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება ბოლო ხანებში უკრაინის განვითარების სტრატეგიის შემუშავება იყო. იგი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მრჩეველთა ჯგუფის წევრი იყო. მისი გარდაცვალება, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს გამოხმაურებების თანახმად, დანაკლისი აღმოჩნდა უკრაინის მთავრობისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ აღნიშნა, რომ ის ცვლილებების მამოძრავებელი ძალა იყო. თავის მხრივ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა იმ ღვაწლზე, რომელიც კახა ბენდუქიძემ საქართველოში მსოფლიო დონის განათლების ინვესტირებისთვის გასწია.

კახა ბენდუქიძეს თბილისში დაკრძალავენ.